მოძრაობა "პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს" ებრძვის
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქსში" ახალი მოძრაობის იდეა დაიბადა, სახელწოდებით - "პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს", რომელმაც ძალიან მოკლე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მოძრაობაში დღეს უკვე 2 250 მძღოლია გაწევრიანებული, რომლებიც, მოძრაობის ორგანიზატორებთან ერთად თბილისის ქუჩებში მშვიდობიან აქციებს სისტემატურად აწყობენ იმ მოთხოვნით, რომ საწვავზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები შემცირდეს. მძღოლები მიიჩნევენ, რომ ქართულ ბაზარზე არსებული ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და იმის გამო, რომ საწვავის ფასი ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენი სახის პროდუქტზე, აქციის ორგანიზატორები, ნავთობკომპანიის იმპორტიორებზე ზემოქმედების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებენ, იმის მიუხედავად, მოიხმარენ თუ არა ისინი საწვავს, შეუერთდნენ პროტესტის იდეას. მათი გამოთვლებით, იმპორტიორები მოსახლეობას ყოველთვიურად 30 მილიონ ლარს პარავენ, რაც საკმაოდ სერიოზულ თანხას წარმოადგენს.
მშვიდობიან აქციას, რომელიც სულ რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ა/ო "დაცული მოძრაობის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი "ბიზნეს კურიერში" ბრალდებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობენ მძღოლები, რამაც აქციის ორგანიზატორთა აღშფოთება გამოიწვია. მისი ერთ-ერთი მონაწილე ლევან მარტაძე ბატონ მესხიშვილს ჩვენი გაზეთის მეშვეობით პასუხობს, - "მძღოლების საპროტესტო აქციას ბევრი გამოეხმაურა. ჩვენ არ გვიკვირს ვანო მთვრალაშვილის, გია ხუხაშვილის და სხვა ამ ტიპის ე.წ. ექსპერტების პოზიცია, რომლებიც ჩვენთან პოლემიკაში, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. ბუნებრივია, საკუთარ პოზიციას იცავენ საწვავით მოვაჭრე კომპანიები, სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურია მათი მსჯელობა. თუმცა, აქციის მონაწილე მძღოლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ბიზნეს კურიერი" ასოციაცია "დაცული მოძრაობის" ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებამ. ბატონმა დავითმა, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტური მოძრაობიდან გვახსოვს, იმდროინდელი ხელისუფლების დამქაშად, განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები არ არიან მძღოლები, თან ეს მან სრული პასუხისმგებლობით განაცხადა. მინდა ვუთხრა ბატონ დავითს, რომ აქციის ყველა მონაწილეს აქვს მართვის მოწმობა, რომელიც ჩვენ მძღოლის სტატუსს გვანიჭებს.
აქციის მონაწილეებს გვაქვს ჩვენი პოზიცია, თუ რატომ გააკეთა ეს განცხადება ბატონმა მესხიშვილმა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გააზრებული, რომ ეს აქცია ბევრს გულზე ეკლად მოხვდებოდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ აუცილებლად შეისწავლიდნენ აქციის ყველა ორგანიზატორს და დაგვიპირებდნენ რაღაცის ამოქექვას. ერთი სიტყვით, ვიცოდით, რომ აუცილებლად იქნებოდა ბინძური ბრალდებები და ცილისწამებები, რომ ჩვენს მიმართ საზოგადოების განწყობა ნეგატიურად შეცვლილიყო. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბატონი მესხიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, - ეს ადამიანები მძღოლები არ არიანო, მაგრამ ვერც ის დააკონკრეტა, ვინ ვართ, ვის წარმოვადგენთ.
მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ბატონი მესხიშვილი და მისი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ჰქვია არასამთავრობო, მოქმედებს ხელისუფლების დაკვეთით და ჩვენთან მიმართებაშიც ისეთ კომენტარებს აკეთებს, როგორც სხვა შემთხვევაში. მინდა შევახსენო თქვენი გაზეთის მკითხველს, რომ ა/ო "დაცული მოძრაობა" მერიის პროექტების უბრალო განმახორციელებელია და ბუნებრივია, ისეთ პოზიციას იჭერს, როგორც მის დამკვეთს სურს.
გირჩევთ დაინტერესდეთ, როგორ განკარგავს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მერიის ბიუჯეტიდან მიღებულ სახსრებს, აღმოაჩენთ, რომ ხალხის ფული ისევ ხალხის მოსატყუებლად იხარჯება".
აღნიშნული ინფორმაციის გასარკვევად "ბ&ფ"-მა რამდენიმე კითხვით ქალაქ თბილისის მერიას მიმართა.
- რა პროექტებს აკეთებს თბილისის მერია "დაცულ მოძრაობასთან~ ერთად და რა არის ამ პროექტების მთლიანი ღირებულება? - თბილისის მერიას "დაცულ მოძრაობასთან" გაფორმებული აქვს 2 ხელშეკრულება
"შუქნიშნებისა და გზაჯვარედინების არსებული მდგომარეობის კვლევა" ღირებულებით 43 000 ლარი
"დედაქალაქში საცობებისა და შეფერხებული მოძრაობის გამომწვევი მიზეზების კვლევა" ღირებულებით 41 000 ლარი.
- მერიის რომელი ფონდიდან ფინანსდება ეს პროექტები? - აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია ქალაქ თბილისის 2009 წლის ბიუჯეტიდან კოდი (01 02 02) "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები".
ანალოგიური კითხვებით ა/ო "დაცულ მოძრაობასაც" მივმართეთ. ამ ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაარკვია კითხვების შინაარსი, გვითხრა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ დავით მესხიშვილის პრეროგატივაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასმული 6 კითხვიდან ხუთზე ამ ორგანიზაციის ბუღალტერიც კი გვიპასუხებდა. თუმცა, ამის შესახებ დასკვნა მკითხველმა გააკეთოს. აი, რა კითხვებით მივმართეთ ყოფილი სანეპიტსადგურის ხელმძღვანელს, რომელმაც შემდეგ ეს სამსახური გააუქმა და ახლა დედაქალაქში მძღოლების კვალიფიკაციაზე დაობს.
1. როდის დაფუძნდა ა/ო "დაცული მოძრაობა"?
2. რამდენი პროექტი აქვს განხორციელებული ორგანიზაციას სულ და მათ შორის რამდენია მერიის მიერ დაფინანსებული?
3. კონკრეტულად რომელი პროექტები დააფინანსა მერიამ?
4. რამდენი მძღოლია თქვენთან გაერთიანებული და რამდენია საწევრო გადასახადი?
5. დავით მესხიშვილის მიერ "ბიზნეს კურიერში" გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც მძღოლების საპროტესტო აქციას ეხებოდა, აქციის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. რის საფუძველზე აცხადებს ბატონი დავითი, რომ ეს არ ყოფილა მძღოლების აქცია?
6. აქვს თუ არა ჩატარებული ამ ა/ო-იას კვლევა საწვავის ფასებთან დაკავშირებით და როგორია თქვენი პოზიცია საწვავის ფასების სამართლიანობასთან მიმართებაში?თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად გავისარჯეთ _ა/ო "დაცულმა მოძრაობამ" ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოისურვა. და რადგანაც ჩვენთვის ყველა გაუცემელი პასუხი, ყველაზე დიდი პასუხია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ უბრალოდ კითხვებზე პასუხები არ აქვთ. და რომ ის, როგორც ბატონი ლევანი ზემოთ საუბრობდა, მართლაც ხელისუფლების დამქაში "არასამთავრობო" ორგანიზაციაა, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა, ჩვენი ხელისუფლების პირით მოლაპარაკე სუბიექტს წარმოადგენს, რომელიც რეალურად ხალხისთვის სასიკეთოს არც თავად აკეთებს რამეს და გარდა ამისა, ცდილობს სხვასაც შეუშალოს ხელი!
თათია ჩაფიჩაძე