ნანახია: 650
"ბანკებს ფულის კეთება საბანკო სექტორში არ ყოფნით, ახლა მშენებლობასა და სხვა საქმიანობაშიც რომ არ აკეთონ ფული?" - ნოდარ ჯავახიშვილი
მსოფლიო ფინანსური კრიზისი და საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები, სხვა სექტორების მსგავსად, საბანკო სექტორზეც მწვავედ აისახა. ბანკებს, კრიზისის პირობებში, ფინანსური პრობლემების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, კრედიტის ამოღება გაუჭირდათ. ვადაგადაცილებულმა სესხების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა, შესაბამისად, ბანკებს ფინანსური რესურსის დეფიციტი წარმოეშვათ, თუმცა მათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დაეხმარნენ, რომლებმაც 2008 წლის 23 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საბანკო სექტორს 500 მლნ. დოლარი გამოუყვეს. საბანკო სექტორმა კრიზისს თავი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თუ დააღწია, უბრალო მოქალაქეებს და მეწარმეებს არავინ დახმარებია. შესაბამისად, ომისა და ფინანსური კრიზისის გამო, ბევრ მათგანს საბანკო კრედიტების გადახდის პრობლემები შეექმნათ. კომერციულმა ბანკებმა კი იმის ნაცვლად რომ მომხმარებლებისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია გაეკეთებინათ, უმეტეს შემთხვევაში, ადგნენ და კრედიტორებს უხეშად ჩამოართვეს ის ქონება, რომლებიც სესხის უზრუნველსაყოფად ჰქონდათ ჩადებული. ამ საქმეში მათ სახელმწიფომ ყველანაირად შეუწყო ხელი, თუნდაც მოვალეთა რეესტრის ამოქმედებით. მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი, ბანკის მიმართ ვალდებულებების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვალის დაფარვას 7 დღეში ვერ მოახერხებს, მისი ქონება ბანკს გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ბანკებს დიდად აღარ აქვთ ინტერესი, რომ მეწარმის თანხის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს, ან გარკვეული პერიოდით კრედიტის გადახდა გადაუვადოს. პირიქით, იგი დაინტერესებულია არა კლიენტის მიერ სესხის გადახდით, არამედ ვერ გადახდით, რადგან ამ შემთხვევაში მას საშუალება ეძლევა მეწარმის კაპიტალი მიითვისოს და ამით გაზარდოს თავისი აქტივებიც და შემოსავალიც. ბანკების მიერ ბიზნესის სხვა სფეროებისადმი ინტერესის არსებობა, ერთ-ერთი პირველებმა მშენებლებმა დაადასტურეს. რამდენიმე თვის წინ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომერციული ბანკები დეველოპერულ კომპანიებს კრედიტის სანაცვლოდ წილში ჩასმას სთხოვდნენ. მაშინ ანალოგიურ ფაქტზე საუბრობდა "აქსისის" ხელმძღვანელიც. ამ მხრივ, კომერციულ ბანკს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს როგორც საკრედიტო, ასევე საინვესტიციო პოლიტიკა, კანონი განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ უწესებს. კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პოლიტიკის პარალელურად საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით ბანკის მეანაბრეებს ექმენებათ საფრთხე. აქტივები იზრდება არა რეალურად, არამედ ფორმალურად, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მათი აქციების ფასის ზრდასთან და ესეც დამატებით შემოსავლებთანაა დაკავშირებული. 1998 წლამდე, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში, იყო ასეთი ჩანაწერი, რომ კომერციულ ბანკს შეეძლო თავისი აქტივების ღირებულების მხოლოდ ოცი პროცენტი მიემართა საინვესტიციო პოლიტიკაზე. შემდგომ, საბანკო სექტორის წახალისების მიზნით, ეს ციფრი შეიცვალა და იგი 50%-ით განისაზღვრა. სწორედ ამიტომ, ბანკებმა აითვისეს სადაზღვევო კომპანიები, საბროკეროები თუ სხვა სახის ბიზნესები. როდესაც ბანკი სხვადასხვა ბიზნესში გარკვეულ წილებს ფლობს, ამ კაპიტალის წილებმა ბანკის ხელშეუხებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 50%-ს არ უნდა გადააჭარბოს. "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში, მეათე მუხლის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია: ა) "ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის არა უმეტეს 20 პროცენტის შესაბამის წილს, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15 პროცენტს". ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს მხოლოდ გარკვეულ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საბანკო საქმესთან და თუ ეს საქმიანობა კონკრეტულად მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიაში. გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით ბანკებს შეუძლიათ შექმნან და შეიძინონ შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას... ა), ბ) და გ) ლიტერებში მითითებული წილის ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ბანკის ხელშეუხებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 50 პროცენტს. "კომერციული ბანკი ამა თუ იმ კომპანიის მფლობელი შესაძლებელია რომ იყოს, იგი ამ კომპანიის 20%-ზე მეტს წილს არ უნდა ფლობდეს და თუ 15%-ის მფლობელია, შესაძლოა სხვა კომპანიებშიც ჰქონდეს წილები, თუმცა მთლიანად ეს წილები, მისი კაპიტალის 50%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ეს კი ძალიან ბევრია. ქართულ ბანკებს, საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ბიზნესში ერეოდნენ. 50% თავისთავად, ხომ ძალიან ბევრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რამე, თუ რას ფლობენ რეალურად კომერციული ბანკები, არც ეროვნულმა ბანკმა და არც საზოგადოებამ არ იცის", - განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი. საქართველოში ხშირად ირღვევა კანონები და გამონაკლისი არც საბანკო სექტორია, რადგან არიან კომერციული ბანკები, რომლებიც კომპანიის კაპიტალის არა 20%, არამედ 50 %-ზე მეტსაც ფლობენ. ამასთანავე, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში, მეათე მუხლის მეორე ქვეპუნქტის, დ) ლიტერის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია: "მიიღოს წილი ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში ბანკმა უნდა გაასხვისოს წილი ამ უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა". თუ გადავხედავთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, კომერციული ბანკის მფლობელობაში მოქცეული კომპანიები ექვსი თვის შემდეგ არ გასხვისებულა და კვლავ ბანკის კაპიტალს წარმოადგენს. ნუთუ, ჩვენს რეალობაში არსებული ყოველი ეს შემთხვევა "განსაკუთრებულ" შემთხვევას წარმოადგენს? ან ეროვნულ ბანკს თუ აქვს უფლება კომერციულ ბანკს ბიზნესკომპანიაზე უფლებამოსილება გაუგრძელოს 6 თვის შემდეგაც, მაშინ რა აზრი აქვს გარკვეულ შეზღუდვებს? სამართლის ფარგლებში, კანონში მითითებულ უნდა იქნას, რა ვადითაა შესაძლებელი კომპანიაზე უფლებამოსილების გაგრძელება და რამდენჯერ. "ბანკის მიერ კომპანიის წილის 50%-ზე მეტ ფლობას, რაც დღეისათვის საქართველოში არცთუ იშვიათი შემთხვევაა, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონი, მაგრამ როცა კომპანია ვალშია ბანკთან, ეს შესაძლებელია. თუმცა, ექვსი თვის ვადაში აუცილებლად უნდა გაყიდოს ბანკმა კომპანია. კანონში წერია, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს კომპანიის მართვის ვადა გაუგრძელოს, მაგრამ რამდენი ხნით, არ არის მითითებული. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა 3 თვით გაუგრძელოს ვადა და არა სულ. ზოგადად, ეს არასწორი ჩანაწერია და ამავდროულად დანაშაულებრივი. კანონმდებელი ასეთ უფლებას არ უნდა იძლეოდეს, მაშინ, რისთვისღა ზღუდავს. ეროვნულ ბანკს რომ ევაჭრონ კომერციული ბანკები? მაშინ ასეთ შეზღუდვას საერთოდ რა აზრი აქვს? მაშინ უნდა ჩაიწეროს კანონში, რომ ფლობის და განკარგვის უფლებას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს", - აღნიშნავს ნოდარ ჯავახიშვილი. ყველაზე დიდ პრობლემას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იწვევს ის, რომ კომერციული ბანკები საკრედიტო და საინვესტიციო პოლიტიკას ერთმანეთში ურევენ და იმის მაგივრად, რომ ეკონომიკა დააკრედიტონ, პირდაპირ ინვესტიციებს დებენ მასში და პარალელურად ამისა, საბანკო პაკეტშიც ერევიან. ანალოგიური პრობლემების გამო, აშშ-მა ფინანსური რეგულირების რეფორმის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, "ვოლკერის" პრინციპის ამოქმედება იგეგმება, რომელიც ბანკის სახსრებით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე შეზღუდვებს აწესებს. ეს პრინციპი კი ერთმანეთისგან ყოფს ფინანსური ორგანიზაციის საკრედიტო და საინვესტიციო საქმიანობას, რათა ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები თავიდან იყოს აცილებული. აღნიშნულ რეფორმას ექსპერტები დადებითად აფასებენ და საქართველოში ანალოგიური რეფორმის გატარებას მიესალმებიან. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ აზრზე ვიყავი მაშინაც, როცა პირველად კანონები იწერებოდა ეროვნული და კომერციული ბანკების შესახებ. მეორედ რომ დაიწერა, მაშინაც. მითუმეტეს, განვითარებულ მსოფლიოში კიდევ შეიძლება რაღაც გამონაკლისებზე წახვიდე, თუმცა, არც იქ არ არის ეს სწორი. იმ ქვეყანაში კი, სადაც 20 წლის პრაქტიკაც არ აქვს დამოუკიდებელ საბანკო სისტემას, ამისთანა რამეები არ უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს, კორუმპირებულ და უბედურ ქვეყანაში. რა, ბანკებს ფულის კეთება საბანკო სექტორში არ ყოფნით? ახლა მშენებლობა და სხვა საქმიანობაშიც რომ არ აკეთონ ფული?” - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი. ექსპერტი აქვე საუბრობს ბანკების ასეთი საქმიანობით გამოწვეულ რისკებზეც. სანამ კომერციული ბანკების საკრედიტო და საინვესტიციო საქმიანობა არ გაემიჯნება ერთმანეთს, შესაძლოა, საბანკო სექტორმა სულ უფრო მეტად ჩაძიროს ქართული ეკონომიკა კრიზისში. განსაკუთრებით რეალურია ეს მაშინ, როდესაც "შენს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოს აძლევ სესხს. ამ დროს გაცილებით უყურადღებო ხარ და რისკის და ავანტიურის ელემენტიც გაცილებით მეტია. როცა შენ ხარ პირველი ბანკირი, აგურის კეთებაც უნდა ისწავლო? რაც უფრო მეტ საქმეს ედები, ნაკლებად პროფესიონალი ხარ კონკრეტულ საქმეში. და მთავარი მაინც ისაა, რომ როცა ბანკი სესხს აძლევს სხვას, იქ რისკები მინიმუმამდე დაყავს, ხოლო როცა საკუთარ თავს აძლევს, ჰგონია, რომ იქ ყველაფერი კარგად იქნება, შესაბამისად, რისკების რეალურ შეფასებას ვერ აკეთებს, ამა კი კომერციული ბანკისთვის ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს", - აღნიშნავს ჯავახიშვილი. კომერციული ბანკი, როდესაც არაპროფილურ საქმიანობას ახორციელებს, საფრთხე ექმნებათ, როგორც ბანკის მეანაბრეებს, ასევე მთლიანად საბანკო სისტემას და ქვეყნის ეკონომიკას. როდესაც ბიზნესსექტორში ბანკი რისკიან ოპერაციებს ასრულებს პრობლემები ექმნება არა მხოლოდ ბანკს, არამედ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც ბანკებში დეპოზიტები აქვთ განთავსებული, ამ შემთხვევაში კი პირდაპირპროპორციულად ირღვევა მეანაბრის ინტერესები. რომელიმე კონკრეტული ბანკის დეპოზიტარებმა რომ იცოდნენ, მათი ანაბრები ამა თუ იმ რისკიან ბიზნესშია დაბანდებული, საეჭვოა, რომელიმე მათგანს ამ ბანკისთვის საკუთარი ფინანსური რესურსების განკარგვის უფლება მიეცა. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე სერიოზული რისკების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ხელისუფალნი ცდილობენ კომერციულ ბანკებს საინვესტიციო და საკრედიტო საქმიანობის ერთობლივად წარმოებაზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესონ. ამ მხრივ, ჩვენი მთავრობა საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს და ბანკებს ყოველგვარი საქმიანობის წარმოების საშუალებას აძლევს. ბანკი-კლიენტის ურთიერთობებშიც, ყოველთვის ბანკის მხარდამჭერ პოზიციას იკავებს. კომერციული ბანკები კი საინვესტიციო პოლიტიკის შეუზღუდულობით გათამამებულები, კერძო ბიზნესების გაკოტრებით და დიდი საურავების დაწესებით უფრო არიან დაინტერესებული, რადგან თუ ბიზნესი გაკოტრდება, შესაბამისად, მთელი მისი აქტივები მათ დარჩებათ, ვიდრე ამ მეწარმეებისთვის რაიმე სახის ხელშეწყობით, რათა კრედიტი დაფარონ და ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე პროდუქტი შეიტანონ.
თეონა ჭიტაძე
|