ნანახია: 694
"თუკი ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდება, ეს მთელ ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებს"
2008 წელს, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოს ეკონომიკაშიც ძალიან ბევრი ნეგატიური პროცესი განვითარდა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური. - ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით, რა იყო 2008 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები? - რა თქმა უნდა, ომი და კრიზისი. საერთოდ, 2008 წელი, ძალიან მძიმე წელი იყო. მთელს მსოფლიოში მიმდინარეობდა პროცესები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაზე ცუდი გავლენა იქონია. თავიდან რომ მოვყვეთ, წლის პირველ თვეებში ეკონომიკა იყო ინფლაციური, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებით. პირველ რიგში, მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი და უკვე ივლისის თვეში ბარელი ნავთობის ფასმა 144 აშშ დოლარს მიაღწია. კარგად რომ წარმოვიდგინოთ ეს გაძვირება, დავაკვირდეთ იმას, რომ დღეს ბარელი ნავთობი 35 აშშ დოლარი ღირს, ანუ სხვაობა ამ ორ ციფრს შორის უზარმაზარია. რა თქმა უნდა, ამან ფასების ზრდა და ინფლაცია გამოიწვია. თუმცა ეს პროცესი მარტო ამასაც არ შეიძლება დავაბრალოთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკა იმგვარადაა მოწყობილი, რომ თვითონ ბიუჯეტი უწყობდა ხელს ამ პროცესებს. ავიღოთ თუნდაც ის, რომ 2008 წელს ჩატარდა ორი არჩევნები: წლის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო მაისში — საპარლამენტო. ზოგადად არჩევნები, ნებისმიერ ქვეყანაში, ინფლაციასთანაა დაკავშირებული. ამ დროს ხდება, დაპირებები, "კანფეტებისა" და სხვა რამის დარიგებები და ა.შ. ამ ყველაფერს დაემატა ფინანსური კრიზისი და ომთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც მთლიანად მოშალა ინფრასტრუქტურა. ამას დაერთო საბანკო კრიზისიც. ომისგან შეშინებულმა მოსახლეობამ დაიწყო საკუთარი დანაზოგების ბანკიდან გატანა. ფულის ამგვარმა სწრაფმა გადინებამ მნიშვნელობანი პრობლემები შეუქმნა საბანკო სისტემას. ეს ყველაფერი ცუდად შეეხო სამშენებლო კომპანიების მუშაობასაც. ანუ ზოგადად აღმოვჩნდით ისეთ სავალალო სიტუაციაში, რომ უკვე აღარავინ მალავს სერიოზული ეკონომიკური კრიზისის არსებობას. ქვეყნისათვის ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, 2008 წელი ასეთ მძიმე წლად დაგვრჩა. - პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოში მხოლოდ შემდგომი 6 თვის განმავლობაში აისახება. თქვენი აზრით, რამდენად არის საქართველოში შექმნილი მდგომარეობა გლობალური კრიზისის გამოძახილი და როგორ აისახება ის საქართველოზე? - ალბათ, დღეს ისეთი სიტუაციაა, როცა მთავრობა და ჩვენი პრეზიდენტიც ცდილობს ხალხს რაღაც იმედი შეუქმნას. დაზუსტებით არ შემიძლია იმის თქმა, ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო თუ არა, მაგრამ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოზე არ იქნება ასახული, რადგან ჩვენ არც თუ ისე ინტეგრირებულნი ვართ მსოფლიო ეკონომიკაში. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი ინტეგრაციის დონე მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან დაბალია. ჩვენ არა ვართ აშშ ან ევროპა. ჩვენ ვართ მცირე ღია ეკონომიკა. ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის ვასწავლი იმას, თუ რას ნიშნავს მცირე ღია ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მუდმივად განიცდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას. კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა. ანუ ჩვენ ვართ დამოკიდებული იმპორტზე. თუკი ქვეყანა, საიდანაც ჩვენთან ხდება იმპორტი, განიცდის კრიზისს, თავისთავად ეს კრიზისი ჩვენზედაც იმოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი გადამცემი მექანიზმი, რომელსაც შეგვიძლია ტრანსმისიური მექანიზმი ვუწოდოთ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს გადმორიცხვებით, რომლებსაც ახორციელებენ ჩვენი თანამემამულენი, ოჯახის წევრები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ბევრი ქალბატონია წასული იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ. ისინი იქ სწორედ იმის გამო არიან, რომ მცირედი თანხა იშოვონ და გადმორიცხონ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ კრიზისია, ისინი თავისთავად უფრო ცოტა ფულს რიცხავენ ჩვენთან. მესამე ის, რომ ჩვენ მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვახორციელებთ ექსპორტს. და თუ საზღვარგარეთ კრიზისის გამო ჩვენი პროდუქცია არ გაიყიდება, ესეც რა თქმა უნდა, ჩვენზე იმოქმედებს ცუდად. - თქვენი აზრით, არის თუ არა 2009 წლის ბიუჯეტი არსებული პრობლემებისა და ზოგადად სიტუაციის შესაბამისი? - სანამ პარლამენტი არ მიიღებს ბიუჯეტს, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია. როცა ეს მოხდება, შემდეგ აუცილებლად გაგცემთ ამაზე ამომწურავ პასუხს. - ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებებმა 2008 წელს საქართველოზე არც თუ დადებითად იმოქმედა. როგორია თქვენი პროგნოზები 2009 წელს ლარის კურსთან დაკავშირებით? - მოდით, გვქონდეს იმედი. ამის გამო, მე ჩემს პროგნოზებს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლარმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები. თუკი ასე არ მოხდება და ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდება, ეს მთელ ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკა ჩემს ამ პოზიციას, ალბათ, არც თუ ისე იზიარებს.
ესაუბრა გვანცა ზავრაშვილი
|