ნანახია: 1062
საერთაშორისო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩინური ექსპორტი შეამცირა
გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ჩინეთს გაცილებით უფრო სწრაფად იპყრობს, ვიდრე ექსპერტები სულ რამდენიმე კვირის წინ ვარაუდობდნენ. პირველად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩინური ექსპორტი კლებას განიცდის. ექსპორტის ვარდნის ოფიციალურ ციფრებს ჯერ კიდევ ელოდებიან. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო დპა-ის მონაცემებით, რომელიც გაზეთ "21 საუკუნის ბიზნეს ჰერალდს" ეყრდნობა, ჩინეთში გადაზიდვების მაჩვენებელი 100 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ ვარდნამ ჩინეთის მთავრობა ძლიერ შეაშფოთა. ჩინეთის ცენტრალბანკის მრჩეველმა და ეკონომიკის ექსპერტმა ფან განგმა, გასულ სამშაბათს პეკინში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე დაადასტურა ნოემბერში ექსპორტის ვარდნა. მისი პროგნოზით, მოსალოდნელია ეკონომიკის 5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი კლების ტენდენციებს შეინარჩუნებს.
გამოსავლის ძიებაში პოლიტიკური ელიტა ექსპერტებთან კონსულტაციებს მართავს
სამშაბათს სრულდება ჩინეთის მთავრობის ყოველწლიური, სამდღიანი ეკონომიკური კონფერენცია. საინფორმაციო სააგენტო "სინჰუამ" გაავრცელა ცნობა, რომ მთავრობის სამომავლო გეგმა მიზნად ისახავს ჩინეთის ეკონომიკის 8 პროცენტიან ზრდას. სწორედ ამ კონფერენციაზე გამოჩნდება, თუ რა სტრატეგიით აპირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ეკონომიკის გლობალური ვარდნის ფონზე სასურველი მიზნის მიღწევას. მილიარდიანი ერი, თავს დაუზღვევლად გრძნობს მზარდი კრიზისის პირობებში. თავდაცვის ინსტიქტი კარნახობს მათ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ხარჯები. მცირდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. გასულ წელთან შედარებით 10,3 პროცენტით დაეცა ავტომობილებით ვაჭრობა. ასევე მცირდება იმპორტის მაჩვენებლებიც, ტაივანური იმპორტი ჰონკონგსა და მთლიანად ჩინეთში 38,5 პროცენტით შემცირდა. ჩინური ექსპორტის კლების ტენდენციის ფონზე, კრიზისიდან გამოსვლის გზად, ექსპერტები ჩინურ ბაზარზე მომხმარებელთა სტიმულაციას თვლიან. სწორედ ამიტომაც, კონფერენციის მთავარი თემად გამოცხადებული 455 მილიარდ ევროიანი კონიუქტურული პროგრამაა. მოცემული თანხის ნახევრით იგეგმება რკინიგზების, ქუჩების, აეროპორტების მშენებლობა, ასევე სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების დაფინანსება. მათი აზრით, ეს იქნება დასაქმებისა და შემოსავლის ზრდის საუკეთესო გზა.
თითქმის რეცესია
საქმიანი ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში ყურადღებით ადევნებენ თვალს სააგენტო "როიტერის" ცნობებს, რომელიც ეყრდნობა ლიდერი ქვეყნების კონფერენციებს. იმ შემთხვევაში, თუ გამართლდება პროგნოზი და ჩინეთის ეკონომიკა დასახულ 8 პროცენტიან ზრდას შეძლებს, იგი იქნება სტაბილურობის ღუზა ტურბულენტური მსოფლიო ეკონომიკისათვის.
თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ისეთი მზარდი ინდუსტრიული ეკონომიკის ქვეყნისათვის, როგორიც ჩინეთია, 7 პროცენტიანი, ან კიდევ ნაკლები ეკონომიკური ზრდის ტემპი, თითქმის რეცესიის ტოლფასია. ჩინელების დასაქმების პრობლემების წარმოქმნის გარდა, სამუშაო ადგილების შემცირება იმ 100 მილიონიან მიგრანტთა არმიის უმუშევრობასა და უკმაყოფილებას გამოიწვევს, რომლებიც ყოველწლიურად „შტურმავს” ჩინურ ბაზარს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით განთავისუფლებებისა და დათხოვნების შეჩერება ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს და სოციალურ დაძაბულობას გამოიწვევს. თუ რა ძალის ცეცხლი შეუძლია დაანთოს ეკონომიკურმა კრიზისმა, კარგად გვაჩვენა მუშათა პროტესტმა, რომელიც ჰონკონგში ერთ-ერთი სათამაშოების ქარხნის დახურვას მოჰყვა. მაშინ მასობრივი არეულობა რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
ნინო ნიკოლაიშვილი
|