ნანახია: 1918
ინფლაცია თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეკონომისტები სიფრთხილით ეკიდებიან ფასების ზრდის პროგნოზირებას და აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი დამამუხრუჭებელი ფაქტორი სწორედ ინფლაციური მოლოდინია. ხალხი ფასების მნიშვნელოვან ზრდას ხალხიც შიშით ელის. მთავრობის მიერ წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, მიმდინარე წელს წლიური ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებლით იქნება გამოხატული, რაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებითაცაა განსაზღვრული. 2008 წლის I კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ფასების საერთო დონემ 3,5 პროცენტით მოიმატა და წლიურად 12,3% შეადგინა. ნოემბერში ინფლაციამ 7% შეადგინა - სტატისტიკის დეპარტამენტის ობიექტურობიდან გამომდინარე, ეს მონაცემი ექსპერტებში სერიოზულ ეჭვს იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა, ლარი დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად სწორედ ნოემბერში გაუფასურდა. ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ნოემბერში ინფლაციის შემცირებას უბრალოდ ტყუილი უწოდა. "საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი გადაეცეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას და მას ინფლაციის პრობლემა საერთოდ მოეხსნება. ის ქვეყანაც, კი სადაც დღეს ყველაზე მაღალი ფასების ზრდა ფიქსირდება, ასეთი სტატისტიკის დეპარტამენტის პირობებში, ნამდვილად დაისვენებს ინფლაციისგან,"- მიიჩნევს ჯავახიშვილი. მართალია, ლარის მოულოდნელი გაუფასურების შემდეგ მთავრობა აცხადებდა, რომ ფასები არ გაიზრდებოდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. იმ პირობებში, როცა მოხმარებული საქონლის 90% იმპორტირებულია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივია, რომ გამოიწვევს ინფლაციას. საერთოდ, ცალკე თემაა ქართველი მონოპოლისტები, რომელთაც არავინ აკონტროლებს და ისინიც ფასებს სურვილის შესაბამისად ცვლიან. დოლარის ლართან მიმართებაში გამყარების შემდეგ "ავერს"-მა და "პსპ"-მ მედიკამენტების ფასები დაახლოებით 20-25%-ით გაზარდეს. საერთოდ გასულ თვეში თითქმის ყველა სახის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა და აქედან გამომდინარე ოფიციალური მონაცემები, იმასთან დაკავშირებით, რომ ინფლაცია ოქტომბერთან შედარებით შემცირდა, ალბათ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა უფრო არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ფაქტების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ "პროდუქციის გაძვირების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს". სებ-ის აზრით, ნოემბერში დეფლაციის საშიშროებაც კი არსებობდა და მანაც რეფინანსირების განაკვეთი 10-დან 9%-მდე შეამცირა. ნოემბრის თვის ფასების ზრდის ოფიციალურ მაჩვენებელთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურს: "საქართველოში ინფლაციის რეალური მაჩვენებლის გაგება საკმაოდ რთულია, რადგან მას ითვლის სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაშია. ერთი მხრივ, ნოემბერში შემცირებული ინფლაცია შეიძლება ავხსნათ საწვავზე ფასის შემცირებით, თუმცა, ამავდროულად გაიზარდა ფასები ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე. საწვავის გაიაფება გამოწვეულია მსოფლიოში ნავთობის ღირებულების შემცირებით და არა იმით, რომ საქართველოს მთავრობამ ინფლაციის საწინააღმდეგო რაიმე ნაბიჯები გადადგა." სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნა სერიოზული ინსტიტუციური შეუსაბამობა იყო. მთავრობის ბოლო ინიციატივის თანახმად, სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოფა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება. უახლოეს პერიოდში ნათელი გახდება სტატისტიკის დეპარტამენტი საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიმწოდებელი გახდება, თუ კვლავ ხელისუფლების ნების გამომქვეყნებელად დარჩება. ფაქტი კი ერთია, რომ საქართველოში გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებისა და გაძვირებული პროდუქტების შედეგად, გაჭირვებული მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე მატულობს.
შოთა ბუჩუკური
|