ახალი საგადასახადო კოდექსი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ახალი საგადასახადო კოდექსი
ნანახია: 1610

გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საქმიანი წრეების წინაშე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი წარადგინა. საწყის ეტაპზე "საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის" წევრებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შეხვდა. მომდევნო დღეს კი ფართო საზოგადოებასა და საქმიან წრეებს ახალი საგადასახადო ინიციატივების პრეზენტაცია თავად პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა წარუდგინა. ახალი საგადასახადო კოდექსი ხელისუფლებამ ქართულ პოლიტ-ეკონომიკურ რეალობაში თავიდანვე რევოლუციურ და უპრეცედენტო ნაბიჯად შერაცხა. თუმცა, ექსპერტულ წრეებში განსხვავებული შეფასებები კეთდება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს.

- ბატონო ლევან, თქვენ ესწრებოდით ახალი საგადასახადო კოდექსის პრეზენტაციას. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, წარმოდგენილი პროექტი თავისი შინაარსით მართლაც ასეთი რევოლუციური და ჯერარნახულია, როგორც ამას სამთავრობო ეკონომიკური გუნდი აღნიშნავს, თუ შეფასებები გადაჭარბებულია?

- ვფიქრობ, ცოტა ნაჩქარევი და ნაადრევია პროექტის რევოლუციურობაზე საუბარი. პროექტის პირველი შეფასება, სავარაუდოდ, მისი პარლამენტში განსახილველად წარდგენისა და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაწყების შემდეგ მოხდება. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და მის საფუძვლიან, სიღრმისეულ განხილვას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას ერთია – ამ კოდექსს აქვს "შანსი" და იგი მართლაც შეიძლება გახდეს სანიმუშო და უპრეცედენტო თუ ხელისუფლების, საქმიანი წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა და ნაბიჯები ამ კოდექსის პროექტის საბოლოო დოკუმენტად ჩამოყალიბების გზაზე იქნება თანმიმდევრული, აუჩქარებელი და გააზრებული. მან მართლაც შეიძლება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა პარტნიორულ და ურთიერთხელსაყრელ საწყისებზე დააფუძნოს. მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა და ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისკენ თამამი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. კარგია ის, რომ კოდექსი მთლიანად იცვლება და სრულიად ახალ კოდექსს, ახალ საკანონმდებლო აქტს მივიღებთ. ძველი კოდექსი "ბრძოლებში" იმდენად "გაცვეთილი" იყო, რომ მისი გაკეთილშობილება მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ალბათ, უკვე შეუძლებლადაც კი ჩათვალა. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კოდექსის პირველადი ვარიანტი უკვე ხელმისაწვდომია, ჯერ მხოლოდ მაინც ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ინიციატივებზე საუბარი და ამ ინიციატივების შეფასებაა შესაძლებელი. პარლამენტში შესვლამდე, ალბათ, ეს ვარიანტი კიდევ არაერთხელ გადამუშავდება და საფუძვლიანი, მუხლობრივი ანალიზი, ალბათ, სწორედ პარლამენტში შესული საგადასახადო კოდექსის ვარიანტზე უნდა გაკეთდეს.

- ახალ კოდექსში შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები. ამ კატეგორიის ბიზნესს განსაკუთრებულად ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმები ექნებათ. ხელისუფლება თვლის, რომ ეს ინიციატივა ბიზნესის განვითარებასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

- ვფიქრობ, ეს ინიციატივა, ისევე როგორც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში წარმოდგენილი სხვა მრავალი ინიციატივა, ძალიან საინტერესო და ნოვატორულია. თუმცა, გარკვეული მიდგომები რიგი კორექტირებების შეტანას ან გადახედვას საჭიროებს. რაც შეეხება მიკრობიზნესს, ხელისუფლება აცხადებს, რომ აქტიური საზოგადოების ეს კატეგორია თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადებისგან. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ადამიანები, ვისაც ახალი კოდექსით ჩვენ გვინდა ვუწოდოთ მიკრობიზნესი, აქამდეც არ იხდიდნენ გადასახადს და ფაქტობრივად, არც იყვნენ მოქცეულნი საგადასახადო კოდექსის მოქმედების არეალში. მეორე საკითხია მცირე ბიზნესის ცნება. მცირე ბიზნესად წარმოდგენილ კოდექსში მოაზრებულია არა მცირე ზომის საწარმოები, ფირმები ან კომპანიები, არამედ მხოლოდ ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა 200 ათას ლარზე ნაკლებია. ხილო მცირე ზომის იურიდიული პირები მცირე საწარმოს სტატუსს ახალი ინიციატივების შესაბამისად ვერ მიიღებენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მცირე ბიზნესს არ მოეთხოვება ბუღალტერიის წარმოება, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა (მუხლი 92.1). მაშინ, როცა წარმოდგენილი კოდექსის სხვა მუხლები განსხვავებულს გვამცნობს. მაგალითად - "მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომლის წესები რეგულირდება ფინანსთა მინისტრიეს ბრძანებით~ (მუხლი 92.7). გარდა ამისა, პრეზენტაციაზე განცხადდა, რომ მცირე ბიზნესი დაიბეგრება მხოლოდ ერთი გადასახადით, ანუ ბრუნვის გადასახადით და სხვა გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება მათ არ აქვთ. რეალურად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა დააკავოს გაცემულ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადი და იტვირთოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია. ასეთი სახის "ტექნიკური" ხასიათის ცდომილებები ახალ კოდექსსა და ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ინიციატივებს შორის საკმაოდ მრავლადაა და წარმოდგენილი პროექტის დახვეწაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა ხორციელდებოდეს. ანუ, კოდექსში უნდა ჩაიწეროს ზუსტად ის და ზუსტად ისე, რისი დეკლარირებაც და პრეზენტაციაც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მოახდინა. კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი განცხადებული ინიციატივისა და კოდექსის პროექტში ჩაწერილი ნორმის ურთიერთაცდენისა, არის ზედმეტად გადახდილი, მათ შორის ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნების თემა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ზედმეტად გადახდილი თანხების გადამხდელისთვის უკან დაბრუნება განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. წარმოდგენილი კოდექსის პროექტის მიხედვით კი (მუხლი 62) გათვალისწინებულია რიგი პროცედურები და რაც მთავარია, თანხების დაბრუნების პერიოდი გათვალისწინებულია 3 თვემდე ვადით. რაც შეეხება ავტომატურ დაბრუნებას, ეს ეხება მხოლოდ იმ გადამხდელებს, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონულ დეკლარირებას და ისიც, მათდამი ავტომატურ რეჟიმში თანხების დაბრუნების მკაცრი ვალდებულება საგადასახადო ორგანოებს არ აქვთ. კოდექსის პროექტში გამოყენებულია ფრაზები "ცალკეულ შემთხვევებში", "ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ" და "შესაძლებელია განხორციელდეს" (მუხლი 62.8). სწორედ ამგვარი ჩანაწერები იძლევა არსებულ საგადასახადო კოდექსში საკითხის ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას და სწორედ ასეთი მიდგომები ქმნიდა პრობლემებს საბოლოო ჯამში. ამგვარი გაუგებრობები და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობები ახალ კოდექსში მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს.

- ამ საკითხზე მინდოდა მეკითხა. კვლავ ხშირია ახალ კოდექსში საკითხის ორმაგი ინტერპრეტაციის ფაქტები? გამოსწორდა ამ მიმართულებით მდგომარეობა?


- კოდექსის პროექტის პირველადი შესწავლა საფუძველს მაძლევს აღვნიშნო, რომ სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორებულია, თუმცა არა სრულად და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი ნორმა დასაზუსტებელი და დასახვეწია. თუმცა, ჩემი აზრით, ახალი კოდექსისთვის "აქილევსის ქუსლად" ისევ რჩება სუბიექტივიზმის მაღალი დონე და ადამიანური ფაქტორების მოჭარბებული გავლენა პროცესებსა და საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილში. ისევ თანამდებობის პირების, კომისიების, საბჭოების, პალატების ანუ, ადამიანების გადასაწყვეტია მნიშვნელოვანი საკითხები. ანუ, ისევ ჭარბ სუბიექტივიზმთან გვექნება, სამწუხაროდ, საქმე. მაშინ, როცა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათი განხილვის, გადაწყვეტილების მიღების და გადაჭრის პროცედურული საკითხები დეტალურად უნდა იყოს კანონში გაწერილი. მაგალითად, არ შეიძლება ადამიანური სუბიექტურობის გავლენით რეგულირდებოდეს საგადასახადო დავების გადაწყვეტის ან საგადასახადო შეთანხმების საკითხები, მაგალითად, საქონლის ან მომსახურების, ასევე ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და ა.შ. მაგალითად, საგადასახადო დავების განხილვისას საგადასახადო დავების საბჭოს საქმიანობის პრინციპად დავების გადაწყვეტისას დგინდება საბჭოს "უფლებამოსილება" და არა საბჭოს "ვალდებულება" (მუხლი 269.3). ეს და ყველა ამგვარი საკითხი კანონმდებლობაში მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ კოდექსშიაც, მისი მიღებისა და ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე უცბად "აღმოჩნდება" საკითხები, რომლებიც არაეფექტურად, არასრულფასოვნად არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. და ისევ მალევე დადგება ამ ნორმების შეცვლის აუცილებლობის საკითხი. დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების პროცესში ეს ძველი შეცდომები, რაც სუბიექტივიზმითა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანური ფაქტორის მაღალი დონით იყო განპირობებული, არ გავიმეოროთ.

- ახალ კოდექსთან მიმართებაში კარგსა და თქვენს მიერ მოწონებულზე რას გვეტყვით?


- მართალი ბრძანდებით. ნაწილი იმ საკითხთაგან, რაც ძველ კოდექსში სერიოზულ კრიტიკას იმსახურებდა, ახალ პროექტში გათვალისწინებული და გამოსწორებულია. როგორც ჩანს, გარკვეულწილად დაიხვეწება ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის საკითხი და საგადასახადო ორგანოების მიერ ხარჯების გაუქმების საკითხში მეტი სიცხადე იქნება შეტანილი. დაიხვეწება გადასახადის გადამხდელის მიერ გაფუჭებული, მოძველებული და დეფექტური საქონლის ჩამოწერის პროცედურები. საინტერესოა, ბაზრებსა და ბაზრობებზე სპეციალური სავაჭრო ზონების შემოღების საკითხი, თუმცა ამ ზონების მფლობელი იურიდიული პირის მიერ მათ ტერიტორიაზე დასაქმებული მიკრო ბიზნესისათვის საგადასახადო აგენტის ფუნქციის განხორციელების და სხვა `ტექნიკური~ ხასიათის საკითხები რიგ დაზუსტებებს საჭიროებს, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო აგენტის ფუნქციის განხორციელების უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას (მუხლი 26.7). თუმცა, პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის სოლიდარულად ნაწილდება სპეციალური სავაჭრო ზონის მქონე იურიდიულ პირსა და მის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის (მუხლი 26.9). ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარირების და რიგი გადასახადების გადახდის ყოველკვარტალურ რეჟიმზე გადასვლაც, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საბოლოოდ მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრისთვის განხორციელდება (მუხლი 280.7) და 2011 და 2012 წლებში, სავარაუდოდ, მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა მცირე ნაწილს შეეხება. ამასთან, არ შემიძლია არ აღვნიშვო ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ერთი ინიციატივა. კერძოდ, 2011 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 18 %-მდე შემცირების გადავადების საკითხი. ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მიმდინარე წლისთვის მაღალია და მთავრობა პრაქტიკულად უარს ამბობს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შეპირებულ შემცირებაზე როგორც 2011, ასევე 2012 წლებისთვის. ეს პროცესი ახალი საგადასახადო კოდექსით 2013 წლის 1 იანვრამდეა გადადებული (მუხლი 280.1).

- მთავრობა აცხადებს, რომ კოდექსის ახალი რედაქცია პარლამენტს 2 კვირაში გაეგზავნება და 1 სექტემბრისთვის კი უკვე მიღებული იქნება. ხოლო ამოქმედებით, ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ხომ არ ვჩქარობთ?

- გეთანხმებით. რატომღაც ძალიან ვჩქარობთ. როგორც წესი, ყოველთვის სადღაც გვეჩქარება და ხშირად ამ სიჩქარეში "რაღაც" დეტალები მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე. ასე იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების დროსაც, ასე იყო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ცალკე გამოყოფის დროსაც, ასე იყო არა ერთი და ორი საკანონმდებლო აქტის მიღების დროს. ყოველთვის ვჩქარობთ. რეალურად კი, არსად გვეჩქარება. ყოველგვარი ზედმეტი სიჩქარისა და ძალისხმევის დაძაბვის გარეშე შესაძლებელია ამ კოდექსის პროექტის რამდენიმე საჯარო განხილვის მოწყობა და ამ განხილვებში როგორც ბიზნესის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სექტორიდან ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის პროექტის შეტანა საქართველოს პარლამენტში. თუ ხელისუფლების ნება იქნება, ყოველგვარი სიჩქარის გარეშეა შესაძლებელი საშემოდგომო სესიაზე ამ კანონპროექტის შეტანა და თუ საზოგადოებრივი განხილვები ამ დროისთვის უკვე ჩატარებული და საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული იქნა, მისი საშემოდგომო სესიაზევე მიღებაც. შესაბამისად, 1 იანვრიდან კი უკვე მისი ამოქმედება.


ესაუბრა გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48