ნანახია: 643
"ახალი კოდექსით საგადასახადო ადმინისტრირება გაუარესდება და უფრო უხეში გახდება"
"ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აწუხებს ბიზნესის და ეკონომიკის მდგომარეობა, მისი უმთავრესი მიზანი საშემოსავლო გეგმის შესრულებაა"
ინტერვიუ ა/ო "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდნეტთან გია ჯანდიერთან
- ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩვენ გვქონდა ლიბერალური საგადასახადო კოდექსი. ახლი კი კოდექსი 98%-ით შეიცვალა. რას ნიშნავს ეს? წინა საგადასახადო კოდექსი არ იყო ლიბერალური თუ ხელისუფლებამ ამ კურსს გადაუხვია? - ამ თემაზე სასაუბროდ ჩემზე ბევრად კომპეტენტური პირებიც არსებობენ, თუმცა, რადგან ჩემი აზრით დაინტერესდით, ვეცდები იმ საკითხებზე გავაკეთო აქცენტი, რომლებიც აქედანვე მიუღებლად მიმაჩნია. რაც შეეხება წინა საგადასახადო კოდექსს და მის ლიბერალურობას, იგი სხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსებთან შედარებით, განაკვეთების და გადასახადების რაოდენობის მხრივ მეტ-ნაკლებად ლიბერალური იყო. სხვა ქვეყნებში ვერ ნახავთ, რომ საშემოსავლო გადასახადი 20% იყოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი ეს გადასახადი 30%-ზე ნაკლები არსადაა. მაგალითად, სლოვაკეთში 19%-ია საშემოსავლო და 31% სოციალური გადასახადი. რაც დაახლოებით 37%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, დღემდე არსებული კოდექსის ლიბერალურობასთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ შედარებითი პრინციპით შეიძლება. მართლაც საინტერესოა, რომ ხელისუფლება აქამდე არსებულ კოდექსს ლიბერალურს უწოდებდა, ხოლო ახლა გვეუბნება, რომ კოდექსი 98%-ით იცვლება. რა ხდება კურსიდან გადავუხვიეთ? მთავრობა ხომ გვეუბნებოდა, რომ იგი ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა. თუმცა, მე ასე არ მივიჩნევ. რეალურად კი შეიძლება, მაგალითად, შვედეთში გადასახადების განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ, იქ საკმაოდ დიდი გამოქვითვებია, რის შედეგადაც იქ მოსახლეობა ბევრად ნაკლებს იხდის, ვიდრე ჩვენთან. იმიტომ, რომ იქ შეგიძლია გამოქვითო სწავლის, ჯანდაცვის ხარჯები, ასევე ჯანმრთელობის და ავტომობილის დაზღვევა და ა.შ. ბოლოს შემოსავალი, რომელიც იბეგრება, დარჩება მთლიანი შემოსავლის მესამედი და იქედან გადახდილი 50% არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენთან გადახდილი შემოსავლის 20%. ამასთან, დღგ ჩვენთან 18%-ია, მაშინ როდესაც შვეიცარიაში იგი 7,5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უსაშინლესი საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდები, რომლებიც ანტიკონსტიტუციურია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, ცოტა არ იყოს და ხმამაღალი ნათქვამია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის თანახმადაც, სანამ ფინანსთა მინისტრს კისერზე ადევს შემოსავლების გეგმის შესრულების პრობლემა, მას სულ არ აინტერესებს რა ხდება ეკონომიკურ სექტორში. მას არ აინტერესებს რამდენად ცუდია საგადასახადო კოდექსი ბიზნესისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ლოგიკურიცაა. მინისტრი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც არ უნდა, რომ თავზე დაიტეხოს უამრავი პრობლემა და ერქვას წარუმატებელი ფინანსთა მინისტრი. ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აწუხებს ბიზნესის და ეკონომიკის მდგომარეობა. მის უმთავრეს მიზანს საშემოსავლო გეგმის შესრულებაა. - ბატონო გია, ახალმა საგადასახადო კოდექსმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამ კოდექსთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ მას? - ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ხდება დიდი შეცდომის დაშვება. რაშიც იმას ვგულისხმობ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პირობას აძლევენ, თითქოს მათი ნაწილი გადასახადებისგან გათავისუფლდება. ვინც არ უნდა იყოს მოსახლეობის ეს კატეგორია, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და არასამართლიანია. ახალი კოდექსის თანახმად, გადასახადებისგან თავისუფლდება 30 000-მდე ბრუნვის მქონე მეწარმეები. ჩვენ, ფაქტობრივად, შევეჯახებით იგივე პრობლემას, რაც სოფლის მეურნეობაში გვქონდა. 10 წლის წინ ჩვენ გლეხებს ვუთხარით, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ვუუქმებდით ყველანაირ გადასახადს. ამით ისინი ვაიძულეთ, რომ გლეხები დარჩენილიყვნენ გლეხებად და არ ეფიქრათ განვითარებაზე. თუ რომელიმე გლეხი იფიქრებს განვითარებაზე, იგი მაშინვე დაიბეგრება ყველა გადასახადით, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი. ჩემი აზრით, ამით ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით. მაშინ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდა აშკარა იყო და ჩვენ კი რაღაც პოპულისტური მიზეზებით გლეხები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ. ამით მივიღეთ ის, რომ სოფლის მეურნეობის ზრდა შევაჩერეთ და გავხდით სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიორები. მათ შორის, ისეთი პროდუქტების როგორიცაა, ხილ-ბოსტნეული, რომელიც ახლა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ახალი კოდექსით იგივეს გამოვიწვევთ ჩვენ ეკონომიკის სხვა სექტორებში. სხვა სექტორებსაც ვუბიძგებთ, რომ მათაც აირჩიონ არა განვითარების გზა, არამედ 30 000-ში ჩატევის, რათა გადასახადების გადახდა არ დაეკისროთ.Yეს არის გაუფრთხილებელი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება არა განვითარება, არამედ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილის ჭაობში ჩარჩენა. ჩემი აზრით, ახალი კოდექსით საგადასახადო ადმინისტრირება გაუარესდება და უფრო უხეში გახდება, რადგან თუკი აქამდე საგადასახადო ინსპექცია მეწარმეებთან მეტ-ნაკლებად ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე ურთიერთობდა, ახლა იგი ხელების გადაგრეხვის მეთოდით დაიწყებს მეწარმეებთან ურთიერთობას, რათა გაიგოს, ვის აქვს ბრუნვა 30 000-ზე მეტი და ვის 30 000-ზე ნაკლები. საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს 50 000 მიკრო მეწარმის ადმინისტრირება, რომელიც ცდილობს, რომ 30 000-ის ფარგლებში ჩაეტიოს? ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ეს ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმო. ამით მიკრო მეწარმეებისთვის შექმნილ პირობებს გაუმჯობესების ნაცვლად, გავაუარესებთ. რაც შეეხება იმას, რომ დღგ-ს ზღვარი იზრდება 200 000-მდე. იმ ადამიანებს, რომელთა ბრუნვა ამ ზღვარზე ნაკლები იქნება, ვაძლევთ ცრუ დაპირებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თავისუფლდებიან დღგ-ს გადასახადისგან. რეალურად, ამით ისინი დღგ-ს ვერსად ვეღარ გამოიქვითავენ და მოუწევთ დღგ-თი ნაყიდ საქონელზე ზემოდან ბრუნვის გადასახადის დამატება. მთავარია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით გადაიჭრას ის პრობლემები, რაც ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად შეიძლება ავიღოთ 110-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო სამსახურს აქვს უფლება რამდენჯერაც უნდა ჩაატაროს ინვენტარიზაცია კომპანიაში. თუმცა, არა მგონია, რომ ასეთი პრობლემების გადასაჭრელი ნაბიჯები გადადგას სახელმწიფომ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა მათთვის, რომ ეფექტიანად გაატარონ სადამსჯელო ღონისძიებები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს უმთავრეს ამოცანას შემოსავლების გეგმის შესრულება წარმოადგენს.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური
|