ნანახია: 593
ბიზნესზე ზეწოლის გაგრძელება ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია, ასეთ ვითარებაში კი წარმატებულ საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მნიშვნელობაზე აქტიურად საუბრობს და ეროვნული ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას ძირითადად სწორედ ამ ფაქტორებზე ამყარებს. თუმცა, საქართველოს მთავრობის იმედი, რომ 2010 წელი პრივატიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ წარმატებული იქნებოდა, არ გამართლდა. მიმდინარე წლის პირველივე ნახევარში უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა დაგეგმილი საინვესტიციო და საპრივატიზაციო გეგმის შეუსრულებლობის დიდი ალბათობა. 2010 წლისთვის ხელისუფლებამ პრივატიზაციიდან 170 მლნ შემოსავალი დაგეგმა. წლის პირველ ნახევარში კი, ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 36 მლნ დოლარის მობილიზება მოახერხა. გამოდის, რომ შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში მან 134 მლნ დოლარის მოძიება უნდა შეძლოს. მართალია სამინისტროში გეგმის გადაჭარბებით შესრულებაზე, 35 მლნ დოლარის ნაცვლად 36 მლნ-ის მობილიზებაზე საუბრობენ, მაგრამ როდესაც წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი თანხის მეოთხედიც არაა შესრულებული, წლის ბოლომდე გეგმის სრულად დაფარვაზე საუბარი რთულია. გასული წლის ანალოგიურად, წელსაც ქვეყანაში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოთხოვნა ნაკლებია. როგორც ჩანს, ინვესტორები ჯერ კიდევ თავს იკავებენ აქტივების შესყიდვისგან, რადგან მათი მომგებიანად ექსპლუატაციის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ბოლო პერიოდში კი ხელისუფლებამ სწორედ ინვესტორთა მოსაზიდად დაიწყო საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის მსხვილი სახელმწიფო კომპანიების აქტივების შესაძლო გასხვისებაზე, რომლის გაყიდვაც ამ დრომდე კანონით აკრძალული იყო. თუმცა, რამდენად გამოაცოცხლებს აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში არსებულ საპრივატიზაციო ვითარებას, რო გვიჩვენებს. საპრივატიზაციო პოლიტიკა გარკვეულწილად განსაზღვრავს საინვესტიციო აქტივობას ქვეყანაში. ჩავარდნილი პრივატიზაციის პარალელურად წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც საგრძნობლად მცირდება. სახელმწიფოს სათავეში ვარდების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2004 წელი - 499 მლნ დოლარი; 2005 წელი - 449 მლნ დოლარი; 2006 წელი - მილიარდ 190 მლნ დოლარი; 2007 წელი - 2 მლრდ 14 მლნ დოლარი; 2008 წელი - მილიარდ 564 მლნ დოლარი; 2009 წელი - 759 მლნ დოლარი; წელს კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (130 მლნ დოლარი) შედარებით, პირდაპირმა ინვესტიციებმა 54 მლნ დოლარით (40%-ით) იკლო და თითქმის 76 მლნ დოლარი შეადგინა. 2010 წლის საპრივატიზაციო და საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობა ბიზნესს გასაქანს არ აძლევს, ზოგს ლუქავს, ზოგს აჯარიმებს, ბოლო დროს კი ბიზნესმენთა დაპატიმრებაზეც გადავიდა. პროცესი მიმდინარე წლის 19 მაისიდან დაიწყო, როდესაც სამართალდამცავებმა კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია დააკავეს. შემდეგ "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია, ახლახანს კი კომპანია "ელიტ-ელექტრონიკსის" დამფუძნებელი და ახალი კომპანიის "ტექნობუმის" მფლობელი ანზორ ქოქოლაძე. ვინ იქნება შემდეგი, არავინ იცის. თუმცა ცხადია, რომ ასეთი სახით ბიზნესზე ზეწოლის გაგრძელება ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია, ასეთ ვითარებაში კი წარმატებულ საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია. "ბოლო დროს გახშირებული ბიზნესმენების დაკავება სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ბიზნესზე, ასევე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. წარმოუდგენელია ინვესტორებმა იმ ქვეყანაში ჩადონ ფული, სადაც ყოველ მეორე დღეს ბიზნესმენებს აკავებენ. ხომ ამაყობს ხელისუფლება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალი გადასახადებია, მაშინ საინტერესოა, რატომღა მალავენ ბიზნესმენები ბიუჯეტში გადასარიცხ თანხას? თუ არ მალავენ და მათი დაპატიმრებები რაიმე სხვა მიზეზით ხდება", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. გარდა ამისა, ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს მრავალი სხვა ფაქტორის გამოც იკავებენ. გარდა თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში განლაგებული რუსული ჯარისა და გლობალური ფინანსური კრიზისის მიერ გამოწვეული საინვესტიციო რესურსის ნაკლებობისა, ინვესტორს თვით ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო აფრთხობს. მაგალითად, ჩვენი ხელისუფლების არამდგრადობა და არასაიმედოობა, რომელიც ხშირად თავისივე ნათქვამისგან სრულიად საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადის. ერთ-ერთი ასეთი დაპირებაა პრეზიდენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც საქართველოში გადასახადები არ გაიზრდებოდა, თუმცა მას შემდეგ გადასახადები რამდენჯერმე გაიზარდა და ახალი საგადასახადო კოდექსიც გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაგროვილი საგარეო ვალის გადასახდელად ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე წელიწადში გადასახადების ზრდა კვლავ მოუწევს. ეს კი ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარებას სერიოზულად აფერხებს. არადა, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნაზე პრეზიდენტი თითქმის ყოველ გამოსვლაში საუბრობს. თუმცა, მისი გამოსვლები რიტორიკაზეა დაფუძნებული და მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლება. ვიდრე ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა არ ხდება, სერიოზულ ინვესტიციებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. რადგან სტაბილური გარემო, გამჭვირვალობა, სამართლიანი კანონმდებლობა..., რომლის ფარგლებშიც ინვესტორი შეუფერხებლად შეძლებს საკუთარი უფლებების დაცვას, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს. `როცა დღეს ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე, ვერ დავივიწყებთ, რომ მსოფლიო ბანკმა ქართულ ეკონომიკაში არსებული ვითარება შეაფასა, როგორც 70%-მდე "ჩრდილში" გადატანილი. გამოდის, ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ 30%-ია მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე", - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს უარყოფითად აფასებენ აშშ-სა და საფრანგეთის ელჩები საქართველოში. მაგალითად, საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წლევანდელი აგვისტოს მიმართვაში, ქვეყნის საინვესტიციო გარემოში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. "მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად რჩება, ამ სექტორში გრძელვადიანი შედეგების დანახვა რთულია და უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ვინაიდან არ ესმით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მათდამი მოკირკიტე დამოკიდებულება (უცხოური ინვესტიციების მოცულობაში წლის დასაწყისიდან კლების ტენდენცია შეინიშნება)", - აღნიშნავს საფრანგეთის ელჩი. აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის განცხადებითაც, საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ინტელექტუალური უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემებია. "ამერიკული ბიზნესი ინვესტიციის განხორციელებისას იმავე დეტალებს აქცევს ყურადღებას, რომლებსაც ნებისმიერი სხვა უცხოური კომპანია. მათ სურთ, რომ არსებობდეს სტაბილური გარემო, ნათელი წესები, საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ, სამართლიანად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა და მოაგვარონ შესაძლო დავები", - განმარტავს ელჩი. ქართველ ექსპერტთა დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი ერთგვაროვანია და ყველა ერთხმად თანხმდება ქვეყნის საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკაში არსებული სერიოზული ხარვეზების არსებობაში. რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ელჩთა შენიშვნებს, ექსპერტთა ნაწილს პროგნოზირების გაკეთება უჭირს, ნაწილის აზრით კი ხელისუფლება არანაირად არ გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს და დღემდე არსებული კურსით გააგრძელებს მოქმედებას. ამასთანავე, ხელისუფლება ამ კუთხით წარმატებას ახალ ეკონომიკის მინისტრზე, ვერა ქობალიაზე ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრების სწრაფი ცვლის მიზეზი სწორედ საპრივატიზაციო-საინვესტიციო ჩავარდნებია. წინა მინისტრებმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ლაშა ჟვანიამ, რომლებიც ინვესტიციების მოსაზიდად სათანადო კანდიდატებად რამდენიმე უცხო ენის ცოდნის გამო შეფასდნენ, მთავრობის საინვესტიციო-საპრივატიზაციო ამბიციების განხორციელება ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ თანამდებობა დაატოვებინეს. კანადაში, პურის ცხობის ბიზნესში დახელოვნებული ვერა კი როგორ გაამართლებს ხელისუფლების იმედებს, დროის საკითხია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო-საპრივატიზაციო პოლიტიკის მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში დაქვემდებარება არასწორია, რადგან წარმატებულ საინვესტიციო პოლიტიკას საინვესტიციო გარემო ქმნის და არა ეკონომიკის სამინისტრო. საინვესტიციო გარემოს შექმნა კი, ყველა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობითაა შესაძლებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს, წარუმატებელი პოლიტიკის ფონზე, მდგრადი განვითარების ერქმევა თუ მდგრადი დეგრადაციის რა მნიშვნელობა აქვს. აღარც მინისტრის ვინაობას აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის სულ ერთია, ვინ უხელმძღვანელებს ამ უწყებას, რადგან ეკონომიკის მინისტრთა შეცვლით ქვეყანაში ვითარება არ იცვლება.
თეონა ჭიტაძე
|