ნანახია: 1047
2008 წლის საქართველოს ბიუჯეტში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. ამჯერად მისი შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილი 325 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტის ზრდა უმეტესწილად საერთაშორისო გრანტების ხარჯზე ხდება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა. ზოგადად ომში დამარცხებული ქვეყნის ბიუჯეტი უნდა მცირდებოდეს და დეფიციტი იზრდებოდეს, მაგრამ უკრაინის, ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ გამოგზავნილმა ფულადმა თუ სასურსათო დახმარებებმა, ხელისუფლებას საშუალება მისცა ბიუჯეტი გაეზარდა. რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს ბიუჯეტში უკვე გადმორიცხა თანხები, რამდენიმე ფულადი ტრანში უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ბიუჯეტში ცვლილებები ამ წელს უკვე მესამედ შედის. რაოდენ სასიამოვნოც არ უნდა იყოს, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი მესამედ გაიზარდა, ამის გათვალისწინებაც არ შეიძლება, რომ ბიუჯეტში ხშირი ცვლილებები ხორციელდებოდეს, რადგანაც ეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას უშლის ხელს. ამ ცვლილებების თანახმად, იზრდება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება, შესაბამისად 100 და 150 მილიონი ლარით. გასაგებია, რომ ქვეყნის თავდაცვა თითქმის აღარ არსებობს და ის სამხედრო ინფრასტრუქტურა თუ შეიარაღება, რაც ბოლო წლების მანძილზე შეიქმნა, რუსული აგრესიის შემდეგ მიწასთანაა გასწორებული, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რამდენიმე ათეული ათასი ლტოლვილი ჰყავს და გადამწვარი ტყეების ფონზე ეკოლოგიური კატასტროფის წინაში ვდგავართ, ამ სამინისტროების დაფინანსების გაზრდა ექსპერტებს არასწორ ნაბიჯად მიაჩნიათ. ასევე იზრდება განათლების 14-ით და ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 16 მილიონი ლარით. 215 მლნ-ით იზრდება თვითმმართველობების დაფინანსება, მათ შორის დედაქალაქის დაფინანსებაც, რადგან საომარი მოქმედებების დროს თვითმმართველობებმა წინასწარ დაგეგმილი შემოსავლების დიდი ნაწილი დაკარგეს. ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსების ზრდის პარალელურად მცირდება სხვადასხვა ორგანოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობა. 12 მილიონით დაიკლებს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება, რაც უმეტესად ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოს შეჩერებით არის გამოწვეული. ასევე 4 მილიონი ლარით მცირდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებაც. სტაბილური განვითარების ფონდში ჩასარიცხი 191 მილიონი ლარი კი ფონდში აღარ ჩაირიცხება და ახალ პრიორიტეტებს მოხმარდება. ბიუჯეტში ახალი ცვლილებების თანახმად დაფინანსება შეუმცირდათ საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს, შესაბამისად 300 და 950 ათასი ლარით, რამაც უარყოფითი რეზონანსი, როგორც ოპოზიციაში ასევე საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოიწვია. მართლაც, რომ საკვირველია, მაშინ როდესაც მარტო ბორჯომის რაიონში 900 ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, ლოგიკურად ამ სამინისტროს დაფინანსება უნდა გაზრდილიყო. პარლამენტმა კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსება შეუმცირა. იმ პირობებში კი, როდესაც რუსეთთან სამხედრო თვალსაზრისით ომში დავმარცხდით, ერთადერთ საბრძოლო იარაღად დიპლომატია გვრჩება. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დღესდღეობით ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია და გარკვეულწილად ამ უწყების საქმიანობის პროდუქტიულობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ დროს კი დაფინანსების შემცირება და ფინანსურად შეზღუდვა სამინისტროს საქმიანობას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. ასეა თუ ისე, საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს. რამდენად სწორად არის იგი შედგენილი და რა შედეგებს მოიტანს ბიუჯეტის ახალი ცვლილებები, ამაზე მხოლოდ წლის ბოლოს შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ასე რომ, დაველოდოთ წლის ბოლოს და იმედი ვიქონიოთ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ქვეყნისთვის დღესდღეობით აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას მოხმარდება და კონკრეტული ხალხის ჯიბეების გასქელებისკენ არ იქნება მიმართული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ იშვიათი მოვლენაა.
მერაბ ჯანიაშვილი
|