ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან
ნანახია: 779

"საზოგადოება მზადაა გაუშვას ეს ხელისუფლება, მაგრამ
არ არის მზად მოიყვანოს სხვა ძალა"

იგი ასეთ ძალას ჯერ ვერ ხედავს, თუმცა მალე დაინახავს

აგვისტოს მოვლენების შემდგომ ქართული პოლიტ-ბომონდი გააქტიურდა, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. თუმცა, ერთგვარ მოულოდნელობად იქცა ქართული "პოლიტიკური ცის კაბადონზე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოჩენა. "სამართლიანი საქართველო" - ასე ჰქვია მის პოლიტიკურ პარტიას და ეს სახელწოდება გულისხმობს, დღევანდელ საქართველოში, ყოფილი პრემიერის აზრით, სამართლიანობის მწვავე დეფიციტია... "ხისტი", ჯიქური და წარმატებულად მიჩნეული ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრემიერი ამბიციური განცხადებებით და მიზნებით გამოირჩევა.

- ბატონო ზურაბ, თქვენთან საუბარი ბანალური კითხვით უნდა დავიწყო, - როდის და რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში; რამ განაპირობა თქვენი ეს ნაბიჯი; რა მიმართულების იქნება თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ვინ გესახებათ თქვენს მოკავშირეებად ქართულ პოლიტიკაში?

- პოლიტიკაში დაბრუნებაზე, გნებავთ, მოსვლაზე ფიქრი დავიწყე 8 აგვისტოს, როდესაც გავიგე ომის დაწყების შესახებ. როცა წარმოვიდგინე რა შედეგები მოყვებოდა ამას... მაშინვე ნათელი იყო ჩემთვის, რომ ამ ომს ვაგებდით. პოლიტიკაში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან ის როლი, რომელიც მანამდე მივანიჭე ჩემს თავს _ ვიყავი მენეჯერი და ნაკლებად ვერეოდი პოლიტიკურ საქმიანობაში, აღარ არის საკმარისი, ვინაიდან მე აღარ მინდა მომავალში ვინმემ პასუხი მომთხოვოს იმაზე, რაც მე არ გამიკეთებია, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია... სხვათა შორის, ალბათ საგულისხმოა, პოლიტიკიდან წავედი 7 ნოემბრის შემდეგ და დავბრუნდი 8 აგვისტოს...
რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ მიმართულებას, ეს იქნება ის, რასაც ამერიკელები კონსერვატულს უწოდებენ. ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მახასიათებელი კი იქნება დაბალი გადასახადები. გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას, აღვკვეთთ ბიზნესის დატერორების პრაქტიკას. შევქმნით სპეციალიზებულ სასამართლოს ეკონომიკური დავების განსახილველად. ამით საქართველო იქცევა ერთგვარ ერთიან თავისუფალ ეკონომიკურ ზონად და ბიზნესი გათავისუფლდება საგადასახადო წნეხისგან. ბევრად ნაკლები იქნება სახელმწიფო ხარჯი. მთავრობის მხრიდან კონტროლირებადი გახდება ინფლაციის პროცესი. ეკონომიკას ბევრად უფრო ფართო ასპარეზი და არეალი ექნება. ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს. მივიღებთ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი და გრძელვადიანი ზრდის შესაძლებლობებს. ჩავუყრით საფუძველს და მივაღწევთ კიდეც ამ შედეგებს. გვექნება ეკონომიკის 8%-იანი ზრდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად შევქმნით სტაბილურ სამუშაო ადგილებს. ეს უმთავრესი საზრუნავია კრიზისული პერიოდისას.
რაც შეეხება პარტნიორებს, წინასაარჩევნო ალიანსებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტი ვერ მიაღწევენ თავიანთი ვადის ბოლომდე და ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. მაგრამ ზუსტად როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია. დღეს ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ვერც ჩვენი და ვერც რომელიმე სხვა ოპოზიციური ლიდერის მოთხოვნით კი არჩევნები ვერ ჩატარდება. მე ვხედავ, რომ საზოგადოება მზადაა გაუშვას ეს ხელისუფლება, მაგრამ არ არის მზად მოიყვანოს სხვა ძალა. იგი ასეთ ძალას ჯერ ვერ ხედავს. ამიტომ მე არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის იქნება რეალურად ეს არჩევნები.

- როგორ უყურებს ეროვნული ბანკის დასუსტების პოლიტიკას ზურაბ ნოღაიდელი და სად ხედავს სტატისტიკის დეპარტამენტის ადგილს? ინსტიტუციონალური მოწყობის შემთხვევაში.?

- ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ეროვნულ ბანკსა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს, გავაძლიერებთ ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობის ფუნქციას. გადაიჭრება დაბალი ინფლაციის შენარჩუნების პრობლემა.
რაც შეეხება სტატისტიკის დეპარტმენტს, იგი მომავალში გაცილებით გამართული სტრუქტურა უნდა იყოს. ჩვენ უნდა მივცეთ სტატისტიკის დეპარტამენტს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. მთავრობა ინტერესში არ უნდა შედიოდეს შელამაზებული ინფორმაციის მიღება. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა მხოლოდ ინფორმაციის შელამაზებითა და მისი გავრცელებითაა დაკავებული. თან ეს, როგორც წესი, კონტრპროდუქტიულია, ნებისმიერ შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრობის დროს და მანამდეც მე ვფლობდი სრულ ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ. ფინანსთა სამინისტროში და ეროვნულ ბანკში დღესაც არის პროფესიონალთა სოლიდური გუნდი, რომელიც ფლობს რეალურ ვითარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი გადაწყვეტილებების მიმღებნი არ არიან. შელამაზებული ინფორმაციის კი უბრალოდ, აზრი არა აქვს. რეალური სტატისტიკის არცერთ მთავრობას არ უნდა ეშინოდეს. თუ ქვეყნის ეკონომიკაში, როგორც დღეს, იქნება კრიზისი, და შენ იტყვი, რომ კრიზისი არ არის, ეს უაზრობაა.

- როგორ ფიქრობთ, დღეს თუ ფლობს მთავრობა რეალურ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. და თუ ფლობს, აქვს თუ არა მას გნებავთ ნებელობითი, გნებავთ ინტელექტუალური რესურსი ამ ინფორმაციის გასაანალიზებლად და შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. – ჩვენ, როგორც გითხარით, ვფლობდით სრულ სურათს და კიდეც მოვახერხეთ საქართველოს ეკონომიკის რეფორმირება 3-4 წლის განმავლობაში, ამან მოგვცა კიდეც თავისი შედეგი, - საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა საშუალოდ 10%-ით ყოველწლიურად და 2007 წელს მიაღწია პიკს - 12,5 %-იანი ნიშნულით. და ეს რუსეთის ემბარგოს მიუხედავად. საქართველოს ეკონომიკა იყო პატარა, მაგრამ საკმაოდ გამძლე. გაუძლო 2006 წელს რუსეთის ემბარგოს, როცა 17%-ით შეგვიმცირდა ექსპორტი. ამით ქვეყანამ მიიღო 1.5 % კლება 2006 წელს და 2,2 %-ის დანაკარგი 2007 წელს. 2.2%-ის დანაკარგი ნებისმიერი ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა 2007 წელს თითქმის 12.5%-ით გაიზარდა. მეორე განსაცდელი საქართველოს ეკონომიკის წინაშე იყო გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი. შარშანდელი ოქტომბრიდან მაისამდე, ამ გამოცდასაც მაშინ საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო. მართალია, აღარ იყო 12,5 %_იანი ზრდა, მაგრამ ტემპი მაინც დამაკმაყოფილებელი გახლდათ. რომ არა პოლიტიკური დაპირისპირებები და მთავრობის არასწორი ხარჯვითი პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა ნამდვილად იქნებოდა დადებითი. შარშანდელიდან მოყოლებული სულ ტყუილად იქნა დახარჯული უზომო ფული აბსოლუტურად უაზრო მიმართულებით. რაც მოყვა ამას, კარგად ვნახეთ, - დიდი ინფლაცია. ბუნებრივია ამან შეაფერხა ჩვენი ეკონომიკის განვითარება. ამასაც უძლებდა ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ ომი აღმოჩნდა ის, რასაც ჩვენმა ეკონომიკამ ვეღარ გაუძლო. ომის შეწყდა უცხოური ინვესტიციების შემოდინება. პრაქტიკულად ეს არის მთავარი მიზეზი და არა იმდენად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ახლა არ დაწყებულა, დაიწყო შარშან ზაფხულში და ცხადია, საქართველოზეც ახდენდა გავლენას, მაგრამ ომი თავისი მასშტაბით საქართველოს ეკონომიკისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში კაპიტალის შემოდინება პრაქტიკულად შეწყდა და ჩვენს ეკონომიკურ ზრდას მთავარი ფაქტორი გამოეცალა. აანალიზებს თუ არა დღევანდელი მთავრობა ამ საკითხებს და მათ აქვთ თუ არა წარმოდგენა თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან და თავიდან როგორ ავიცილოთ უარესი, არ ვიცი. ამის შესახებ არც საუბარი მესმის და ვერც კონკრეტულ გეგმას ვხედავ. ჩვენ კი შეფასებებს ვაკეთებთ შედეგით.

- სად არის გამოსავალი, ქმედუნარიანია თუ არა მთავრობა და შესწევს თუ არა ძალა, თქვენი აზრით, რომ ვითარება შეამსუბუქოს და კონკრეტულ შედეგს მიაღწიოს?

- მთავარია კონკრეტული გეგმა და კონკრეტული მოქმედებები. სხვაგვარად საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა არ გამოსწორდება. მე გავაფრთხილე მთავრობა და საზოგადოებაც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, როცა ვთქვი, რომ გვიახლოვდება კრიზისი და თუ ზუსტად ვიმოქმედებთ, შეგვიძლია მისი ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე შევამსუბუქოთ-თქო. ვამბობდი, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეუძლებელია. საუბარი არ არის უკეთესი შედეგის მიღებაზე, საუბარია უარესის თავიდან აცილებაზე, ანუ ნაკლები დანაკარგებით უახლოესი 12-18 თვის გავლაზე. იმ მომენტში ჩემი წინადადება იყო, რომ გარკვეული სახელმწიფო ფული ჩადებულიყო უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესში, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები. 300 მილიონის ჩადებით შენარჩუნდებოდა 30-35 ათასი სამუშაო ადგილი. მე ეკონომიკის ინტერესებზე ვლაპარაკობ და არა კონკრეტულად ვიღაცის ბიზნესის შენარჩუნებაზე. შენ რომ პრობლემას შექმნი თუნდაც ომის გამო, რომელიც შენი დაწყებული არ არის, პასუხი უნდა აგო. დღეს ეს ნაბიჯი დაგვიანებულია და პერიოდი როცა უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის დახმარებით კრიზისის შედეგებს შევამსუბუქებდით, სამწუხაროდ, უკვე ხელიდან გაშვებულია. დღეს დღის წესრიგში ფინანსური მდგრადობის საკითხი დადგა და უნდა ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. უნდა გაძლიერდეს ფინანსური სექტორის ზედამხედველობა. ეს დღესვე უნდა მოხდეს, რომ თავიდან ავიცილოთ მორიგი უფრო მასშტაბური უბედურება. სახელმწიფო მზად უნდა იყოს ფინანსურ სექტორში დამატებითი ფულის ინექციისთვის. გამოყენებული უნდა იქნას ნებისმიერი ფინანსური წყარო, მათ შორის დონორების დახმარებებიდან. მაგრამ, როგორც ვხედავთ, მთავრობა დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კამპანიით და თანხებიც აქეთკენ მიემართება. ამას შედეგად მოჰყვება ქაოსური ეკონომიკური კრიზისი. რაც თავისთავად გამოიწვევს ქაოსურ პოლიტიკურ კრიზისს.
ფინანსური სექტორი ნებისმიერი ეკონომიკის გულია და გასაკვირი არ არის რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის უწინარესად აშშ-ში, აქცენტი გაკეთდა ფინანსურ სექტორზე. იქაც დააგვიანეს. მე მესმის, ძნელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიხვიდე ქვეყნის ხელმძღვანელთან და უთხრა, - მე ვხედავ ეკონომიკური კრიზისის კონტურებს და მომეცი 100 მილიარდი მის გასანეიტრალებლად. არ დაგიჯერებენ. მაგრამ ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ როცა ამ კონტურებს შეამჩნევ მაშინვე შეამსუბუქო მდგომარეობა. დასავლეთმა დააგვიანა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი მაგალითი. ახლა საქართველოს ეკონომიკა არის იქ, სადაც მსოფლიოს ეკონომიკა იყო შარშან წლის ბოლოს. მართალია მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, - ჩვენთან ეს ომის გამო უცხოური ინვესტიციების შეწყვეტამ გამოიწვია, მაგრამ შედეგები დგება იდენტური და საქმეც ისაა, რომ საქართველოში კონტურების შემჩნევის დრო უკვე წასულია. ახლა მყისიერი და შეუცდომელი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა. სამწუხაროდ, მეეჭვება, რომ პოლიტფიარზე გადართულმა მთავრობამ (როცა ვსაუბრობ მთავრობაზე, ვგულისხმობ მთელ სახელისუფლო ვერტიკალს) ეს ეფექტიანად მოახერხოს.

- თქვენ აღიარებთ, რომ ხისტი ხასიათი გაქვთ. რამდენად მისაღებია ასეთი ხასიათი საჯარო პოლიტიკოსისთვის? თქვენ მდიდარ ადამიანად მოგიაზრებენ და მიანიშნებენ ოპონენტები, რომ რახან სულ თანამდებობებზე იყავით, არ შეგეძლოთ მილიონერი გამხდარიყავით. დღეს თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თქვენი ქონების მოცულობაც და წარმომავლობაც. ერთი სიტყვით, რამდენი გაქვთ და საიდან?

მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ სიხისტეს არ ვთვლი ჩემს უარყოფით თვისებად. ბუნებრივია, პოლიტიკოსი უნდა იყოს კოოპერატიული და უნდა იყოს მზად თანამშრომლობისთვის. მაგრამ მე არ ვიქნები მზად საქართველოს და ძირითადი პრინციპების ხარჯზე კომპრომისის გასაკეთებლად. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებთანაც საერთო ხედვა გვექნება. ვთქვათ, ადამიანი მოდის და ამბობს, რომ ძალიან კარგია დაბალი გადასახადები და დაე იყოს საგადასახადო შემოსავალი მხოლოდ 20 %. მაგრამ თან თუ იტყვის, რომ ამ დროს მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ის დახარჯვა სურს, მე მასთან ვერ ვითანამშრომლებ. და დაერქვას ამას ჩემი სიხისტე, კი ბატონო.
რაც შეეხება ჩემს ქონებას, მინდა გითხრათ, რომ ჩემდა სამწუხაროდ არ ვარ განსაკუთრებით მდიდარი ადამიანი და მილიონერი. ყველაფერი მაქვს დეკლარირებული და ეს მუდამ ასე იქნება. ქონებრივი დეკლარაციები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს. იმაში კი ნამდვილად გეთანხმებით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს პოლიტიკოსების ქონების მოცულობაც და წარმომავლობაც. იმედია, მედია ამ კუთხით მხოლოდ ჩემი პერსონით არ დაინტერესდება.
იცით, სხვათაშორის, ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ არ გავეცი საჯარო პასუხი იმ ბინძურ ჭორს პრემიერ-მინისტრობისას, როდესაც გამოაქვეყნეს ჩემზე, თითქოს 70 თუ 75 მილიონი დოლარის მფლობელიაო. ამისთვის მაშინ დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია და შემოვიფარგლე შიდა პარტიული გარჩევებით. თუმცა დღეს ამას ნამდვილად ვნანობ. ისევე როგორც იმას, რომ ვიყავი მენეჯერი და არ ვრეაგირებდი პოლიტიკურ საკითხებზე. მაგრამ მე წარსულს ვერ შვცვლი და იმ დროს უკან ვერ დავაბრუნებ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ როგორც პოლიტიკოსს, მირჩევია მთხოვდნენ პასუხს სხვის შეცდომებზე, ვიდრე ჩემსაზე. ეს ჩემი სიძლიერის გამოხატულება იქნება.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ კახა ბენდუქიძის ფაქტორს და როლს საქართველოს ეკონომიკაში?

კახა ბენდუქიძის როლი და ფაქტორი იმ 3-4 წლის განმავლობაში, როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი და პრემიერი, იყო სასარგებლო. ასე რომ არ ყოფილიყო, მე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდი კიდეც. ამის ძალა ნამდვილად შემწევდა. ახლა, რომ ვთქვა, რომ თავდაცვის ან შსს მინისტრების დანიშვნაში ვიღებდი მონაწილეობას-თქო, ბუნებრივია, აბსურდი იქნება. ყველას კარგად გვესმის, როგორც იყო და არის როლები განაწილებული. მთავრობა მუშაობდა პრეზიდენტისა და პრემიერის კაბინეტის რეჟიმში. რაც შეეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს, ეს მინდა რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს, როცა ჩვენ ვიღებდით საბოლოო გადაწყვეტილებებს, ეს არ იყო არ იყო არასოდეს ერთი კაცის გადაწყვეტილება. დღეს რა და როგორ ხდება, ვერ გეტყვით. იმის თქმა კი შემიძლია, რომ იგივე თუნდაც პრივატიზების პროცესს დადებითად ვაფასებ. ამან ქვეყანას არგო. ახლა, სადღაც ქვედა ეშელონებში ვინმე ქრთამს თუ იღებდა, ეს არ ვიცი და ეს უკვე სამართალდამცავების პრეროგატივაა. პროცესი, თავისთავად, ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით, სასარგებლო იყო. დაშვებულ შეცდომებზეც შემიძლია გითხრათ, - მაგალითად, არასოდეს ვეთანხმებოდი ეროვნულ ბანკის ფუნქციისა და როლის დაკნინებას, მის ფაქტობრივ დაშლა-დანაწევრებას და ჩემი პრემიერობისას ეს არც დამიშვია.

- თქვენს ოპოზიციაში გადასვლას მოსალოდნელზე მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. რატომ? ძალიან ბევრი იცით? თქვენს მომხრეებს ავიწროებენ. თქვენი ნათესავი პაატა კაიკაციშვილი დაპატიმრებულია და როგორც თავისი ახლობლები აცხადებენ, ნარკოტიკი ჩაუდეს. ახლა, ბუნებრივია, შალვა ნათელაშვილი ქართული ფილოსოფიის კლასიკოსი არ არის, მაგრამ თქვა – ოპოზიციონერობა ნარეკლიანი გზის გავლააო. მზად ხართ ამ გზის გასავლელად. როგორ აპირებთ რეპრესიებისგან თქვენი თანამოაზრეების დაცვას? ახლახანს აჭარაში დააკავეს საგადასახადო სამსახურის უფროსი და მისი ბევრი თანამშრომელი. საგადასახადოს უფროსზე ამბობენ, რომ ის თქვენს კადრად მოიაზრებოდა. თქვენ კი საჯარო გამოსვლებში ამ ფაქტს არ ახსენებთ. ხომ არ გაგტეხავთ ასეთი დაწოლა თქვენზე?


- ეს შეუძლებელია. ამ მეთოდებით ჩემი გატეხვა გამორიცხულია. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ სამართალმა პური ჭამოს და ამ საქმეებში დამკვეთებთან ერთად აუცილებლად დაისჯებიან უკანონო ბრძანებების შემსრულებლებიც. საერთოდ, ჩემი და ჩემს დროს დანიშნული კადრები მთელს საქართველოშია, მაგრამ ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე ზეწოლა ხდება აჭარაში, რადგან იციან აჭარაში რისი გაკეთებაც შემიძლია. იციან, რომ თავისუფლად შევძლებდი პანღურით გამომეგდო დღესვე ლევან ვარშალომიძე თავისი კაბინეტიდან. სულ ახლახანს იყო იქ არჩევნები, რომელიც სრული გაყალბებით ჩატარდა. დღეს აჭარაში ხალხი შეურაცხყოფილია და მათ უკვე აქვს პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვის უფლება, რადგანაც არჩევნები უღმერთოდ გაუყალბეს. მაგრამ ჩვენი ამოცანა მხოლოდ აჭარა არ არის, არამედ მთელი საქართველოა.

- თქვენი აზრი ირაკლი ალასანიაზე და მის პერსპექტივებზე? და ასევე, თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი დანიშნავს თუ არა ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს?

- მივესალმები ირაკლი ალასანიას ჩართვას პოლიტიკაში. დღეს ყველას აქვს ამის უფლება.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, დღევანდელი გადასახედიდან საზოგადოებაში არჩევნების შეკვეთას ვერ ვხედავ. დღეს ხალხი უკმაყოფილოა პრეზიდენტით, მაგრამ ვერ ხედავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ალტერნატივას. ასე არ არის_ სააკაშვილი არ მინდა და ვინც გინდა იყოს. სააკაშვილი რომ შეიცვლება, ჩემთვის უნდა შეიცვალოს. - ასე სვამს საკითხს ხალხი, მაგრამ პასუხს ვერ იღებს. აი, როცა ამ კითხვაზე საზოგადოებას პასუხი ექნება, მაშინ ჩამოყალიბდება კიდეც არჩევნების შეკვეთა და აგერ მე და აგერ თქვენ თუ პრეზიდენტი ახალ არჩევნებს ციმციმ არ დანიშნავს. საზოგადოება უკვე მზადაა ამ ხელისუფლების გასაშვებად, მაგრამ არაა მზად სხვების მოსაყვანად. იმიტომ, რომ მას არ მიუღია პასუხი მისთვის კონკრეტულად რა შეიცვლება. - იქნება თუ არა სამართლიანობა და როგორ გაერთიანდება საქართველო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა იზეიმებს და ამას 2009-შივე ყველანი ერთად ვნახავთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. არ ვიქნები ორიგინალური, ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას და თითოეულ ჩვენთაგანს მშვიდობასთან ერთად კეთილდღეობას. მორიგი აღმავლობის დასაწყისი ყოფილიყოს მომავალი წელიწადი.


ესაუბრა გიორგი გიორგაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48