ნანახია: 584
ეროვნული ბანკის საეჭვო სიჩუმე და უპრეცედენტო მოცულობის სესხი პარალელურად ანუ ეროვნული ბანკის მორიგი საეჭვო ნაბიჯი ლარის გაუფასურების წინა დღეს სებ-მა ერთ-ერთ ბანკზე 145 მილიონის 7 დღიანი სესხი გასცა ბოლო დღეებში ლარის ნახტომისებურად გაუფასურებამ და ეროვნული ბანკის სიჩუმემ, შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში პანიკა შექმნა. ეროვნული ვალუტის 5,5%-ით გაუფასურებას დაუყოვნებლივ მოჰყვა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატება, ეს კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო ურთულებს ყოფას. ლარის გაუფასურების პროცესი არც მიმდინარე კვირაში შეჩერებულა და, სავარაუდოდ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, შეიძლება გაცვლითმა კურსმა, უახლოეს მომავალში 2,0-ს მიაღწიოს. და მაინც რა ხდება? რატომ უფასურდება ქართული ლარი? სამშაბათამდე ეროვნულ ბანკს ოფიციალური პოზიცია არ ჰქონდა დაფიქსირებული, ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებდა ლარის მიმართ უნდობლობას. ბოლოსდაბოლოს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ტელევიზიით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო ეროვნული ბანკის ოფიციალური პოზიცია, რადგან ბატონმა არჩილმა კომენტარის გაკეთებისას, სულ მცირე, სამჯერ ახსენა "მე ვფიქრობ", "ჩემი აზრით"... მისი აზრით, ლარის გაუფასურების მიზეზი დოლარის ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში და მათ შორის ლართან მიმართებაში, გამყარებაა. როგორც ბატონმა არჩილმა განაცხადა, მსგავსი აჟიოტაჟი სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ ხშირად ხდება და ასეთი რამ არც საქართველოსთვის უნდა იყოს გასაკვირი. ბატონო არჩილ! ქვეყანაში, რომლის საგარეო ვაჭრობის 75%-ს იმპორტი შეადგენს და მოსახლეობის მიერ მოხმარებული პროდუქციის ძირითადი საქონელი სწორედ იმპორტირებულია, ხოლო ლარის ერთი პუნქტითაც გაუფასურება კი გავლენას ახდენს პროდუქციის ფასებზე და შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბეზე, ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანია, რომელთათვისაც თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს, თურმე, ლარის ასეთი გაუფასურება და შედეგად პროდუქციის მნიშვნელოვნად გაძვირება, არ უნდა მივიჩნიოთ განსაკუთრებულ მოვლენად. ექსპერტების მიერ გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ლარის კურსის ნახტომისებური გაუფასურება, ისევე როგორც წინა მმართველობების დროს, ხელისუფლების მხრიდან განზრახ, ეროვნულ ბანკზე ზეგავლენით მართული პროცესი იყოს, რითაც იგებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე ცალკეული პირები, რომლებსაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამდე დიდი ოდენობით აშშ დოლარი გააჩნდათ. ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურება შესაძლოა ვინმეს სათავისოდ გამოეყენებინა, ისიც ადასტურებს, რომ 2010 წლის 3 ივნისს, ანუ ლარის გაუფასურების პროცესის დაწყების წინა დღეს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების აუქციონზე 145 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7 დღიანი სესხი გასცა. სესხი ერთ კომერციულ ბანკს მიეცა 5,12%-ად. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეროვნულ ბანკს ერთ კომერციულ ბანკზე ამ ოდენობის სესხი გაეცა. ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ეს თანხა გავიდა სავალუტო ბაზარზე, დოლარის შეძენის მიზნით და ეროვნული ბანკის ჩაურევლობის შემდეგ ლარის კურსიც დაეცა. კომერციული ბანკი, როგორც წესი, არ ამხელს ინფორმაციას, თუ რომელმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა ეს 145 მილიონი ლარი, თუმცა, მას შემდეგ, რაც იგი სებ-ს სესხს დაუბრუნებს, სავარაუდოდ, კურსის ცვლილებით 8-10 მილიონის მოგებას მიიღებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 3 ივნისს მოთხოვნა 50 მილიონამდე იყო, ხოლო ეროვნული ბანკის მიწოდებამ მხოლოდ 7 მილიონი შეადგინა. მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე მოთხოვნა იყო 36 მილიონი, ეროვნული ბანკის ინტერვენციამ კი მხოლოდ 15 მილიონი შეადგინა.
გიორგი შუბლაძე
|