ნანახია: 711
წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა პერმანენტულად უფასურდება. 2010 წლის 1 იანვრიდან 11 მაისამდე ლარი დოლარის მიმართ 1,69-დან 1,77-მდე (4,7%-ით) გაუფასურდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტს აძვირებს, ხოლო საქართველოს საგარეო ვაჭრობაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 75%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტს მხოლოდ 25%-ი უჭირავს, მაშინ ცხადი ხდება, რომ ლარის გაუფასურება ინფლაციის პირდაპირი მასტიმულირებელია. მიმდინარე წელს დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება იმპორტიორებმა მალევე ასახეს პროდუქციის ფასზე. მაგალითად, ფარმაცევტებმა 400 დასახელების მედიკამენტი საშუალოდ 6%-ით გააძვირეს, არც ნავთობიმპორტიორები ჩამორჩნენ და საწვავზე მათაც გაზარდეს 5-10 თეთრით ფასები. იმპორტიორები ერთიმეორის მიყოლებით ზრდიან ფასებს. იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების პარალელურად, 2010 წლის იანვრიდან დღემდე, ინფლაციაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თვიურმა ინფლაციამ იანვარში 1,1 პროცენტი, თებერვალში - 1,5%, მარტში - -0,2%, ხოლო აპრილში 0,2% შეადგინა. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სამომხმარებლო კალათაზე, ფასების ზრდის წლიურ საერთო მაჩვენებელშიც. თუ იანვარში წლიური ინფლაცია 2,7%-ს შეადგენდა, აპრილში ფასების ზრდამ უკვე 5,6%-ს მიაღწია. ფაქტია, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ აისახება საქართველოში არსებული პროდუქციის უმეტეს ნაწილის გაძვირებაზე, რაც, თავის მხრივ, ინფლაციის ზრდას იწვევს, რომლის გამოც ეროვნული ვალუტის დაკარგული მსყიდველობით უნარიანობა კიდევ უფრო აკნინებს მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან მოყოლებული, ლარის კურსის პერმანენტული გაუფასურების პარალელურად ინფლაციაც იზრდება, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მინიმალური ჩარევით ცდილობს ფონს გასვლას და ცდილობს ლარის კურსის ფორმირება მთლიანად ბაზარს მიანდოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელსაც სებ-ს ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციის საწინააღმდეგოდ ბრძოლის ბერკეტები არ გაუმკაცრებია, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 2010 წლის დასაწყისიდან 5%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ფასები ჯერ-ჯერობით ზრდას განაგრძობს. ეკონომიკის ექსპერტები ერთსულოვნები არიან იმ საკითხში, რომ ქვეყნის უზარმაზარი უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს გამო, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ აისახება საქართველოში პროდუქციის გაძვირებასა და შესაბამისად, ინფლაციის ზრდაზე. ექსპერტებს ორი კითხვით მივმართეთ, გამოიწვია თუ არა ლარის გაუფასურებამ საქართველოში პროდუქტების ფასების ზრდა და რა როლი მიუძღვის ამ პროცესებში საქართველოს ეროვნულ ბანკს? "გამოიწვია უკვე და მეტი რაღა უნდა მოხდეს? ეს ავტომატურად ხდება, როცა საგარეო ვაჭრობაში 80% იმპორტზე მოდის, როცა ზარალშია დოლარში ნაყიდი პროდუქცია, ლარის კურსის ვარდნა ავტომატურად ხდება ამ პროდუქტების გაძვირების მიზეზი. რასაკვირველია, ამან შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შეაფერხოს, რაც გაყიდვებს შეამცირებს, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს პრობლემა საქართველოში ჯერ ისე მწვავედ არ დგას, ამიტომაა, რომ ლარის გაუფასურება ფასების ზრდას ავტომატურად იწვევს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. "ლარის კურსის გაუფასურება აუცილებლად მოახდენს ქვეყანაში ფასების ზრდაზე ზეგავლენას. პროდუქტი რომ ძვირდება, ამას ჩვენ ყველანი ვატყობთ. ფასების ზრდა განსაკუთრებით პირველადი მოთხოვნის საგნებზე შეინიშნება. მოსახლეობა ამას მალევე შეიგრძნობს. ლარის კურსის გაუფასურება ძირითადად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითაა გამოწვეული, რომელიც, თავის მხრივ, ასევე განპირობებულია უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტით. ესაა მთავარი ფაქტორები იმისა, რომ ლარის კურსი სუსტდება. ბუნებრივია, ადამიანებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი და ამ დროს კიდევ იმპორტირებული პროდუქცია სისტემატურად ძვირდება, მსყიდველობითუნარიანობა უუარესდებათ. რაც შეეხება ინფლაციას. იგი ფორმალურად შეიძლება ერთნიშნა იყოს, ამას სტატისტიკაც აჩვენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება და, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ევრობანკის მთავარმა ბანკირმა ირაკლი კოვზანაძემ. "ლარის გაუფასურება პირდაპირ იწვევს საქართველოში პროდუქციაზე ფასების ზრდას. ჩვენს ბაზარზე არსებული პროდუქტი, ძირითადად იმპორტირებულია და შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება, პირდაპირაა დაკავშირებული ბაზარზე ფასების ზრდასთან. სხვა ქვეყნებში ასე არაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბაზრის სტრუქტურა, ინფლაციური პროცესების პირდაპირი გამომწვევია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. "რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურების გამო, საქართველოში ინფლაცია გაიზრდება. იმიტომ, რომ საქართველოს სამომხმარებლოს ბაზარზე ძალიან მაღალია იმპორტირებული საქონლის ხვედრითი წილი. ამ საქონლის აბსოლიტური უმეტესობა ნაყიდია დოლარებში, რომლის გამყარება ლართან მიმართებაში საქონლის გაძვირებასაც იწვევს", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური. "ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად იმპორტზეა ორიენტირებული. ჩვენი საგარეო სავაჭრო სალდო არის საშინლად უარყოფითი, სადაც იმპორტი ექსპორტს 3-ჯერ აღემატება. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ლარის კურსზე, რადგან ჩვენი ვალუტის კურსს განაპირობებს უცხოურ პროდუქტებზე, იმპორტირებულ საქონელზე, ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა. ეს თავისთავად განაპირობებს მოთხოვნას იმ ვალუტაზე, დოლარზე, რომლითაც უნდა მოვახდინოთ პროდუქტების იმპორტი. შესაბამისად, ლარის მსყიდველობითი უნარი ეცემა", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. ზემოთ აღნიშნული საკითხისგან განსხვავებით, ექსპერტების აზრი გაიყო ლარის კურსის გაუფასურებასა და ამ პროცესებში ეროვნული ბანკის როლთან დაკავშირებით. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ხელოვნურად უწყობს ხელს, - "ძალიან რთულია იმის ახსნა, რატომ უწყობს ხელს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას მაშინ, როდესაც შესაძლებლობა აქვს ეს პროცესი შეაჩეროს. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის სავალუტო რეზერვი 2 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ლარის სიმყარისთვის საკმარისი თანხაა და რატომ არ იყენებს ამას ხელისუფლება, გაურკვეველია. როგორც ჩანს, რაღაც მიზანი აქვს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია". თითქმის ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ლევან კალანდაძეც, თუმცა მისი თქმით, ზემოაღნიშნული პრობლემისადმი სებ-ის ინერტულობის მიზეზები სახაზინო ვალდებულებებშია. "ეროვნული ბანკის ინერტულობა ორი რამით არის განპირობებული. პირველი, ლარის გაუფასურების პირობებში კომერციული ბანკები ორიენტირებული არიან სპეკულაციურ ოპერაციებზე და შესაბამისად, მაღალი მოგების მიღებაზე, რასაც გარკვეულწილად სებ-ი მთავრობასთან ერთად ახალისებს. მეორე, ესაა ნების არარსებობა, რომ სიტუაცია მოთოკოს და კურსი დაიჭიროს. ანუ ინტერესი იმისა, რომ ბანკებმა მეტი მოგება მიიღონ, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ის, რომ საზოგადოების სამომხმარებლო უფლება იყოს დაცული. რის საფუძვლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტორი, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის ფორმირებაში დღეისათვის კომერციული ბანკები აქტიურად მონაწილეობენ და მათთვის არახელსაყრელი პირობების შექმნა, შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ სახაზინო ვალდებულებები, რომელიც წელს 350 მილიონით იყო განსაზღვრული, მაგრამ სავარაუდოდ, 450 მილიონი გახდება, შეიძლება ბანკებმა აღარ იყიდონ", - აცხადებს ლევან კალანდაძე. სებ-ის უმოქმედობის მიზეზების ახსნა უჭირს ნოდარ ხადურსაც, - "ამ სიტუაციაში, ძალიან საინტერესოა, ეროვნული ბანკის ინერტულობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არჩევნებია ჩასატარებელი, არჩევნების წინ კი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ხოლმე, რომ კურსი იყოს სტაბილური და პროდუქტებზე ფასების ზრდა არ მოხდეს. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, სებ-ის ასეთი დამოკიდებულება ლარის კურის გაუფასურების მიმართ". ოპტიმისტურადაა განწყობილი ირაკლი ლექვინაძე, - "ეროვნული ბანკი, იმედია, არ დაუშვებს ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას, რადგან ეს ინფლაციის პირდაპირი მასტიმულირებელი იქნება. სებ-ის მთავარი ფუნქცია კი სწორედ ინფლაციის წლის დასაწყისში განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევაა. მას ამისათვის საკმარისი ფინანსური რეზერვები გააჩნია. ირაკლი კოვზანაძე დღეისათვის არსებულ სიტუაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორება საჭიროა და ამას მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალები არ ეყოფა, - "ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაა. ჯერ-ჯერობით, საგანგაშოს ამ მხრივ ვერაფერს ვხედავ, რადგან ლარის კურსის გარკვეულ პარამეტრებში შენარჩუნება ხდება. როგორც ჩანს, კურსი 1,8-ს ფარგლებში იქნება შენარჩუნებული, მითუმეტეს, ეროვნულ ბანკს ამისათვის საკმარისი რეზერვები გააჩნია. სხვა თვალსაზრისით ამ სიტუაციის გამოსწორება და მოსახლეობისათვის მდგომარეობის შემსუბუქება მარტო ეროვნული ბანკის ძალებით ძალიან ძნელი იქნება. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლარის კურსის დაცემამ დოლარის მიმართ, ბაზარზე ფასების და შესაბამისად, ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია. საინტერესოა ამ მხრივ ეროვნული ბანკის ინერტულობა, რომელსაც ამ პროცესების შეჩერება (მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება მაინც) ორივე ეტაპზე შეუძლია. ერთი, რომ კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს და მისი გაუფასურება არ დაუშვას, რაც შესაბამისად, იმპორტიორებს პროდუქციას აღარ გაუძვირებდა. მეორე, თუ ლარის კურსის დადგენა სებ-ს ბაზარზე მინიმალური ჩარევით უნდა, მაშინ ინფლაციის შესამცირებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. თუმცა, აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ წლებია საქართველოში იმპორტის ხელშემწყობი პოლიტიკა მიმდინარეობდა და ამის გამოა, რომ დღეისათვის ქვეყანას უზარმაზარი უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი აქვს, რომლის გამოსწორებაც ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება. ასევე აღსანიშნავია, იმპორტიორების უპასუხისმგებლო ქმედებებიც, რომლებიც სამ წლის მანძილზე, როცა ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდებოდა, ფასების შესამცირებლად თავს დიდად არ იკლავდნენ, ხოლო კურსის დაცემისთანავე ახდენენ პროდუქციის გაძვირებას. ამ მდგომარეობიდან ქვეყნის ეკონომიკის გამოყვანა მარტო ეროვნულ ბანკს გაუჭირდება, თუმცა მცირე შეღავათი რომ მისცეს ლარის კურსის არასტაბილურობისგან გაწვალებულ და ინფლაციისგან შემოსავალშემცირებულ მოსახლეობას, ეს მას უდაოდ ძალუძს.
მერაბ ჯანიაშვილი
|