ნანახია: 383
"თუ არენდატორები და გლეხები ერთი წლის მანძილზე საძოვრებს არ შეისყიდიან, რომელიც იჯარით აქვთ აღებული, მაშინ მათ ამ საძოვრებს ჩამოართმევენ და გაყიდიან, რადგან ბიუჯეტში უნდათ ფულის შეტანა", - აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე. ამიერიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, უშუალოდ ცენტრალური მთავრობის ბალანსზე გადავა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლაშა თორდია განმარტავს, აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო ერთიან სტრატეგიას ამუშავებს. "რამდენიმე წლის წინ ცალკეული საძოვრების განკერძოება მოხდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გადმოვიტანოთ უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ცენტრალური ხელისუფლება უფრო კარგად მართავს მას", - აცხადებს ლაშა თოდრია. როგორ მართავს უკეთ სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის საძოვრებს უკეთესად, ეს გაუგებარია. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები ადგილობრივი მმართველობის ბალანსზე ირიცხებოდა. დღეს კი ადგილობრივ თვითმმართველობებს კიდევ უფრო დასუსტება ელით და როგორც ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს: "ყველა ქვეყანაში მიწებსა და საძოვრებს ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავენ. საძოვრების ცენტრისთვის გადაცემა გაუგებარია. ასევე საინტერესოა, ამ ინიციატივის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ რომელიღაც სოფლის საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ მართოს. ჯერ ერთი, რომ ეს ინიციატივა თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის, გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საძოვრების ეკონომიკის სამინისტროს მიერ მართვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია". პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ "ეს ცვლილება არ შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მართვას ვერ ახორციელებდა. უბრალოდ, ადგილზე ხშირად იყო გაუგებრობები, როდესაც ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის მცხოვრებს ამ საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოოდ ბევრ გაუგებრობას და პრობლემებს ქმნიდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ ეს საძოვრები ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში გადმოვიდეს, რათა ეს გაურკვევლობები აღმოიფხვრას". აღსანიშნავია, რომ საძოვრების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მხოლოდ ბალახით და თივით კვებავენ საქონელს. როგორც მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, სახელმწიფო მოქალაქეებს ერთი წლის ვადას აძლევს იმისთვის, რომ იჯარით აღებული საძოვრები შეისყიდოს, თუ არადა, ჩამოართმევენ. ჩამოართმევენ და რა - საძოვარიც და საქონელიც მხოლოდ იმას ეყოლება, ვისაც ბალახი ექნება. ეს კი საქართველოში ისედაც განადგურებულ სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას, კიდევ უფრო გაწყვეტს წელში. ჩვენთვის კი მხოლოდ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი, ისიც რამდენადმე.
ადა ექიზაშვილი
|