ნანახია: 482
"მიუხედავად სავალუტო ფონდის დესტრუქციული როლისა, მთავარი დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა"
"კახა ბენდუქიძემ მთავრობაში მოსვლისთანავე განაცხადა, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი არ გვჭირდება, საქართველო არ უნდა იყოს ხელგაწვდილი და არ უნდა ეხვეწებოდეს არც სავალუტო ფონდს და არც მსოფლიო ბანკს, მათი ფული ჩვენ არ გვჭირდებაო. 2007 წლის სექტემბერში საქართველოში მორიგი პროგრამა რომ დასრულდა და სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობას ახალი პროგრამის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, საქართველოს მთავრობამ დიდი სიამაყითა და მედიდურობით თქვა უარი. ამ საერთაშორისო საფინანსნო ინსტიტუტთან თანამშრომლობაზე. სწორედ ეს უარი წარმოადგენდა ერთ-ერთ საფუძველს იმ შეცდომებისა, რაც შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში იყო დაშვებული. ასე რომ, ეს ჩვენ უკვე გავიარეთ. ომის შემდგომ არა ვართ იმ ფუფუნების წინაშე, რომ ვარჩიოთ, გვჭირდება თუ არ გვჭირდება. როცა გეხმარებიან, ეს დახმარება უნდა მიიღო და მიზნობრივად, ეფექტიანად გამოიყენო," - დაასკვნის ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა. რამდენად ეფექტურად იყენებს მთავრობა სავალუტო ფონდის დახმარებას სადავოა, თუმცა 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო ფონდის 946 მილიონი დოლარი მართებს, ანუ დაახლოებით 1,687 მილიარდი ლარი. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი - 3%-4%-ის ფარგლებშია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სესხის გაცემის პროგრამის ამუშავება ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს სავალუტო ფონდის მისიების ჩამოსვლა და სავალუტო ფონდი უკვე აკონტროლებს როგორც ბიუჯეტს, ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც მთლიანობაში, ექსპერტების აზრით, კარგია, იმიტომ, რომ სანამ სავალუტო ფონდი საქართველოში იყო, მთავრობა იძულებული იყო მისთვის ანგარიში გაეწია. თუმცა, იმასაც შენიშნავენ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სავალუტო ფონდი ბევრ რამეს პატიობდა მთავრობას და ამის მაგალითია თუნდაც ეროვნული ბანკისადმი შეტევები. სავალუტო ფონდის პატიების მიუხედავად, დღეს საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, კახა ბენდუქიძის აზრს იზიარებს და სავალუტო ფონდის ვალების განულების სურვილით გამოდის. ნიკა გილაური არც ფონდის კრედიტებს აღიქვამს იაფ რესურსად. `ვერ ვიტყვი, რომ ეს იაფი რესურსია. იგი 3-5%-იანი სესხია და მოკლევადიანი ფული არასოდესაა იაფი. ასეთი პირობებით სესხი 10 წლით რომ გაიცემოდეს, იაფი რესურსი იქნებოდა. ამასთან, მთავრობა ვალდებულია საკუთარი პოლიტიკა ფონდთან შეათანხმოს. რა საჭიროა ჩვენთვის ასეთი პირობები", - აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, არცერთ ინვესტორს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა არ უნდა, თუმცა ეშინია, რომ მთავრობა დაუგეგმავად იმოქმედებს. "რამდენიმე წელიწადში, როცა ყველა მიხვდება, რომ მთავრობა თავად ატარებს კარგ პოლიტიკას, ეს პრობლემა მოიხსნება", - ამბობს გილაური. სურვილი ერთია, ფაქტი კი მეორე, ვალის განულება ერთბაშად ვერ მოხდება. განულება დიდი თანხების გადახდასა და ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს, რასაც ქართული ეკონომიკა ამ ეტაპზე ვერ შეძლებს. სავალუტო ფონდის კრედიტებზე პროცენტი ყოველთვის მაღალი იყო, მაშინ მთავრობას ეს ვალი არ უნდა აეღო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სავალუტო ფონდს კრედიტი ხელისუფლებისთვის თავს ძალით არ მოუხვევია, პირიქით, ხელისუფლება კრედიტის მისაღებად ფონდთან ხშირად მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებზე მართავს. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდში 1992 წელს გაწევრიანდა, მაშინ, როცა მათი წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 170 იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში პირველად 1991 წლის ნოემბერში ჩამოვიდა. ამ შეხვედრას ურთიერთგაცნობის დატვირთვა ჰქონდა. ყოველ მომდევნო ჩამოსვლაზე მისია საქართველოს ხელისუფლებას მაკროეკონომიური სტაბილურობის მიღწევის მიზნით თავის რეკომენდაციას უტოვებდა. თუმცა სავალუტო ფონდისადმი დამოკიდებულება პირველად საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ შეცვალა, როდესაც სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი `იდიოტური ორგანიზაცია~ უწოდა. ბენდუქიძე მიიჩნევდა, რომ სავალუტო ფონდის საქართველოში მოღვაწეობის გამო, მთავრობა დამოუკიდებლად აზროვნებას ვერ ახერხებს. სავალუტო ფონდის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით საქართველო გამონაკლისი არ არის. ფონდს დღეს ძალიან დაბალი დონის ნდობის ფაქტორი აქვს, ანალოგიურია დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულებაც. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას თავისი წონა და ადგილი არა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაფუძნებულია უამრავი სახელმწიფოს მიერ. მათ რომ არ სჯეროდეთ ან არ სჭირდებოდეთ ეს ორგანიზაცია, არც დააფინანსებდნენ. რატომ იყო წარმატებული საერთაშორისო სავალუტო ფონდი 1994-95 წლებში და მერე წარუმატებელი? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება. ჩვენი ხელისუფლება მონდომებული რომ ყოფილიყო, სავალუტო ფონდი ვერაფერს გააფუჭებდა. "მთავარია, ვინ ემუშავება მათ - ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის აყვავება უნდა თუ ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის დაქცევა აქვს განზრახული. ყველაზე ადვილია ჩვენი უბედურება ხან რუსეთის კრიზისს დავაბრალოთ და ხან მსოფლიო ეკონომიკურ სიძნელეებს. მიუხედავად სავალუტო ფონდის დესტრუქციული როლისა, მთავარი დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ნორმალური ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევძლებდით საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან კონსტრუქციულ გზებზე დაგვეყენებინა ჩვენთან ურთიერთობაში, რისი გამოცდილებაც გაგვაჩნია. როცა ვლანძღავთ მას, უნდა ვიცოდეთ, პირველ რიგში, დამნაშავენი ჩვენ ვართ", - განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.
ნინო თამაზაშვილი
|