ნანახია: 537
"ჩვენი ხელისუფლების შეხედულება კრიზისის დაძლევის გზებთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოსთან წინააღმდეგობაში მოდის"
ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ლიდერთან გია ჟორჟოლიანთან
- ბატონო გია, ცნობილია, რომ თქვენ ერევანში გამართულ კონფერენციაზე იმყოფებოდით. რა კონფერენცია იყო, ვინ იღებდენენ მონაწილეობას მასში და კონკრეტულად რა საკითხებზე იყო საუბარი? - ეს კონფერენცია იყო სოციალისტური ინტერნაციონალის ერთ-ერთი კომიტეტის შეხვედრა. იგი არის შავი ზღვის, დსთ-ს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კომიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, სოციალურ-ინტერნაციონალური პარტიები, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან მემარცხენე ცენტრისტული ტიპის პარტიები და სოციალისტური, სოციალ-დემოკრატიული ტიპის პარტიები. შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო, მას ესწრებოდა სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივანი ლუის აიალა და ამ კომიტეტის რამდენიმე თავმჯდომარე. ასევე სხვადასხვა ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პარტიები. პოლონეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის ბელორუსიის, უკრაინის, მოლდოვას წარმომადგენლები. საქართველოდან ასევე იყო ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ნესტან კირთაძე. - რა იყო კონფერენციის თემა და რაზე ისაუბრეთ თქვენ? შეეხეთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გააცანით თუ არა ისინი კონფერენციის მონაწილეებს? - სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის გამოცდილება, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში მივიღეთ. 25-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში, პრაქტიკულად, გაბატონებულმა ნეოლიბერალურმა მიმართულებამ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური კრიზისი უმთავრესი პრობლემაა, რომლის დაძლევასაც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ. კონფერენციაზე მე დავაფიქსირე, რომ ეს პრობლემა საკმარისად არ არის გააზრებული. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენთან მიმართებაში. როდესაც ჩვენი ხელისუფლება, არსებული მდგომარეობის ფონზე, კიდევ უფრო მეტ ულტრარადიკალურ ლიბერალიზმზე საუბრობს, როგორც ამ ვითარებიდან გამოსვლის გზაზე, გააზრებული არ აქვს ის, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის მთელ მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებასთან. კონფერენციის მიმდინარეობისას ვისაუბრე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გავუსვი არსებული მდგომარეობის სპეციფიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმას, რომ ჩვენთან გაბატონებული ულტრა რადიკალურ-ლიბერალიზმზე დამყარებული სპეციფიკური პოსტსაბჭოთა მოდელი, არც ევროპულის და არც სადმე სხვა ქვეყანაში არსებულის მსგავსი არაა. ამ ყველაფერმა მოგვცა ოლიგარქიული მმართველობა, ეკონომიკის კონცენტრაცია ოლიგარქების ხელში. თითქოს სახელმწიფო ეკონომიკიდან გავიდა, მაგრამ რეალურად ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, ხელისუფლებაში თავისი ინტერესების შესასრულებლად მოვიდნენ. ამ ყველაფერმა მძიმე მდგომარეობა შექმნა საქართველოში. მან პრაქტიკულად მოკლა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება. საზოგადოება გახადა ატომიზებული, ადამიანები საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესიდან საერთოდ გარიყა და თუ რეალური გარდატეხა არ მოხდა, ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არავითარ რეალურ შედეგს არ მოიტანს. მეორე საკითხი, რასაც ხაზი გავუსვი, ეს იყო მსოფლიოში მომხდარი ცვლილება. თუკი XX საუკუნეში სოციალ-დემოკრატია ძირითადად მომუშავეთა პირობების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, დღეისათვის ძირითადი პრობლემა არის სოციალ-დემოკრატიის მიერ თავისი ღირებულებების გადაფასება, როგორიცაა: თანასწორობა, სოლიდარობა, ადამიანების კოლექტიური ქმედებები. ასეთ პრინციპებზე ისეთი მიდგომების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ დღევანდელი გამოწვევების დაძლევას, დღევანდელი გამოწვევები კი, პირველ რიგში, არა მომუშავეთა პირობების გაუმჯობესება, არამედ უმუშევრობის დასაქმებაა. ასევე ხაზი გავუსვი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საომარი მოქმედებები, გარე მტრის ხატის შექმნა, საზოგადოების მსხვერპლად წარმოჩენა. ამის ნაცვლად, ჩვენ კონკრეტული ორიენტირება უნდა მოვახდინოთ სწორ სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. უნდა ამოვიღოთ და დავგმოთ ომი ჩვენი მოქმედების არსენალიდან და ეს პერსპექტივაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარეს აწუხებს. - თუ მოჰყვა რაიმე სახის გამოხმაურება კონფერენციას და რას აპირებთ მომავალში? რას აპირებს თქვენი პარტია? - შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მხარდაჭერა მოვიპოვეთ, ეს იყო პირველი სერიოზული მონაწილეობა ასეთი ტიპის კონფერენციაში. `სოციალ-დემოკრატიული~ პარტიის იდეებმა საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა ჰპოვა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ პრესკონფერენციის გამართვას და ახალი კამპანიის წამოწყებას, დევიზით - `ვაქციოთ ომი ისტორიად~. მას შემდეგ, რაც ახლანდელმა ხელისუფლებამ პროვოცირებული კონფლიქტების თავიდან არიდება ვერ შეძლო, მისთვის ძალიან ძნელი იქნება რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ ამისათვის აუცილებელია მთავრობის შეცვლა. როგორ უნდა მოხდეს შეცვლა? ვიდრე საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად არ ჩაერთვება პოლიტიკაში, საზოგადოებრივი და ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, მანამდე ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხდება. ჩვენთვის და ასევე, საზოგადოებისთვის მთავარი საკითხი არის უმუშევრობა და არაღირსეული ანაზღაურება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მუშაობას შრომის პირობების გაუმჯობესებისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებთ აგრარულ სფეროზე. საქართველოში თვითდასაქმებულთა 80-90% სოფლად მცხოვრებია, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს ნატურალური მეურნეობის წარმოებას. საზოგადოებასთან ერთად ჩვენ კონკრეტულ წინადადებებს ჩამოვაყალიბებთ, რომელთაც მთავრობას შევთავაზებთ. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც იბრძოლებენ ამ ადამიანების პრობლემების და უფლებების დასაცავად. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და უპასუხისმგებლო სახელმწიფო ვაქციოთ პასუხისმგებლობიან სახელმწიფოდ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ადამიანების უდიდესმა ნაწილმა, რომელიც საქართველოში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, ღირსეულად იცხოვროს და ყოველივე ამის შემდეგ უნდა მოვახერხოთ ჯანსაღი ეკონომიკის შექმნა. ამის შემდეგ ჩვენ უკეთესი მომავლის პერსპექტივა გაგვიჩნდება.
ესაუბრა ქეთი ქასრაშვილი
|