ნანახია: 690
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის შვილობილი კომპანია საქართველოში "HSBC ბანკი საქართველოს" რამდენიმე წელია რაც ქართულ საბანკო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახდა. ქართულ ბაზარზე მის შემოსვლას ექსპერტები დიდი იმედებით შეხვდნენ, მაგრამ ბანკი რატომღაც პასიურად მოღვაწეობს და პრაქტიკულად ბაზარზე არ ჩანს, რაც მსოფლიო დონის ბანკის მიდგომებს და პრიორიტეტებს ნამდვილად არ შეესაბამება.
ბანკში ამას შემდეგნაირად ხსნიან: "HSBC-ს მიდგომა განსხვავებულია სხვადასხვა ბაზარზე. პრიორიტეტები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროებებია კონკრეტულ ბაზარზე. საქართველოში ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე, რადგან ვთვლით, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია შევქმნათ რეალური ღირებულება ადგილობრივი ბაზრისთვის".
ადგილობრივი ბაზრისთვის რეალური ღირებულებების შექმნის პარალელურად "HSBC ბანკმა" 2010 წლის პირველი კვარტალი 946 157 ლარის ზარალით დაასრულა. ბანკის განმარტებით "HSBC ბანკი საქართველოს" მთლიანი აქტივები 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 115 354 022 ლარს, ბანკის ძირითად პრიორიტეტს დღეისთვის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსება წარმოადგენს. "HSBC ბანკი საქართველოს" არის მაღალ-ლიკვიდური ბანკი. ჩვენ დღემდე გავცემდით და კვლავაც ვაგრძელებთ სესხების გაცემას". თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისიდან ბანკმა საკუთარი რესურსების მობილიზება საქართველოში კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე გადაწყვიტა და ამის საფუძველზე საცალო საბანკო მომსახურება შეწყდა ახალი მომხმარებლებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით და "HSBC ბანკი საქართველოს" მოღვაწეობის განსაკუთრებული პასიურობით ჩნდება ეჭვი, რომ იგი არა ლონდონის, არამედ "HSBC ბანკი სომხეთის" ფილიალია. თუმცა, ამ ინფორმაციას ბანკში კატეგორიულად უარყოფენ.
"ეს ინფორმაცია არასწორია. "HSBC ბანკი საქართველოს" და "HSBC ბანკი სომხეთი" არიან სხვადასხვა ორგანიზაციები, აბსოლუტურად განსხვავებული მენეჯმენტით. საერთო არის ის, რომ ორივე ბანკის აქციონერი არის "HSBC ჯგუფი" და ორივე შედის ჯგუფის ევროპის რეგიონში", _ განმარტავენ ბანკში. თუმცა, დღემდე "HSBC ბანკი ლონდონის" ფილიალად გაპიარებული ბანკი, რა თქმა უნდა, უარყოფს მის რეალურ წარმომავლობას, თუმცა "HSBC ბანკი საქართველოს" მუშაობის პოლიტიკა და ტემპი ნამდვილად განსხვავდება "HSBC ბანკი ლონდონისგან".
"HSBC ბანკი საქართველოს" "HSBC ბანკი სომხეთის" ფილიალობაზე ეჭვს ბადებს, აგრეთვე, გასულ წელს "HSBC ბანკი საქართველოს" აკრედიტივების დოკუმენტაციის "HSBC ბანკი სომხეთის" მიერ მომზადება. 2009 წელს კი "HSBC ბანკი საქართველოს" საერთაშორისო-სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სომხეთში გადამოწმება მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანული ბანკის ხანგრძლივვადიანი მოღვაწეობის შედეგად მაღალპროფესიონალური ექსპერტიზის ბიუროს არსებობით ახსნა.
|