ნანახია: 588
"ივნისის თვეში სავალუტო ბაზარზე გამოწვეული პანიკა ეროვნული ბანკის დამსახურებაა"
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან აკაკი ცომაიასთან
- ბატონო აკაკი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტუალურ თემას ახალი საგადასახადო კოდექსი წარმოადგენს. მის ირგვლივ ბევრი ისაუბრეს, როგორც სახელისუფლებო, ასევე ექსპერტულ წრეებში, შეფასებებიც სხვადასხვაგვარია. ახალი საგადასახადო კოდექსი მთავრობას ბევრმა ექსპერტმა იმ მიზეზით დაუწუნა, რომ ქვეყანა ამ ნაბიჯებით ლიბერალური ეკონომიკის გზიდან უხვევს. თქვენ როგორ შეაფასებთ ახალ საგადასახადო კოდექსს და როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს მიდის თუ არა ჩვენი ქვეყანა კვლავ ლიბერალური ეკონომიკის შენების გზით და თუ შეინიშნება ამ მხრივ ხარვეზები? - საგადასახადო კოდექსში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები შეეხო როგორც ფისკალურ სივრცეს, ასევე გადასახადების ადმინისტრირების ინსტიტუციონალურ საკითხებს. ფისკალური ცვლილებების მიმართულებით გაჩნდა მიკრომეწარმისა და მცირე მეწარმის ცნება. პირს, რომლის წლიური ბრუნვა 30 000 ლარია, მას არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევს, ხოლო ისინი, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 ათასიდან 200 ათასამდეა, თავისუფლდებიან დღგ-ს გადასახადისგან, თუმცა სანაცვლოდ იხდიან ბრუნვის გადასახადს 3-5%-ის მოცულობით. ცვლილების დადებითი მხარეებიდან უნდა აღინიშნოს ის, რომ საგადასახადო ტვირთის შემცირება მცირე ბიზნესზე, უდავოდ, სტიმული იქნება დაბალშემოსავლიანი საოჯახო მეურნეობებისთვის. გადასახადის იმ ნაწილით, რომელსაც ისინი ცვლილებამდე იხდიდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაძლებელია გახდეს დანაზოგის და/ან დამატებითი მოხმარების წყარო. ბუნებრივია, ეს ფაქტი გაზრდის საოჯახო მეურნეობების შემოსავალს და მათ მეტი სტიმული ექნებათ განავითარონ ბიზნესი. გარდა ამისა, დღგ-ს გადასახადის გაუქმება მცირე მეწარმეებისთვის გაამარტივებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ბუღალტერიის წარმოების საკითხებს. რეგულირების მარტივი წესები საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის უფრო ჯანსაღ ატმოსფეროს ჩამოაყალიბებს. ცვლილების უარყოფითი მხარეებიდან უნდა აღინიშნოს ის, რომ საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა ფენებად და მათი სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმში მოქცევა, ქმნის არათანაბარი და არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს. მაკროეკონომიკურ კონტექსტში ეს ფაქტი აუცილებლად იქონიებს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. მართალია, მცირე მეწარმეების მოტივაცია, განავითარონ ბიზნესი, იზრდება, თუმცა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა მოტივაცია მცირდება. არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ადამიანს უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება და აქედან გამომდინარე, ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება. ცვლილებების შედეგად მივიღებთ არასამართლიან ეკონომიკურ გარემოს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის განვითარება და იგი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ადამიანი ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით თანაბარ პირობებში იქნება. ახალი საგადასახადო კოდექსი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეების გააქტიურებას ბაზარზე. თუმცა, მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებაზე იგი უმნიშვნელო გავლენას მოახდენს. ჩვენი აზრით, კონკურენტული გარემოს დამახინჯება უფრო მეტ ნეგატიურ ელემენტს შეიტანს ბიზნესურთიერთობების განვითარების კუთხით და ამ თვალსაზრისით, გრძელვადიან პერიოდში საგადასახადო კოდექსის ცვლილებით მოსალოდნელი კეთილდღეობა უფრო შემცირდება, ვიდრე გაიზრდება. ამდენად, ასეთ ცვლილებაზე დაფუძნებული ოპტიმიზმი, გადაჭარბებულია. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში დანარჩენ ცვლილებებს. ყურადღებას გავამახვილებდი აუდიტორთა საბჭოს შექმნაზე. ეს მოვლენა მაგონებს პოსტსაბჭოთა პერიოდს, როდესაც გარკვეულ პრობლემასთან მიმართებაში ქმნიდნენ არაქმედითუნარიან კომისიებს. თუ საგადასახადო ორგანოები უშვებენ შეცდომებს, ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ და არა კომისიამ. სტრუქტურაში დამატებითი კონტროლის შექმნა სისტემური თვალსაზრისით არის კორუფციისკენ გადადგმული ნაბიჯი. როგორც საგადასახადო ორგანო, ისევე აუდიტორთა საბჭო წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს, ანუ დაინტერესებულ მხარეს. ამდენად, სტრუქტურული თვალსაზრისით, ახალი ორგანოს ქმედუნარიანობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუ სასამართლო ვერ ახერხებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი უნდა ვეძებოთ ინტერესთა კონფლიქტში მყოფი ალტერნატიული ინსტიტუტების ფორმირებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილად გადაუხვია ლიბერალური ეკონომიკის შენების გზას. - როგორც ცნობილია, ახლო მომავალში მცირე და მიკრო ბიზნესის დეფინიცია იგეგმება. ხელისუფლებაც აქტიურად საუბრობს მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მცირე ბიზნესის განვითარება და რამდენად შეუწყობს ხელს ამას საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები? - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება უფრო პოლიტიკური მსჯელობის საგანია და მას არანაირი კავშირი არა აქვს ეკონომიკურ თეორიასთან. ბევრ საპირისპირო აზრის მქონე ექსპერტს მოჰყავს სხვადასხვა მაგალითი საბაზრო ეკონომიკის განვითარებული ქვეყნებიდან, რომ გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და სხვ. მაღალშემოსავლიანი საოჯახო მეურნეობები იბეგრებიან უფრო მეტად, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ოჯახები. ეს მართლაც ასეა, მაგრამ თავად ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ეკონომიკა სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ პოლიტიკოსებმა მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს. გამომდინარე იქიდან, რომ საოჯახო მეურნეობების დიდი ნაწილი წარმოადგენს ბიზნესის სწორედ ამ ნაწილს, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უფრო არჩევნებში გამარჯვების წყურვილით არის ნაკარნახები, ვიდრე ეკონომიკის განვითარებით. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ნიშნავს ბიზნესის ნაწილის ლობირებას, მათთვის პრივილეგირებული პირობების შექმნას. ფაქტიურად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა პროტექციონიზმი. პროტექციონიზმი კი ეკონომიკაში წარმოქმნის საზოგადოებრივ დანაკარგებს, რადგან ადამიანები თანაბარი კონკურენციის პირობებში აკეთებდნენ სხვა არჩევანს. შესაბამისად, ლობირებული ბიზნესების შემოსავლები უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე მომხმარებელთა და არალობირებულ მწარმოებელთა შემოსავლები. რაც წარმოშობს საერთო დანაკარგებს. ამრიგად, საგადასახადო კოდექსის ცვლილებით შექმნილი სიტუაცია უმნიშვნელოდ შეუწყობს ხელს ბიზნესის ნაწილის განვითარებას, თუმცა მთლიანობაში ეს ფაქტი ხელს უშლის ეკონომიკის აღმავლობას. - ივნისის თვეში, საზოგადოებაში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლარის კურსის მკვეთრ ცვალებადობას. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს პროცესი და ლარის კურსის გაუფასურება-გამყარებამ რა გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე? - ლარის კურსის მკვეთრი ცვალებადობა თავისთავად არის ცუდი მოვლენა, რადგან მას თან ახლავს მძიმე ეკონომიკური შედეგები. თავად ფაქტი - ლარი მყარდება თუ უფასურდება, ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს ეკონომიკისთვის არც კარგია და არც ცუდი, თუ იგი თავისუფალ ბაზარზე მიმოიქცევა. ლარის კურსი გაძლევთ ინფორმაციას წმინდა ექსპორტისა და წმინდა ინვესტიციების თანაფარდობაზე. როდესაც უცხოური ინვესტიციები იზრდება, წმინდა ინვესტიციების მოცულობა მცირდება, რაც იწვევს ლარის გამყარებას. ანალოგიურად, თუ ქვეყანაში ექსპორტი იზრდება და იმპორტი მცირდება, მაშინ მცირდება სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის, რაც ზრდის წმინდა ექსპორტის მაჩვენებელს და ლარი მყარდება. ასეთი ცვლილებების დროს ლარის კურსი რომ არ შეიცვალოს, ეკონომიკაში გაჩნდება საზოგადოებრივი დანაკარგები. თუმცა, ცნობილია, რომ ეროვნული ბანკი ხშირად მონაწილეობს ბანკთაშორის ანგარიშსწორების ბირჟაზე და ღია ოპერაციების მეშვეობით, რომელიც ძირითადად გამოიხატება უცხოური ვალუტის ყიდვა გაყიდვაში ახდენს სავალუტო კურსის კორექტირებას იმ ნიშნულზე, რომელზეც მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იმყოფებოდეს. თავისუფალ ბაზარზე, მკვეთრი შოკი შეიძლება გამოიწვიოს წმინდა ინვესტიციებში და ან წმინდა ექსპორტში მომხდარმა მკვეთრმა ცვლილებებმა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოულოდნელი პოლიტიკური მოვლენის პირობებში. მაგალითად, ომი, ქონების ექსპროპრიაცია და სხვ. ამ შემთხვევებში მთავრობის აქტიური ინტერვენციები სავალუტო კურსის სტაბილურობის მიზნით შეიძლება გამართლებულიც იყოს. სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილების შედეგი არის პანიკა საზოგადოებაში. როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდება, იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება, ხოლო დიდი რაოდენობით იმპორტის შემთხვევაში, ვითარდება ინფლაცია, რაც წარმოქმნის დამატებით დანახარჯებს საზოგადოებაში. ეს უკვე ძალზე ცუდი ფაქტია, რადგან ამ ხარჯებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხდება დაგროვილი კეთილდღეობის შემთხვევითი გადანაწილება. დაუმსახურებლად ზოგიერთი მდიდრდება, ხოლო ზოგიერთი ღარიბდება. თუმცა, ეს შედეგი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს პანიკამ ბაზარზე. ლარის მკვეთრი გაუფასურება მოტივაციას უჩენს ადამიანებს, რომ სასწრაფოდ მოიშორონ ლარი, რაც ლარს კიდევ უფრო აუფასურებს. ამდენად, შედეგი კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე ბანკებს შორის ვაჭრობის დროს მომხდარი ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებები საქართველოში არ მომხდარა. ცალსახაა, რომ ივნისის თვეში გამოწვეული პანიკა არის ეროვნული ბანკის დამსახურება. რატომ გააკეთა ეს ეროვნულმა ბანკმა? - ამ კითხვაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, რომელთა შორის აღსანიშნავია: არაკომპეტენტურობა, არჩევნებზე დაიხარჯა დიდი რაოდენობით ლარი და საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა სავალუტო რეზერვები; შეიძლება იყოს კერძო ინტერესიც. რადგან ვინც ფლობს ინფორმაციას, რა მოხდება ხვალ - ცვლილების შედეგადაც საზოგადოებრივი სიმდიდრე გადაედინება მისკენ. აბა, წარმოიდგინეთ როგორი მარტივია გამდიდრება, როდესაც წინასწარ იცით, რომელი ქვეყანა გახდება მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში წელს. მიზეზების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. ამ შეკითხვის ადრესატი უფრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. - ბოლო დროს აქტიურად მიდის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაზე საუბარი. საქართველოს ხელისუფლებისგან მის აღდგენას ითხოვს ევროკავშირიც, თუმცა, ამ მხრივ, რეალური ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა და რას იტყვით მონოპოლიების არსებობაზე ქვეყანაში, იგივე ფიჭური კავშირგაბმულობის თუ ფარმაცევტულ სექტორებში და სხვა? - მე მივეკუთვნები ეკონომისტების იმ ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას საქართველოში. მონოპოლიები და ოლიგოპოლიები არის დროებითი მოვლენა საზოგადოებაში. თავისუფალ ბაზარზე მონოპოლიას ცვლის კონკურენცია, რადგან მოგების მიღების მაღალი მოტივაცია აიძულებს ფირმებს შეაღწიონ მონოპოლიურ სეგმენტზე. ამდენად, მონოპოლიის წამალი კვლავ თავისუფალი ბაზარია. როდესაც ოლიგოპოლიები ხანგრძლივად არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ლობირებულია და მთავრობისგან ხელშეწყობილი. ამდენად, ანტიმონოპოლიური სამსახური, მისი სათაურისა და დანიშნულების მიუხედავად, სისტემური თვალსაზრისით არაეფექტიანი იქნება. ხოლო რეგულირების დამატებითი ელემენტი ზედმეტი ტვირთი ბიზნესისთვის და მთლიანობაში საზოგადოებისთვის. ანტიმონოპოლიური სამსახური ლობირებულ ბიზნესებს ვერ გამოაშკარავებს, რადგან ბიზნესს ლობირებს ის, ვინც ქმნის ასეთ სამსახურს, თუმცა, მას გათვლების დროს შეცდომის დაშვების შედეგად ან ზედმეტად თავის გამოჩენის მიზნით სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია არალობირებული ბიზნესისთვის. თუ ფარმაცევტული ბიზნესი ძალზე მომგებიანია საქართველოში, მაშინ რატომ არ გიჩნდებათ სურვილი წამოიწყოთ ეს ბიზნესი? აქ ორი პასუხია: მისი მომგებიანობის თემა გაზვიადებულია ან ამ ბაზარზე შესვლაა შეუძლებელი, რადგან მთავრობის მიერ აღმართულია ბაზარზე შესვლის გაუვალი ბარიერები. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ანტიმონოპოლიურ სამსახურს. ხოლო თავად ფაქტი, რომ ეს ხელს უშლის ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს, რა თქმა უნდა, ცუდია. მე ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხობს, თუ რა ჯობია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ეკონომისტი, ჩემი ცალსახა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკვეთრად უარყოფითი.
ესაუბრა თეონა ჭიტაძე
|