ნანახია: 2324
ინტერვიუ სტატისტიკის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა ჭელიძესთან
- 2010 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სტატისტიკის დამოუკიდებელი სამსახური აქვს. ამას პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს დამტკიცებული ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით მომზადდა. კონკრეტულად რას გულისხმობს სტატისტიკის სისტემის რეფორმა და რეალურად რამდენად დამოუკიდებელი იქნება სტატისტიკის დეპარტამენტი? გაქრება ის უნდობლობა, რაც დღემდე არსებობდა სტატისტიკის მიერ დადებული ციფრების მიმართ? - კანონი დეკემბერში იქნა მიღებული და შესაბამისად, ძალაშიც არის შესული, მაგრამ ჯერ თვითონ არსებული სამსახურის რეორგანიზაცია უნდა დამთავრდეს და პირველი თებერვლიდან შეიქმნება უკვე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი სამსახური. სანამ ეს მოხდება, 2010 წლის 1 იანვრიდან, ჯერ კიდევ ძველი სამსახურია. ახლა ჩვენ ვიმყოფებით გარკვეული რეორგანიზაციის პირობებში, იმიტომ რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, პირველი რაც ყველაზე მთავარია, რომ თვითონ სამსახურმა თავისი ყოველდღიური, ფუნქციების შესრულება ჩვეულებრივად გააგრძელოს და არ შეფერხდეს პერიოდულად სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება. ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ სამსახურის ახალ სტრუქტურაზე და სტრატეგიაზე. თვითონ მონახაზი, თუ, როგორი უნდა იყოს ახალი სამსახური და რა პრიორიტეტებით უნდა იმუშაოს ცნობილია და ძირითადი შინაარსი სამსახურის არ იცვლება და არც შეიძლება რომ შეიცვალოს. ანუ ძირითადი შინაარსი არის იმ კვლევებზე მუშაობა და იმ პერიოდული სტატისტიკის გამოქვეყნება, რაც ოფიციალური საჯარო სტატისტიკაა და ამას ჩვეულებრივად სამსახური გააგძელებს იგივე ფორმატში, რა ფორმატშიც ამას აკეთებდა. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები სტატისტიკის სამსახურის მიმართ. ზოგ შემთხევევაში იგი სამართლიანიცაა. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ ეს ციფრები და ის მონაცემები, რომელსაც ჩვენი სამსახური აქვეყნებს ადეკვატურია და სავსებით რეალურია. დამოუკიდებლობაში მთავარი მომენტი ისაა, რომ სამსახურის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ სამსახური განთავისუფლებული იქნება ერთი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერისგან, რაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა კანონშიც მოცემულია ძირითადი პრინციპები, რაზეც სამსახურმა უნდა იმუშაოს, ეს არის ობიექტურობა, სანდოობა, ეფექტურობა. ანუ მთავარი არის რომ საზოგადოებაში ჩვენ სანდო ინსტიტუტის იმიჯი შევიქმნათ და ამისთვის ჩვენ გარკვეულ ღონისძიებებს განვახორციელებთ. ეს იქნება ძალიან აქტიური ინტერაქტივი, კონტაქტი მთლიანად საზოგადოებასთან და მედიასთან. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ ვებ-გვერდზე, რომ იგი უფრო მოქნილი და ეფექტური იყოს იმიტომ რომ მასთან მიმართებითაც ძალიან ბევრი საფუძვლიანი უკმაყოფილება და საყვედური გვესმის, ანუ მთავარი არის რომ სტატისტიკის დეპარტამენტი გავხადოთ საიმედო და სანდო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი თებერვლისთვის, როდესაც შეიკრიბება საბჭო და იქნება ახალი სამსახური, ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ სახეცვლილი, ახალი იმიჯით და ახალი პრიორიტეტებით.
- კანონის მიხედვით სტატისტიკის დეპარტამენტს დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭო ეყოლება. თუ შეიძლება გვითხრათ, ვინ შედიან სამეურვეო საბჭოში და ვინ ნიშნავს მათ საბჭოს წევრებად? როგორც ვიცით, საბჭოს წევრებს ხელისუფლება და მათ შორის პრეზიდენტი ნიშნავს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნული საბჭოს წევრები, ისევ ტენდენციურები იქნებიან? - კანონის შესაბამისად, საბჭო დაკომპლექტებული უნდა იყოს 8 ადამიანისგან, მათ შორის, 3 იქნება თითო წარმომადგენელი ეროვნული ბანკიდან, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან. რაც შეეხება, დანარჩენ 5 კანდიდატურას, პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს 8 კანდიდატურას, საიდანაც საკანონმდებლო ორგანომ 5 უნდა დაამტკიცოს შესაბამისად, ეს ხუთი ადამიანი დაემატება სამ წევრს და შეიქმნება 8 კაციანი სამეურვეო საბჭო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბჭოს ის ხუთი წევრი, ვინც პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე, ანუ ის ხუთი წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი. საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის არჩევა უნდა მოხდეს საბჭოს წევრების მიერ.
- ერთი მხრივ, მიდის საუბარი იმაზე, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი იყოს დამოუკიდებელი ეკონომიკის სამინისტროსგან და ამ დროს სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს ხელისუფლება, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვები ტენდენციურობასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრების არჩევისას? - ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ის უწყებებია, რომლებიც ჩვენი ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები არიან და, გარდა ამისა, ჩვენთვის არიან გარკვეული ინფორმაციის მომწოდებლები. სწორედ ამიტომ იქნა შერჩეული თითო წარმომადგენელი ამ უწყებებიდან სამეურვეო საბჭოს წევრებად. რაც შეეხება, დანარჩენ 5 წევრს, მათი წარდგენა მოხდება პრეზიდენტის მიერ, მაგრამ ისინი არა საჯარო მოსამსახურეები, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებიან. საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების საბოლოო არჩევას ახდენს პარლამენტი და თუკი რომელიმე პარლამენტარისთვის კანდიდატურები იქნება მიუღებელი მას შეუძლია დებატებში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ საბჭოს წევრების არჩევის ეს ფორმა რამენაირად შეიძლება ტენდენციური იყოს.
- იმ დროს, როცა სტატისტიკის დეპარტამენტში რეფორმა მიმდინარეობს და მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს საუბარი საზოგადოებაში ამ სამსახურისადმი ნდობის აღდგენაზე, 2010 წელს მისი დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, განახევრდა. (2009 წელს იყო 4,3 მილიონი ლარი. წელს 2,7 მილიონი ლარი) ამასთან, დაფინანსების ნახევარზე მეტი ხელფასებზე მოდის, გარკვეული წილი კი პრემიებს სჭირდება. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანიზებისთვის მხოლოდ 520 ათასი ლარია გათვალისწინებული, სტატისტიკური სახელმწიფო პროგრამებისთვის _ 175 ათასი. თუკი სამსახურის რეალური რეფორმირება იგეგმება, მაშინ რატომ ხდება მისი დაფინანსების განახევრება და შემცირებული დაფინანსების პირობებში შეძლებს კი სამსახური დაკარგული ნდობის აღდგენას? - პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც განსაზღვრული იყო, რომ 2010 წელს ჩატარებულიყო მიმდინარე წელს აღარ განხორციელდება, ანუ შესაბამისი დაფინანსება, რომელიც უნდა გამოყოფილიყო, აღწერისთვის აღარ არის საჭირო. რაც შეეხება სხვაობას, სამსახურის დაფინანსება მართლაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მაგრამ ეს ზოგადი ტენდენციაა და იგი მხოლოდ სტატისტიკის დეპარტამენტს არ ეხება. 2010 წელს მხოლოდ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს გაეზარდა დაფინანსება, სხვა ყველა სტრუქტურას, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებსაც, შეუმცირდათ. ამის ფონზე, ბუნებრივია, სტატისტიკის დეპარტამენტსაც, თავისი მაკონტროლებლის ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების შემცირებასთან ერთად, შეუმცირდა დაფინანსება. თუმცა, კანონში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამსახურს ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები. რაც დამატებითი სტიმული იქნება სამსახურისთვის, რომ მეტი იმუშაოს საკუთარი ინფორმაციის სანდოობაზე, რადგან იგი შესაძლოა გაყიდვადი იყოს და, შესაბამისად, შემოსავლის მომტანი. ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტს მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტი აქვს.
- 2010 წელს დაგეგმილი იყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, თუმცა იგი მიმდინარე წელს აღარ ჩატარდება, რადგან ამისთვის ერთი თეთრიც კი არაა გამოყოფილი. რატომ მოხდა აღწერის გადავადება და როდის ჩატარდება მოსახლეობის აღწერა? - მოსახლეობის აღწერის გადატანაში დიდი პრობლემა არ არის. გაეროს რეკომენდაციებით მოსახლეობის აღწერის ჩატარება 10 წლიან ინტერვალშია მიზანშეწონილი, ხოლო საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა და, ვფიქრობთ, რომ ჩვენთან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2012 წელს არ გადაცილდება.
- ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ცვლით მუშაობის სტრატეგიას. რას გულისხმობდით მუშაობის სტრატეგიის შეცვლაში და გეგმავთ თუ არა სტატისტიკის სამსახურში მენეჯმენტის შეცვლას, კადრების შემცირებას და სამსახურის მუშაობის ახალ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე გადაყვანას, მოკლედ, რა იქნება ახალი?- მენეჯმენტის ცვლილება ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახალ სამსახურს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება, რომელიც შემდეგ დანიშნავს მოადგილეებს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მენეჯმენტი, რომელიც დღეს არის, შენარჩუნდება თუ შეიცვლება. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ სამსახურში შემცირება იქნება, იმიტომ რომ სულ ერთი კვირაა, რაც მე ახალ თანამდებობაზე დავინიშნე. ახლა სამსახური იმყოფება რეორგანიზაციის პროცესში, იგი იანვრის ბოლოს დამთავრდება და მაშინ გვექნება სამსახურის ახალი სტრუქტურა თავისი ახალი ან ძველი კადრებით. რაც შეეხება სტრატეგიულ ცვლილებას, გვინდა, რომ სტრუქტურა სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ შევთავაზოთ როგორც ხელისუფლებას, ასევე სამეურვეო საბჭოს. არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შეიძლება გაუმჯობესების კუთხით მუშაობა. დეპარტამენტი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, ეს არის შინამეურნეობების, სოფლის მეურნეობის და საწარმოთა კვლევა, გარდა ამისა, ეროვნული ანგარიშები და ფასების სტატისტიკა. ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების დახმარებით. ჩვენი აზრით, იმისთვის, რომ ეს სტრატეგია უფრო მოქნილი იყოს, საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა. გარდა ამისა, არსებული მეთოდოლოგია, რომელსაც დღეს სამსახური იყენებს, მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ მეთოდოლოგიაშიც მოხდეს გარკვეული ცვლილებები.
- ახალი კანონის მიხედვით, ბიზნესკომპანიების მიერ სტატისტიკის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო გახდა. საჯარო იქნება თუ არა ეს ინფორმაცია? რა კრიტერიუმებით განისაზღვრება კომპანიების მიერ სტატისტიკის სამსახურისთვის მისაწოდებელი ამა თუ იმ ინფორმაციის კონფიდეციალურობა? - კონფიდენციალური ინფორმაცია საჯარო არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მხოლოდამხოლოდ შიდა მოხმარებისთვის ვიყენებთ და ამ ინფორმაციის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მიღება არ იქნება შესაძლებელი. ჩვენ როდესაც საწარმოებიდან ვიღებთ ინფორმაციას, შეიძლება იგი ამ საწარმოს შიდა კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდეს და ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ეს ინფორმაცია არ გაიცემა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ. რაც შეეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას, იგი ნორმატიული დოკუმენტებითაა განსაზღვრული.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური
|