ნანახია: 762
ინტერვიუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძესთან.
- 30 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რაში მდგომარეობს იგი და რა არის მისი ძირითადი პრიორიტეტები? - მთლიანი ბიუჯეტის დახასიათება ძალიან შორს წაგვიყვანს. თავად ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი იმისათვის, რომ ბიზნესსა და ეკონომიკას დავეხმაროთ, რათა ქვეყანამ არსებული ეკონომიური კრიზისი ადვილად გადაიტანოს. რადგან ინვესტიციები საგრძნობლად შემცირდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჯერ მხოლოდ საგზაო მშენებლობაზეა გამოყოფილი 500 მლნ. ლარზე მეტი. ადგილობრივი ხელისუფლებები კი ცალკე დახარჯავენ თანხებს ამ საქმისთვის. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო პროექტები და პროგრამებია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ათეულობით ათასი ადამიანი დასაქმდება და ეს ისევ და ისევ გარკვეული დახმარება იქნება ეკონომიკისთვის. - კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი და ტექნიკურად როგორ მოხდება მათი დაფინანსება? - ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობაზე რამდენიმე ასეული მილიონია გამოყოფილი, წამოწეულია სასკოლო მშენებლობებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები. ძალიან საინტერესო პროექტი უნდა განხორციელდეს ბორჯომ-ხარაგაულის და საერთოდ რუსული აგრესიის შედეგად გადამწვარი ტყეების ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი თანხები იქნება გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ და იქაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. - მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე პრეზიდენტმა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ინვესტირებაზე ისაუბრა, ეს გეგმა დასაქმების პრობლემის აღმოსაფხვრელად დაახლოებით 1 მლნ. ლარის გამოყოფას გულისხმობს. თქვენი აზრით, რამდენადაა გზებსა და ინფრასტრუქტურაში ჩადებული ფული სახელმწიფო ინვესტიცია, თანაც ეს დასაქმებები მხოლოდ ერთჯერადი ხასიათისაა. მსგავსი ღონისძიებების გატარებას ადრე საბიუჯეტო პროგრამა ერქვა. - მთავრობა და პარლამენტი ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვემსახურებით, პარლამენტმა მიიღო კანონი ბიუჯეტის შესახებ და მთავრობა ხარჯავს ამ თანხას, მათ შეიმუშავეს ეს გეგმა, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს დასაქმებები ჩვენს ფირმებს, განსაკუთრებით სამშენებლო ორგანიზაციებს, მისცემს იმის საშუალებას, რომ შეინარჩუნონ თავიანთი თანამშრომლები და არ დაითხოვონ ისინი სამსახურებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, აიყვანონ კიდეც ახალი ხალხი, მოიგონ ტენდერები და ა.შ. კერძო ინვესტიციები სახელმწიფო ინვესტიციებმა შეცვალა, რადგან როგორმე დაძლეულ იქნას ფინანსური კრიზისი და ქვეყანამ ის ღირსეულად გადაიტანოს. რა თქმა უნდა, კრიზისი მუდმივად არ გაგრძელდება, ინვესტიციები კვლავ დაიწყებს შემოდინებას, მაგრამ სანამ პრობლემებია, მანამ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. ეს ერთჯერადი დახმარება არაა, მაგრამ გეთახმებით, რომ არც მუდმივია, სულ სახელმწიფოს ხარჯზე ვერ იქნება ბიზნესი და ეკონომიკა, თუმცა ახლა ჩვენ სხვა ღონისძიებებს მოვაკელით გარკვეული თანხები და ეკონომიკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გავუშვით, რადგან ახლა ასეა საჭირო ამ სფეროს განვითარებისათვის. ერთი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით გამოცხადდება ტენდერები და სამუშაოები აქტიურად გაიშლება.
ესაუბრა თამთა დადეშელი
|