ნანახია: 694
ხელისუფლებას ახალი გადასახადების დასაწესებლად რეფერენდუმის ჩატარება დაავიწყდა შეიძლება ვინმეს სტატიის სათაური გადაჭარბებულ შეფასებად მოეჩვენოს, ან ეგონოს, რომ ეს ყველაფერი არა საქართველოს, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის პარლამენტსა და პრეზიდენტს ეხება. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ იმას, რაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2009 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც, ქვეყნის ეკონომიკური კურსი კიდევ უფრო ლიბერალური ხდებოდა, ეს, პირველ რიგში, საგადასახადო კანონმდებლობის მეტად გამარტივებით გამოიხატებოდა. ამ საკანონმდებლო კანონპროექტს, თავად პრეზიდენტმა "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" უწოდა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან ცვლილებასთან ერთად კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილების შეტანასაც გულისხმობდა - ქვეყანაში საერთო სახელმწიფოებრივი ახალი გადასახადების დაწესება, ძველი გადასახადების გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა მომხდარიყო. კანონპროექტის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა, ხოლო რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ოთხი წლის შემდეგ უნდა შესულიყო. ერთადერთი შეზღუდვა, აქციზის გადასახადს ეხებოდა, რომლის განაკვეთის გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარების არ იყო საჭირო. ეს შეზღუდვა კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და, როგორც ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის გადასახადი ორმაგდება. "ბ&ფ"-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახალი გადასახადების შემოღებასა და მათი გაზრდის გადაწყვეტილებას მხოლოდ რეფერენდუმით ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, თუმცა, ამჟამად რა მდგომარეობაშია იგი, უცნობია. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში გაუქმებული საგზაო გადასახადი ბრუნდება, ისე, რომ ამის შესახებ არც რეფერენდუმი ჩატარდება და არც სხვა ფორმით ჰკითხავენ მოსახლეობას, სურს თუ არა ახალი გადასახადის დაწესება. რაც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით კონსტიტუციაში ცვლილებები არ შესულა, მაინც მიუღებელია, რადგან აქ იმდენად მნიშვნელოვანია არა ის, შევიდა თუ არა უკვე საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში, არამედ კურსი, რომელიც ტარდება ეკონომიკაში და დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობისადმი. ასევე "ეკონომიკური თავისუფლების აქტით", იზრდებოდა მთავრობის პასუხისმგებლობა იმ მხრივ, რომ მას მკაფიოდ უნდა აეხსნა მოსახლეობისთვის გადასახადების შემოღების არსი და დაესაბუთებინა მათი გაზრდის აუცილებლობა. თუმცა, დღემდე მოსახლეობისთვის არავის აუხსნია, თუ რატომ წესდება საგზაო გადასახადი. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ გზებს მუდმივად მოვლა სჭირდება, ნამდვილად არ არის სრულყოფილი ახსნა და ასე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი გადასახადის დაწესების აუცილებლობის დასაბუთება შეიძლება. ასევე, ახალი საგადასახადო კოდექსით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 18%-მდე უნდა შემცირებულიყო, 2013 წლამდე უცვლელი ანუ 20% იქნება. ფინანსთა მინისტრმა ამის მიზეზად დიდი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების სურვილი დაასახელა. მართალია, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ განაკვეთის გაზრდას არ ნიშნავს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცვლად 2 წლის განმავლობაში მოსახლეობას იმაზე მეტი საშემოსავლოს გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს აქამდე არსებული კანონმდებლობით უნდა გადაეხადა. რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის "ეკონომიკური თავისუფლების აქტთან".
გიორგი შუბლაძე
|