ნანახია: 2967
სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი და ბაზრის კვლევის შედეგები
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL-მა სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი და სადაზღვევო პროდუქტებისადმი მოქალაქეთა დამოკიდებულება შეისწავლა. სათანადო კითხვარის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქ თბილისში გამოკითხულ იქნა 485 რესპოდენტი, 27-29 დეკემბერს. კვლევამ საკმაოდ საინტერესო სურათი წარმოაჩინა. სადაზღვევო ბიზნესი საქართველოში წლების განმავლობაში ვითარდებოდა. დამახასიათებელი ექსკლუზივების, სფეროს კლანურ-მაფიური გადანაწილების მიუხედავად ჯანსაღი ბიზნესის ელემენტები ამ სეგმენტში იმთავითვე დაფიქსირდა. განსაკუთრებული პერსპექტივები ჩამოყალიბდა "დაზღვევის შესახებ" კანონის მიღებისა და დაზღვევის რეგულირების სახელმწიფო დეპარტამენტის ჩამოყალიბების შემდეგ. შესაბამის კეთილმყოფელ ფონს ქმნიდა საბანკო სისტემის აღმავლობაც. თუმცა, საფინანსო სისტემის რეფორმირების პრობლემებმა, პერმანენტულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მოსახლეობის გაღატაკებამ, რა თქმა უნდა, თავისი დაღი დაასვა ბიზნესის ამ მიმართულებასაც. ასე თუ ისე, სადაზღვევო ბიზნესი არსებობს. იმავე სირთულეებით და ქრონიკული პრობლემებით, რითაც მთელი დანარჩენი ქართული ეკონომიკა ხასიათდება. აქაც აღლუმი უჩინარ მოთამაშეებს მიჰყავთ, აქაც გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალი მოძრაობს, რაც მას უცხოელი, რესპექტაბელური ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. სადაზღვევო კომპანიებს შორის ნდობის და, შესაბამისად, ცნობადობის რეიტინგში "ალდაგი ბისიაი" ლიდერობს. მას გამოკითხულთა 26,6% ენდობა. მეორე ადგილზეა "ჯიპიაი ჰოლდინგი" - 19,7%-ით. "ალდაგის" წარმატებას მისი ტრადიციულობა განაპირობებს, ხოლო "ჯიპიაის" განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯმენტი. მესამეა "ირაო". რეკლამა და წინა მეწილეების შარმისგან მომდინარე ინერცია კომპანიას დღემდე გამოჰყვა. მეოთხე "იმედი L International"-ია, რომლის 9,4% არც თუ ურიგო შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო ექსპერტების იმედების გამართლება და მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება ბაზარზე. მოკრძალებულად გამოიყურება "აისი ჯგუფის" მეხუთე ადგილი და 7,2%-იანი ნდობის რეიტინგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ ახლახანს "სახალხო დაზღვევა" შეიძინა, პერსპექტივაზეა ორიენტირებული და თანამედროვე მენეჯმენტით გამოირჩევა. დამაფიქრებელია მოქალაქეთა პასუხები სადაზღვევო პროდუქტებთან (სერვისებთან) დაკავშირებით. გამოკითხულთა თითქმის 22% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. ავტომობილს აზღვევს 8,6%, რაც თავისთავად დაბალი მაჩვენებელია თბილისისთვის. სიცოცხლის დაზღვევით მოქალაქეთა მხოლოდ 7% სარგებლობს. თბილისელების სიდუხჭირეს თვალნათლივ წარმოაჩენს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დაზღვევის არცერთი სახით არ სარგებლობენ - მათი რაოდენობა გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენს. არცერთი სადაზღვევო პროდუქტით ვინც არ სარგებლობს, მათი 54,5% ასე იქცევა, რადგან არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება. 25,6% უბრალოდ, არ ენდობა სადაზღვევო კომპანიებს. კითხვაზე საშუალება, რომ გქონდეთ რომელი სადაზღვევო პროდუქტით (სერვისით) ისარგებლებდით, უმეტესობა სამედიცინო დაზღვევას ასახელებს. მეორე პოზიცია სიცოცხლის დაზღვევას უჭირავს, მესამე ავტომობილის დაზღვევას. ჩვენი მოქალაქეების მესამედი, საშუალება, რომ ჰქონდეს ისარგებლებდა ქონების დაზღვევით, მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევით, საპენსიო დაზღვევით, დააზღვევდა თავის დეპოზიტს ბანკში და უეჭველად დაეზღვევოდა უცხოეთში მოგზაურობისას. კითხვაზე - ხელმისაწვდომია თუ არა სადაზღვევო პროდუქტები დღეს საქართველოში, 66,4% მიიჩნევს, რომ არა, 20,5% თვლის, რომ - კი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სადაზღვევო კომპანიები ან თავიანთი საქმიანობის არასაკმარის რეკლამას ეწევიან, ან მათი რეკლამა და Pღ-აქტივობა არადამაჯერებელია და მიზანს ვერ აღწევს. ბუნებრივია, არცთუ სახარბიელო სურათი თბილისელების 2/3-ის საარსებო მინიმუმის ზღვარზე და სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ყოფნამ განაპირობა. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს:
რომელ სადაზღვევო კომპანიას ენდობით? 1. "ალდაგი ბისიაი" - 26,6% 2. "ჯი პი აი ჰოლდინგი" - 19,7% 3. "ირაო" - 12,9% 4. "იმედი L International" - 9,4% 5. "აი სი ჯგუფი" - 7,2% 6. "ტაო" - 5,6% 7. "ვესტი" - 3,2% 8. "ქართუ" - 2,8% 9. "პარტნიორი" - 1,6% 10. "AIG-Europe SA" - 0,6% 11. "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" - 0,4% 12. "სტანდარტ დაზღვევა საქართველო" - 0,4% 13. არცერთს - 9,6%
სარგებლობთ თუ არა სადაზღვევო სერვისებით? 1. არც ერთით არ ვსარგებლობ - 55% 2. სამედიცინო დაზღვევა - 21.9% 3. ავტომობილის დაზღვევა - 8,6% 4. სიცოცხლის დაზღვევა - 7% 5. ქონების დაზღვევა - 4,8% 6. სხვა - 1,4% 7. მესამე პირისადმი პასუხისმგებლობით დაზღვევა - 1,3%
თუ არ სარგებლობთ რატომ? 1. არ მაქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება - 54,5% 2. არ ვენდობი სადაზღვევო კომპანიებს - 25,6% 3. არ მსურს `დავითარსო~ - 13,5% 4. სხვა - 6,4%
ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები? 1. არა - 66,4% 2. კი - 20,5% 3. არ ვიცი - 13,1%
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიური ჯგუფი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL
|