ნანახია: 476
უკვე 2 თვეა "კარგოს" კონტეინერები, რომელსაც მოვაჭრეების პროდუქცია თურქეთიდან შემოჰქონდა, საბაჟოზეა დაკავებული
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაგზლის ბაზრობის, სავაჭრო ცენტრების "კიდობანისა" და "პასაჟის" მოვაჭრეების ტვირთები დაახლოებით 2 თვეა საქართველო-თურქეთის საზღვარზეა გაჩერებული და შემოსავლების სამსახური მისი შემოტანის ნებართვას შპს "კარგოს" ამ დრომდე არ აძლევს. ეს კომპანია დაახლოებით 10 წელია ფიზიკური პირების მიერ ჩამოტანილი ტვირთების განბაჟება-დასაწყობებაზე მუშაობს. გასულ წელს კომპანიამ მომსახურების ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებდნენ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, რადგან შპს "კარგოს" საქართველოში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი ტვირთების განბაჟება-დასაწყობებაზე მონოპოლია აქვს აღებული. მას ტვირთები შემოაქვს, როგორც თურქეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. კულუარული ინფორმაციით, ეს კომპანია ყველასთვის კარგად ცნობილი კოდუების დედას, ლაურა ღაჭავას ეკუთვნის. ამიტომაა გასაკვირი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიის საქმიანობა შეფერხებულია. როგორც ჩანს, კოდუებსა და ხელისუფლების ჯერ-ჯერობით გაურკვეველ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირებაა. ამის შედეგად კი ვაგზლის ბაზრობის, "კიდობანისა" და "პასაჟის" მოვაჭრეები ზარალდებიან. ამასთან, მათ დიდ ნაწილს ბანკებიდან სესხები აქვთ გამოტანილი და სწორედ ამ თანხით ახერხებენ პროდუქციის შეძენას და შემდგომ მისი ტრანსპორტირების თუ განბაჟებისთვის საჭირო ხარჯების გაწევას. ამ ხნის განმავლობაში ბანკები მოვაჭრეებს სესხებზე პროცენტებსა და ჯარიმებს აწერენ, ხოლო ისინი კი გამოუვალ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი. მოვაჭრეების თქმითვე, შესაძლოა, თუკი მდგომარეობა არ შეიცვალა და მათი ტვირთი საზღვარზე კიდევ დიდ ხანს დარჩა, შესაძლოა, სექტემბრის თვეში ტანსაცმლის დეფიციტი შეიქმნას. ეს რაც შეეხება იმათ, ვისი ტვირთიც უკვე დიდი ხანია საზღვარზეა გაჩერებული. რაც შეეხება სხვებს, ბანკები სესხების გაცემაზე უკვე უარს მათაც ეუბნებიან. მოვაჭრეების თქმით, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ არ აქვთ გარანტია, რომ საქონელი რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ საზღვარზე არ დაყოვნდება. გარდა ამისა, ბანკები მათგან ბუღალტერიის მოწესრიგებას ითხოვენ. თუმცა, იმავე მოვაჭრეების განცხადებით, ბანკებს რეალურად არა მათი მოუწესრიგებელი ბუღალტერია, არამედ გავრცელებული ინფორმაცია აბრკოლებს, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში ვაგზლის ბაზრობის გადატანა იგეგმება. უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ნაციონალები მოვიდნენ, ვაგზლის ბაზრობის აღებაზე და მის გადატანაზე მიდის საუბარი, თუმცა მისი განხორციელება დღემდე არ მომხდარა. მოკლედ, მდგომარეობა მართლაც მძიმეა, რადგან მოვაჭრეებს, რომლებიც ამ დრომდე საკუთარი საქონლის მიღებას ვერ ახერხებენ, ბანკები პროცენტებს და ჯარიმებს აწერენ. იმედია, კოდუები და მათთან დაპირისპირებული მაღალჩინოსნები ურთიერთობებს მალე გაარკვევენ და ამ ადამიანებს საკუთარი ტვირთების მიღების უფლება მიეცემათ.
გიორგი შუბლაძე
|