ნანახია: 1022
ვახტანგ რჩეულიშვილი: - "ბანკებმა მხოლოდ ის დეველოპერები დააფინანსეს სადაც მათ თავად ქონდათ წილები"
სამშენებლო ბიზნესი თუ საბანკო სფერო? ამ ორიდან რომლის დამსახურებაა ყველაზე მეტად, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, კრიზისის დედასახელმწიფო საქართველოში ჯერ კიდევ მძვინვარებს? ამ კითვაზე გასულ კვირას "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ახალი, სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ კომერციული ბანკები კრედიტის სანაცვლოდ, დეველოპერულ კომპანიებს წილში ჩასმას სთხოვდნენ და ამ მიზეზით მან ეროვნული ბანკისაგან კომერციული ბანკების გაკონტროლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. სესხის სანაცვლოდ პროექტების წილში შესვლის ფაქტებზე "აქსისის" ხელმძღვანელიც საუბრობს. მისი თქმით, ბანკები კრედიტის სანაცვლოდ კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობას მართლაც ითხოვდნენ. არსებულ ინფორმაციას არც ბანკების ნაწილი უარყოფს. საინვესტიციო ბანკ "სი-ეფ-ესის" დირექტორი ღიად ამბობს, რომ რამდენიმე ბანკი ამ საქმით აქტიურად იყო დაკავებული, რაც დაუშვებელია. ლევან სულგულაძის განმარტებით, არსებობს კრედიტის გაცემის ორი გზა: ფულადი რესურსი და წილის აღება. თუმცა, წილებში შესვლით ბანკი დამატებით ბიზნესის რისკსაც იღებს, რამაც შესაძლოა მისი გაკოტრებაც გამოიწვიოს. ბანკების წინააღმდეგ ვახტანგ რჩეულიშვილის სკანდალურ ბრალდებას ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას არანაკლებ სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად, მან ღიად განაცხადა, რომ "საქართველოს ბანკი" კრედიტის სანაცვლოდ კომპანიის წილში შესვლას პირდაპირ ითხოვდა. ეს კი ჯგერენაის თქმით, უდიდესი კორუფცვიაა. ექსპერტის თქმით, არსებობს პროექტები, სადაც ბანკების მონაწილეობა აუცილებელია. თუმცა, კრედიტის სანაცვლოდ კომპანიის ან პროექტის წილში შესვლის მოთხოვნა დაუშვებელია. "ბ&ფ"-თან საუბრის დროს კი მან "საქართველოს ბანკის" მიმართ წაყენებული ბრალდება პრაქტიკულად უარყო და ზოგად სიტუაციაზე ისაუბრა, - "მე საერთოდ არ ვიცი რჩეულიშვილმა რა განაცხადა, მე არც ის ვიცი რომელი ბანკი კონკრეტულად რომელ დეველოპერულ კომპანიში ფლობს რაიმე წილს, მე ვამბობ იმას, რომ ბანკებს აქვთ აქტივები დეველოპერულ კომპანიებში, ისინი ხშირად მონაწილეობდნენ სამშენებლოების მიერ ჩატარებულ პრეოქტებში წილის მიღების სანაცვლოდ და კრიზისიც სწორედ მათი მხრიდან ამდაგვარმა ქმედებებმა დაამძიმა და ამაში ორივეს თანაბარი წვლილი მიუძღვით", - აცხადებს ემზარ ჯგერენაია. რამდენიმე კითხვით მივმართეთ ბ-ნ ვახტანგ რჩეულიშვილსაც, რომელმაც ჩვენთან საუბარისას განაცხადა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გამოიწვია იმან, რომ ბანკები ერთმანეთში ურევდნენ საინვესტიციო, ბანაკო და საკრედიტო საქმიანობას და სანამ საბანკო და საინვესტიციო სქემა არ გაემიჯნება ერთმანეთს, საბანკო სექტორი სულ უფროდაუფრო კრიზისში ჩაძირავს ეკონომიკას. - "საქართველოში იყო შემთხვევევები, როდესაც ბანკები საინვესტიციო და საკრედიტო საქმიანობას ერთმანეთში ურევდნენ და იმის მაგივრად, რომ დაეკრედიტებინად მრეწველობის და ვაჭრობის სხვადასხვა დარგები, პირდაპირ ინვესტიციებს დებდნენ ჩვენში და საბანკო პაკეტშიც მონაწილეობდნენ. მე ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, თუ რომელი ბანკისგან იყო შემოთავაზება ჩემი კომპანიის მიმართ, ეს კომფიდენციალური ინფორმაციაა, რომლის გავრცელებას არ ვაპირებ. მე ამაზე უბრალოდ ვსაუბრობ როგორც ავადმყოფობაზე, რომელზეც ჩემს გარდა კიდევ უამრავი ადამიანი ლაპარაკობს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ზოგადი დიაგნოზია, აქ კრიმინალზე არ არის საუბარი, ეს არის სისტემის ავადმყოფობა. მე არც ბანკებთან ჭიდაობას ვაპირებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეროვნულმა ბანკმა მეტი კონტროლი უნდა გაუწიოს საბანკო და საკრედიტო სექტორს, რომ საინვესტიციო და საბანკო საკრედიტო საქმიანობა, კომერციულ ბანკებს ერთმანეთში არ აერიოთ. ამერიკაში ამისათვის შექმნეს საუწყებათშორისო სპეციალური ორგანო, სადაც ფინანსთა სამინისტრო და სხვა უწყებებიც ჩაერია. ინგლისშიც ასევე შექმნილია სათანადო ორგანო, თვით რუსეთშიც კი შექმნეს მსგავსი ტიპის დაწესებულება, სადაც პროკურატურა ჩართეს ამ საქმიანობაში, რისი წინააღმდეგიც მე თავად ვარ რადგანაც ასეთი კონტროლი გამართლებულად არ მიმაჩნია. თუმცა თუკი ეროვნული ბანკის მიერ გაძლიერდება ბანკების მიმართ კონტროლი, ეს თვითონ ბანკებისთვისაც უპრიანი იქნება. ჩვენთან ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არც კი აღიარებს, რომ კრიზისი კომერციული ბანკების მიერ მოხდა, მაშინ როცა ეს ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმაც კი აღიარა". ვახტანგ რჩეულიშვილი ჩვენთან ინტერვიუსას არ მალავს რომ, ის იმ პრობლემის წინაშე დგება, რასაც ბანკების მიერ კრედიტის არ გაცემა ჰქვია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბანკები მის კომპანიაში წილებს არ ფლობდნენ, რის გამოც "ცენტრ პოინტი" მერიის, ბანკებისა და დეველოპერების ერთობლივ პროექტ "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლის" პირველ ეტაპს გამოეთიშა. - "ბანკები ერთის მხრივ კრედიტს აძლევენ და მეორეს მხრივ კრედიტს თვითონ აბანდებენ რომელიმე საწარმოში, ეს იწვევს მერე არაკეთილსინდისიერებას მათი მხრიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბანკები მხოლოდ იმ კომპანიებს აფინანსებენ სადაც თვითონ ფლობენ გარკვეული რაოდენობის წილებს. მიუხედავად იმისა, ღირს თუ არა იქ თანხის ჩადება! ამით პირველ რიგში თვითონ ბანკი ზარალდება. ამიტომაც შეზღუდვა ამ საქმიანობაში იქნება კარგი. მაგრამ მე არ მინდა ჩემი ეს განცხადებები აღქმული იქნას, როგორც ბანკების წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ ბანკი არის სისტემა ვრცელი ეკონომიკისა. ბანკებს სჭირდებათ დახმარება, მათ შორის ხელისუფლების მიერაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დააფინანსოს მთავრობამ პირველი ეტაპის შედეგები იმ პროგრამისა, რასაც ქვია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოდ და კრიტიკულად მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს, ჩვენ დეველოპერებს და ბანკებს ერთმანეთის გარეშე მაინც ძალიან გაგვიჭირდება." კომერციული ბანკების გაკონტროლების თაობაზე ჩვენ ეროვნულ ბანკსაც დავუკავშირდით, თუმცა როგორც მისმა წარმომადგენელმა კახა ბარაბიძემ განგვიცხადა, ეროვნული ბანკი უუფლებობის გამო, არ ერევა კომერციულ ბანკსა და კერძო კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში და შესაბამისად მისი გაკონტროლება, ამ თვალსაზრისით, შეუძლებელია. თავის მხრივ, განცხადებას აკეთებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც და აღნიშნავს, რომ კრიზისმა ეკონომიკის სუსტი მოთამაშეები თამაშს გამოთიშა. მისი თქმით, თანხის დეპოზიტზე დადება მეტი სარგებლობის მომტანი იქნებოდა, ვიდრე უძრავი ქონების შეძენა. თუმცა, მოქალაქეები მოგების მიღების მიზნით უძრავი ქონების შეძენას არჩევდნენ. "ასეთი მოდელი დიდ მასშტაბების იღებდა. კრიზისმა კი სწორედ ამ პერიოდში მოგვისწრო, სანამ ეს მოდელი სრული დატვირთვით ამუშავდებოდა." ეროვნული ბანკის ამ განცხადებას ეთანხმება "არის" აღმასრულებელი დირექტორიც. თორნიკე აბულაძის განცხადებით, კრიზისმა სამშენებლო სექტორს ე.წ. "შოკური თერაპია" ჩაუტარა: პრობლემები შეუქმნა, თუმცა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემებისგან იხსნა. მისი თქმით, რომ არა კრიზისი, არაპროფესიონალი მოთამაშეების და ფინანსური პირამიდების მასშტაბები უფრო გაიზრდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო იყო "საქართველოს ბანკის" პოზიცია, თუმცა, ქართულ ბაზარზე ლიდერმა ბანკმა დაუსაბუთებელ ბრალდებას არ უპასუხა და კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია კი ამტკიცებს, რომ ბანკებს კრედიტის სანაცვლოდ წილში შესვლა არასდროს მოუთხოვიათ. მისი თქმით, ვახტანგ რჩეულიშვილი ამ განცხადებით ბანკების პირველ პირებს ადანაშაულებს, რადგან ასეთი შეთავაზებები ქვედა დონეზე არ ხდება. ზურაბ გვასალიას განცხადებით, კომპანიამ სავარაუდოდ თავად შესთავაზა ბანკებს სესხის სანაცვლოდ წილში გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. მისივე მტკიცებით "ცენტრ პოინტს" ბიზნესი ჩაუვარდა და მსგავრი განცხადებაც სწორედ ამ მიზეზით გააკეთა.
თათია ჩაფიჩაძე
|