ნანახია: 1370
2008 წლის აგვისტომდე საქართველო ბიზნესის იოლად წამოწყების თვალსაზრისით 181 ქვეყანას შორის 15 ადგილზე იმყოფებოდა. ეს მონაცემები და კვლევები Doing Business ეკუთვნის. მაგრამ ეს მხოლოდ ბიზნესის იოლად წამოწყების თვალსაზრისით მიენიჭა საქართველოს 15 ადგილი და არა მისი დაცულობისა და ხელშეუხებლობის. თუმცა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა ეს ვითარებაც შეცვალა და ახალ მონაცემებში, შესაძლოა, 2005 წლის მდგომარეობას დავუბრუნდეთ და ისევ მე-100 ადგილი დავიკავოთ, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა - ომმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს სიტუაცია საგრძნობლად შეცვალა და ინვესტორისთვის მომხიბლავი ქვეყანა ისევ საშიშ და ბიზნესის წამოწყებისათვის რისკის შემცველ ზონად აქცია. თუმცა ჩვენი "მოხერხებულობისა" და "სწორი პოლიტიკის" მეშვეობით "პრესტიჟული" 15 ადგილი, შესაძლოა, ისევ შევინარჩუნოთ და ინვესტორს ამ პოზიციიდან მოვაწონოთ თავი. აგვისტოს დაძაბული დღეების შემდეგ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დასავლეთის სახელმწიფოებისაგან არაერთი დახმარება მიიღო. ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიც ჩამოდიოდნენ და ინვესტიციის ჩადებაზე მზადყოფნას გამოთქვამდნენ, თუმცა ასეთი ვიზიტები მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა უფრო იყო, ვიდრე რეალური ქმედება. სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ჯერ ამერიკული "დოჰენ ჯგუფის" დირექტორი ეწვია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლაშა ჟვანიასთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა. ის საქართველოს მთავრობას დაჰპირდა, რომ საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებდა. ეს ჯგუფი სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რა ტიპის ინვესტირებას განახორციელებს, ეს ჯერ გაურკვეველია. თუმცა მთავარი არამარტო მხარდაჭერის გამოხატვა, არამედ ბიზნესსაქმიანობის წამოწყებაა, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ უცხოელი ბიზნესმენების ჩამოსვლა და დაპირება ბიზნესის აქ წამოწყებაზე, მხოლოდ დაპირებად არ უნდა დარჩეს და საქმედ უნდა გადაიქცეს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ საომარი ვითარების მიუხედავად, ინვესტიციების ჩადება ბიზნეს სექტორში ისევ აქტიურად მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთ მაგალითად ებრაულ ინვესტიციებს ასახელებენ, რომელთაც, შექმნილი სიტუაციის გამოც კი, ერთი წამითაც არ შეუჩერებიათ ბიზნესსაქმიანობა. ამასთანავე სახელდება ის ინვესტორებიც, რომლებსაც უკვე წამოწყებული ჰქონდათ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში და არც მათ უთქვამთ უარი შემდგომ მის გაგრძელებაზე. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით უცხოური ინვესტიციების წილი 1,563 მილიარდი აშშ დოლარიდან 2,015 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე დიდი ინვესტორი ჩეხეთი იყო 13,2%-ით, მას მოჰყვება ჰოლანდია 13%-ით, ვირჯინიის კუნძულები 10%-ით, კვიპროსი 8,1%-ით, თურქეთი 6,8%-ით, ყაზახეთი 6,4%-ით, უკრაინა 6,2ით, ამერიკის შეერთებული შტატაები 5,6%-ით, გერმენია 5,5%-ით და ბოლოს რუსეთი 4,3%-ით. როგორ გადანაწილდება ეს მაჩვენებლები სამომავლოდ, ჯერჯერობით უცნობია.. რისკების გაზრდის გამო, ვინ შეაჩერებს და ვინ გააგრძელებს ჩვენთან ბიზნესურთიერთობებსა და ბიზნესსაქმიანობას, ესეც გაურკვეველია. ამ საკითხში უკეთესად გასარკვევად ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ გიორგი ნანობაშვილის ვესაუბრეთ. საომარი მოქმედებების გამო რა ზარალი განიცადა სახელმწიფომ ეკონომიკური კუთხით და იმ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. თუ არის ეს აღრიცხული და დათვლილი? ციფრები ჯერჯერობოთ დასაზუსტებელია. კონკრეტიკის დასახელებას დრო სჭირდება. მილიარდი, ეს რაც დასახელდა, არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურის ზარალია. აქ იგულისხმება ის გარემოებაც, რამაც კომპანიების მუდმივი შემოსავალი შეაფერხა და კიდევ სხვაც. თუ დავთვლით იმ პოტენციურ შემოსავალსაც, რაც შეიძლება ამ პერიოდში შემოსულიყო, მაშინ ეს ზარალი ასეულ მილიონებზეც კი შეიძლება ავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია იმ თანხის განსაზღვრა, რაც სჭირდება დანგრეულის აღდგენას. ჩვენ დავთვალეთ, რომ მხოლოდ გზების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 2 მილიონზე მეტი ლარია საჭირო. დაზიანებების მიუხედავად სატრანსპორტო კომუნიკაციები დღესდღეობით უკვე სტაბილურად ფუნქციონირებს. ასევე ზიანი მიადგა სოფლის მეურნეობის სექტორს. დაზარალდნენ ფერმერები საქონლისა და პროდუქციის განადგურების გამო. იზარალეს, რა თქმა უნდა, ცალკეულმა ადამიანებმა, რომელთაც გაუნადგურეს კერძო საკუთრება. დიდი ზარალი ნახა რკინიგზამ, პორტმა, ასევე სხვა კომპანიებმაც, რომელთა სამუშაოები შეფერხდა საომარი მოქმედებების გამო, განსაკუთრებით დაზარალდა კონფლიქტის ზონებში მოქმედი საწარმოები. ამ ყველაფრის სწორედ დათვლას კი დრო სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული თანხები როგორ გადანაწილდება და რამდენად წაადგება ის ქართული ეკონომიკის აღდგენას? ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის მსოფლიო ბანკი 350 მილიონს გამოყოფს და ეს მოხმარდება სწორედ ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ ქვეყანაშივე მოხდა ბიუჯეტის პროექტირება, ზოგიერთ სექტორს შეუმცირდა თანხები და სხვა სეგმენტებს კი დაემატა. სავალუტო ფონდმაც ჩვენს საკრედიტო კვოტას გადააჭარბა და 750 მილიონი საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. ეს მოხმარდება ეროვნული ბანკის სამომხმარებლო ბალანსის რეზერვების შევსებას. ასე რო, არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად ლარის კურსის ვარდნა არ არის მოსალოდნელი, პირიქით მის გამყარებასაც კი ველოდებით, რადგანაც დიდი ტრანსფერებია. რა ვითარებაა ამჟამად ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. შექმნილი მდგომარეობის გამო ხომ არ თქვეს უარი ინვესტორებმა დაგეგმილ პროექტებზე და რამდენად ჩამორჩება ამ წლის მოსალოდნელ რაოდენობას რეალური ინვესტიციების მოცულობა? ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ინვესტიციების წილი არა თუ გაუტოლდებოდა შარშანდელ მონაცემებს, არამედ შესაძლოა გადააჭარბებს კიდეც. თვითონ საომარი მოქმედებების დღეებშიც კი ტარდებოდა სარგებლობის ლიცენზიებზე აუქციონები. ანუ შეიძლება ითქვას, რომ არ შეიმჩნევა განსაკუთრებული შიში ინვესტორების მხრიდან საქართველოში ფულის დაბანდებაზე. ეს იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ეს კონფლიქტი ხანგრძლივი არ იქნება. ასევე იციან, რომ მთავრობა მაქსიმალურად არის დაინტერესებული ხელი შეუწყოს ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ჩატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო ბიზნესის წამოწყების მხრივ ერთ-ერთ კომფორტულ და ხელსაყრელ სახელმწიფოდ ითვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, რა თქმა უნდა, იზრდება. რისკები მართლაც გაიზარდა, ამიტომაც უფრო მეტი დადებითი მესიჯია დასაგზავნი, რომ აქ უკვე უსაფრთხო გარემოა ბიზნესის წამოწყების მხრივ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც აგვისტოს მოვლენებამდე იყო რისკები მცირე, რადგან მანამდეც არსებობდა კონფლიქტის ზონები, უკონტროლო ტერიტორიები, თუმცა ეს ინვესტიციის შემოსვლას სრულებითაც არ აფერხებდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ამ ფორსმაჟორულ სიტუაცაიში უფრო მეტი შეღავათები გავუწიეთ მეწარმეებს. ამიტომაც მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობაც დიდია. სავარაუდოდ ასეთ ვითარებაშიც კი ინვესტიციები მილიარდს გადააჭარბებს. 6 თვეში ჩვენ მიღებული გვაქვს 955 მილონი დოლარი, ეს აჭარბებს შარშანდელ მონაცემებს 16%-ით. შარშან იყო ბუმი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებია. ინვესტიციად ითვლება ის თანხებიც, რომლებიც დონორებიდან შემოდის და იგი ინფრასტრუქტურაში იდება. ანუ ამას საგადამხდელო ბალანსით ვუყურებ, იმ თვლსაზრისით, რომ შენ აფინანსებ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ამ მხრივ მილიარდ 200 ათასს შეიძლება გადააჭარბოს, მაგრამ ამჯერად ისე აღარ იქნება, როგორც შარშან იყო. არის ინვესტიციები, რომლებიც უკვე დაწყებული იყო და გაგრძელდება და არის ისეთებიც, რომლებიც დაგეგმილი იყო და ისიც ვიცით, რომ გაგრძელდება. ყველაზე დიდი პროექტები იყო ინდუსტრიალ ზონაში და იქაც მიუხედავად სირთულეებისა, აქტიურად გრძელდება მუშაობა და არავინ აპირებს უკან დახევას. არის ინვესტიციები, რომლებიც თვითონ შიგნითვე ხორციელდება კომპანიებში და ჩვენ არ ვერევით. ამ ნაწილში, სავარაუდოდ, შემცირებაა მოსალოდნელი. თუმცა ეს დეფიციტს ვერ შექმნის. ისეთი დიდი თანხის შემოსვლა ქვეყანაში, რომელსაც დახმარების სახით გვაძლევენ დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფოები, ხომ არ გამოიწვევს ინფლაციის ნიშნულის კიდევ უფრო გაზრდას? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ საგანგებო ვითარებაში ის იყო, რომ საქართველოს მთავრობას ომის პერიოდშიც კი არ დაუწყია ფულის ბეჭდვა, რამაც თავიდან აგვაცილა ინფლაციის ზრდა. ინფლაცია 8%-იან ნიშნულზე დარჩა. ჩვენ წავედით საგარეო ვალის ზრდაზე, ანუ იმ კრედიტების აღებაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნებმა გამოყვეს, რომ არ ყოფილიყო ინფლაციის ზრდა. თუმცა ინფლაციური წნეხი მაინც არის, ჩვენ არ გვაქვს დაბალი ერთნიშნა ინფლაცია, ჩვენ გვაქვს მაღალი ერთნიშნა ინფლაცია. ამ მდგომარეობით ეკონომიკის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, არ მომხდარა, მაგრამ არც დეფიციტი შექმნილა. როცა ქვეყანაში ამხელა დახმარება შემოდის, ის შემდეგ გასვლასაც ნიშნავს. როდესაც არსებობს გადახდის უნარიანობა, ეს უკვე ნაკლებად ინფლაციურია. ეს საგარეო ვალი არის ისეთი ფორმატის, რაც პოლიტიკურ ვალდებულებასაც ითვალისწინებს. რომელ სფეროებში შემოდის ყველაზე მეტი ინვესტიცია? ყველაზე დიდი ინვესტიციები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროზე მოდის და ის 28%-ს შეადგენს 17% მოდის ენერგეტიკაზე. აქ შედის ლიცენზიების გაყიდვაც და პროექტების განხორციელებაც. 15% სხვა სფეროებზე მოდის. ესენია: ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და სხვა. ასევე 15%-I მოდის მრეწველობაზე. ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს სოფლის მეურნეობას. 7% აქვს საბანკო სექტორს, მას დიდი კაპიტალი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ეხება მხოლოდ პორტფელურ ინვესტიციებს. 13% არის უძრავ ქონებაში. 3% მშენებლობაში. ამ მასშტაბის ინვესტიციები ამიერკავაკასიაში, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანს, არსად ხორციელდება. შარშან ინვესტიციების მთლიანი მაჩვენებელი 20%-მდე ავიდა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ რისკების გაზრდის მიუხედავად, არ შემცირდეს ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი და აქ ფულის დაბანდება მათთვის სასურველი, მიმზიდველი და რაც მთავარია, უსაფრთხო იყოს ? ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დაარწმუნო ინვესტორები, რომ სახელმწიფოში არ ხორციელდება სერიოზულ ცვლილებები, არ იზრდება გადასახადები, რომ ბიუჯეტში ამის საჭიროება გაგიჩნდეს. ასევე ჩვენი ქმედებებით უნდა დავუმტკიცოთ, რომ არანაირ კონფლიქტს არ ვაპირებთ და მხოლოდ სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის ვზრუნავთ. ჩვენ რა კანონებიც გვაქვს მიღებული, თუ იმას ზუსტად შევასრულებთ, გარწმუნებთ, რომ ეს გაზრდის მათ ნდობას ჩვენდამი. მარიამ ჩიტიშვილი
|