"სახალხო ბანკი" და მამუკა ხაზარაძე და ელგუჯა სილაგაძე ბანკებით (ხელში)
მოპიკირე ბომბდამშენი ქართულ საბანკო სივრცეში
მას შემდეგ, რაც ბატონმა გურგენიძემ ერთი "დიდი ბუშტი" - "საქართველოს ბანკი" გაბერა, რისი უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციას ამ ბანკის დღევანდელი მენეჯმენტი ახლაც ცდილობს, უკვე "სახალხო ბანკისგანაც" გადაწყვიტა დიდი ბუშტის გაკეთება.
ჯერ იყო და პენსიონერების მოამაგემ ჩვენი მოხუცები გაახარა. ხუთი თვის პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში, ძირითადად, წამლების საყიდლად და სამკურნალოდ, თითქმის ერთი თვის პენსიას პროცენტად "ახევს".
კახა ბენდუქიძის თანამოაზრემ, აინ რენდის "მკაცრი კაპიტალიზმის" და ნეოლიბერტარიანული მიმართულების მიმდევარმა აგრესიული მენეჯმენტის დამკვიდრება დაიწყო საქართველოს საბანკო სექტორში, თბილისში ჩამოსვლისთანავე. კარგი სპეციალისტების მაღალი ხელფასებით გადაბირებამ სხვა ბანკირები გააღიზიანა და, როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, მათ გურგენიძეს "საქმეც კი გაურჩიეს". ლადო გურგენიძემ "სახალხო ბანკის" სხვა პარტნიორებთან ერთად ხელში ჩაგდების შემდეგ, (რომელსაც მან საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაადგა თვალი, ისე როგორც დღეს "კორსტანდარტ ბანკს" იგულებს თავისად და ალბათ, მალე "ლიბერტი ბანკად" წოდებულ "სახალხო ბანკს" შეუერთდება კიდეც) აგრძელებს აგრესიული მენეჯმენტის თავისი სტილით მოქმედებას.
ახლახანს ლადო გურგენიძემ და "სახალხო ბანკმა" მორიგი სასიქადულო "პროდუქტი" გვიფეშქაშა.
2 თებერვლიდან ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს "სახალხო ბანკის” ინოვაციური პროდუქტით ,,მ7 ანაბარი". აღნიშნული პროდუქტის უპირატესობას წარმოადგენს პირობა, რომლის მიხედვითაც, მეანაბრეებს დაერიცხებათ საქართველოს ბაზარზე 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის, - 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს +0.1%.
როგორც "სახალხო ბანკში" აცხადებენ, ,,მ7 ანაბარი” ქართულ საბანკო ბაზარზე ერთადერთი პროდუქტია, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის, - 12-თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირდა ახალი, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ასე რომ, მომხმარებელი ისარგებლებს მაღალი საპროცენტო განაკვეთით და კომფორტით, რადგან არ დახარჯავს დროს საუკეთესო პირობების ძიებაში.
,,მ7 ანაბრის” გახსნა, მინიმუმ, 100 ლარით, აშშ დოლარით ან ევროთი და 12 თვიანი ვადით არის შესაძლებელი.
არც "მ7"-ის სარეკლამო ბუკლეტში გაშარჟებულ-გაქილიკებული და არც სხვა ბანკების წარმომადგენლები მოცემულ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
არადა, მათ ხომ იციან, რომ დუმილი ყოველთვის ოქრო როდია.
ადა ექიზაშვილი