ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ზურაბ მელიქიშვილთან
- ბატონო ზურაბ, როგორი იყო 2009 წელი ეკონომიკური კუთხით საქართველოსთვის? რა გამოწვევების წინ იდგა ამ წელს საქართველო და რა დაუპირისპირა ამას მთავრობამ? რამდენად დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს წელი?- დავიწყოთ იმით, რომ 2009 წელი, ისევე როგორც 2008 წლის მეორე ნახევარი, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევების წელი იყო. მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოსარჩევია 2008 წლის რუსული აგრესია და მისგან გამომდინარე შედეგები ეკონომიკური კუთხით. ამას დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მთელ რიგ შემთხვევებში, ქართულ ეკონომიკაზე ამ ყველაფერმა ზეგავლენა იქონია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ გამოწვევების ფონზე მთავრობის მხრიდან იყო რამდენიმე აქტივობა, უშუალოდ ამ კრიზისების საწინააღმდეგოდ მიმართული, რათა მოსახლეობისთვის ნაკლებად საგრძნობი ყოფილიყო ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები. 2008 წლის ბოლოს დონორების კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს დახმარება გამოუყვეს, რომელიც 2008 წლის ბოლოდან 2011 წლის ჩათვლით შემოვა საქართველოში. ეს დახმარებები საგრძნობლად დაეხმარა საქართველოს ეკონომიკას იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც მის წინაშე 2009 წელს იდგა.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან იყო მთელი რიგი ნაბიჯებისა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ხორციელდებოდა. კერძოდ, საბანკო სექტორისთვის ხელშეწყობა. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ძალზედ სენსიტიური სფერო და ის ცვლილებები, რომელიც უშუალოდ კანონებშიც შევიდა, საბანკო სისტემის სიმყარეს უწყობდა ხელს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი, სხვა მიმართულებით ხელისუფლება ძირითადად ორიენტირებული იყო ინვესტიციების შემოდინებაზე, რომელზეც მიბმულია, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. რაც შეეხება ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა, `ეკონომიკური თავისუფლების აქტთან~ დაკავშირებით, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს იმ ეკონომიკურ ღირებულებებს, რომელზეც მთლიანობაში საქართველოა ორიენტირებული. იგი განსაზღვრავს გრძელვადიან პერიოდში ინვესტორებისთვის გარანტიების მიცემას, რომ ერთ მშვენიერ დღეს არავის მოუვა აზრად გადასახადების გაზრდა. ამ ინიციატივის მთავარი არსია, რომ გადასახადებისა და ახალი სახის გადასახადის შემოღება ან გაზრდა უშუალოდ რეფერენდუმის გზით მოხდეს და მოსახლეობა წყვეტდეს ამ საკითხს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე 2010 წელს მივიღებთ კანონს, რომელიც უკვე ქვეყნის ძირითად მიმართულებებს მთლიანად განსაზღვრავს. საბიუჯეტო და ასევე სხვა მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ 2009 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ რთული წელი იყო, არცერთი საბიუჯეტო ვალდებულება შეუსრულებელი არ დარჩენილა, არცერთი სოციალური ვალდებულება არ დარჩენილა დაუფინანსებელი, რაც თავისთავად ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ 2010 წელს უფრო მეტ ინვესტიციებს ვისურვებდით, ვიდრე ეს 2009 წლის განმავლობაში განხორციელდა. სწორედ ინვესტიციაზეა მიბმული ჩვენი მთავარი საზრუნავი, რაც დღეს მთლიანად ხელისუფლებას და ყველას აღელვებს – მოსახლეობას თუ ნებისმიერ სოციალური საკითხით დაინტერესებულ პირს, რადგან ეს არის ადამიანების დასაქმება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ 2010 წელს და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იქნება.
- ვისაუბროთ 2009 წელს შემოსულ ინვესტიციებზე, ანუ რა ტიპის და რა მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, რომელი ქვეყნებიდან და რას უნდა ველოდოთ 2010-ში.? - ჩვენ ყველა მიმართულებით, ნებისმიერ ქვეყანაში ღია ვართ. ნებისმიერი ბიზნესით დაკავებულ პირებს ჩვენ ძალზედ საჯაროდ ვთავაზობთ ყველა მიმართულებით პროექტებს საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, ყველა სფეროსა და დარგის მიხედვით. ეს იქნება ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, ტურიზმის განვითარების თუ სასტუმროების პროექტები, ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა სათანამშრომლოდ. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ხდება ძირითადი მიმართულების განსაზღვრა. დავუშვათ, ინფრასტრუქტურული პროექტებისას, ეს გზების მშენებლობა იქნება თუ წყლის მომარაგების სისტემის გამართვა. ანუ ეს ერთიან ციკლშია, რათა უფრო მეტად დავაინტერესოთ ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებაში. 2009 წელს აღსანიშნავია, როგორც ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, რომ ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია, რადგან 2009 წელს უკვე გადაიდგა ამ მხრივ რეალური ნაბიჯები, ასევე სხვა კუთხითაც განხორციელებული ინვესტიციები. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი 2009 წელსაც იყო და დღესაც იქნება, ქვეყანაში რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ინვესტიციების მოზიდვა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი დღეისათვის ეგვიპტეშია და გარდა იმისა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრებს ახორციელებს, ამასთან ბიზნეს-ფორუმში იღებს მონაწილეობას. ეგვიპტელი ინვესტორისგან უკვე არის რამდენიმე გამოძახილი და გადაწყვეტილია, რომ უკვე მარტში ანალოგიური ბიზნეს-ფორუმი საქართველოში გაიმართება, რომელშიც ეგვიპტელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას. მსგავსი მიმართულებებით სამუშაოები გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა მიმართულებით პრეზენტაციების განსახორციელებლად, რათა უცხოელი ინვესტორების დაინტერესება მოხდეს. მე ზემოთ "ეკონომიკურ თავისუფლების აქტთან" დაკავშირებით ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და დღესაც არის. მაგალითად, უნდა ღებულობდეს თუ არა მოსახლეობა რეფერენდუმის გზით გადაწყვეტილებას გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და მოტივი ამ გადაწყვეტილებისას მიმართული იყო იქითკენ, რომ ინვესტორებისთვის მიგვეცა გრძელვადიანი გარანტია იმისა, რომ მართალია, ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს გადასახადების გაზრდას, მაგრამ მომდევნო პერიოდის განმავლობაში მათ უნდა იცოდნენ, რომ გადასახადის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით მოხდება. სწორედ ამ გრძელვადიანი გარანტიებისთვის იყო ეს ნაბიჯი, რაც ერთ-ერთი ძირითადი მოტივია დასაქმებისა. ანუ შემოსული ინვესტორისთვის, რომელსაც ბიზნესი აქვს გათვლილი გარკვეულ პერიოდზე, ვინც ადამიანებს დაასაქმებს, მიგვეცა იმის გარანტია, რომ გადასახადი ასე ერთი ხელის მოსმით არ გაიზრდება, ან ახალი გადასახადი არ შემოვა.
- ექსპერტების შეფასებით 2009 წლის ბიუჯეტი ძალიან ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი და ამის დასტურად მოჰყავთ არგუმენტი, რომ ბიუჯეტში წლის მანძილზე ცვლილება ორჯერ შევიდა. რა კომენტარს გააკეთებდით ექსპერტების ამ შეფასებაზე?- ამ ცვლილებებს მე ცალ-ცალკე გამოვყოფდი ერთმანეთისგან. გამომდინარე იქედან, რომ ორივეს თავისი მიზეზი ჰქონდა. რაც შეეხება დაგეგმვას, მინდა გითხრათ, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბიუჯეტი ეს არის ჩვეულებრივად მომდევნო წლის პროგნოზი, თუ რა მოხდება მომავალი წლის განმავლობაში. თუ არ გექნება შემოსავალი და არ გექნება დახმარება, შესაბამისად, არ გექნება გასავალი. აქედან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონს, რომელზეც იყო საუბარი, დაემატა აპრილის აქციები, რომელსაც წინ რამდენიმე თვით ადრე ძალზედ სერიოზული აგიტაცია უძღოდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია უნდა აირიოს, დაიქცეს ყველაფერი და ა.შ. ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა იმოქმედა გადასახადების გადამხდელზე. ბევრმა თავი შეიკავა ინვესტიციების შემოტანისგან იმ პერიოდში, რადგან ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრჯერ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაცა შეიკრიბება ვიღაცის წინააღმდეგ და შეიძლება მერე გამარჯვების შემთხვევაში, რაღაც აპატიოს. ამან იმოქმედა ბიუჯეტის შემოსავლებზეც და იმ პერიოდში სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია, რომ ცვლილება შევიდა ბიუჯეტში. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ამ აქციების ფონზე, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი ბიუჯეტის მიღმა აღმოჩნდა. იგივე შემოუსვლელი ინვესტიციებიდან გამომდინარე. როდესაც რომელიმე ოპოზიციონერი, რომელიც ახლა პარლამენტშია და მაშინ იქ აქციებს გულშემატკივრობდა და დღეს პენსიების გაზრდას ითხოვს, უნდა იცოდეს, თუ რამდენით შეიძლებოდა პენსიების გაზრდა, თუნდაც, ამ თანხის, რაზეც მე მაქვს ახლა საუბარი, მეოთხედი მაინც რომ შემოსულიყო ბიუჯეტში.
რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მისი ძირითადი მიზეზი და მიზანი ბიუჯეტის საბოლოო სახის კორექტირება იყო. როდესაც ძირითად ცვლილებები რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ზიანის სალიკვიდაციოდ, კახეთში და სხვა რეგიონებში წყალდიდობებიდან გამომდინარე გახდა საჭირო. გარდა ამისა, ჩვენ ცალკე მუხლად ჩავდეთ 35 მილიონის თანხა, რომელიც იმ 126 მილიონს დაემატა, რომელიც უკან დაბრუნების ფონდიდან წლის განმავლობაში იყო დღგ-ს დასაბრუნებლად გამოყოფილი. გვინდოდა, რომ წლის ბოლოსთვის 35 მილიონი მყისიერად დაბრუნებულიყო და არა მხოლოდ იმ ფონდიდან, რომელშიც შევსება ნელ-ნელა ხდება და მერე ბიზნესმენებს გარკვეული დროის განმავლობაში ლოდინი უწევთ. ამიტომ ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სწრაფად მომხდარიყო და ის ფული ისევ ეკონომიკაში მალევე ჩადებულიყო.
რაც შეეხება თვითონ 2009 წლის ბიუჯეტის გამორჩეულობას, ეს არის 300 მილიონი ნაშთი, რომელიც ისტორიულად ყველაზე უფრო დიდი ნაშთია წინა წლებთან შედარებით. ეს დარჩენილი ნაშთი კი 2010 წლისთვის უკვე ნებისმიერი ვალდებულების შესრულების გარანტიაა, მიუხედავად იმისა, შემოსავალი იგვიანებს თუ არა, ანუ ეს 300 მილიონი არის ის თანხა, რომელიც უზრუნველყოფს მყისიერად ნებისმიერი სოციალური ვალდებულების შესრულებას.
- მთელი 2009 წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები და იგივე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აკეთებდნენ განცხადებებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში რეცესიაა და არა კრიზისი. უკვე შემოდგომაზე კი ერთი მეორეს მიყოლებით მთავრობის წარმომადგენლებმა, იგივე გილაურმა, ქადაგიძემ და ბაინდურაშვილმა გააკეთეს განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიზისი დასრულდა და ა.შ. გაუგებარია, თუ კრიზისი არ იყო, მაშინ რა დასრულდა. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობა იყო 2009 წელს საქართველოს ეკონომიკაში, კრიზისი, რეცესია თუ სხვა რამ? დღეისათვის როგორი სიტუაციაა?- სპეციალისტებმა რაც გინდათ ის დაარქვით, გასულ წელს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას. ჩემი აზრით კი საქართველოში 2009 წელი იყო ძალიან დიდი გამოწვევების წელი, რომელშიც, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის გამოძახილი ძალზედ მაღალი ხარისხით იგრძნობოდა. ასევე იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისის ზეგავლენა და ამას დამატებული შიდა პოლიტიკური აქციების გამოძახილი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა. აქ მთავარია, რომ მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ყოველდღიურად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვსაუბრობ ყველა ამ მიმართულებით. უამრავი ცვლილებები, რომელიც ჩვენ 2009 წელს მივიღეთ, სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უფრო ნაკლებად საგრძნობი ყოფილიყო ეს ეკონომიკურ სირთულეები. რამდენად შევძელით ეს და როგორ შევძელით, ეს უკვე თვითონ მოსახლეობის შესაფასებელია.
რაც შეეხება თვითონ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, 2009 წლის ბოლოს ეს ნებისმიერი ციფრებით ჩანს. პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს რომც არ თქვან, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ სტატისტიკა, შემოსავლების ნაწილში რა იყო 2009 წლის დასაწყისში, რა რეზერვები იყო ბანკებში, დეპოზიტებზე რა თანხები იყო და ა.შ. დღეს შეგიძლიათ ნახოთ 2009 წლის დასასრულის მდგომარეობა, ბანკებში დეპოზიტების რაოდენობა როგორ გაიზარდა. ამიტომ ეს მათ რომც არ თქვან, ფიზიკურად ხელშესახებია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. რაც მთავარია, დაიწყო ის პროცესი, როცა ინვესტორების მხრიდან გაზრდილია დაინტერესება.
რაც შეეხება თვითონ 2009 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს. გამოსარჩევია იგივე საგადასახადო შეთანხმება. საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიტანეთ, რომელსაც ერთწლიანი მოქმედების ვადა აქვს. ამ ინიციატივას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც აცხადებენ, რომ იმათ რას ერჩიან, ვინც პატიოსნად იხდიდა, რადგან ეს ხალხი იჩაგრება. ასევე იყო მეორე პოზიციაც, როცა ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კომპანიების გაკოტრების თავიდან აცილებას. დღეისათვის აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ადმინისტრირების კულტურა საკმაოდ გაზრდილია. თუმცა არის ბიზნესები, რომლებსაც რაღაც თანხა არადეკლარირებული აქვთ და ყოველთვის იმის შიში აქვთ, რომ აი, ახლა შემოვა საგადასახადო, დამაჯარიმებს, გადამცემენ სასამართლოს და ა.შ. აქედან გამომდინარე, იმაზე ორიენტირებულად, რომ მეწარმე არ გაკოტრდეს და დასაქმებულმა სამსახური არ დაკარგოს, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენთვის მთავარია, რომ მეწარმეები იყვნენ ძლიერები, რადგან მათი სიძლიერე სწორედ ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაზრდის და ქვეყნისთვისაც კარგია.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამნისტია, ეს არის საგადასახადო შეთანხმება. როდესაც მეწარმე მიდის და აღიარებს, რომ მას ჰქონდა არადეკლარირებული თანხები, ეს ეპატიება და თან საგადასახადოს ამ ნაწილში მომავალში მისი შემოწმების უფლება აღარ ეძლევა. ამიტომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი ადამიანი ამოისუნთქავს.
- ხელისუფლება ცდილობს ბანკები ეკონომიკის დაკრედიტების კუთხით გაააქტიუროს. ამ მხრივ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება იგეგმება. ამის პარალელურად სახაზინო ვალდებულებებით მთავრობა ბანკებიდან ფინანსურ რესურსებს იღებს. იქნებ, აგვიხსნათ, რატომ აკეთებს ხელისუფლება ამ ორ, ერთმანეთისთვის საპირისპირო, ქმედებას.- საბანკო სფერო არის ძალიან სენსიტიური, მგრძნობიარე სფერო და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერი ბანკების ასოციაციასთან შეთანხმებით ხდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ცვლილება ან გადაწყვეტილება უშუალოდ ბანკებთან კონსულტაციებით ხდება. იგივე იპოთეკით დატვირთული ქონების გადანაწილების შესახებ მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და კომერციულ ბანკებს შორის, როგორც იცით, ამ მხრივ ჯერ კიდევ ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სახელმწიფო ბანკებთან საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს და მათ აზრს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები საკმაოდ ფრთხილები არიან მათ გადაწყვეტილებებში, მათი ნაბიჯები კარგად გათვლილი და ნაყოფიერია.
ბანკების, კომპანიებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია პროგრამა `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე~, რომლითაც ბანკები, ხელისუფლება, სამშენებლო კომპანიები და ის ადამიანები, ვინც ახალ ბინებს იღებენ, ძალიან კმაყოფილები რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რაც დღეისათვის არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ეს გზა კი ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
დღეისათვის პრობლემაა ის, რომ სამშენებლო კომპანია ბინებს ვერ აშენებს, ან შემდეგ ვერ ყიდის გეგმის შესაბამისად. ჩვენთან კიდევ ხომ იცით 300%-იან მოგებაზე გეგმავენ გასაყიდ ფასს, ბანკები კი ვერ წევენ რისკს ამ ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით დაკრედიტების. ამიტომ ამ პროგრამის განხორციელებით ყველა ეს პრობლემა გადაიჭრება. ამ პროექტს, როგორც ვიცი მეორე ეტაპიც ექნება და ის არა მხოლოდ ძველი თბილისის, არამედ ეგრეთწოდებულ "ხრუშჩოვკებში" მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეეხება.
- პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების შესახებ გააცხადა. თქვენი შეფასებით, საქართველოში არის თუ არა მონოპოლიები და უნდა აღდგეს თუ არა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი ვალდებულებაა?- მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის განცხადებას სრულად ვეთანხმები. რაც შეეხება მონოპოლიებს, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ სხვა მთავრობის პირობებშიც ყოველთვის ვებრძოდი. ხელისუფლების სახელით კი მინდა განვაცხადო, რომ მონოპოლიების ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან არასდროს მოხდება. ფარმაციის სფეროში არსებული სიტუაციას აუცილებლად შეუწყობს ხელს ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს კანონი ზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და შესაბამისად, წამლების გაიაფებასაც უნდა ველოდოთ. ამ კანონში შეტანილი ყველა ცვლილება ორიენტირებულია მომხმარებელზე და მისი კეთილდღეობის ხელშეწყობაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ფარმაციის ბაზარზე სხვა პრობლემებიცაა, რომელთაგან გამოსარჩევია ერთი და იგივე გენერაციის მქონე სხვადასხვა ფასიანი წამლებით მკურნალობა. ანუ არის წამლები, რომელთა მსგავსი გენერაციის მედიკამენტები ამაზე გაცილებით იაფი ღირს, რატომღაც ექიმები მომხმარებლისგან იმ წამლების შეძენას ითხოვენ, რომლებსაც თვითონ უწერენ. ამიტომ ეს საკითხიც მოსაგვარებელია, რომ ადამიანმა იცოდეს და შეეძლოს თვითონ გააკეთოს წამლებში არჩევანი. აქ არ არის საუბარი ფალსიფიკაციაზე, უბრალოდ, ფასია განსხვავებული. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
ის კანონი კი რომელიც ჩვენ მივიღეთ, ზრდის ქვეყანაში წამლის შემომტანთა რაოდენობას, რაც შესაბამისად, ქვეყანაში კონკურენციას გაამწვავებს. ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული დროის შემდეგ რეალურ შედეგებს მოგვცემს.
რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ სამსახურს. ჩემი შეფასებით დამატებითი სამსახურების შექმნა, რომლებიც კორუფციის წყარო ხდება, ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ. იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც შესაძლებელია, რომ კანონით დარეგულირდეს, ასეც უნდა მოხდეს და დამატებითი სამსახურების შექმნა საჭირო არ არის.
ესაუბრნენ მერაბ ჯანიაშვილი და ზურაბ კუკულაძე