ნანახია: 468
ლიბერალიზაცია ქართულად - თავისუფალი კრედიტორები და უუფლებო მსესხებლები
საქართველოს ხელისუფლება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით ყოველთვის აღნიშნავს, საქართველოს განუხრელ წინსვლას დასავლურ, ევროპულ ფასეულობებთან მიმართებაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონები, სრულ ჰარმონიაშია ევროპისა თუ ამერიკის სახელმწიფოების სამართალთან. ხელისუფლება განსაკუთრებით აკრიტიკებს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს და აღნიშნავს საქართველოს განსაკუთრებულ და წარმატებულ წინსვლას 2003 წლამდე პერიოდთან შედარებით. ხშირად, მთავრობის განცხადებებს, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მიერ დაკავებული მაღალი პოზიციებიც ადასტურებს. განსაკუთრებით თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს, ბიზნესურთიერთობებში ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივების თვალსაზრისით. თუმცა, თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, ძირითადად, მსხვილი ბიზნესის, შესაბამისად, მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტზეა მორგებული. 2003 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა, ძირითადად, საბანკო სისტემის ხარჯზე იზრდებოდა. ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურმა გამარტივებამ, ქვეყანაში გააჩინა ეკონომიკის ზრდის განცდა. თუმცა, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის პროცესი თავიდანვე აღმოჩნდა გააზრებული და სწორი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე. აქედან გამომდინარე, 2003-2008 წლების წარმატებული პერიოდის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულება შეუძლებელი გახდა. მნიშვნელოვანია აღნიშნულ მდგომარეობას შევხედოთ სამართლებრივი თვალთახედვით და განვიხილოთ სააღსრულებო წარმოების ცვლილება, კრედიტორისა და მოვალის სამართლებრივ ურთიერთობაში, 2003 წლიდან დღემდე. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება გულისხმობს, საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. სააღსრულებო წარმოებაში, აღსრულების პროცესში მიექცევა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს სამართლებრივი აქტი. რაც გულისხმობს, მოვალესა და კრედიტორის სამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკულად დასრულებას და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას. საქართველოში ფართოდ გავრცელებულ გარიგებებს განეკუთვნება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა კერძოდ: სესხი, ნასყიდობა, ქირავნობა და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ყველა გარიგება დადებული მხარეებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის, გულისხმობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ვერ ახდენს გარიგების პირობების შესრულების უზრუნველყოფას, რაც, ბუნებრივია, წარმოშობს მხარეთა შორის დავას და არც თუ იშვიათად სასამართლო წესით. სასამართლო დავა სრულდება შესაბამისი გადაწყვეტილებით და სათანადო პირობების შექმნისთანავე მიექცევა აღსასრულებლად. კრედიტორისა და მოვალის სამართლებრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2007 წლის 29 ივნისს მიღებული N#5124 საკანონმდებლო ცვლილებება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 268-ე მუხლის პირველი "პრიმა” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:” 11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს სააღსრულებო ფურცლის გაცემას და სახელშეკრულებო დავების დაუყოვნებლივ აღსრულებას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. შესაძლებელია, გამოითქვას მოსაზრება, რომ ეს საკითხი მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, აბსურდია ვინაიდან კრედიტორი ისედაც გაბატონებულ მდგომარეობაში იმყოფება და მსგავს შემთხვევებში ამ გარემოებაზე საუბარი ზედმეტია. საკითხი ასე დგას, ასე სურს კრედიტორს და დამთავრდა საუბარი! პრაქტიკაში არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც უქმდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი სასამართლოს მიერ, ამ დროს უკვე შესაძლებელია პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს აღსრულებული და შემდგომი სამართლებრივი დავა პრაქტიკულად აზრს იყოს მოკლებული, რადგან თუნდაც მოსარჩელის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შებრუნება, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი სიტუაციით, მხოლოდ მსესხებელი ზარალდება. რადგან, თუ სასამართლოს პირველი ინსტანცია მის წინააღმდეგ გამოიტანს განაჩენს, განაჩენი მაშინვე აღსრულდება და სასამართლო პროცესის ზემდგომ ინსტანციებში გაგრძელება აზრს კარგავს. თუ პირიქით მოხდება და სასამართლოს პირველი ინსტანცია კრედიტორის წინააღმდეგ გამოიტანს გადაწყვეტილებას, მას რჩება შანსი, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს და მოვალის მიმართ საკუთარი ინტერესი დაიკმაყოფილოს. ერთი სიტყვით, ხელისუფლება საკანონმდებლო ლობირებით საუკეთესო პირობებს უქმნის, ისედაც გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფ კრედიტორებს და კრედიტორები, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბოროტად სარგებლობენ ამ უპირატესობით. საკანონმდებლო ლობირების კუთხით, პირველ რიგში, ბანკებს და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს ვგულისხმობ. სამწუხაროა, რომ კანონის აღნიშნული მუხლი საერთოდ ახალია და არც იყო ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებებამდე. ეს სიტუაცია აშკარად არ გულისხმობს სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ხელშეკრულის აუცილებელ პირობას, განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოების კანონმდებლობაში, მხარეთა თანასწორობის იდეა წარმოადგენს. ნებისმიერი ბიზნესგარიგება გულისხმობს ორმხრივ რისკებს. საკრედიტო ორგანიზაციებს ეს რისკები საპროცენტო განაკვეთში აქვთ ჩადებული, ანუ ისინი მაქსიმალურად იზღვევენ თავს. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციებს ხელში უვარდებათ ხსენებული რისკების გაბათილების მეორე მნიშვნელოვანი ბერკეტი. ამ დროს, შესაბამისად, იზღუდება მეორე მხარის, მსესხებელის ინტერესები. და ამ ყველაფერს მთავრობა უწოდებს ბიზნესის გამარტივებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.
ლაშა ქურდაძე
|