ნანახია: 606
საბანკო ომბუდსმენის საჭიროება ეროვნული ბანკის უფუნქციობამ გააჩინა საქართველოში საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება. იდეის ავტორების განმარტებით, დღეს არსებული სიტუაცია ბანკებს და კლიენტებს შორის ომბუდსმენის შექმნის აუცილებლობას ბადებს. მათი განმარტებით, ის იქნება კლიენტების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც ბანკებს არ მისცემს უფლებას, უგულვვბელყონ მომხმარებლის ინტერესები. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა საქართველოში მართლაც არსებობს, ვინაიდან ბანკების მსხვერპლი ძალიან ბევრი ადამიანი ხდება. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, კლიენტები საქართველოში არც ისე დაჩაგრულები არიან და ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ იმ სარჩელებს გადავხედავთ, რომლებიც საბანკო ასოციაციაში შედის: "მომხმარებელთა უფლებებს საქართველოში კანონი და ეროვნული ბანკი იცავს. სასამართლოში ვერც ერთ სარჩელს ვერ ნახავთ, სადაც მომხმარებელთა უფლებები დარღვეულია. საჩივრები, რომლებიც ჩემთანაცაა შემოსული ძირითადად იმაზეა, რომ მომხმარებლებს არ აქვს წაკითხული კონტრაქტი. მათAან არ ჩათვალეს საჭიროდ, ან დაეზარათ, ან წაიკითხეს, მაგრამ ვერ გაიგეს და ა.შ. ეს კი მათი პრობლემაა და არა ბანკის. ბუნებრივია, რომ ბანკების მიერ შედგენილ კონტრაქტში ბანკის სასარგებლოდ უფრო მეტი პირობა წერია, ვიდრე მომხმარებლის". მისი აზრით, ომბუდსმენის შექმნის აუცილებლობა საქართველოში არ დგას, თუმცა არც მისი შექმნით დაშავდება რამე. თვლის, რომ იდეა არ არის ურიგო. მითუმეტეს, რომ საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს: "ეს არის აბსოლიტურად თავისუფალი, ნებაყოფლობითი ინსტიტუტი. უცხოეთში ამის ანალოგი არსებობს. იქ ომბუდსმენები არიან ხანში შესული, პენსიაზე გასული ბანკირები, რომელთაც ყველა ნდობას უცხადებს - მომხმარებელიც და ბანკიც". რაც შეეხება დაფინანსებას, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ სამსახურის საბანკო სექტორიდან დაფინანსება ნაკლებად შესაძლებელია. უცხოეთში კი ომბუდსმენი ფინანსდება ორივე მხარის მიერ. შეთანხმებისამებრ იხდის კლიენტიც და ბანკიც. მიუხედავად იმისა, თუ ვის გაამართლებს ის. საბანკო ომბუდსმენის შექმნის აუცილებლობას ვერც ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ხედავს, თუმცა თვლის, რომ არ იქნება ურიგო, თუ ეს ინსტიტუტი პარალელურ რეჟიმში იარსებებს და იზრუნებს არა მარტო კლიენტების, არამედ ბანკების ინტერესების დაცვაზეც: "კლიენტების უფლებებს საქართველოში კანონმდებლობა იცავს და ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ომბუდსმენის შექმნა არ არის აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამართული კანონმდებლობა არსებობს, კლიენტების უფლებებს ადვოკატი იცავს. რაკი ჩვენთან ეს სისტემა არცთუ გამართულად მუშაობს, ომბუდსმენის შექმნა არ იქნება ურიგო. ამით დაცულნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კრიზისულ სიტუაციაში დავალიანებას ვერ იხდიან და ყველაფერს უყიდიან. მართალია, ეს იურიდიულად სწორია, მაგრამ უამრავი ადამიანი ამის გამო უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს. ასეთ პირობებში ვერც ბანკი გაიხარებს და პოლიტიკური პრობლემებიც გაჩნდება. ამიტომ, ყველაფერი გონივრულად ასაწონ-დასაწონია. ის, რომ ბანკებს დავალიანება უნდა დაუბრუნდეთ, არ ექვემდებარება განხილვას, მაგრამ არც კლიენტები უნდა ჩავყაროთ გამოუვალ სიტუაციაში. ამ სირთულეებს სწორი შეფასება და მიდგომა სჭირდება, რათა ყველაფერი ისე მოგვარდეს, რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს დაზარალებული. საბანკო სექტორი მეტად მნიშვნელოვანი სექტორია. ხელშეუხებელი უნდა იყოს, როგორც ბანკის და ბანკირთა ინტერესები, ისე კლიენტების. ჩვენთან, სამწუხაროდ, არც ერთი სრულდება და არც მეორე და ამ სიტუაციაში ყველაზე დაჩაგრულები მაინც კლიენტები არიან. მათ მიმართ დამოკიდებულება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არანაირ ნორმებში არ ჯდება. კარგი იქნება, თუ ეს იდეა განხორციელდება, ოღონდ პარალელურ რეჟიმში. არ შეიძლება, რომ ცალმხრივი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. კლიენტების უფლებები ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ბანკებისა და ბანკირების უფლებები და ინტერესები. ეს ყველაფერი კი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მიდგომით უნდა მოხდეს. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მაინც კლიენტები არიან, რადგან ბანკირები გავლენიანი ხალხია და თავის დაცვა შეუძლიათ. ისინი თავიანთ კლიენტებს ისე ექცევიან, როგორც მოესურვებათ". საბანკო ომბუდსმენის მიმართ განხვავებული და ცალსახა დამოკიდებულება აქვს ექსპერტ ნოდარ ჯავახიშვილს. მისთვის გაუგებარია, ომბუდსმენის ფუნქციები და თვლის, რომ ეს არაფრის მომცემი ინსტიტუტია: "არ ვიცი, რა იქნება ომბუდსმენის ფუნქციები. ის, რომ უცხოეთში არსებობს ამის ანალოგი, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც უნდა იყოს. ბანკის მომხმარებელია ნებისმიერი მოქალაქე და საწარმო დაწესებულება. მომხმარებლის ინტერესებს ეროვნული ბანკი უნდა იცავდეს და ყოველგვარი დამატებითი ომბუდსმენები ზედმეტად მიმაჩნია. ამ იდეის განხორციელება შეუძლებელია. მაშინ უნდა დავწვრილმანდეთ და შევქმნათ კარტოფილის მომხმარებელთა დამცავი ასოციაცია, პურის მომხმარებელთა და ა.შ. თუ ბანკში ადამიანების, ქვეყნის, ეკონომიკის საწინააღმდეგო რაიმე ხდება, პასუხი ეროვნულ ბანკს უნდა მოვკითხოთ და არა ომბუდსმენს. შეიძლება ამ იდეას რაიმე დადებითი მხარეც ჰქონდეს, მაგრამ საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების ცალკე დაცვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს ცალკ-ცალკე დამცველი ადამიანური არსებობის ყველა მიმართულებაზე". როგორც იკვეთება, ამ იდეასთან დაკავშირებით აზრი არაერთგვაროვანია. ერთნი თვლიან, რომ მისი განხორციელება ურიგო არ იქნება, მეორენი კი მას შეუძლებლად მიიჩნევენ. ფაქტია, რომ ხალხში დაუცველობის შეგრძნება გაჩნდა და იმისთვის, რომ თავი მშვიდად და დაცულად იგრძნონ, დამატებითი ომბუდსმენები სჭირდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, უკეთეს შემთხვევაში, გამართულად ვერ მუშაობს, რადგან ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს, რომ მას კანონი იცავს. ამის მიზეზების დასადგენად და იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი მომხმარებლის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ჩვენ ეროვნული ბანკის პიარ-სამსახურს მივმართეთ, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. თაკო მათეშვილი
|