ნანახია: 1285
"საქართველოს მთავრობა ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ანტიკრიზისული პროგრამა არ გააჩნია"
მსოფლიოში საფინანსო კრიზისი მძვინვარებს. განვითარებული ქვეყნების ხელისუფალნი აქტიურად ცდილობენ თავიანთი სახელმწიფოები ფინანსური კრახისგან იხსნან. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ვითომც და აქ არაფერიაო, ყურსაც კი არ იბერტყავს და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში სირაქლემას პოზიციაშია. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, დამაიმედებელი ციფრებით გვანუგეშებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით ნოემბერში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6,3%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ლარის ნახტომისებური, ერთბაშად 18%-ით გაუფასურება მოხდა. რის შემედეგაც, ჩვენს ქვეყანაში არსებულმა იმპორტიორებმა პროდუქციაზე ფასები გაზარდეს. სტატისტიკის დეპარტამენტი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ნოემბერში ინფლაცია შემცირდა. ამის პარალელურად მოსახლეობა, წინა კვირაში საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი "კარუსელი" მოწმე გახდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ბანკები და ფინანსები" ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა. - ბატონო დემურ, წინა კვირას რამდენიმე სერიოზული სამთავრობო ცვლილების შესახებ გაჟღერდა, შეაფასეთ ეს ცვლილებები? - სამთავრობო ცვლილებები იგივე მიმართულებით და ჩარჩოში მოხდა, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე. ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ამ 5 წლის მანძილზე განხორციელდა - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მიმართულებებით, რადიკალური ან გაუმჯობესებული შედეგი არ გამოუწვევია. დღეს მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია, რომლის გავლენასაც საქართველოში ყველა გრძნობს, მთავრობის გარდა. ფაქტიურად, არცერთი ცვლილება ამ კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკურ და საფინანსო ჯგუფში არ განხორციელებულა. საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელსაც ანტიკრიზისული პროგრამა არ გააჩნია. მიაჩნიათ, რომ ეს კრიზისი საქართველოს არ ეხება და როგორ ფიქრობენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ჩემთვის ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისათვის, გაუგებარია. - იყო სტრუქტურული ცვლილებებიც, ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციები ეკვეცება, სტატისტიკის დეპარტამენტი ისევ დამოუკიდებელი ხდება, იქმნება ახალი რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბევრ ფუნქციას წაიღებს. თქვენი აზრით, რეალურად ექნება თუ არა ამ ცვლილებების შედეგი, თუ ეს უბრალოდ ნაცნობი "კარუსელის" გაგრძელებაა? - ელემენტარულია, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიმე სამინისტროს შემადგენლობაში არ უნდა იყოს. თავის დროზე ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვით. ეს იდეა, თითქოსდა, რეფორმატორული ჯგუფის გადაწყვეტილებით მოხდა, თუმცა ვინაა ეს რეფორმატული ჯგუფი, უცნობია. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი პიროვნება, რომელიც აკეთებს რაღაცას, თუმცა ის, რაც მისი გაკეთებულია მალე შესაცვლელი იქნება და ამის მომსწრენი ყველანი გავხდებით. სტატისტიკის დეპარტამენტისთვის მთავარი დამოუკიდებლობის საკითხი არაა, ამას მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ვინ გააკონტროლებს ამ ორგანოს და რა დავალებას მისცემს. ის ამერიკის სტატისტიკის დეპარტამენტი ხომ არ არის, რომ მართლაც რეალური ციფრები დაამუშავოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებასა თუ ხელისუფლებას, რათა მან ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა, კონიუნქტურის მსხვერპლი იქნება და რასაც დაავალებენ, იმას შეასრულებს. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც ნებისმიერი გონიერი ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, რომ სტატისტიკა იყოს არაკონიუნქტურული და რეალური, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, ჩვენი მთავრობა ამ საკითხზე არც დარდობს. რაც შეეხება რეგიონული მართვის ახალ სამინისტროს შექმნას, ჯერ არ ვიცით, მას რა კონცეფცია უდევს. რეგიონული მართვა დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია და ჩვენ ფაქტიურად საბჭოთა სისტემაში ვცხოვრობთ, რომელშიც არანაირი ცვლილებებიც კი არ არის განხორციელებული. რეგიონების ინფრასტრუქტურა, ფინანსები და ეკონომიკა, რომ უკვე სრულ კატასტროფას უახლოვდება, ამაზე უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ. ჩვენ არ ვიცით, რა მიზნით იქმნება ეს სამინისტრო, რა უნდა გააკეთოს მან? ის თუ რაიმე ფუნქციებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წაართმევს, მე ამაში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ. ეკონომიკის სამინისტროს თავისი ძირითადი ფუნქციები მაინც დარჩება. თუმცა, ის დღეს სრულიად უმოქმედო სამინისტროა, ამიტომ ვინმე წაიღებს თუ არა მის ფუნქციებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. - წინა კვირას სტატისტიკის დეპარტამენტმა ინფლაციის ახალი მაჩვენებელი 6,3% გამოაქვეყნა. თქვენი აზრით, რეალურია თუ არა ეს ციფრი, მართალია, ნავთობპროდუქტები გაიაფდა, მაგრამ დოლარის მკვეთრი გამყარების შემდეგ, სამომხმარებლო კალათის ბევრი საქონელი მკვეთრად გაძვირდა? - ვთქვათ, ვენდოთ ამ მონაცემს. დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი სწორია და სტატისტიკის დეპარტამენტმა რეალური ციფრი გამოაქვეყნა. რა შეიცვლება ამით? ის საშინელი ინფლაცია, რომელიც ქვეყანაშია, თუ ის ფასები, რომლებიც სასიცოცხლო პროდუქტებზე ყოველდღიურად იმატებს, აღარ იქნება? ან ჩვენი ხალხის დანაზოგები ინფლაციისა და ფასების "შემცირების" გამო გაიზრდება? რა გამოდის, რომ ვიღაცა შეგნებულად იტყუებს თავს, რადგან თუ სტატისტიკის დეპარტამენტისგან ოფიციალურ წერილს წაიკითხავს, სადაც ნახავს, რომ ინფლაცია 6,3%-ია, გაიხარებს. სხვა ფუნქცია ამ აბსოლუტურად აბსურდულ მაჩვენებელს არ გააჩნია. - საინტერესო თემაა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, ამ მომენტის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სამომხმარებლო ფასები არ გაიზრდებოდა, თუმცა ამას ყველა კარგად გრძნობს. გარდა ამისა, ეს გახდა საბაბი იმისა, რომ მსოფლიოში ნედლეულის მკვეთრი გაიაფების ფონზე, იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს ფასების შემცირებაზე აღარ ეფიქრათ. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსის ვარდნით გარკვეულმა ძალებმა სერიოზულად იხეირეს? - პირველი, ვინც მოსალოდნელ სწრაფ ცვლილებაზე განცხადება გააკეთა, სამწუხაროდ, მე გახლდით და მართლაც 5 დღის შემდეგ ლარის შეგნებულად მკვეთრი გაუფასურება მოხდა. ამ ნაბიჯს უამრავი ახსნა აქვს. შეიძლება ზუსტად ნავთობიმპორტიორების წისქვილზე დაასხეს წყალი, ვინ იცის, მაგრამ უმიზეზოდ, რომ არ გაკეთებულა, ფაქტია. მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების კლება, საქართველოში პრაქტიკულად არანაირად, გარდა უმნიშვნელოსი, არ ასახულა. შეერთებულ შტატებში ნავთობი 2-ჯერ გაიაფდა. აშშ-ში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინი ლიტრი 46 ცენტზე ცოტა მეტი ღირს, უფრო მაღალი ხარისხისა კი 60 ცენტამდეა. საქართველოში ფასები სულ ცოტა 2-2,5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მსოფლიო ფასები. ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძლიერი ხელოვნურად შექმნილი მონოპოლური ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითად იმპორტს აკონტროლებენ. იმპორტიორები არ დაუშვებენ და არც არავინ დააშვებინებს, რომ ფასები შეამცირონ და ამით შემოსავლები შეზღუდონ. საქართველოში მათზე ზემოქმედების მექანიზმი არ არსებობს. აშშ-ში ერთი კვირა დააგვიანდათ ნავთობკომპანიებს საწვავის გაიაფება და მოსახლეობამ კინაღამ სენატის ოფისი დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ სენატი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებს, საზოგადოებრივმა ზეწოლამ ნავთობკომპანიები აიძულა ბენზინის ფასები მსოფლიო ფასებთან შესაბამისობაში მოეყვანათ. მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ბაზრებზე, საკვებზეც კი ფასების შემცირება შეინიშნება, მხოლოდ საქართველოში მიმდინარეობს ეს პროცესი პირიქით. - მძიმე მდგომარეობაა საბანკო სისტემაში, სერიოზულად დგას ფინანსური რესურსის პრობლემა, თითქმის ყველა ბანკი ანაბრების მოზიდვაზეა გადასული, ამ ფონზე 2009 წლის დასაწყისში ბანკებს ნახევარი მილიარდი ვალი აქვთ დასაფარი, რესურსების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, რა ბედი ელის საბანკო სისტემას? - პრობლემები, რომ არსებობდა ამას ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე ვხედავდით. ერთია, რომ ჩვენ საბანკო სექტორში მენეჯერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვაკრიტიკებთ და მეორეა, იმის აუცილებელი შეგნება, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ღერძია. ქვეყნის განვითარებისათვის, ჩვენ აუცილებლად წარმატებული და ღონიერი საბანკო სისტემა გვჭირდება. მათ სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, რათა თავიანთი პრობლემები მოაგვარონ. არ მიკვირს, რომ ქართულ საბანკო სექტორში სერიოზული პრობლემებია, წარმოიდგინეთ რა დონისაა მსოფლიო კრიზისის მასშტაბები, რომ "სითი ბანკი" გაკოტრების პირას მივიდა და რომ არა ამერიკის მთავრობის დახმარება, მთელ მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე კატასტროფა გარდაუვალი იყო. მთავარია, საქართველოს ბანკებმა დარჩენილ თვენახევარში, იანვრის ბოლომდე ფინანსური რესურსების მობილიზება შეძლონ და თავიანთი გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოიყვანონ. გაზაფხულზე ქვეყანაში წარმოების აქტივობა რომ იქნას შენარჩუნებული, ისინი მზად უნდა იყვნენ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად. ბანკების საგარეო ვალები მათი თავსატეხი და პრობლემაა, მაგრამ, ალბათ, ხელისუფლებამ აქაც უნდა განახორციელოს იმ ტიპის დახმარებები, რაც დასავლეთში საბანკო სექტორისათვის კეთდება. ჩვენთვის დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ბანკებისთვის დახმარება. - 80%-იანი იმპორტისა და მხოლოდ 20%-იანი ექსპორტის პირობებში, საქართველოს ადგილობრივი წარმოება აგვისტოს მოვლენებამდე ძალიან მოკრძალებულად გამოიყურებოდა, ომმა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის ისედაც სუსტად განვითარებული წარმოების განვითარებას. ამას ემატება ბანკების მიერ ძალიან გაძვირებული და გამკაცრებული მოთხოვნები სესხის ასაღებად, რაც, რა თქმა უნდა, ეროვნული წარმოების განვითარებას აფერხებს. ამ პირობებში, რა პერსპექტივები გააჩნია საქართველოს ადგილობრივ წარმოებას? - იმ ეკონომიკური პოლიტიკის არ არსებობის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ადგილობრივი მრეწველობის, წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რაიმე პერსპექტივა უბრალოდ არ გააჩნია. იმიტომ, რომ ასეთი ამოცანა დღეს სამთავრობო ეკონომიკური ბლოკის წინაშე არ დგას. სწორედ ამაშია ყველაზე დიდი უბედურება. ამ მიმართულებით აბსულუტურად პასიურია ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და პირადად მისი მინისტრის პოზიცია, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე თუკი რამე კეთდება ხელისუფლებისგან, ინიციატივიანი, მხარდაჭერილი ადამიანების საქმიანობაა და სხვა არაფერი. ეკონომიკური აქტივობის განსაკუთრებული შესუსტება რეგიონებშია, იქ თითო-ოროლა საწარმო თუ მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას დიდი პერსპექტივები არ გააჩნია. ამას ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ მუშაობა არ მიმდინარეობს. ეკონომიკური შედეგების მიხედვით კი ვხედავთ, რომ ქვეყანა იაფფასიან, უხარისხო, უცხოურ იმპორტზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია წესით და რიგით იმპორტისშემცვლელი წარმოების განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ბანკების კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში და ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხელშემწყობი ფაქტორების გამო, ადგილობრივი წარმოება არ ვითარდება, არადა მას დიდი პოტენციალი გააჩნია. - ამოუწურავი თემაა მსოფლიო საფინანსო კრიზისი. ექსპერტებმა კრიზისის გამომწვევი მეზეზების შესახებ უამრავი განსხვავებული აზრი შემოგვთავაზეს, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო ეს კრიზისი და რა გავლენას მოახდენს ის ჩვენს ქვეყანაზე? - საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზე გავლენა უკვე რომ მოახდინა, ეს ცხადია. ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარება რომ არა, რომლის მიხედვითაც საქართველო 3 წლის განმავლობაში 4,5 მლრდ. დოლარის დახმარებას მიიღებს, ჩვენი ქვეყანა სერიოზული ფიანანსური პრობლემების წინაშე იქნებოდა. მე წლის დასაწყისში განვაცხადე, რომ შემოდგომაზე აგვისტოს მოვლენების გარეშეც ჩვენ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გვექნებოდა. რომ არა ეს დახმარებები, ჩვენ ახლა ნამდვილად სრული ეკონომიკური კრახის წინაშე ვიქნებოდით. ასე რომ, რატომ არის ასე უდარდელი საქართველოს მთავრობა კრიზისის საფრთხეების შეფასებაში, ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემთვის გამოუცნობია. რაც შეეხება კრიზისს, რომელიც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დაიწყო და შემდეგ წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები მოიცვა, მას ძალიან ღრმა მიზეზები აქვს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დევს, რომელიც უკვე თითქმის 35 წელია მუშაობს, როდესაც ბრეტონ-ვუდსის ცნობილი სიტემა დაინგრა, მაშინ ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დოლარი ოქროს დასცილდა. აშშ-მ ოქროთი უზრუნველყოფაზე უარი თქვა და ფატობრივად დოლარს მსოფლიოში მთავარი ვალუტის ფუნქციის შესრულება დაევალა. მხოლოდ დე გოლი აღმოჩნდა, ვინც ეჭვი შეიტანა ამ გადაწყვეტილებაში. "ოქრო ოქროა და ნაციონალობა არ გააჩნია" - ეს მისი ცნობილი ფრაზაა, "რამე რომ მოხდეს და ამერიკამ მსოფლიო ვალუტის ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვას, მაშინ მსოფლიო უბრალოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება". ალბათ, აი, აქ უნდა ვეძიოთ ჩვენ ფინანსური კრიზისის დასაწყისი. ამ მულტი სავალუტო სისტემის შექმნამ, კურსებს შორის საკმაოდ გაუგებარმა თანაფარდობებმა, ცალკეულ ქვეყნებში საკუთარი ვალუტის კურსების ამა თუ იმ დონეზე შეჩერებამ ისე, რომ საერთო ეკვივალენტი არ არსებობდა, ინფორმაციის დამახინჯება გამოიწვია. ეს პროცესი კი ყველაზე საშიში მოვლენაა ნორმალური ეკონომიკისათვის, რომელიც ფასებში დევს. ფასების დამახინჯებამ, საბოლოოდ ბაზრებზე გაბერილი ფასები გამოიწვია. დამახინჯებული რეიტინგები, არასწორი შეფასებები, კორუფციის მომენტებმაც იჩინა თავი. რეგულაციის მექანიზმების შეუსაბამობამ წარმოიქმნა ფინანსურ ბაზრებზე ახალი წარმოებული ქაღალდები ე.წ. "დერიგ აქტივები", რომლის შინაარსშიც ბევრი დღესაც ვერ ერკვევა. მსოფლიო ფინანსური კრიზისის აღმოცენებას ხელი მონოპოლიების წარმოშობამაც შეუწყო. სააუდიტორო საქმიანობაში ოთხი ლიდერი კომპანია წარმოიშვა და რაიმე სერიოზული დასკვნა მხოლოდ ამ ოთხ ფირმაში უნდა გაკეთებულიყო. შემდეგ სარეიტინგო სააგენტოებში სამი ცენტრალური ფირმა გამოიკვეთა, რომლებიც ფაქტიურად რეიტინგებს ქვეყნებსაც კი ანიჭებდნენ. დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რეიტინგები დამახინჯებული იყო. ამას მთელი რიგი ნეგატიური პროცესები დაერთო, რომლებიც ერთ მთლიან ჯაჭვში თავიანთ როლს ასრულებდნენ. ახლა მთავარია, რომ კრიზისი წამყვან ქვეყნებში იქნას დაძლეული, თუმცა 2009 წელი დასავლეთისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ძალიან რთული იქნება. ამასობაში, ალბათ, ჩამოყალიბდება კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა, რეგულაციის მექანიზმები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, რომ ისევ აღდგენილ იქნას ოქროს სტანდარტი, ყოველ შემთხვევაში მექანიზმად ძალზედ რეალური ჩანს. ერთი რამ ცხადია, 2009 წელი აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებისთვის ძალიან მძიმე იქნება. ჯერ არავინ იცის, ამ კრიზისის რეალური სიღრმე. საზღვარგარეთ ბიზნესი და ბიზნესწრეები ფაქტიურად შოკირებულნი არიან. ეს ჩვენ ვართ მიჩვეული არასტაბილურ და განადგურების პირას მისულ მდგომარეობაში ცხოვრებას. აწყობილი და განვითარების უმაღლეს საფეხურებზე მყოფი დასავლეთი ასეთ რამეებს მიჩვეული არ არის და ამიტომაც არიან შოკირებულნი. რა თქმა უნდა, გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ ჩვენთვის სასურველია, რომ ამერიკელებმა და ევროპელებმა ეს გამოსავალი, რაც შეიძლება მალე მოძებნონ. რეცესია შეიძლება ეკონომიკურ დაცემაში გადაიზარდოს და ეს დამღუპველი აღმოჩნდება, როგორც განვითარებული ქვეყნებისთვის, ისე ჩვენთვის, რადგან ეკონომიკური დაღმასვლის გამოსწორებას შეიძლება რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს.
ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი
|