ნანახია: 1658
მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ქვეყნების მთავრობები აქტიურად ცდილობენ მის დაძლევას, ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგები არ ჩანს. კრიზისმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიცვა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. თუმცა, საქართველოს მთავრობა გამუდმებით ქვეყნის ეკონომიკის სიმყარეზე მიგვითითებს და გვიმტკიცებს, რომ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მაშინ რით უნდა ავხსნათ ქართულ ეკონომიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, თუ არა კრიზისით. კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის იმდენად ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რომ მსოფლიო კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩვენზე, თუმცა ფაქტია, რომ ფინანსურმა კრიზისმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე და მისი საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. დღემდე მთავრობას რაიმე სერიოზული ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის არ მიუმართავს და არც გააზრებული პოლიტიკა ტარდებოდა ამ მხრივ. ბოლო პერიოდში, ქართულ ეკონომიკაში შექმნილი ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მართლაც, არც ისე ყოფილა ყველაფერი, როგორც ამას იგი აქამდე გვიხატავდა. გასულ კვირას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ვარდნაა და კრიზისის დასაძლევად სასწრაფოდ ანტიკრიზისული გეგმის შექმნაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა გეგმაზეა საუბარი, მაგრამ მისი შექმნა და განხორციელება რომ აქამდეც უნდა მომხდარიყო, ეს ფაქტია. როგორც პარლამენტის ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს: ‘პირველ რიგში, კარგია, რომ მთავრობამ აღიარა ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები და საუბარია ანტიკრიზისული გეგმის შედგენაზე. ფაქტიურად, საქართველოს მთავრობა ერთადერთი იყო, რომელსაც ეს პროგრამა არ გააჩნდა. ის, თუ როგორი იქნება ეს გეგმა, ძნელი სათქმელია, რადგან მისი მონახაზი უცნობია. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა კრიზისს გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, უნდა ვთქვათ, რომ კრიზისმა უკვე იქონია სერიოზული გავლენა, განსაკუთრებით, საფინანსო ინსტიტუტებზე. ეკონომიკური აქტივობა უკიდურესად შენელებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპები ძალიან დაცემულია, რაც აისახა კიდეც 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის შემოსავლებზე. ასეთ მძიმე ვითარებაში მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად."
საბანკო სექტორი
საქართველოში ბოლო წლებია საბანკო სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა და ეკონომიკის ხერხემლად ჩამოყალიბდა. 2008 წლის დასაწყისისთვის საბანკო სისტემის აქტივებმა 8 მილიარდს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ზე მეტია. სწორედ ამან გამოიწვია ის, აჟიოტაჟი, რაც საბანკო სფეროში შექმნილ მდგომარეობას მოჰყვა, რადგან საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საბანკო სექტორი კრიზისის დროს ყველაზე მეტად მგრძნობიარეა და ამ მხრივ არც ქართული შემთხვევაა გამონაკლისი. მართალია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ საბანკო სისტემაში არავითარი კრიზისი არა არის, მაგრამ, მაშინ რით უნდა ავხსნათ ის, რომ ქართული ბანკები მთელი ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ გასცემდნენ სესხებს და ამ მხრივ არც ახლაა შესაშური მდგომარეობა. მართალია, ნაწილობრივ აღდგა კრედიტების გაცემა, მაგრამ იმდენად რთული პირობებით, რომ მისი მიღება მხოლოდ მსურველთა მცირე ნაწილს შეუძლია. ბანკებიდან მასიურად ხდება თანამშრომლების დათხოვნა და ეს ნამდვილად მიუთითებს ამ სფეროში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში მართლაც საბანკო კრიზისია შეიძლება მოვიყვანოთ ‘სოსიეტე ჟენერალის" წარმომადგენლის ჟერემი ლონგრეს განცხადება: ‘მე, როგორც საქართველოს მეგობარს, გული მწყდება, რომ უნდა გაცნობოთ ისეთი რამ, რაც მგონია, ბევრმა არ იცის. საქართველოში უმძიმესი საბანკო კრიზისია! რაც, საბოლოოდ, მასშტაბურ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, ჩვენი ბანკის სათაო ოფისიდან-პარიზიდან მიღებული გვაქვს კატეგორიული მითითება, რომ საქართველოში, ყველანაირი კრედიტების გაცემა შევწყვიტოთ და დაველოდოთ ახალ განკარგულებას." თუმცა, ყველაფრის ფინანსურ კრიზისზე გადაბრალებაც არ იქნება სწორი, რადგან ჯერ კიდევ გაზაფხულზე საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელი იყო და ამაზე ომმაც საკუთარი გავლენა იქონია. ფაქტია, რომ უკვე გაზაფხულზე ქართულ ბანკებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. საომარი მოქმედებების შემდგომ, აგვისტოს თვის მონაცემებით, კომერციული ბანკებიდან მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა ჯამში 400 მილიონი ლარი გაიტანეს, მთლიანობაში კი კომერციული ბანკების აქტივები აგვისტოს თვეში 700 მილიონი ლარით შემცირდა. რამაც, რა თქმა უნდა, კომერციულ ბანკებს კიდევ უფრო გაუმძაფრა არსებული პრობლემები და ზოგიერთი მათგანი კრახის წინაშეც კი აღმოჩნდა. 2008 წლის იანვრიდან სექტემბრამდე მთლიანად საბანკო სექტორმა 37 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. საფინანსო ინსტიტუტები გარკვეული შიდა პრობლემების და რისკების ზრდის გამო, ვერ უზრუნველყოფენ ეკონომიკას საჭირო დაკრედიტების მოცულობებით. მთელ მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მიერ სააღრიცხვო განაკვეთების დაწევა ხდება, იმიტომ, რომ კომერციულ ბანკებს გაუიაფდეთ კრედიტები და მათ მიერ ბიზნესისთვის მიწოდებული სესხების საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი, რათა შენარჩუნებულ იქნას აქტივობა. ამ დროს ჩვენთან განსხვავებული მდგომარეობაა. საპროცენტო განაკვეთები სულ უფრო მაღლა მიდის და 36% აღწევს, რაც ლეგალურ გარემოში მოქმედი ბიზნესისთვის წარმოუდგენლად რთული გადასახდელია. ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით: ‘არაფერს აქვს დღეს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. აუცილებელია, რომ ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებდეს ბანკების ხელშეწყობას ბიზნესის დაკრედიტებაში. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებში თანადაფინანსება, რაც ხელისუფლების წარმომადგენელთა არცერთ გამოსვლაში არ მოგვისმენია, რომ ისინი ამაზე ფიქრობენ. საქართველოს საბანკო სექტორზე უკვე აქვს გავლენა ფინანსურ კრიზისს, იმიტომ, რომ ქართული ბანკები იაფ დასავლურ კრედიტს იღებდნენ, მაგრამ დღეს წამყვან ქვეყნებში კრიზისია, რაც მათ არ აძლევს საშუალებას, რომ გამოყონ კრედიტები ქართული ბანკებისათვის. ის, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, ფაქტია, ე.ი. ქართულ ბანკებს დასავლური იაფი სესხების მიღების საშუალება აღარ ექნებათ." სამშენებლო სექტორი
2008 წლამდე ერთ-ერთი წარმატებული სფერო ქართულ ეკონომიკაში სამშენებლო სექტორი იყო. ისევე, როგორც საბანკო სფეროში აქაც არც თუ ისე კარგი ვითარებაა. სამშენებლო ბიზნესში შექმნილ მდგომარებას შეიძლება კრიზისიც ეწოდოს, რისი შეჩერებაც სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ჯერ-ჯერობით უშედეგო აღმოჩნდა სამშენებლო კომპანიების მიერ პრობლემების დასაძლევად გაწეული ძალისხმევა. პრობლემები სამშენებლო ბაზარზე პირდაპირ კავშირშია ბანკების მიერ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან, რადგან მყიდველების უმეტესობა საქართველოში სწორედ იპოთეკური სესხებით სარგებლობდა. ფინანსური კრიზისის პარალელურად მთელ მსოფლიოში უძრავ ქონებაზე მცირდება, რაც მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული. ასევე შემცირდა მოთხოვნა საქართველოში, განსაკუთრებით, ომის შემდეგ. მაგრამ ამის მიუხედავად სამშენებლო კომპანიები ფართების გაიაფებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. აქ უფრო მეტად მენეჯმენტის პრობლემა დგას. არავისთვის არა არის საიდუმლო, რომ სამშენებლო კომპანიები მომავალი პროექტებიდან მიღებული ფულით ამთავრებდნენ მიმდინარე პროექტებს. არსებობდა ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომელსაც თვითონ ბაზარი უწყობდა ხელს. ბუნებრივია ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ხოლო ფინანსურმა კრიზისმა და ომმა კიდევ უფრო დააჩქარა ის, რომ სამშენებლო კომპანიები ახლა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყველა კრიზისი გონიერი ადამიანებისათვის არის განახლების საშუალება. დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება გამოიწვევს იმას, რომ გაბერილი ფასები დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ის, ვინც თავის ბიზნესს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაზომავს, სიტუაციის ადეკვატურად მოიქცევა. უახლოეს პერიოდში გაყიდვების მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდის იმედი მშენებლებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ, მითუმეტეს ახლა, როცა მკვდარი სეზონი მოდის. გამოსავალი არის რაციონალურ მიდგომაში, ფირმებმა უნდა მოახდინონ რესურსების მობილიზაცია და ფასების შემცირება, რაც გაყიდვების მოცულობას შედარებით გაზრდის. უცხოური ინვესტიციები
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, ბუნებრივია, გავლენა მოახდინა საქართველოში უცხოურ ინვესტიციების შემოსვლაზე. ინვესტორებს მთელი სახსრები მიმართული აქვთ იმისკენ, რომ შექმნილი მდგომარეობისგან რაც შეიძლება მინიმალური ზარალი განიცადონ. აქედან გამომდინარე, ისინი საზღვარგარეთ ინვესტიციების განხორციელებისაგან, თავს იკავებენ. ინვესტიციების შემცირებაა სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2009 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 1 მილიარდით შემცირდა. გარდა კრიზისისა, უცხოელთა დაინტერესებაზე, განეხორციელებინათ კაპიტალდაბანდება საქართველოში, გავლენა იქონია ომმა. ქვეყანაში, სადაც დიდია რისკები, საკმაოდ რთულია დააინტერესო ინვესტორი, რომ მან ასსეტ ქვეყანაში კაპიტალდაბანდება განახორციელოს. მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქვეყნოდ ამუშავებს საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციის გეგმას. აქედან გამომდინარე, რაიმე სერიოზული ინვესტიციის შემოდინებას მომავალ წელს არ უნდა ველოდოთ. ექსპერტების ვარაუდით, მთავარი სირთულეები ჯერ კიდევ წინ არის. მოვლენების განვითარება და კრიზისის პიკი 2009 წელსაა მოსალოდნელი.
შოთა ბუჩუკური
|