ნანახია: 924
- ბატონო ზურაბ, უკან ვიტოვებთ საკმაოდ მძიმე 2008 წელს და არც 2009-ს ვხვდებით დიდი იმედებით. და მაინც, 2008 წელს ქართულ საფინანსო სივრცეში განვითარებულ რა დადებით და რა უარყოფით ტენდენციებზე გაამახვილებდით ყურადღებას?
- 2008 წელს საბანკო სექტორის განვითარება შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: აგვისტომდე და რუსეთის აგრესიის შემდგომ პერიოდად. 2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო სექტორი პრაქტიკულად იმეორებდა განვითარების იმ ტენდენციებს, რაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. საბანკო სექტორი ამ პერიოდში საკმაოდ მზარდი განვითარების ტემპებს ინარჩუნებდა და აქტივების საშუალო ზრდის წლიური მაჩვენებელი 50 %-ზე მეტიც კი იყო, და იგი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ წამყვან სექტორს წარმოადგენდა. ბანკები კლიენტურას სულ უფრო აქტიურად სთავაზობდნენ ახალ ინტეგრირებულ საბანკო პროდუქტებს, ხოლო წამყვანი ქართული ბანკების ნაწილი ბაზრის ათვისებას თბილისში და რეგიონებში ფილიალებისა და მომსახურების ახალი ცენტრების ზრდითაც ახორციელებდა. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში უკვე შეინიშნებოდა საკრედიტო რესურსების გაძვირების ტენდენცია, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების გაძვირებას უკავშირდებოდა და რაც დიდწილად 2007 წლის შემოდგომაზე, ამერიკის იპოთეკური ბაზრის კრიზისის ზეგავლენის შედეგი იყო. მეორე ეტაპი კი, ეს არის რუსული აგრესიის პერიოდი აგვისტოდან სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ანუ ის დრო, როდესაც თბილისი დანარჩენ საქართველოს პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო და შესაბამისად, ქვეყანაში საქონელბრუნვა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და შემდგომი შედარებითი სტაბილიზაციის პერიოდი, 2008 წლის ბოლომდე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უმძიმესი გამოცდა საბანკო სექტორისთვის, რადგან პრაქტიკულად შეწყდა კრედიტების გაცემა და მნიშვნელოვნად შეიზღუდა ოპერაციები პლასტიკური ბარათებით. ამას 15 სექტემბრიდან თან დაერთო მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყება. ასეთ პირობებში არსებობდა არც თუ მცირე ალბათობა იმისა, რომ საბანკო სექტორს ვერ გაეძლო ომის შოკისთვის და ეს ყველაფერი გადასულიყო საბანკო კრიზისში. დღეს მიუხედავად იმისა, რომ საბანკო აქტივობა შემცირებულია, არსებული მდგომარეობა ჩვენ მაინც არ გვაძლევს პესიმისტური შეფასების საფუძველს, რომ მდგომარეობა არის კრიზისული. მიმაჩნია, რომ მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, მათ შორის ბანკების მხრიდან სასესხებო პოლიტიკის გამკაცრებისა და შეზღუდვისა, განვლილ პერიოდში სერიოზული ლიკვიდობის პრობლემა არც ერთ წამყვან ბანკს ან ბანკთა ჯგუფს არ შექმნია.
- როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს თუ არა ქართული საბანკო სექტორი ზრდის ტემპს 2009 წელს იმ პირობებში, როდესაც ამ წელს ქართულ საბანკო სექტორში სერიოზული კრიზისია?
- მსურს კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ დღეს სერიოზული საბანკო კრიზისი არ არის, არის პოსტომისეული ტენდენციები კრიზისის ნიშნებით. მომავალში, თუ როგორ განვითარდება პროცესები, რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, რომელთაგან უპირველესად უნდა გამოიყოს შიდა პოლიტიკური ფაქტორი, ანუ როგორი იქნება 2009 წელი პოლიტიკური აქტივობის, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და საგარეო, თუ როგორი იქნება მსოფლიო კრიზისის ხანგრძლივობის დინამიკა. არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ეფექტური საშუალო და გრძელვადიანი ანტიკრიზისული ღონისძიებების დაგეგმვას. უკვე ქვეყნდება პროგნოზები, მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, რომლის მიხედვითაც 2009 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2-3 %-ის ფარგლებშია მოსალოდნელი მაშინ, როდესაც წინა წლებში ანალოგიური მაჩვენებელი 9% იყო. ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელება საბანკო სექტორზეც აისახება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 2009 წელი ზემოთაღნიშნული შიდა და გარე რისკებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლები დანაკარგებით დავასრულეთ, საბანკო სექტორის ზრდის ტემპი შესაბამისი იქნება, აქტივების 10-12 %-იანი ზრდით. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად აგვისტოს მოვლენების უარყოფითი ზეგავლენისა (აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7.9 პროცენტით ანუ 701.5 მლნ ლარით შემცირდა, მათ შორის: წმინდა სესხები - 3.9 პროცენტით (211.0 მლნ ლარი), არასაბანკო დეპოზიტები, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები, 13.4 და 14.3 პროცენტით (შესაბამისად, 475.6 და 258.3 მლნ ლარი) ), მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში უფრო მცირე ტემპებით, მაგრამ მაინც აღსდგა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია. ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით მეტია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების (რომელთა ხვედრითი წილი მთლიან დეპოზიტებში 56.2 პროცენტია) ზრდამ, გასული წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე, 8.4 პროცენტი შეადგინა,
- კრედიტების გაძვირება ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო, ანუ კრიზისის ნიშნები იმ დროიდანვე გამოჩნდა, რატომ გაძვირდა კრედიტები და რეალურად როდის დაიწყო კრიზისი საბანკო სისტემაში?
- როგორც უკვე აღვნიშნე, საბანკო სექტორის ზრდის ტემპებზე სერიოზული ზეგავლენა აგვისტოს მოვლენებმა იქონია, რასაც ზედ დაერთო მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ჯაჭვური რეცესია, რომელიც უმსხვილესი მეგაეკონომიკის, აშშ-ის ბაზრის კრიზისმა გამოიწვია. ბუნებრივია, გლობალური საფინანსო კრიზისი და მსოფლიო ეკონომიკის რეცესია დღევანდელ ინტეგრირებულ სამყაროში მეტ-ნაკლებად, ამ ინტეგრაციის დონიდან გამომდინარე, პირდაპირპროპორციულად ყველას შეეხო, მათ შორის საქართველოსაც. მაგრამ, ჩვენი აზრით, მისი ზეგავლენის მასშტაბები დროის ამ მონაკვეთში მაინც ნაკლებია, გარე ბაზრებზე არასათანადო ინტეგრაციიდან გამომდინარე. საქართველოში არ არიან საერთაშორისო აქტიური ბანკები ან ნაციონალური და ტრანსნაციონალური გიგანტები, რომლებიც საერთაშორისო კონიუნქტურაზე პირდაპირ იქნებოდნენ დამოკიდებულნი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია შედარებით გრძელვადიან ციკლში გადავა, ქვეყნის მაღალი იმპორტიზაციის გამო კრიზისის შედეგები ჩვენთვისაც არასასურველი იქნება, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების, ისე ცხოვრების დონის დაცემისა და უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდის გამო.
- რა შანსი აქვს ქართულ ბანკებს უცხოურ საფინანსო სისტემებთან ურთიერთობაში, ველოდოთ უნდა თუ არა ფულადი რესურსების მოდინებას მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე?
- საქართველოს საფინანსო სექტორი აგვისტოს ომის პერიოდში და შემდგომ, განსაკუთრებით პირველი ორი თვის მანძილზე, მართლა იდგა ეკონომიკური შოკის საშიშროების წინაშე, რომელსაც, პირველ რიგში, მძლავრი საბანკო კრიზისი შეიძლება გამოეწვია. დახმარება, რომელიც საბანკო სექტორმა უნდა მიიღოს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გათვლილია მთელს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. როგორც ცნობილია, თანხა შეადგენს ოთხი მილიარდ ნახევარ დოლარს, თუმცა ეს დახმარება არ არის ერთჯერადი, გაწერილია 2-3 წელზე და არის ძირითადად ევროკავშირისა და აშშ-ს ეგიდით, ასევე ამ პროცესში ჩართულია დიდი შვიდეულის ქვეყნებიც. აღნიშნული ქვეყნების საერთაშორისო, კერძო და საინვესტიციო ფონდები მოახდენენ ამ რესურსების ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში აკუმულირებას.
ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც წამოვა დონორი ქვეყნებიდან საქართველოსთვის, გაივლის საბანკო სექტორს. დარწმუნებული ვარ, ბანკები გამოვლენ ამ კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ მხარდამჭერ ინსტიტუტად. დაახლოებით 900 მლნ. დოლარამდე გადანაწილდება საბანკო სექტორზე. ამ დახმარების ძირითადი მიმართულებებია: სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, მცირე ბიზნესის და იპოთეკური ბაზრის მხარდაჭერა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების აშენება.
- წამყვანმა ქართულმა ბანკებმა თანამშრომლები შეამცირეს. როგორ შეაფასებდით ბანკების მიერ განხორციელებულ ამ ღონისძიებას?
- ომის შედეგები და 15 სექტემბერს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზეც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. დასამალი არ არის, რომ დღეს სერიოზული პრობლემებია მთლიანად ბიზნესის, მათ შორის მსხვილი ბიზნესის განვითარების კუთხით. ცნობილია, რომ კრიზისისას ადამიანები ქამრებს იჭერენ და თავს იკავებენ ე.წ. ფუფუნების საგნების შეძენისაგან. ამის დასტურია სამშენებლო და საავტომობილო კომპანიების ზარალი მთელ მსოფლიოში, რაც ხშირად ხარჯების შემცირების მიზნით, მათი წარმომადგენლობებისა და ქარხნების დახურვით მიმდინარეობს. სხვადასხვა პროგნოზით უკვე 2009 წელს მარტო ამერიკის შრომის ბაზარი დამატებით რამდენიმე მილიონი უმუშევრით გაიზრდება. რაც შეეხება ქართულ კომერციული ბანკებს, შექმნილ სიტუაციაში ისინი იძულებული არიან გადახედონ წინა წლების სტრატეგიას, რაც ბაზრის ექსპანსიას და ფილიალების ახალი ქსელების გახსნით, საბანკო პერსონალის ზრდას ითვალისწინებდა. შემცირებული შემოსავლების პირობებში, ბანკები იძულებული არიან მოახდინონ ხარჯების ოპტიმიზაცია, არასაპროცენტო ხარჯების ნაწილში, სადაც ლომის წილი(საშუალოდ 55 %) სახელფასო ფონდებს უკავიათ. აქ არის კიდევ ერთი საკითხი. მართლია, ცოტა არ იყოს შემაშფოთებლად ჟღერს რომელიმე ბანკის მიერ, 300, 500 ან უფრო მეტი თანამშრომლის გაშვება და მათთან კონტრაქტების გაუქმება, მაგრამ ბანკები მაინც ცდილობენ ეს პროცესი ნაკლებმტკივნეული გახადონ. კერძოდ, გათავისუფლებები ეხებათ ძირითადად ე.წ. კონტრაქტორებსა და პრაქტიკანტებს და ნაკლებ სახელფასო შტატს. თუმცა, მე მესმის ამ კითხვის აქცენტების, ქვეყანაში ისედაც მაღალი უმუშევრობისა და მძიმე სოციალური ფონის პირობებში, ეს ვერაფერი ნუგეშია.
- როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის საქმიანობას 2008 წელს?
- ცნობილია, რომ საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე, ადგილი ჰქონდა ე.წ. ‘ჰოლანდიურ სინდრომს~, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმდინარე დიდი პრივატიზაციის შედეგად უცხოური ვალუტის შემოდინება აღემატებოდა მასზე ეკონომიკური სუბიექტების რეალურ მოთხოვნას. ეს ფაქტორი თავის მხრივ სებ-ს აიძულებდა გამოსულიყო ბაზარზე უცხოური ვალუტის აქტიური მყიდველის როლში, რის შედეგადაც ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაგრამ აღნიშნული მონეტარული პოლიტიკა ხშირად ხდება ხოლმე ინფლაციის მაპროვოცირებელი ფაქტორი. დოლარის მასის ამოღებით ბაზარზე იზრდება სალარე მასა, რაც ზრდის ლარზე სამომხმარებლო მოთხოვნას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება გაზრდილ სამომხმარებლო ფასებზე. ანუ ვიღებთ პარადიგმას, ანუ, ერთის მხრივ, ეროვნული ვალუტა მყარდება და მეორეს მხრივ, ფასები ანუ ინფლაცია იზრდება. ნიშანდობლივია, რომ მონეტარული პოლიტიკის ეს პარადიგმა დამახასიათებელია პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ეკონომიკა ნაკლებსექტორული ხასიათისაა. საქართველოში ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც ძირითადად საფინანსო-საშუამავლო სექტორის, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო და სამშენებლო ინდუსტრიაზე მოდიოდა. გაცილებით ნაკლები იყო მშპ-ში ეკონომიკის რეალური სექტორის ხვედრითი წილი. აღარაფერს ვიტყვი სოფლის მეურნეობის, მათ შორის გადამამუშავებელი მრეწველობის, წილობრივ მაჩვენებელზე, რადგან ამის ნათელი ილუსტრაციას საბანკო პორთფელიც იძლევა. საბანკო სისტემის მთლიან საკრედიტო პორთფელში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წლი 2008 წელს 4 %-მდეც კი დავიდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების მთავარი ორიენტირი საფინანსო ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფაა, უპირველესად, საბანკო სექტორის ლიკვიდობის მართვის და ინფლაციის საპროგნოზო (დასახული) მაჩვენებლიდან არასასურველი გადახრის თვალსაზრისით. დღეს ორივე ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის ზოგიერთი გადაწყვეტილება მწვავე პოლემიკის საგანიც კი გახდა, მისი საქმიანობა, საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა ჩაითვალოს.
- თქვენი აზრით, რა იყო ქართულ საბანკო სფეროში წლის მოვლენა?
- წელს ცოტა არ იყოს, მიჭირს რომელიმე მომენტის გამოყოფა. გასულ წლებში ასეთი მოვლენები არც თუ ცოტა იყო და ძირითადად ქართული ბანკების მიერ, წლის საუკეთესო ინოვაციებთან ან საერთაშორისო აღიარებასთან გახლდათ დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი, მაინც მიმაჩნია წლის მთავარი ნომინანტად მთლიანად საბანკო სექტორი უნდა იყოს მიჩნეული, რომელმაც შეძლო საბანკო და აქედან გამომდინარე, საფინანსო კრიზისის თავიდან აცილება.
- როგორც ცნობილია, თქვენ საკმაოდ სერიოზული ორდენით დაგაჯილდოვეს, შევახსენოთ მკითხველს, რა ორდენია ეს და კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიიღეთ?
- ეს არის ძალიან პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ატარებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას სახელს და ჰქვია - Queen Victoria Commercial medal. ამ მედალს ყოველწლიურად ნომინაციების მიხედვით გასცემს ევროპის ბიზნეს ანსამბლეა( EBA, Europian Business Ansambly რომლის შტაბ-ბინაც ოქსფორდში მდებარეობს. პირადად მე ჯილდო მომენიჭა სიმამაცის, პატიოსნებისა და პროფესიონალიზმისათვის, საბანკო და საფინანსო სექტორის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის საქმეში. მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული საბანკო სექტორის კიდევ ერთი აღიარება, რადგან ება არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ბიზნეს-პროექტებისა და მენეჯმენტის მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაცია. თავად მედალი ითვლება მეტად პრესტიჟულ საიუველირო ნაწარმად, რომელიც 999, 9 სინჯის ოქროსა და სვაროვსკის ქვებისაგან შედგება. და ბოლოს, თქვენი გაზეთის მეშვეობით მსურს მთელ ქართველ ხალხს მივულოცო ახალი 2009 წლის დადგომა და ვუსურვო სტაბილიზაცია, სიმშვიდე და კეთილდღეობა.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი
|