ნანახია: 1340
ახალ საგადასახადო კოდექსს უამრავი ნაკლი აქვს ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რევოლუციურია, ექსპერტთა და მეწარმეთა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. 18 ივნისს ფონდ `ღია საზოგადოება – საქართველოს~ ორგანიზებით ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე, ბიზნესმენები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოდგა. ირაკლი სირაძის მიერ საგადასახადო კოდექსის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მონაწილეებმა საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს. მართალია, საგადასახადო კოდექსის განხილვისას ახალი კოდექსი პარლამენტში უკვე შესული იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი შენიშვნა გამოითქვა, რომელთა გათვალისწინებასაც შეკრებილ საზოგადოებას ცალკე მინისტრის მოადგილე, ხოლო ცალკე ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია დაჰპირდა. რაც შეეხება შენიშვნებს, იგი კოდექსის იმ მუხლებსაც კი შეეხო, რომლებითაც კოდექსის ავტორები ყველაზე მეტად ამაყობენ. მათ შორის, მიკრო ბიზნესის სტატუსის დამკვიდრებას, რომლის თანახმადაც, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან საქონლის ან მომსახურების მყიდველ მეწარმეს არ შეეძლება ამ თანხის ხარჯად გატარება. რაც შენიშვნის ავტორთა აზრით, ამ ცნების დამკვიდრებას აზრს უკარგავს და განაპირობებს იმას, რომ მსხვილი ბიზნესმენები თავს შეიკავებენ მიკრო მეწარმეებთან ეკონომიკური ურთიერთობისგან. ახალი კოდექსის თანახმად, მიკრო მეწარმეებს არ ექნებათ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება, რაც აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ბრუნვის მოცულობის განსაზღვრა და ხომ არ მოხდება ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ მეწარმეთა ბრუნვის სუბიექტური შეფასება. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ მეწარმეთა კატეგორია, რომლებიც მიკრო ბიზნესის კატეგორიაში უნდა შევიდნენ, მათი შემოსავლები არც აქამდე იბეგრებოდა, ასე რომ, ხელისუფლება რეალურად ახალს არაფერს გვთავაზობს. რაც შეეხება მცირე მეწარმეებს, ასეთი სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირებს (ინდმეწარმეებს), ხოლო იურიდიული პირებს (შპს-ებს) ამ კატეგორიაში მოხვედრის შესაძლებლობა არ ექნება. განხილვის მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, კოდექსი, რომელიც ამჟამად არსებობს, უკეთესია, ვიდრე ახალი ვარიანტი. განხილვის საგანი გახდა კოდექსის 269-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მომჩივანი დაკისრებული სანქციისაგან, თუ მომჩივნის ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიყენებია ზიანი, ამასთან, თუ საბჭო დარწმუნდება, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლითაც მომჩივანი ხელმძღვანელობდა, სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა. აქ პრობლემას ქმნის სიტყვა უფლებამოსილია, რადგან მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, კოდექსში ჯერ კიდევ არაერთი მუხლია, რომლის ორმაგი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. ვნებათაღელვა გამოიწვია, ახალი კოდექსის მუხლმა, რომლის მიხედვითაც, უქმდებოდა 2004 წელს მიღებული ცვლილებები პრესის ბეჭდვაზე, რეკლამაზე და მიწოდებაზე გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ, რაც ირაკლი სირაძემ ტექნიკურ შეცდომად მიიჩნია, ხოლო ფინანსთა მინისტრმა მეორე დღესვე განაცხადა, რომ პრესა ზემოთჩამოთვლილი პუნქტებით არავითარ შემთხვევაში არ დაიბეგრებოდა. ამ კოდექსის პროექტში შემოდის ცნება ქონებაზე ქონების გადასახადი და მიწაზე ქონების გადასახადი. ამ დროს იმავე თავის პირველ მუხლში, სადაც ეს ჩანაწერია, წერია, რომ ქონება შედგება დასაბეგრი ქონებისგან და დასაბეგრი მიწისგან, ანუ ქონებაზე ქონების გადასახადი უკვე გულისხმობს ქონებაზე ქონების გადასახადსაც და მიწაზე ქონების გადასახადსაც. ცალკეა კიდევ მიწაზე ქონების გადასახადი, ანუ მიწა შეიძლება ორჯერ დაიბეგროს, ერთხელ ღირებულების მიხედვით, მეორედ ფართობის მიხედვით. ასევე, ახალი კოდექსის მიხედვით, ხელისუფლება დაადგენს ქონების გადასახადის ოდენობას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებებს და ეწინააღმდეგება ევროპის თვითმმართველობის შესახებ კოდექსს. ექსპერტთა შეფასებით, ამ კოდექსით საგადასახადო წნეხი მოსახლეობაზე იზრდება. "თუ დავაკვირდებით ბიუჯეტს, ვნახავთ, რომ ახალი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტი 231 მლნ. ლარით იზრდება და ის ფული ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ, სხვა საიდან უნდა ამოიღონ? გვეუბნებიან, რომ ზღვარის 200 000-მდე აწევით უამრავი ადამიანი განთავისუფლდება დღგ-სგან. აბა, საიდან მოდის ის 120 მლნ. ლარი, რომელიც ახლაა დაგეგმილი", - აცხადებენ ექსპერტები. ახალი კოდექსის თანახმად, რეალიზებული პროდუქციაზე ზედნადების არქონა ან მისი შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო, მეწარმე ღირებულების 5-მაგი ოდენობით ჯარიმდება, ხოლო თუკი პროდუქციის ღირებულება 10000 ლარს აღემატება, და მეწარმეს არ აქვს ზედნადები ან მისი შევსებისას დაშვებულია შეცდომები, მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. პრეტენზიები გამოითქვა კოდექსის იმ მუხლთან მიმართებაშიც, რომლის თანახმადაც, შემოდის ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ომბუდსმენის დანიშნულებასთან, რომელმაც ბიზნესი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უნდა დაიცვას, მაშინ, როცა მას თავად პრემიერი ნიშნავს. ესაა ის ძირითადი შენიშვნები, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი შენიშვნა მიეწოდება კანცელარიაში არსებულ საბჭოს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ხოლო შენიშვნების მქონენი კი იმას, რომ მათი გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება.
ალექსანდრე ჭელიძე
|