ნანახია: 831
"მთავარია, რომ ბანკების მონაწილეობამ დისონანსი არ შეიტანოს ბიზნესის ფუნქციაში და ბანკებმა არ მიიღონ მონაწილეობა ფინანსური პირამიდების ჩამოყალიბებაში"
საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ბანკები საინვესტიციო და საკრედიტო საქმიანობას ერთმანეთში ურევდნენ და იმის ნაცვლად, რომ დაეკრედიტებინათ მრეწველობის და ვაჭრობის სხვადასხვა დარგები, პირდაპირ ინვესტიციებს დებდნენ მათში და საბანკო პაკეტშიც მონაწილეობდნენ. ექსპერტთა აზრით, სანამ საბანკო და საინვესტიციო სქემა არ გაემიჯნება ერთმანეთს, საბანკო სექტორი კრიზისში სულ უფრო ჩაძირავს ეკონომიკას. აქვე იმასაც ადასტურებენ, რომ კომერციული ბანკები სხვადასხვა ბიზნესების წილში მონაწილეობას იღებენ. ყველაფერი კი კრიზისის დროს დაიწყო. მაშინ როდესაც ბიზნესს მძიმე პერიოდი დაუდგა, ბანკები მათ დახმარებას არა დაკრედიტებით უწევდნენ, არამედ პირდაპირ ინვესტიციებს დებდნენ მათში და წილსაც ითხოვდნენ. კომერციულ ბანკი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა უმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. საერთო ჯამში, კომერციული ბანკების წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. ამიტომაც, სადღეისოდ კომერციული ბანკების წილებს ვაწყდებით სამშენებლო სექტორში, საოჯახო ტექნიკის იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანიებში, საინვესტიციო კომპანიებში, სადაზღვევო ბიზნესში და სხვა. "კომერციულ ბანკებს ჰქონდათ როგორც ინვესტიციები, ისე ჩვეულებრივ აკრედიტებდნენ, გასცემდნენ კრედიტებსაც, ბიზნესსესხებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები ახორციელებდნენ ინვესტიციებს ბიზნესში. ამ შემთხვევაში ბანკები გამოდიოდნენ რისკებიდან და ცდილობდნენ, რომ რისკები გაენეიტრალებინათ", _ განმარტავს ექსპერტი ნოდარ ხადური. "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომერციული ბანკები კრედიტის სანაცვლოდ, დეველოპერულ კომპანიებს წილში ჩასმას სთხოვდნენ და ამ მიზეზით მან ეროვნული ბანკისგან კომერციული ბანკების გაკონტროლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. სესხის სანაცვლოდ პროექტების წილში შესვლის ფაქტებზე "აქსისის" ხელმძღვანელიც საუბრობს. მისი თქმით, ბანკები კრედიტის სანაცვლოდ კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობას მართლაც ითხოვდნენ. არსებულ ინფორმაციას არც ბანკების ნაწილი უარყოფს. "თავიდან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული იყო ბანკების მონაწილეობა ბიზნესში, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს და ბანკებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ. მეორე მხარეა, თუ რამდენადაა ეს მიზანშეწონილი. ეს უფრო ბანკების კომპეტენციაა. კარგია თუ არა ის, რომ ბანკებს აქვთ წილები სამშენებლო ბიზნესში, სადაზღვევო კომპანიებში, ეს ბანკების გადასაწყვეტია, ვინაიდან ბანკებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა არის რისკები, რომელიც გლობალური ფინანსური კრიზისის და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაიზარდა", _ აცხადებს ხადური. კომერციული ბანკების წილებზე ბიზნესსექტორში საუბრობს "ელიტელექტრონიქსის" კომერციული დირექტორი ეთერ ქოქოლაძე, მისი ინფორმაციით, "თიბისი ბანკში" კრედიტის სანაცვლოდ კომპანიის 55% პროცენტი გირაოდ ჩადეს. ახლა კი წილების გაყიდვას აპირებენ და ამით კომპანიას გაქრობას უპირებენ. "თიბისი ბანკში" კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი კომპანიის გაქრობა კი არა, განვითარებაა. სწორედ ამიტომ ბანკს კრედიტის სანაცვლოდ კომპანიის წილში შესვლა სურს. რა მოცულობის კრედიტი აიღო "ელიტ-ელექტრონიქსმა" "თიბისი ბანკისგან", ამას არც კომპანიაში და არც ბანკში არ აკონკრეტებენ. სადაზღვევო ბიზნესი სხვებთან შედარებით გამონაკლისი სფეროა, რომელზეც კომერციული ბანკების მომეტებული ინტერესი ყოველთვის არსებობდა (მათ შორის რუსული აგრესიისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენამდეც). ეს ნაკარნახევი იყო იმით, რომ გარკვეულ საბანკო პროდუქტებს დაზღვევა სჭირდებოდა და თუ კომერციული ბანკი თავისივე დაფუძნებულ სადაზღვევო კომპანიაში გააგზავნიდა კლიენტს საბანკო პროდუქტის დასაზღვევად, ეს, ერთის მხრივ, კომერციული ბანკის რისკს შეამცირებდა (რადგანაც აზღვევდა თავისივე სადაზღვევო კომპანიაში) და მეორეს მხრივ, ბანკს დამატებით შემოსავლებს აძლევდა (მისივე დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით). "რა მნიშვნელობა აქვს, კომპანიის მართვაში მონაწილეობას ღებულობს საბანკო დაწესებულება თუ არა. მთავარია, რომ ბიზნესი იყოს მომგებიანი. ამ შემთხვევაში ბანკის ამოცანაც ის არის, რომ ბიზნესი იყოს მომგებიანი. თუ ემთხვევა ბანკების და დანარჩენი აქციონერების ან მესაკუთრეების პოზიციები, ამაში ცუდი არაფერი არის. მთავარია, რომ ბანკების მონაწილეობამ დისონანსი არ შეიტანოს ბიზნესის ფუნქციაში და ბანკებმა არ მიიღონ მონაწილეობა ფინანსური პირამიდების ჩამოყალიბებაში", - აცხადებს ნოდარ ხადური. რაც შეეხება კომერციული ბანკების მხრიდან ბოლო პერიოდში გააქტიურებულ კრედიტის სანაცვლოდ წილის მოთხოვნას, ეს ხშირ შემთხვევაში გამოუვალი სიტუაციითაა ნაკარნახევი და კომერციულ ბანკებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ. მითუმეტეს, რომ მათ კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეზღუდვებს არ უწესებს. მაგრამ რა გავლენას მოახდენს ეს ბიზნესსექტორზე, ცოტა სადავოა. კომერციული ბანკები მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევის შემდგომ, ადრე თუ გვიან, შეეცდებიან გაყიდონ თავის საკუთრებაში არსებული ასეთი წილები, რათა არ გაცდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობას, ეს კი ამ კომპანიების არსებობას საფრთხეს შეუქმნის.
ნინო თამაზაშვილი
|