ნანახია: 883
- ბატონო ლადო, რა მიგაჩნიათ 2008 წლის ისეთ ეკონომიკურ მოვლენად, რომელმაც თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური მხარეებით, დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? - წლის მთავარი მოვლენა იყო ომი და ამიტომაც, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკაზე საუბარი გამიჭირდება. ომს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. 2008 წელი, ბევრი უარყოფითი, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩევა. საქართველოს ეკონომიკამ 5 დღიან ომს გაუძლო. კიდევ კარგი, რომ კონფლიქტი უფრო ხანგრძლივი არ იყო. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს არათუ ეკონომიკა დაინგრეოდა, ქვეყანა სახელმწიფოებრიობასაც დაკარგავდა. ომის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობამ ბანკებიდან დანაზოგები გაიტანა, რის შედეგადაც ბანკებმა ნახევარ მილიარდიანი რესურსი დაკარგეს და ერთი თვის თავზე, ამ რესურსის მხოლოდ 30% აღდგა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტუაციაში ეროვნულმა ბანკმა აბსოლუტურად სწორად იმოქმედა. განაახლა რეფინანსირების ოპერაციები, შეამცირა მისი საპროცენტო განაკვეთი, ბანკებისთვის აუცილებელი რეზერვების ნორმის მაჩვენებელიც შეამცირა. რუსულმა აგრესიამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინების პროცესიც შეანელა. ინვესტიციების შემცირების მიზეზი, საქართველოში არსებული პოლიტიკური რისკის ფაქტორი და გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში თავისუფალი საინვესტიციო რესურსის სიმწირე გახლავთ. იმავდროულად, უცხოური ინვესტიციის შემცირებამ გამოიწვია უცხოური ვალუტის ნაკლებობა. "ჰოლანდიური დაავადება", რითაც ქვეყანა შეპყრობილი იყო 2004 წლიდან, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პრაქტიკულად დასრულდა. 2008 წლის მოვლენებს შორის აღსანიშნავია 22 ოქტომბრის დონორთა კონფერენციის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. ეს თანხები ქვეყანაში ახალი სავალუტო რეზერვის შემოდინებას უზრუნველყოფს და საბანკო კრიზისის ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს. 2008 წლის მოვლენებში გამორჩევა ის ფაქტი, რომ ქვეყანამ ევროობლიგაციები პირველად გამოუშვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობამ თავის მოსახლეობას ნახევარ მილიარდიანი ვალი "აკიდა". მისი გადახდა საქართველოს 2013 წელს უწევს. თუმცა, ეს წელი კონსტიტუციის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების წელია და ვერცერთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ნახევარ მილიარდიან რესურს ვალის გადასახდელად ბიუჯეტში ვერ გაითვალისწინებს. ამიტომ ახალი საგარეო ვალის აღება აუცილებელი გახდება. 2008 წელს, ლადო გურგენიძის ინიციატივით და შემდგომში პარლამენტის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დაშლა და დასუსტება მოხდა. თანაც, მთელი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს კანონით დამტკიცებული პრეზიდენტი არ ჰყავს, მას მოვალეობის შემსრულებელი მართავს. 2008 წელი ასევე გამორჩევა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით, რომელზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა. მათ შორისაა ის თანხებიც რომელიც ბიზნესს შეაწერეს. მთელ მსოფლიოში არჩევნები სწორად იმიტომ ტარდება, რომ დემოკრატია განვითარდეს და ქვეყანამ კაპიტალის მოსაზიდად საგარეო ნდობა მოიპოვოს. ჩვენთან პირიქით არის, უნდათ რომ არჩევნებისგან საფრთხობელა შექმნან. თუმცა, ჩვენთან ყოველი არჩევნები ბიზნესისთვის მართლაც საფრთხობელაა! - რა გახდა ლარის დევალვაციის მიზეზი და რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარის კურსის ასე სწრაფ გაუფასურებასთან დაკავშირებით?- შემოდგომიდან მოყოლებული საქართველო ლარის დევალვაციის ობიექტური პროცესის წინაშე დადგა. ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ცვლილება მცოცავი რეჟიმით უნდა განეხორციელებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. 2008 წლის 7 ნოემბერს, (მე ამ დღეს "მწვანე პარასკევი" ვუწოდე) ლარის ავტორიტეტი და ღირებულება დოლართან მიმართებაში სერიოზულად შეილახა. ასეთი რყევის შედეგად კი ნდობა ლარის მიმართ როგორც მოსახლეობაში, ისე ბანკებში შესუსტდა. - ლაშა ჟვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალი მინისტრია. მასა და ბენდუქიძეს შორის დაპირისპირებაზე მითქმა-მოთქმაა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ფაქტი და შეირყევა თუ არა ბენდუქიძის პოზიციები საქართველოს ხელისუფლებაში ჟვანიას მოსვლის შემდეგ?- მთავარი ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შინაარსის მიხედვით, სამწუხაროდ, აღარ აქვს: მისი ნგრევა ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში დაიწყო, ბატონმა ბენდუქიძემ კი ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ იქნება არარსებული სამინისტროს ხელმძღვანელი. რაც შეეხება ბენდუქიძე-ჟვანიას დაპირისპირებას, ეს უფრო, მგონი, საზოგადოებას უნდა, რომ ბენდუქიძეს ვინმე დაუპირისპირდეს. უბრალოდ, ახალმა მინისტრმა, ბატონმა ჟვანიამ თქვა, მეც გამიწიეთ ანგარიშიო. მერე რა, რომ ის ეკონომისტი არ არის, ან მისი უშუალო წინამორბედები ტოვებდნენ კი ეკონომისტობის შთაბეჭდილებას, მიუხედავად ეკონომისტის დიპლომის ფლობისა. რაც შეეხება ბატონ კახა ბენდუქიძეს, მისი გაშვება რომ უნდოდეს პრეზიდენტს, ის ამას დიდი ხანია გააკეთებდა. ბატონი კახა არც ჯაბა იოსელიანია, რომ მის უკან მხედრიონი იდგეს და არც თენგიზ კიტოვანი, რომ მას ზურგს გვარდია უმაგრებდეს. ასე რომ, მისი გაშვება სულაც არ უნდა იყოს პრობლემა; ხოლო, თუ ბატონი ბენდუქიძის უკან რუსული ჯარია, მაშინ გვითხრან ეს და უკვე გასაგები მაინც იქნება, თუ რატომ ჭირს მისი გაშვება... - ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოში შემდგომი 6 თვის განმავლობაში აისახება. თქვენი აზრით, რა შედეგებით აისახება ეს კრიზისი საქართველოზე და რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს 6 თვის შემდეგ?- ბუნებრივია, გლობალური კრიზისი საქართველოზეც თავის ზეგავლენას მოახდენს. სხვათა შორის, თბილისი და მოსკოვი თავისი შიდა ეკონომიკური პრობლემების გლობალურ კრიზისზე გადაბრალებაში, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კრიზისი საქართველოში სამუშაო ადგილების შემცირდებით გამოვლინდება, შენარჩუნდება ინფლაციის მაღალი დონე. არ ვიცი პრეზიდენტი რას ელოდება 6 თვის შემდეგ, მაგრამ მე პოზიტიურ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად, მთავრობაში პროფესიონალები არ გვყვანან. პირველ რიგში, საჭიროა სერიოზული ინსტიტუციური ცვლილებები, ეროვნული ბანკის და ეკონომიკის სამინისტროს აღდგენა, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება. - საქართველოში საბანკო კრიზისი ომამდე დაიწყო, მაშინ, როცა მათ კრედიტები გააძვირეს. გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ და როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე?- კრედიტების გაძვირება დაიწყო იმიტომ, რომ იმ დროისთვის მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის ელემენტები იკვეთებოდა. იაფი კრედიტი ევროპის საკრედიტო ბაზარზე უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ ბანკებს საპროცენტო განაკვეთის აწევა მოუხდათ. ამის მოჰყვა რუსული აგრესია. დღეს ბანკებში შემცირებები დაიწყო და ეს ბუნებრივია. უნდა ითქვას, რომ გარდა გლობალური ფინანსური კრიზისისა, თავად ბანკების მიერ დაშვებული შეცდომებიც მათ სფეროში მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება. - როგორ ფიქრობთ, საგადასახდო კანონმდებლობის ცვლილება ეროვნული წარმოების ასაღორძინებლად ერთადერთი საშუალებაა?- ერთადერთი ნამდვილად არ არის. საგადასახდო ცვლილებები აუცილებელია. თავის დროზე საშემოსავლო და სოციალური გდასახადების "გაერთიანება" დიდი შეცდომა იყო. დღეს 25%-დან საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე დაწევა კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის 12% იყო. როცა არჩევნების დროს ბიზნესს ფულს შეაწერ, ხოლო შემდეგ გადასახადს შეუმცირებ, ეს რა ბიზნესის ხსნაა? ამ სფეროს განვითარებისთვის ქვეყანაში მაკროეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა აუცილებელი.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე
|