ნანახია: 1097
დამატებითი ღირებულების გადასახადი ყველას და ყველაფერს
მთავრობა საზოგადოებას ახალ საგადასახადო კოდექსს სთავაზობს, რომლის თანახმადაც დღგ-ს გადასახადის დაბეგვრის არეალი მნიშვნელოვნად იზრდება. დამატებითი ღირებულების გადასახადს გადაიხდიან კერძო უმაღლესი სასწავლებლები, აღნიშნული გადასახადით, ასევე, დაიბეგრება მომსახურების წინასწარ გადახდილი ღირებულება - ავანსი. კოდექსის ახალ პროექტით დღგ-ს დაწესება პრესაზეც იგეგმებოდა, თუმცა ბეჭდური მედიის მკვეთრი პროტესტის შემდგომ ეს მუხლები ამოღებულ იქნა. საინტერესოა, დღგ-ს გადახდის ვალდებულება ავანსებზე. ეს, ფაქტობრივად, ის შემთხვევებია, როცა მეწარმეს კონტრაქტი აქვს გაფორმებული რაიმე მომსახურების შესრულებაზე, ან პროდუქციის შექმნაზე და ამისათვის ფულს წინასწარ იღებს და ჯერ პროდუქტი არ შეუქმნია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მეწარმემ მასზედ დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულოს და მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოუწიოს, თუმცა, რახან მას 18% დღგ-ს გადასახადის სახით ბიუჯეტში უკვე გადახდილი აქვს თანხა, მაშინ როგორღა უნდა დააბრუნოს მთლიანი ფული უკან? დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბაზის გაფართოვების ფარგლებში, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ დღგ-ს კომპანიების გარდა, კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, კერძო უმაღლესებს სოლიდური შემოსავალი აქვთ. ამიტომ, რატომ არ უნდა იხდიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადს. მინისტრის ინფორმაციითვე, ახალი კოდექსით სამედიცინო აპარატურის მიწოდება-გაყიდვაც დაიბეგრება. კერძო უმაღლესი სასწავლებლისთვის დღგ-ს დაწესების გამო, შეიძლება სწავლა გაძვირდეს. კახა ბენდუქიძე უმაღლესი სასწავლებლების დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემდეგ სწავლის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევს. ექს-სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა შემცირდება. ბენდუქიძეს უჭირს კომენტარი, რამდენად სწორი იყო უმაღლესების დღგ-ით დაბეგვრა. თუმცა ამბობს, რომ ეს კონკურენციას გაზრდის, - "უმაღლესები შეეცდებიან სტუდენტებს სხვადასხვა სერვისები შესთავაზონ. ასევე, გამორიცხული არ არის მათი გაერთიანებაც". აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით დღგ-ს გადაიხდის ყველა კომპანია, რომლის ბრუნვაც 200 ათას ლარს აღემატება. დღევანდელი მოქმედი კოდექსით კი ეს ზღვარი 100 ათასი ლარი იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ დღგ-ს ბიუჯეტში შემოსულ გადასახადებში 46% წილი უკავია. საინტერესოა, რომ დღგ-ს დაბრუნება, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ახალი კოდექსით ავტომატურად მოხდება, 2013 წლიდან ამოქმედდება. ამასთან საკმაოდ გაურკვევლადაა კოდექსში ჩამოყალიბებული, თუ რომელ კომპანიებს დაუბრუნდებათ ზედმეტად გადახდილი თანხა ავტომატურად – მუხლი 62.8 ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება "ცალკეულ შემთხვევაში ცალკეული გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი". გაურკვეველია, რომელი კომპანიები მოხვდებიან ამ "ცალკეულ შემთხვევებში" და ვინ იქნებიან "ცალკეული გადასახადის" გადამხდელები? თუმც, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს სამუშაო ვარიანტის ხარვეზია და იგი აღმოიფხვრება, იმედი ვიქონიოთ. ასე რომ, ახალი კოდექსით დღგ-ს დაბეგვრის არეალი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის, თუმცა მისი დაბეგვრის ობიექტების მიერ ნაწარმოები პროდუქციის გაძვირებაა მოსალოდნელი.
გოგა აბრამიშვილი
|