ნანახია: 1408
ბანკი "რესპუბლიკა" კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს 2-წლიანი ვადიანობის სესხს სთავაზობს
სს ბანკი "რესპუბლიკა" კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად) 2-წლიანი ვადიანობის სესხს სთავაზობს. სამშაბათს აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაციაზე ბანკის საცალო-საბანკო სამსახურის უფროსმა გიგა სულაძემ განაცხადა, რომ სესხი უზრუნველყოფის გარეშე, ლარში გაიცემა, რაც მსესხებელს სავალუტო რისკისგან დაიცავს. სესხის უპირატესობა ფიქსირებული საპროცენტი განაკვეთია -19%. მოცულობა არ არის შეზღუდული, დაზღვევას კი მსესხებელი საჩუქრად მიიღებს. საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში მსესხებელი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ან ნებისმიერი სხვა პირი. მეოთხე კურსის სტუდენტმა შეიძლება თავადაც აიღოს სესხი, თუ ის უკვე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. უნივერსიტეტში ამ დროისთვის 300-ზე მეტი სტუდენტია, რომელთა 80% დასაქმებულია. სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში მსესხებელი შესაძლოა იყოს მშობელი, ან სხვა პირი. მთლიანი კურსი 5 800 - 7 200 ლარი ჯდება (თითოეული საგანი -600 -700 ლარი). ამ დროისთვის ანალოგიური პროდუქტის მქონე ბანკებიდან ყველაზე გრძელვადიანი სესხი (საბაკალავრო პროგრამისთის -10 წელი, სამაგისტრო -5 წელი) "ბაზისბანკს" გააჩნია. სესხის წლიური განაკვეთი 16%-დან იწყება და ორი პირის თავდებობით გაიცემა. "საქართველოს ბანკს" გააჩნია ერთწლიანი სესხი ფიქსირებული 28%-იანი განაკვეთით, "თიბისი ბანკიც" ძირითადად გასცემს ერთწლიან სესხს (თვიური გაძვირება -2,4%), თუმცა "ამერიკული უნივერსიტეტის", "კავკასიის უნივერსიტეტის" და "თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის" 18-19%-იანი სესხი უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაიცემა. სტუდენტური სესხები ლარშია დენიმინირებული.
|