"რატომ უფრთხილდება ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს მხოლოდ პარასკევს, შაბათ-კვირას ვიღაცამ დიდი ფული რომ იშოვოს?"
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერთან ნოდარ ჯავახიშვილთან
- ბატონო ნოდარ, როგორ შეაფასებდით ლარის კურსის გაუფასურებას და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით ლარის 3-4%-იან გაუფასურებას პროდუქციის გაძვირებაზე ასახვა არ უნდა ჰქონოდა და ვინც პროდუქცია გააძვირა, საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით გააკეთა. თქვენი შეფასებით აძვირებს თუ არა ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროდუქციას?- ფინანსთა მინისტრობას რომ თავი დავანებოთ, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას არ უნდა აკეთებდეს მესამე კლასის მოსწავლე. ე.ი. ეკონომიკაში საერთოდ აზრზე არ უნდა იყოს კაცი, რომელიც ისეთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელია, რომელსაც 80%-ი იმპორტი აქვს, ანუ დოლარზე შეძენილი საქონელი აქვს ბაზარზე. ის ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეკონომიკას რომ თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანიც კი არ გააკეთებდა ასეთ განცხადებას.
- ფინანსთა მინისტრმა აქვე დაამატა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ ახდენს პროდუქციაზე ფასების ზრდას და ეს პირველი კურსის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტმაც იცის?- ეტყობა მინისტრს პირველი კურსი აქვს მარტო დამთავრებული და არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ არითმეტიკასთან არ ჰქონია შეხება, მეოთხე კლასამდე რასაც ასწავლიდნენ, მას შემდეგ. ელემენტარული არითმეტიკის ცოდნითაც კი მიხვდები, რომ ლარის გაუფასურება ქვეყანაში პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა. აი, მაგალითად, იყიდე 100 დოლარის პროდუქცია თურქეთში და აქ უნდა გაყიდო ლარებში, ვთქვათ, ამ დროს ლარის კურსი არის 1,50 დოლართან მიმართებაში, ანუ თუ გაყიდი 100 დოლარს 150 ლარად და მიიღებ რამდენიც დაგეხარჯა. მაგრამ ამასობაში, თუ ლარი დოლართან მიმართებაში 1 დოლარი 2 ლარი გახდა, 150 ლარი აღარ გეყოფა 100 დოლარის საყიდლად, ამას არ უნდა დიდი ეკონომისტობა. პროდუქცია რომ გაყიდა, ხომ უნდა იყიდოს ისევ დოლარი და კიდევ ახალი შემოიტანოს? 150 ლარად უკვე აღარ მოუვა 100 დოლარი და როგორ უნდა შემოიტანოს? სახლიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა? ასეთი განცხადებების გაკეთებას არ უნდა ბედავდეს ფინანსთა მინისტრი და თუ ამდენი არ იცის, საერთოდ არ უნდა იღებდეს ხმას, უფრო მაღალი რანგის ხელისუფალი არ უნდა ბედავდეს, რომ ქვეყანას ასეთი ფინანსთა მინისტრი ჰყავდეს.
- ეროვნულმა ბანკმა გასული კვირის მოვლენასთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია დააფიქსირა, - "ეს არ იყო ლარის გაუფასურება, ეს იყო დოლარის გამყარება და ჩვენ მოვერიდეთ სავალუტო რეზერვების ხარჯვას, ამიტომაც მოხდა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება". როგორ შეაფასებდით სებ-ის ამ განცხადებას?- ეროვნული ბანკის ეს პოზიცია სავსებით გასაგებია. ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. რასაკვირველია, დოლარის გამყარება მოხდა, მაგრამ როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში და იცი, რომ ლარის კურსის დევალვაცია ავტომატურად მიბმულია იმპორტის გაძვირებაზე, რომელსაც მთელი ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე დომინანტური წილი უკავია, ამიტომ არ უნდა უშვებდე ასეთ ვარდნებს, თორემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა. ე.ი. ჩვენ ვუფრთხილდებით სავალუტო რეზერვებს, მაგრამ რას უშვრებიან ლარს? გვითხრან, რას და როგორ გააკეთებენ? რა პერიოდში გეგმავენ ლარის კურსის ცვლილებას, რომ ეკონომიკამ შესაბამისი რეაგირება გააკეთოს.
მე ძალიან მაინტერესებს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს სავალუტო ვაჭრობაზე, როცა 16 მლნ. მოთხოვნის პირობებში 15 მლნ. გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, პარასკევის ვაჭრობაზე 86 მლნ. იყო მოთხოვნა, 7 მლნ. რატომ მიაწოდა. ორშაბათს ისევ 15 მლნ. და მერე 20 მლნ. ხომ შეიძლება გვითხრან, როდის უფრთხილდება სავალუტო რეზერვებს, პარასკევს? შაბათ-კვირას ვიღაცამ დიდი ფული იშოვოს? ორშაბათს და სამშაბათს 15 მლნ. რატომ გაყიდა? მაშინ გვითხრას, რომ ვყიდი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას, ან ვყიდი მხოლოდ ამდენ პროცენტს, ხუთშაბათს რომ მოთხოვნის 42%-ს ყიდი, პარასკევს რატომ ყიდი 8%-ს?
ასე რომ, ჯობია ბოდვას თავი დაანებონ და ნორმალურად ახსნან. ყველაფრის ახსნა შეიძლება.
- ლარის კურსი ერთ კვირაში 4,4%-ით გაუფასურდა, რამაც შესაბამისად პროდუქციის გაძვირება გამოიწვია, რამდენად პირდაპირ აისახება ლარის გაუფასურება პროდუქციის გაძვირებაზე, ანუ რა პროცენტითაც გაუფასურდა ლარი, იმ პროცენტით უნდა გაძვირდეს პროდუქტი?- ასეთი არითმეტიკა არ არსებობს, ყველაფერს აქვს თავისი დრო, როდის უფრო მეტია შენი ადგილობრივი წარმოება, რა პროდუქციის იმპორტი ჭარბობს და ასე შემდეგ.
- რამდენად მისაღებია ის ფაქტი, როდესაც კომპანიებმა პროდუქციის ფასები 10-15%-ით გააძვირეს?- რასაკვირველია, ნორმალურ სახელმწიფოში მიუღებელია, იმიტომ რომ სამ წელიწად ნახევარი ლარი სულ მყარდებოდა, რატომ არ ეცემოდა ფასები მაშინ? საქართველო არის მონოპოლური სახელმწიფო. ბიზნესის თითქმის ყველა სექტორი მონოპოლიზებულია. ამიტომ, რასაც აშავებს თვითონ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ერთი იმდენს აშავებს კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც სხვადასხვა ბიზნესშია ჩართული, პირადად ან `კრიშავს~ ამა თუ იმ ბიზნესმენს. ამიტომაც არ შეიძლება ამაზე დასკვნის გაკეთება. სამ წელიწად ნახევრის განმავლობაში დოლარი - ლარის კურსი 2,20-დან 1,48-ზე ჩამოვიდა არცერთ პროდუქტზე ფასი არ დაცემულა, მაშინ როცა არითმეტიკულად და ეკონომიკურად უნდა გაიაფებულიყო. ეროვნული ვალუტის მცირედით გაუფასურების შემთხვევაში კი მაშინვე მოხდა ყველა პროდუქტის გაძვირება.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი