ნანახია: 616
საფონდო ბირჟის GSX ინდექსი, საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული 10 კომპანიის აქციებით ვაჭრობის (საბირჟო და ფიქსინგით ვაჭრობა) მიხედვით, ყოველდღიურად ანგარიშდება. ეს კომპანიებია: სს "ლიბერთი ბანკი" (სალისტინგო კოდი -BANK), სს "საქართველოს ბანკი" (GEB), "სილქნეტი" (UTC), სს "კავკასიიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" (NRGY), "ლიბერთი ქონსუმერი" (CTC), სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა (TSIF), სს "თელასი" (AEST), სს "სარაჯიშვილი" (ENIS), "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (UGB), "თელიანი ველი" (WINE). ინდექსის გასაანგარიშებლად გამოიყენება რამდენიმე პარამეტრი, მათ შორის პორტფელში შემავალი ყოველი ფასიანი ქაღალდის საწყისი საბაზრო ფასი, ბრუნვაში გამოშვებული მთლიანად განთავსებული აქციების რაოდენობა, ფასიანი ქაღალდის ფასთა ცვალებადობის პირობითი დერეფანი, საანგარიშო დროის პერიოდი, გარიგებების და განაცხადების ხვედრითი წონები ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაანგარიშებისას. საბირჟო გარიგებების, ფიქსინგის და განაცხადების საუკეთესო ფასები. როგორც საფონდო ბირჟაზე აცხადებენ, საქართველოს საფონდო ინდექსის ამოქმედებით ბიზნესინფორმაციის მომხმარებლები ბაზრის შეფასების შესაძლებლობას ყოველდღიურად მიიღებენ. ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, ეს იქნება ახალი სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელს განსაზღვრავს. მათი აზრით, საფონდო ბირჟის ინდექსის არსებობა მნიშვნელოვანია - "ინდექსი რომ იქნება, აჯობებს იმას, რა ვითარებაც მანმადე იყო, როცა ის არ არსებობდა. ეს არის დადებითი საკითხი". საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი GSX 19-24 ივლისის პერიოდში 1,13%-ით გაიზარდა და კვირის ბოლოსთვის 79,5-ით განისაზღვრა (19/07/10 - 78,91). რამდენად კარგი შედეგია ეს მაჩვენებელი ახლადშექმნილი ინდექსისთვის, გია კალანდია განმარტავს, - "ძალიან ნორმალური პროცესია, შესაძლოა 4%-ითაც გაიზარდოს ან 5-ით, მაგრამ უკვე რომ გაიზარდა, ეს კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ კომპანიების აქციებზე, რომლებიც ქმნიან ამ ინდექსს, იყო მოთხოვნა, სწორედ ამან გამოიწვია ინდექსის ზრდა და ეს დადებითი მოვლენაა. ინდექსი ხან იზრდება, ხან კლებულობს, შესაძლოა ჩვენ გვქონდეს კლების კვირა ან თუნდაც წელი, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს მაინცდამაინც ზრდა, რადგან ჩვენთან კანონმდებლობით კლების დროს ვერცერთი ინვესტორი ვერ შეიძენს შემოსავალს, მსოფლიოში ხდება ისე, რომ კლების დროსაც შესაძლოა ინვესტორმა შემოსავალი ნახოს, მაგრამ ჩვენთან ეს შესაძლებელია, მხოლოდ ზრდის დროს". ექსპერტები კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს საფინანსო ბაზარი ისე განვითარებული არ არის, რომ საფონდო ბირჟის ინდექსს საჭიროებდეს. ამიტომ ეს ინდექსი არც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის იქნება სანდო და არც უცხოელი ინვესტორებისთვის. რამდენად იმოქმედებს საფონდო ინდექსის ზრდა ინვესტორებზე, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.
ნინო თამაზაშვილი
|