ნანახია: 494
"ლარის კურსს ბაზარი არ ადგენს, ეს კიდევ ერთი დიდი ტყუილია. ბაზარზე მთავარი მოთამაშე ეროვნული ბანკია, რადგან ეროვნული ბანკის ინტერვენცია განსაზღვრავს კურსს" - პაატა შეშელიძე
"დღეს საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონიც არსებობს და სააგენტოც, მაგრამ უსაქმურები არიან, რადგან მათ თავისი კანონი არ აქვთ წაკითხული"
- ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თქვენი აზრით, რა მოხდა, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება? - ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, არამედ ის, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული სავალუტო პოლიტიკა, შედეგად ეროვნულ ბანკს შეუძლია ეროვნული ვალუტის ნებისმიერი კურსი დაადგინოს და იგი სხვადასხვა არგუმენტებით გაამართლოს. ჩემი აზრით, საქართველოს საკმარისად აქვს სავალუტო რეზერვები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს კონკრეტული კურსი. სავალუტო რეზერვები ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ ასეთ შემთხვევებში მას უნდა შეველიოთ, რომ სამაგიეროდ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა არ შემცირდეს. 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ ასეთმა პოლიტიკამ, დეფაქტო კურსის შენარჩუნების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობამ ლარის მიმართ ნდობა შეინარჩუნა და შესაბამისად, დღეს ლარი არსებობს. თუმცა, ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, ეროვნული ვალუტის ორი ნახტომისებური დევალვაცია. შესაძლოა, ვიღაც გამოვიდეს და სხვადასხვა მიზეზი მოიყვანოს ეროვნული ბანკის გასამართლებლად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საქართველოს იმიტომ აქვს სავალუტო რეზერვები, რომ წინასწარ გაცხადებული პოლიტიკა შეინარჩუნოს და დაიცვას. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მთავრობა იღებს ვალებს სავალუტო ფონდიდან, რეზერვებად, ეს რეზერვები ძირითადად უცხოეთშია განთავსებულია. სინამდვილეში მათი ნაწილი საცავში კი არ არის შენახული, არამედ ფასიან აქტივებშია განთავსებული. ცალკე საკითხია ის, თუ სად არის განთავსებული ეს აქტივები. ამის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს. კარგი იქნებოდა გაგვერკვია, თუ სად არის განთავსებული ჩვენი სავალუტო რეზერვები. ხომ არ არის ისინი მაღალ რისკიან აქტივებში, როგორც იყო საბერძნეთის სამთავრობო ობლიგაციები. თუ ჩვენი რეზერვები მართლა ასეთ აქტივებშია განთავსებული, ცხადია, მაშინ საქართველოს არ ექნება რეზერვები, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა შეინარჩუნოს. რეზერვი უნდა ყოფილიყო ხელუხლებელი. თუკი განთავსებულია, მაშინ გამოდის, რომ ეს რეზერვი კი არა სახელმწიფო ინვესტიციაა. მოსაზრება, რომ ლარის კურსს ბაზარი ადგენს, კიდევ ერთი დიდი ტყუილია. რეალურად ბაზარზე მთავარი მოთამაშე ეროვნული ბანკია, რადგან ეროვნული ბანკის ინტერვენცია განსაზღვრავს კურსს. უცნობია, თუ რა პრინციპით ახდენს იგი ინტერვენციის მოცულობის ცვლილებას. რა პრინციპით ზრდის ან ამცირებს იგი ინტერვენციას ამის კანონზომიერება არ არსებობს და მას პირადად ეროვნული ბანკი წყვიტავს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იგი წყვიტავს, გაამყაროს თუ გააუფასუროს ლარი. რეალურად, ჩვენ არანაირი წინასწარ გაცხადებული პოლიტიკა არ გვაქვს. ანუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ეროვნული ბანკი, ასეთი პოლიტიკა არ არსებობს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეროვნული ბანკის ჩინოვნიკს უტოვებს ასპარეზს პირადად მიიღოს გადაწყვეტილება. - ლარის გაუფასურება, პრაქტიკულად, 2-3 დღეში აისახა ქართულ ბაზარზე არსებულ პროდუქციის ფასებზე. პარლამენტში კი მათ, ვინც პროდუქციაზე ფასი გააძვირა, განსაკუთრებით ფარმაცევტულ კომპანიების ხელმძღვანელებს არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები უწოდეს. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? - ეს არის ტყუილი, უსინდისობა და თან უნამუსობა. ნებისმიერი იმპორტიორი, მითუმეტეს, ფარმაცევტული კომპანიები, ცხადია, კურსებთან მიმართებაში მგრძნობიარენი არიან. მათაც სჭირდებათ თავდაცვის მექანიზმი იმისთვის, რომ გაისტუმრონ საკუთარი ვალები. მათ კურსის ცვლილებით უწევთ ფასების შეცვლაც. ასევე მოიქცევა ნებისმიერი სხვა იმპორტიორიც. ეს არის ბუნებრივი, ჯანსაღი საბაზრო რეაქცია იმ დანაშაულზე, რომელიც მათ მიერ არ არის ჩადენილი. მეორე საკითხი, რომელიც ასევე სახელმწიფოს ეხება. თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არ არის ბევრი მოთამაშე, პირველ ყოვლისა, უნდა მოვიკითხოთ ის, თუ რა წესების დაცვით შეიძლება ამ ბაზარზე შესვლა. ეს არის ძალიან რთული. თუ გვინდა, რომ ამ ბაზარზე ვინმე შემოვიდეს უნდა გავამარტივოთ პროცედურები. ამ მიმართულებით გასულ წელს გადაიდგა ნაბიჯები, როცა საიმპორტო პროცედურები გამარტივდა. დაშვებული იქნა, აგრეთვე, ვაჭრობა დიდ სუპერმარკეტებში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი და შედეგი არის ის, რომ ბევრი ახალი აფთიაქი გაიხსნა და ზოგიერთ სუპერმარკეტს თავისი სააფთიაქო სექციები აქვს. - თუმცა, ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებით ისმის ხოლმე ბრალდება, რომ ბაზარზე არსებული რამდენიმე მოთამაშე ერთდროულად ერთი და იგივე მედიკამენტებზე, ერთი და იგივე ოდენობით ზრდის ფასებს, რაც აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზარზე არსებობს გარკვეული გარიგებები. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? - როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების სიძვირეზე, საინტერესოა, რომელ ქვეყანასთან შედარებით არის ფასი მაღალი, ამერიკასთან, რუსეთთან, თურქეთთან თუ სომხეთთან? ამერიკასთან შედარებით ფასები 3-ჯერ ნაკლებია და ნებისმიერ ფასს ადგენს მყიდველი და არა გამყიდველი. ის რომ შენ არ მოგწონს მედიკამენტების ფასი და ამიტომ არ ყიდულობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძვირია. - მაგრამ თუ ყველა კომპანია ერთი და იგივე მაღალ ფასს გვთავაზობს? მაშინ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი? - ისინი ხომ არ გაძალებენ. შენ ყიდულობ მედიკამენტების. თუ ჩვენ ვიხდით მაღალ ფასს, სხვას არ უნდა დავაბრალოთ, რომ ისინი ძალიან ძვირია. ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ, თუ რატომ ვიხდით, მაშინ შევიკავოთ თავი ყიდვისგან. - მაგრამ წამალი არ არის ისეთი პროდუქტი, რომლის ყიდვისგანაც ადამიანი, რომელსაც ეს სჭირდება, თავს შეიკავებს? - ძალიანაც არის. ჯერ ერთი, ნებისმიერ მედიკამენტს აქვს შემცვლელი და მედიკამენტი არ სჭირდება ყოველდღე კაცს. არ უნდა მიიყვანო თავი იქამდე, რომ წამალი ყოველდღე დაგჭირდეს. - ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაზე. ამაზე რას იტყოდით? საჭიროა თუ არა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა? - დღეს საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს. მისი სახელწოდებაა "თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტო". არსებობს კანონიც და სააგენტოც, მაგრამ უსაქმურები არიან, რადგან მათ თავისი კანონი არ აქვთ წაკითხული. _ გააკეთა თუ არა რაიმე ამ სამსახურმა ბოლო პერიოდში? _ რეალურად ამ სამსახურს არაფერი გაუკეთებია. მას ძალიან მარტივი რამ ევალება _ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელი უნდა შეუშალოს, რომ რომელიმე კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. მაგრამ ამ მხრივ საქართველოში სრული განუკითხაობაა. ყველაზე მარტივი მაგალითია ლოტოს კომპანია, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდაა შექმნილი. ის, ვინც ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს, ჩემი აზრით, მსხვილი კომპანიების დაკვეთის შემსრულებელია.
ესაუბრა გიორგი შუბლაძე
|