ნანახია: 647
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის
ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. მართალია, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი პროდუქციის გაძვირების მიზეზად არ თვლის, ხოლო მიხეილ მაჭავარიანმა საერთოდაც ბიზნესმენებს, რომლებმაც კურსის დაცემის შემდეგ პროდუქციის ფასები გაზარდეს, არაკეთილსინდისიერი უწოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაიზარდა და მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა, ალბათ, არ აქვს იმას, ეს ლარის გაუფასურებით თუ ქართველ ბიზნესმენთა არაკეთილსინდისიერებითაა განპირობებული. მოგვიანებით, ბაინდურაშვილმა ლარის კურსის და პროდუქციაზე ფასების ერთმანეთთან კავშირი სრულიად უარყო, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმით ახსნა, რომ საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. ის, რომ ლარის გაუფასურება პროდუქციაზე ფასების მატებას იწვევს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ 16 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებაც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5-დან 6,25%-მდე გაიზარდა. 5%-იანი განაკვეთი 2009 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედებდა. სებ-ის ცნობით, განაკვეთის განსაზღვრისას სებ-ი გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდის საფრთხეს ითვალისწინებს. სებ-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%-ს გადააჭარბოს. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5%-დან 6,25%-მდე გაზრდა, ქვეყანაში ინფლაციური ფონის გაუარესებაზე მიანიშნებს, რაც ფულის მასის სწრაფმა ზრდამ და ლარის გაცვლითი კურსის ვარდნამ განაპირობა. ამასთან, საბაზო განაკვეთის გაზრდა ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას ისახავს მიზნად, რაც საბოლოო ჯამში, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მატებაში უნდა გამოიხატოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა არ იმოქმედებს უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხებზე, რომლებიც პორტფელის 75%-ს შეადგენს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს, ეროვნული ვალუტა უახლოეს მომავალში ისევ გაუფასურდება, რაც ქვეყანაში ფასებს ისევ გაზრდის. რაც შეეხება იმას, თუ რა ელის ლარს და რომელ ვალუტაში უნდა გახსნას მოსახლეობამ ანაბარი, ან აიღოს სესხი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი კოვზანაძე აცხადებს: "ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის შესუსტება გაგრძელდება. სხვა საკითხია, რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს პროცესი. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ლარის შემდგომი შესუსტება, რაც შეიძლება ნაკლებ ნეგატიურად აისახოს ჩვენი მოსახლეობის ფართო ფენებზე. რაც შეეხება რჩევას, იგი მარტივია - ჩემი აზრით, ადამიანმა დანაზოგი უნდა გააკეთოს იმავე ვალუტაში, რაშიც აქვს შემოსავალი. იგივეს გეტყოდით სესხით სარგებლობის შემთხვევაშიც. უნდა ეცადოთ კრედიტი მიიღოთ იმ ვალუტაში, რაშიც შემოსავალი გაქვთ. ამით მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული სავალუტო რისკები".
|