ნანახია: 959
ბენდუქიძის "ტაბულა" პითაგორას "ტაბულაზე" მართალია
"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები მოიგო. როგორ მოიგო და რატომ მოიგო, ეს პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების შესაფასებელია. მთავარია, რომ სახელისუფლებო ძალა დღეს გამარჯვებულია და ამ გამარჯვებით ტკბება. ხელისუფლებას ახლა გასაკეთებელი ბევრი აქვს და შემდეგ არჩევნებამდე აუცილებლად გააკეთებს იმდენს, რომ ის არჩევნებიც მოიგოს. დღეს ქვეყნის მმართველი ძალა უკვე აღარ საუბრობს გაკეთებულზე, უფრო მეტად გაკეთებულის ჩამორეცხვას ცდილობს. ჩამოსარეცხად გაკეთებული კი მართლაც ბევრი აქვს. თუმცა, ჩამომრეცხავებიც ბევრი ჰყავს, ისეთები, რომლებსაც საზოგადოებაზე ზემოქმედების საკმარისზე მეტი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი აქვთ. 31 მაისს გამოცემულ ჟურნალ "ტაბულაში" გამოქვეყნდა მასალა სათაურით - "რუსული ფული ქართულ ეკონომიკაში - მითი თუ სინამდვილე", სადაც ავტორი ცდილობს გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ბენდუქიძის მმართველობის პერიოდში ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალი გაბატონდა. ავტორი ყოფილი სტატისტიკის დეპარტამენტის და ამჟამად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს დაასაბუთოს, რომ 2004-2008 წლებში ქართულ ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 3%-ია. ამ მთავარი არგუმენტის კვალდაკვალ სტატიის ავტორი საუბრობს "სტრატეგიული ობიექტის" ცნების გაქრობასა და იმ ფაქტზე, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსული ფული შევარდნაძის პერიოდში შემოვიდა. დავიწყოთ იმით, რომ დასკვნების გაკეთება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ, ყოფილი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. საქმე ისაა, რომ ბენდუქიძის მმართველობის და კონკრეტულად ინვესტიციების წარმომავლობის შეფასება, გაცილებით სერიოზულად ჩასარღმავებელი საკითხია, ვიდრე ამის შესაძლებლობას, ბენდუქიძის მოწყობილი და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები იძლევა. ეკონომიკის მინისტრობის პირველივე დღეებში ბატონმა ბენდუქიძემ არ ცნო სტატისტიკის დამთვლელი დამოუკიდებელი ორგანო და ის ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა. ძალიან რომ სდომებოდა ბენდუქიძეს რეალური სტატისტიკის დადგენა, ინსტიტუციურად ასე მოწყობილი სამსახური ობიექტურად არ შეიძლებოდა ყოფილიყო ობიექტური. დაქვემდებარებული ზემდგომს ვერ შეაფასებს. როგორც ჩანს, ბენდუქიძემ თავიდანვე იცოდა, რის გაკეთებას აპირებდა და იმიტომაც მოაწყო ასე სტატისტიკის დამთვლელი სტრუქტურა. ვის ვის და ბენდუქიძეს ნამდვილად არ ესწავლება რეალური სტატისტიკის მნიშვნელობა დაგეგმვის პროცესში. სწორედ ბენდუქიძის სიტყვებს გავიხსენებთ, რომელიც ჟურნალ "ტაბულას" ხსენებულ ნომერში გამოქვეყნდა. "ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავითვლით. თორემ სულ ყინულზე ვსრიალებთ", - ასე გვარიგებს "გასრიალებულ" ქართველებს კახა ბენდუქიძე. თავის დროზე სწორედ თქვენ "გაასრიალეთ", ბატონო კახა, ქართველები და საქართველოს ეკონომიკა, როდესაც სტატისტიკის დამოუკიდებელი სამსახური გააუქმეთ და საკუთარი ინტერესების შესაბამისი რეალობა შემოგვთავაზეთ! განხილვის, დათვლის და გაანალიზების უნარი, რომელსაც ასე დასცინით დღეს, სწორედ თქვენ და თქვენმა რეფორმებმა წაართვა ქართული ეკონომიკის ნორჩ მენეჯერებს. ან კი რა საჭიროა განხილვა, დათვლა და გაანალიზება, თქვენ ხომ თვლით, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს და სტრატეგიული ობიექტის ცნება უსარგებლოა?! ერთი სიტყვით, ბენდუქიძის მიერ დაფინანსებული ჟურნალის ავტორი ისე ითვალისწინებს საკუთარი მეპატრონის ინტერესებს, როგორც თავის დროზე ითვალისწინებდა სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებს. მას არგუმენტის დასამტკიცებლად ნაჩვენები აქვს 2004-2008 წლებში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შემომტანი ქვეყნები და პროცენტული წილების შესახებ გრაფიკი. დიდი ბრიტანეთი – 10.7%, არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 9.2%, ნიდერლანდები – 8.6%, თურქეთი – 8.6%, ა.შ.შ. – 8.0%, ვირჯინიის კუნძულები – 7.1%, ყაზახეთი – 5.5%, ჩეხეთი – 4.9%, კვიპროსი - 4.6%, ბაჰამის კუნძულები – 3.7%, რუსეთი – 3.3%, სხვა – 26.0%, - ამ ქვეყნებიდან შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, მაშინ როდესაც "ყველაფერი იყიდება(ოდა)", როგორც ეს 90-იანი წლების ერთ სიმღერაშია. არ ვიცი, იყო თუ არა "ქართული შოუ ბიზნესის" სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ სიმღერის შემსრულებელი კვირას გიგი უგულავასთვის მისალოცად მისული, მაგრამ ვიცი, რომ ამ ჟურნალის რედაქტორი ნამდვილად ეახლა და მიულოცა! ხსენებული სტატიის ავტორმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ეს ინვესტიციები, ძირითადად, ოფშორიდან შემოდის. არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კვიპროსი და ბაჰამის კუნძულები მთლიანად ოფშორია. ყაზახური ფული რომ ნამდვილად რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, არც ესაა სადაო. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ყველამ კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქების ფინანსური რესურსების 70%-ზე მეტი სწორედ ბრიტანულ ბანკებშია განთავსებული. რუსეთი 3.3%-ით "ტაბულას" რეიტინგში ბოლო ადგილზეა. რატომღაც სწორედ რუსულ კომპანიებთან ასოცირებულ კომპანიებს იცნობს ყველაზე კარგად საზოგადოება. ვირჯინიულ, ბაჰამურ და კვიპროსულ ინვესტიციებზე აღმოცენებულ მრეწველობას კი ვერავინ იხსენებს. პასუხად "ტაბულას" ავტორი ამბობს, - "ყველაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურისა და ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მიყიდვას ჩეხური Energo Pro-სთვის" და შემდეგ გვიყვება, თუ რამდენად ჩეხია ჩეხი მილიარდერი ჯარომირ ტესა და როგორ დაესწრო Energo Pro-სთან ხელშეკრულების გაფორმებას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. ჩეხური ბროლივით გამჭვირვალე ყოფილა ყველაფერი! ძალიან კარგი, რომ ჩეხურია და ამით Energo Pro-სთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლდა, მაგრამ ჩეხური იყო "ბლოკჯორჯიაც", რომელმაც ჩეხეთის ერთ-ერთ ბანკში სესხი ვერ აიღო და ჰოსპიტალური რეფორმა ჩააგდო. "ტაბულას" ავტორი ამბობს, - "განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა სტრატეგიული ობიექტის ცნების გაქრობას". შევახსენებთ ბატონ ბენდუქიძეს, რომ სტრატეგიული ობიექტის ცნება არ გამქრალა, უბრალოდ, მან სტრატეგიული ობიექტები გაყიდა. საერთოდ, საზოგადოებაში ამა თუ იმ ცნების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი, ან თუნდაც ერთი ჟურნალი ვერ მიიღებს. ცნება ცოცხალია მანამ, სანამ მას იყენებენ. გავიდეს ბენდუქიძე ქუჩაში და ჰკითხოს ხალხს, რომელმაც ანგარიში არ იცის, არსებობს თუ არა ცნება "სტრატეგიული ობიექტი", რომლის არსებობასაც თავადაც აღიარებს. სწორედ ბენდუქიძეა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მთავარი დამფასებელი, სწორედ მის დროს გაიყიდა ის ობიექტები, რომელსაც საზოგადოება სტრატეგიულად თვლის და სწორედ რუსებს მიეყიდა, რატომღაც, თავისუფალი ბაზრის პირობებში.
ზურა კუკულაძე
|