ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილთან
- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას - როგორც კრიზისულს, რეცესიულს, სტაბილურს თუ აღმავლობის გზაზე მდგომს?- მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც შეეხო, მაგრამ ნაკლები სიმწვავით. ამას დაემატა აგვისტოს ცნობილი მოვლენები. ბუნებრივია, ამ პროცესების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო ვერ იქნება. თუმცა, 2010 წლისთვის, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკის 2 პროცენტიანი ზრდა არის ნავარაუდევი და პოზიტიურ შედეგებს უკვე პირველივე კვარტალში ველოდებით. დიდი სირთულეების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა საკმარისად მდგრადი და მოხერხდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ესაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ძირითადი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ეკონომიკის განვითარება.
- მთავრობის მიერ ერთ დროს დიდად "გაპიარებული" "იაფი კრედიტის" პროგრამის დაფინანსება 2009 წელს 2-ჯერ შემცირდა, 2010 წელს კი საერთოდ უქმდება. იქნებ აგვიხსნათ, რატომ შეწყდა ეს პროგრამა?- მოგეხსენებათ, რომ 2008 წელს "იაფი კრედიტის" პროგრამის ბიუჯეტი მთავრობამ 35 მლნ ლარით განსაზღვრა. მოგვიანებით, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 62,4 მლნ ლარამდე განპირობებული იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მეწარმეების ხელშესაწყობად. 2009 წელს "იაფი კრედიტის" პროგრამისთვის ბიუჯეტმა 20 მლნ ლარი, მართალია, გაითვალისწინა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ასიგნებით რთველის ჩასატარებლად გაწეული სამუშაოები დაფინანსდა.
საყურადღებოა, რომ მეწარმეებს, რომელთაც კრედიტი 2008 წელს დაუმტკიცდათ, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბიუჯეტში თანხების გადახდა 2009 წლის ბოლოს უნდა დაეწყოთ, მაგრამ არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი, განსაკუთრებით კი ექსპორტიორი კომპანიები, პრობლემის წინაშე დააყენა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდა `იაფი კრედიტის~ მონაწილე მეწარმეებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ერთი წლით. აქედან გამომდინარე, 2009-10 წლებში საქართველოს ბიუჯეტში ვეღარ მოხდება იმ თანხის მობილიზება, რაც ხელს შეუწყობდა პროგრამის დაფინანსებას.
- რის გაკეთებას გეგმავს მთავრობა ბიზნესის კორუფციისგან გასათავისუფლებლად, რომელიც შეზრდილია ხელისუფლებასთან და ბიზნესის არცერთი მიმართულებით კონკურენცია, როგორც ასეთი, არ არსებობს, რასაც ბოლო დროს პრეზიდენტის მიერ აღმოჩენილი მონოპოლიებიც მოწმობს, განსაკუთრებით, ფარმაცევტულ ბაზარზე?- ეკონომიკის დივერსიფიკაციის პირობებში, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუციონალური რეფორმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია წარმატებულ რეფორმად, პარადოქსულია იმაზე მსჯელობა, რომ ბიზნესის არცერთი მიმართულებით კონკურენცია არ არსებობს და ქვეყანაში არსებობს ისეთი ეკონომიკური ჯგუფი ან ძალა, რომელსაც შეუძლია ათასობით სასაქონლო ნომენკლატურის თუ სამეწარმეო საქმიანობის ბაზრებზე კონკურენციის შეზღუდვა.
- აღიარებთ თუ არა, რომ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ძირფესვიანად და კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის ევროპულ და ამერიკულ გაგებასა და ღირებულებებს? ამ აქტით და სხვა თანმდევი ნაბიჯებით, ხომ არ ეწყობა ხელი ქვეყნის დესუვერენიზაციას, დერეგულაციას, დეცენტრალიზაციას და დეზინტეგრაციას?- პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" წარმოადგენს ხელისუფლების ლიბერალურ პოლიტიკის გაგრძელებას. იგი საფუძვლად დაედება ქვეყნის მომავალ განვითარებას, რათა ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად, ეკონომიკა დაცული იყოს ზედმეტი და შემზღუდავი რეგულაციებისგან. ისევე, როგორც წინა წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ამდენად, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში იქნება თავისუფალი და მიმზიდველი და რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ მეტი სტიმული, განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
ეს არის მიმართულება, რომელსაც საქართველო განვითარების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნიდან გამომდინარე ინარჩუნებს. `თავისუფლების აქტით~ ლიბერალური ეკონომიკური კურსის შეუქცევადობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნება დაცული და საქართველო იქცევა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად კანონმდებლობის მხრიდან ეკონომიკური ლიბერალიზმის დაცულობის თვალსაზრისით. შედეგებიც, ბუნებრივია, მისი კანონმდებლობაში ასახვის შემდგომ პერიოდში იქნება შესამჩნევი.
- ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ისმის განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი დასრულდა, ეკონომიკა რეცესიიდან გამოდის და აღმავლობის გზაზეა, მაშინ, როცა 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, მცირე საწარმოების რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა, მთავრობას დაგეგმილი ბიუჯეტის 2-ჯერ შეცვლა მოუხდა, სადაც გადასახადებიდან შემოსავლების ნაწილში 800 მილიონიანი შემცირება მოხდა, ამასთან წლის დასაწყისში დაგეგმილი მშპ-ის 2,5 პროცენტიანი ზრდა 4 პროცენტიანი კლებით შეიცვალა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მშენებლობების უმეტესობა გაჩერებულია და ბანკები კრედიტებს ან არ გასცემენ, ან ძალიან მაღალ პროცენტად. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიგაჩნიათ თუ არა და ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოს ეკონომიკა რეცესიიდან გამოდის და განვითარების გზას ადგას და რა არგუმენტების მოშველიება შეგიძლიათ ამის დასადასტურებლად?- კრიზისის დასრულება ცალსახად ეკონომიკის მკვეთრ ზრდას არ ნიშნავს. 2009 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის შემცირება 2009 წლის ბოლოსთვის 4 პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ჯანსაღდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკაში გამოცოცხლება უკვე შეინიშნება. 2009 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც უკვე აღვნიშნე, 2009 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 18.2 პროცენტით და პირველ კვარტალთან შედარებით 5.9 პროცენტით გაიზარდა. მეოთხე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდეს და შესაბამისად, ვარდნის მაჩვენებელი შემცირდეს.
გააქტიურებულია ბიზნესსექტორიც, რაც ყველაზე მკაფიო ინდიკატორია კრიზისის შემცირების შესაფასებლად. 2009 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, პირველ კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საწარმოთა ბრუნვა (18.4%) და გამოშვება (24.7%), ზრდა აღინიშნა შინამეურნეობების ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერებში, რომელიც 2009 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა. შედარებით სტაბილურია სამშენებლო სექტორი. 2009 წლის მესამე კვარტალში მშენებლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 13.1-ჯერ აღემატება პირველი კვარტლის მონაცემს.
ეკონომიკური აქტივობის ზრდას, შესაბამისად, წლის ბოლოდან ველოდებით. ხოლო 2010 წლისათვის კი 2 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი.
- ბოლო პერიოდში საუბარი იყო ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციების კიდევ უფრო შეზღუდვაზე. რამდენად რეალურია ამის განხორციელება 2013 წლამდე და როგორ ხედავთ ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციას დღევანდელ სიტუაციაში?- თქვენი შეკითხვის პასუხად გეტყვით, რომ საუბარია არა ფუნქციების შეზღუდვაზე, არამედ რეფორმირებაზე, რეფორმა კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ახლაც მიმდინარეობს. ერთ სისტემაში ექცევა არქმშენინსპექცია, საქტექზედამხედველობა და განსაკუთრებული ნებართვების გაცემა და იგი ჩვენი სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურად ჩამოყალიბდება. ყველა რეფორმა საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რეფორმამ სამშენებლო სექტორში ნებართვების გაცემის ერთი ფანჯრის პრინციპი უნდა დაამკვიდროს და გაამარტივოს სამშენებლო ნებართვების გაცემისას ბიუროკრატიული მექანიზმები. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური შეხვედრები სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, ამ დარგის პოტენციურ ინვესტორებთან და ექსპერტულ წრეებთან. ვფიქრობ, საზოგადოება ამ რეფორმის დადებით შედეგებს მალე იგრძნობს.
- აქვს თუ არა მმართველ პარტიას, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჩამოყალიბებული ეკონომიკური პლატფორმა და პოლიტიკა. ინვესტიციების მოზიდვა და მარეგულირებლების შექმნის აკრძალვა ვერ ამოწურავს ეკონომიკური პოლიტიკის ცნებას. არსებობს თუ არა ასეთი პროგრამა და რა არის მისი მთავარი მომენტები?- საქართველოს მთავრობას გააჩნია სამთავრობო პროგრამა "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე", რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ ნდობა გამოეცხადა პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული სამთავრობო პროგრამით მთავრობის მთავარი მიზანი უცვლელია და ეს მიზანია - ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენდა და წარმოადგენს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფორმირება და ამ გზით ეკონომიკური ზრდის მიღწევა. გატარებული რეფორმების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა და 2003-2008 წლებში რეალური მშპ 45 პროცენტით გაიზარდა. ასევე, საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელთა უმრავლესობა ბიზნესგარემოს შეფასებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველო 2005 – 2009 წლებში აღიარებულ იქნა პირველ რეფორმატორ ქვეყანად აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მოგეხსენებათ, ამ რეფორმების ძირითადი ნაწილი სწორედ ეკონომიკის სფეროში განხორციელდა და სწორედ ეს იყო საფუძველი, რამაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს კონფლიქტის ფონზე. ამ რეფორმების შედეგად მოხდა საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რაც განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის მდგრად და სწორხაზოვან განვითარებას.
მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამას წინ უძღოდა მთავრობის სტრატეგია, რომელიც 2008 წლის ბოლოს იქნა შემუშავებული გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად და რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს – 2.2 მილიარდი ლარის ინვესტიციას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ხოლო მეორეს მხრივ – 1.6 მილიარდიან პაკეტს სოციალური დახმარებებისთვის. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. დღეისათვის, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი ამ პროექტებშია დასაქმებული.
2009 წლის ივნისში მიღებულ იქნა ახალი ფინანსური პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკის დაკრედიტების ზრდას და იმ სფეროების სტიმულირებას, რომელთაც კრიზისიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ზიანი მიადგათ.
კვლავ მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი, რომლის მიზანი ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება და კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდაა.
ამასთან, საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მუშაობას ეკონომიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციის კუთხით, რაც საფუძველს შეუქმნის მეწარმეობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ყოველივე ეს კი მიმართულია ეკონომიკური აღმავლობის სწრაფი ტემპების მისაღწევად.
- რამდენი თიზ-ია დღეს საქართველოში? გაცხადებულია სამი – ქუთაისი ("ფრეში"), ფოთი ("რაკიინ ჯგუფი") და რუსთავი (იქ თურმე ესტონელები აკეთებენ თიზ-ს). რამდენი ხელისუფლებისთვის მისაღები ინვესტორი მოვა, იმდენი თიზ-ი შეიქმნება? ასე ხომ მთელი ქვეყანა ოფშორად და თიზ-ად იქცევა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ასეთი პერსპექტივა?- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა შეესაბამება საქართველოს შემდგომი განვითარებისა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს.
თიზ-ის განვითარება მიმზიდველს გახდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემდგომ ზრდას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ეკონომიკის სტიმულირებას და განაპირობებს ეკონომიკური აქტივობის ზრდას. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა და განვითარება ასევე დადებითად იმოქმედებს დასაქმების ზრდაზე.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას და დივერსიფიკაციასაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ამჟამად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებების თანახმად უკვე შექმნილია "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" და "ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა". ამასთან, ქვეყანაში არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონი, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის მარეგლამენტირებელი სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელშიც გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა თიზ-ის შექმნაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური