ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოღებული შემოწმების ახალი მეთოდის წყალობით, მრავალი ობიექტი საგადასახადოს ვალებში ჩაეფლო. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტის ბრუნვის ქრონომეტრაჟის შედეგები წინა წელზე გაავრცელოს და თუ შემოსავალში სხვაობას აღმოაჩენს, მეწარმე თანხების დამალვის გამო დააჯარიმოს. შემოწმებაზე შესვლისას საგადასახადოს თანამშრომელი სავაჭრო ობიექტის მიმდინარე შემოსავალს წინა წლის იმავე დროის მონაცემებს შეადარებს. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტს ორივე წელს თანაბარი რაოდენობის შემოსავალი არ აღენუსხა, ჩაითვლება, რომ მან ერთ-ერთ წელს შემოსავალი საგადასახადო სამსახურს დაუმალა და ჯარიმაც დაეკისრება. როგორც ცნობილი გახდა, შემოწმების ახალი მეთოდი საგადასახადომ წარმატებით გამოიყენა ბიუჯეტის შესავსებად, სამაგიეროდ, არაერთი სასტუმრო, რესტორანი და სხვა სავაჭრო ობიექტი ვალებში ჩაეფლო.
შემოწმების ახალი მეთოდი რომ უსამართლოა, ამაზე ექსპერტებიც თანხმდებიან და თვლიან, რომ ამგვარი მეთოდის გამოყენება, დაბეგვრის მიზნით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რადგან ის, რომ 2010 წლის იანვარში ამა თუ იმ ობიექტმა კარგად იმუშავა და მისი შემოსავალი მაღალი იყო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 2009 წლის იანვარშიც იგივე მოხდა. გარდა ამისა, ბიზნესი, სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ყოველწლიურად მისი შემოსავალი გაიზარდოს და ბიზნესმენმა ამის გამო ჯარიმები არ უნდა იხადოს.
მეტიც, ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე რესტორნის მეპატრონე რესტორნის დახურვასაც კი გეგმავს, რადგან თვლის, რომ ბიზნესი წამგებიანია სწორედ ამ გადახდის ახალი მეთოდის გამო. გაირკვა, რომ საგადასახადოს თანამშრომლები შარშან რესტორანში შემოწმების მიზნით ორჯერ შევიდნენ და მას შემდეგ, რაც 2009 წლის ნავაჭრი 2008 წლისას არ დაემთხვა, რესტორანს 417 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს, რისი გადახდაც მფლობელმა ვერ შეძლო. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ არასამართლიანი ქმედებებისა, რასაც საგადასახადო ორგანო კანონის საფუძველზე ხშირად სჩადის.
იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია შემოწმების ეს მეთოდი, აუდიტორი ირაკლი შავიშვილი საუბრობს. ექსპერტი ხელისუფლებას ურჩევს: "არსებობს, სასტუმროების და რესტორნების ე.წ. ვარსკვლავიანობა, რომელიც ამ დაწესებულებების დონის მაჩვენებელია. კარგი იქნება, საგადასახადო სამსახურმა ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით დაუწესოს მათ წლიური სალიცენზიო მოსაკრებელი თუ სხვა სახის გადასახადი. ისინი გადაიხდიან იმ თანხას, რომელიც მათ შეუძლიათ და სურთ რომ გადაიხადონ. ამით მოიხსნება მათი აღრიცხვიანობის პრობლემა და არც ბიუჯეტი დარჩება წაგებული".
ექსპერტი არც 2009 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს იწონებს და ამბობს, რომ საგადასახადო სამსახური აკეთებს იმას, რაც სურს, იმით გათამამებული, რომ ვერავინ ვერსად იჩივლებს. თავის საქციელს ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით ხსნის, შემდეგ კი აღარ ინტერესდება, რამდენად სამართლიანია მისი ესა თუ ის ქმედება, რადგან მას არც იმის შიში აქვს, რომ ამის გამო დაისჯება.
ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც" გამოეხმაურა. "შემოსავლების სამსახურის ქმედებები ამ წესის ფარგლებში, რომელიც უკვე 1 წელია მოქმედებს, სერიოზულ პრობლემებს რომ შეუქმნიდა ბიზნესს, ეს თავიდანვე ნათელი იყო. ამ კანონის თანახმად, საგადასახადო და სახელმწიფო ორიენტირებულია ბიუჯეტის ყველანაირი გზით შევსებაზე, ბიზნესისგან ფულის წაგლეჯვაზე და არა ქვეყანაში რეალური სექტორის ხელშეწყობაზე. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ წლის გარკვეული პერიოდის კომპანიის შემოსავალი მაჩვენებელი წინა წლის დარი იყოს. ყველა ნორმალური ბიზნესი განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, იგი ყოველწლიურად ვითარდება და მისი შემოსავლებიც იზრდება, გამდინარე აქედან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე მაჩვენებელი აჩვენოს კომპანიამ 2, ან მეტი წლის მანძილზე.
თუნდაც, ავიღოთ 2009 წელი. მთელი წლის მანძილზე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყანაში რეცესია იყო, შესაბამისად, ამ წელს სასტუმროების და რესტორნების შემოსავალიც შემცირდებოდა, ხოლო 2010-ში, ისევ მთავრობისვე განცხადებით, ქვეყანაში კრიზისი დასრულდა და ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა. ამ პირობებში, საქართველოში თუ მართლაც იზრდება ეკონომიკა, სასტუმროების და რესტორნების შემოსავლებიც გაიზრდება. რა უნდა ქნან ამ დაწესებულებებმა? უარი უთხრან კლიენტთა იმ რაოდენობას, რომლებიც გადააჭარბებენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულს? გაუგებარია, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ მთავრობა ქვეყანაში ნებისმიერ ჯანსაღ ბიზნესს განვითარებაში უწყობდეს ხელს, უნდოდეს, რომ ბიზნესის შემოსავალი გაზარდოს და შესაბამისად, ბიუჯეტის გადასახდელი თანხაც გაიზარდოს, პირიქით, მეწარმეების ბიზნესის განვითარებას უკრძალავს.
ეს წესი ბიუჯეტში არსებული სერიოზული პრობლემების დასაფარად იქნა შემოღებული. ანუ, ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში პრობლემები ჰქონდა და ეს რომ არ გამოჩენილიყო საზოგადოების წინაშე, ხელისუფლება პირდაპირ ტერორზე გადავიდა. ახლა კი იმით ამაყობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა ვალდებულება იქნა დაფინანსებული. ბიუჯეტის შევსება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მიუღებელია მისი შევსების ასეთი პრინციპი.
ერთი მაგალითს მოვიყვან, საზოგადოებისთვის კარგად რომ იყოს გასაგები. ჩვენს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია ერთ წელიწადში მსოფლიოში ხე-ტყის წარმოებითა და ექსპორტით პირველი ადგილი დაიკავოს, ანუ მოვჭრათ ყველა ხე, რაც გვაქვს და ერთი წლის მანძილზე მსოფლიო ლიდერები ვიქნებით ამ სექტორში. მაგრამ მომდევნო წელს უკვე ბოლო ადგილს დავიკავებთ, რადგან მოსაჭრელი არაფერი გვექნება. ზუსტად ასეთი პრინციპით მოქმედებს ფინანსთა სამინისტრო. მთავარია, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები დააფინანსონ და წინ არც იყურებიან. ბიზნესებს ისეთ ჯარიმებს უწერენ, რომ მათი უმეტესობა გაკოტრებისთვისაა განწირული", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში".
თაკო მათეშვილი