ნანახია: 894
"ხელისუფლება ატარებს გადაგორების პოლიტიკას, მთავარია დღევანდელი დღე როგორმე გადააგოროს და ხვალაც გადააგორებს"
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან
- ბატონო ლადო, ეროვნული ვალუტის გაუფასურება კვირის მთავარი თემაა. რეალურად ეს საკითხი თავისი მნიშვნელობით არჩევნებისაც აღემატება. ლარი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნელ-ნელა უფასურდებოდა. არჩევნების შემდეგ, პირველივე პარასკევს, მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა, რასაც მოჰყვა ბაზარზე პანიკური სიტუაციის შექმნა. პირდაპირ დაგისვამთ შეკითხვას - როგორ ახსნით თქვენ ამ ვითარებას, რა მოხდა?
- რა მოხდა, ამ კითხვაზე პასუხი მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ის კი რაც ახლა მოხდა, არის ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ფრაგმენტი ზოგადი კანონზომიერების. 2008 წლიდან ხდება ლარის დევალვაცია, ანუ გაუფასურება. იბადება კითხვა, რატომ ხდება გაუფასურება, არის თუ არა ეს პროცესი ობიექტური?! რა თქმა უნდა, ეს პროცესი ობიექტურია. ლარის სტაბილურობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ და რამდენი უცხოური ვალუტა შემოედინება ქვეყანაში. უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე წყარო არსებობს. პირველი საგარეო ვაჭრობა. იმპორტი ოთხჯერ და უფრო მეტად აღემატება ექსპორტს, შესაბამისად, ექსპორტზე ვიღებთ 1 დოლარს და 4-ჯერ მეტს ვხარჯავთ იმპორტზე. ქვეყნიდან დოლარი გაედინება. ბოლო წლებში ამის კომპენსაცია ხდებოდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციებით, რაც ნიშნავს უცხოური ვალუტის ქვეყნის შიგნით შემოსვლას, იქნებოდა ეს პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებული, თუ უშუალოდ კერძო სექტორში მესაკუთრის ჩანაცვლებით. ამას ემატებოდა ფულადი გზავნილები, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეები გზავნიდნენ საზღვარგარეთიდან. 2008 წლიდან ორივე ეს მაჩვენებელი შემცირდა. გლობალური ფინანსური კრიზისია და კრიზისის პირობებში უფრო და უფრო ნაკლები თავისუფალი რესურსია ინვესტირებისთვის. საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები იქაც კრიზისულ ვითარებაში საქმიანობენ და უფრო ნაკლები თანხების გადმოგზავნა შეუძლიათ. გარდა ფინანსური კრიზისისა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო საქართველოს სტაბილურობის იმიჯი შელახა, ამან უცხოური ინვესტიციების შემოსვლა შეამცირა. დღეს უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების ძირითადი წყარო არის ფინანსური დახმარება, რომელსაც იღებს საქართველო, როგორც რუსეთის აგრესიით დაზარალებული ქვეყანა. როგორც საერთაშორისო ფაქტორები, ისე ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ ლარი უფასურდებოდეს, თუმცა, ამავდროულად ეროვნულ ბანკს რეზერვები არ უმცირდება, არ უმცირდება იმის გამო, რომ სწორედ ეს საერთაშორისო დახმარება შემოდის. ახლა ავხსნათ, გაუფასურების რა ვარიანტები არსებობს. პრინციპულად შესაძლებელია ორი - ერთი ნახტომისებური გაუფასურება, მეორე თანდათანობითი გაუფასურება. ნახტომისებური გაუფასურება ბაზარზე პანიკას იწვევს, ამ შემთხვევაში, სიტუაცია არაპროგნოზირებადი ხდება. იმპორტიორები იბნევიან, არ იციან როგორ გაგრძელდება პროცესი, რადგან მსხვილ შემომტანებს საქონელი უცხოურ ვალუტაში აქვთ ნაყიდი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ ეროვნული ვალუტის გაუფასურების წინმსწრები ტემპი ჩადონ ფასში. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი აუცილებლად გაასწრებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპს. რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ დევალვაცია ობიექტურია, ის უნდა მიმდინარეობდეს მეორე, ანუ თანდათანობითი გაუფასურების სცენარით. ამ შემთხვევაში, პროცესი პროგნოზირებადია და ბაზარს შეუძლია მასთან ადაპტირება, მათ შორის სავალუტო ბაზრისადმი, როგორც ბანკების მხრიდან, სავალუტო ჯიხურების მხრიდან, ასევე ნებისმიერი იმპორტიორის მხრიდან, თითოეული მოქალაქეც უფრო ადვილად ეგუება თანდათანობით დევალვაციას. ის, რაც 4 ივნისს მოხდა, ძალიან ჰგავს 2008 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს. იმ ავბედით დღეს მე `მწვანე პარასკევი~ იმიტომ დავარქვი, რომ მოხდა ლარის დოლართან მიმართებაში ნახტომისებური გაუფასურება. ეროვნული ვალუტის 15%-იან გაუფასურებას, ფასების მყისიერი მატება მოჰყვა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამის გამო არავინ დასჯილა. დავით ამაღლობელი, რომელიც მაშინ გახლდათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საკმაოდ მშვიდად შეხვდა ამას. ეროვნული ბანკის ახალმა ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით საქმიანობა საკმაოდ ნორმალურად დაიწყო. დევალვაციის ობიექტური პროცესი გაგრძელდა თანდათანობითი გაუფასურების სცენარით. თუმცა, პირველი საგანგაშო სიმპტომი უკვე 2010 წლის იანვარში გამოჩნდა, როცა ერთ თვეში გაცვლითი კურსი 5 თეთრით დავარდა. გარკვეული პანიკა მაშინაც შეიქმნა, თუმცა, ბაზარი ადვილად დაშოშმინდა და ეროვნულმა ბანკმა ისევ გააგრძელა თანდათანობითი გაუფასურების პოლიტიკა. ასე გაგრძელდა 30 მაისამდე, რადგან ხელისუფლების მიზანი არჩევნების წინ იყო ვირტუალური სტაბილურობის შენარჩუნება. გულახდილად რომ გითხრათ, არც არჩევნების შემდეგ ველოდი ნახტომისებური ცვლილებას. ეროვნულ ბანკს აქვს 2 მილიარდამდე სავალუტო რეზერვი და მას შეეძლო ლარის თანდათანობითი დევალვაციის უზრუნველყოფა. ასე რომ, ჩემს მოლოდინს ობიექტური საფუძველი ჰქონდა. სინამდვილეში მოხდა სრულიად საწინააღმდეგო - ლარი გაუშვეს და მაინცდამაინც ისევ პარასკევს – ეს კი ყველაზე ცუდი დღეა. დასვენების დღეებში არავინ იცის, რა მოხდება, აბსოლუტურ გაურკვევლობაში ბანკებმაც არ იციან, რა მოხდება. იმავე მდგომარეობაშია სავალუტო ჯიხურები და რიგითი იმპორტიორები, რომლებიც ბაზარზე საქონელს ყიდიან. სინამდვილეში მოხდა ასეთი რამ: მთელი მაისის განმავლობაში, როცა კომერციული ბანკები სავალუტო აუქციონზე აკეთებდნენ განაცხადს, გარკვეული ოდენობის თანხაზე, სებ-ი მოთხოვნას აკმაყოფილებდა მაქსიმუმ 50%-ის დონეზე, როგორც წესი, 40-50%-ის ფარგლებში. ასეთი პოლიტიკით ის ახერხებდა ნაკლებად შესამჩნევი დევალვაციის შენარჩუნებას. 4 ივნისს მოთხოვნა იყო 86 მილიონ დოლარზე, ეროვნულმა ბანკმა იმის ნაცვლად, რომ ასეთი მოთხოვნის პირობებში 40 მილიონი გამოეტანა, გაიტანა მხოლოდ 7 მილიონი, ამან ბანკებს მისცა სიგნალი, რომ ეროვნული ბანკი უშვებს კურსს. მართალია ეროვნულმა ბანკმა პარასკევს დააფიქსირა 1.84, მაგრამ მაგრამ ბანკებმა და სავალუტო ჯიხურებმა დაიჭირეს თადარიგი და `შავ ბაზარზე~ 1.95-იც კი დაფიქსირდა. სამწუხაროა, რომ 8 ივნისიდან მოყოლებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან გაქრა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის ვალუტის ყიდვა მოისურვეს კომერციულმა ბანკებმა. ეს კი სებ-ის გამჭვირვალობას აშკარად ამცირებს, რაც სავალუტი ბაზარზე უფრო ზრდის განუსზღვრელობას, ეს კი არასტაბიულურობის განცდას ამწვავებს.
- ეროვნული ბანკის ასეთი პოზიცია გასაკვირია, მით უფრო, როდესაც მისი ბოლო პერიოდის აღიარებული პრიორიტეტია ბანკებში დედოლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება დედოლარიზაციის პროცესს შევუწყოთ ხელი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების შედეგად ასე უფასურდება ლარი და შესაბამისად, იკარგება მის მიმართ ნდობა?
- პირიქით, ეს ნაბიჯი არის მხოლოდ და მხოლოდ დოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული, რადგანაც ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტა მყისიერად უფასურდება და მის მიმართ ნდობა იკარგება. ვინც არ უნდა ამტკიცოს, რომ ლარი მყარი და სტაბილურია, თუნდაც ეროვნული ბანკის თანამშრომლები გამოვიდნენ და ამტკიცონ, ვინ დაიჯერებს? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, იტყვის ნებისმიერი მოქალაქე.
თუმცა, მე ამაში ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ. უბრალოდ, ეს ქვეყანა და ხელისუფლება ინფანტილიზმით არის დაავადებული. საბავშვო ბაღი გვაქვს ყველგან, პრეზიდენტი თამაშობს პრეზიდენტობანას, მინისტრები თამაშობენ მინისტრობანას და რა გასაკვირია, რომ ეროვნული ბანკი თამაშობს ბანკობანას. ეროვნული ბანკი თამაშობს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ქვეყანას აკლია სახელმწიფო მოღვაწის ხელი. სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ჩვენ ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ გვყავს.
-ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გარკვეული მოვლენები ერთმანეთს. თქვენ ბრძანეთ, რომ პარასკევს სავალუტო ბირჟაზე 86 მილიონ დოლარზე იყო მოთხოვნა, ეს არ არის ჩვეულებრივი ფაქტი, ეს ციფრი ძირითადად 20-30 მილიონის ფარგლებში მერყეობს. აქვე გავიხსენებ, რომ 3 ივნისს ეროვნულმა ბანკმა გასცა 145 მილიონი ლარის 7 დღიანი სესხი. ეს ბოლო ერთი წლის მაქსიმუმია. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ფული გახდა მეორე დღეს დოლარზე ასეთი მაღალი მოთხოვნის საფუძველი. შეიძლება თუ არა იმის ვარაუდი, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მავანმა დიდი ფული იშოვა?
- ამ მექანიზმის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეულ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია, რა მოხდება, ისინი იმ ვალუტაში გადაიტანენ ფულს, რომელიც გამყარდება, და როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, გაყიდიან ამ ვალუტას და "ჰაერიდან" მიიღებენ მოგებას. მე და თქვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, მაგრამ გვაქვს უფლება დავსვათ კითხვები და მოვითხოვოთ ამ კითხვებზე პასუხი. თუ ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არავინ გააკეთა, მაშინ ჩვენ გვაქვს დასკვნების გაკეთების უფლება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მართლაც არავინ გააკეთებს კომენტარს, არც არავინ არაფერს ახსნის, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ატარებს გადაგორების პოლიტიკას, მთავარია დღევანდელი დღე როგორმე გადააგოროს და ხვალაც გადააგორებს. მერე ამ ყველაფერს ხალხი მიეჩვევა და საკითხი საბოლოოდ გადაგორდება. ასე ძალიან ბევრი რამე გადააგორა ხელისუფლებამ - დაწყებული გირგვლიანის მკვლელობიდან, დამთავრებული სავალუტო ოპერაციებით. დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან, პასუხი არავის მოეთხოვება და არჩევნები, როგორც ყოველთვის, მოგებულია, არჩევნები, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუგო. დავუშვათ, რომ ეს 145 მილიონი ლარი, რეფინანსირებით გაცემული სესხი, სავალუტო ბაზარზე არ გასულა და ამას ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა არ მოუხდენია, ობიექტურად იბადება კითხვა: რა ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში? როდესაც ამხელა თანხის სესხება ხდება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკზე? ეს არის ჩვენი ბანკების მიერ წარმართული არასწორი პოლიტიკის შედეგი, მათ დიდი ფული ჩადეს სახაზინო ვალდებულებებში და დღეს მათ უწევთ პარამეტრების დარღვევა, ექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემები. მერე მიდიან ეროვნულ ბანკში, იღებენ სესხს 5 პროცენტად, სახაზინო ვალდებულება ნაყიდი აქვთ 8 პროცენტად, არაფრისგან მოგება რჩებათ, წმინდა მოგება რჩება 3 პროცენტი. ეს ყველაფერი დათვლადია, უბრალოდ ცუდი პროცესებია როგორც საბანკო ზედამხედველობაში, ისევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ერთადერთი მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტი ქვეყანაში არის ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობა კი აგრძელებს საბავშვო ბაღის თამაშს, როგორც ამას წლების განმავლობაში მთავრობა აკეთებს.
ესაუბრა ზურა კუკულაძე
|