ნანახია: 866
"ლიბერთი ბანკის" მსესხებლების უმეტესობა პენსიონერებია, რომლებიც საპენსიო სესხზე წლიურად 36%-ს იხდიან რამდენიმე კვირის წინ სს "საქართველოს სახალხო ბანკმა" და ახლა უკვე "ლიბერთი ბანკმა" 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 448 268 მსესხებლისთვის 108,2 მილიონი ლარის ოდენობის სესხის გაცემის შესახებ განაცხადა. 2010 წლის იანვარსა და თებერვალში ბანკმა 161 000-ზე მეტ ფიზიკურ პირზე 39,4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა. შედეგად, მხოლოდ ფიზიკური პირების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2010 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 62,8 მილიონი ლარი შეადგინა და 2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 35,0%-ით, ხოლო 2009 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 8,0%-ით გაიზარდა. დიახ, ბატონი ლადო გურგენიძე გვეუბნება, რომ, თურმე, მისმა ბანკმა სექტემბრიდან მოყოლებული 448 268 ადამიანზე 108,2 მილიონი ლარის სესხი გასცა. თუკი ამ პერიოდში გაცემული სესხების მთლიან ოდენობას გავყოფთ ბანკიდან სესხის ამღებთა რაოდენობაზე, მივიღებთ, რომ 7 თვეში საშუალოდ თითოეულ მსესხებელზე გაცემული სესხის ოდენობა 241 ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაცემულ სესხებს შორის დიდი ნაწილი "სახალხო ბანკის" მიერ პენსიონერებისთვის შეთავაზებული საპენსიო სესხებია, რომელიც მრავალი პენსიონერისთვის დროებით შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. "ლიბერთი ბანკი" კი სარგებლობს იმ ფაქტით, რომ პენსიონერების მომსახურების ექსკლუზიური უფლება აქვს და ამას "სარფიანადაც" იყენებს. ბანკს საპენსიო სესხზე უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დაწესებული. ბანკის მიერ პენსიონერებისთვის შეთავაზებული პირობებით, იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი ხუთი თვის პენსიას წინასწარ იღებს, ერთი თვის პენსიას პროცენტის სახით ბანკში ტოვებს. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში, არც მეტი არც ნაკლები, 36%-ს შეადგენს. ნებისმიერ კომერციულ ბანკში იპოთეკური ან ავტოსესხის ამღებ პირსაც კი არ უწევს ასეთ მაღალ პროცენტად სესხის აღება. ამ საკითხს ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოეხმაურნენ, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა არსებული მდგომარეობით. ისედაც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პენსიონერებს კი, რომელთა ყოველთვიური პენსია საარსებო მინიმუმსაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება, და, პრაქტიკულად, შიმშილისთვის არიან განწირულნი, საპენსიო სესხზე, თანაც ისე, რომ ალტერნატივა არ აქვთ, სესხს წლიურად 36%-ად სთავაზობენ. მიუხედავად ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, 200 000-ზე მეტ პენსიონერს ჰქონდა საპენსიო სესხი აღებული. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ლადო გურგენიძის მიერ პენსიონერებისთვის შეთავაზებული გამოსავალი "ამართლებს". ვისაც ხელისუფლების მიერ მიცემული ყოველთვიური პენსია 85 ლარი საკვებზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე არ ჰყოფნის, შეუძლია ახლა უკვე `ლიბერთი ბანკში~ საპენსიო სესხი აიღოს, მაგრამ, ამავდროულად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილისთვის უნდა მოემზადოს. მაშინ, როცა ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს მიღმაა და 800 000 პენსიონერი გყავს, რომელთა უმეტესობის სოციალური მდგომარეობა უმძიმესია, ნუთუ მავანს უნდა ეძლეოდეს უფლება, რომ მან ამ ადამიანების გაჭირვების ხარჯზე ფული აკეთოს? რა ხდება? ჩალითაა ეს ქვეყანა დახურული?
გიორგი შუბლაძე
|