დასრულებულად გამოცხადებული კრიზისის გამოუცხადებელი ქრონიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დასრულებულად გამოცხადებული კრიზისის გამოუცხადებელი ქრონიკა
ნანახია: 799

2009 წელი საქართველოს საბანკო სექტორისათვის კრიზისულ წლად უნდა შეფასდეს. ქართული ბანკების უმეტესობა გაფაციცებით ზრუნავდა არსებულის შენარჩუნებაზე. მთელი 2009 წლის მანძილზე საბანკო სექტორმა თვე მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში, დაასრულა მოგებით. დანარჩენ შემთხვევაში ბანკირები წაგებაზე მუშაობდნენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პერიოდში მსოფლიოში ბანკებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქართული საბანკო სექტორი, ასე თუ ისე, მყარად იდგა. როდესაც აშშ-ს, ევროპისა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში კომერციული ბანკები ერთი მეორის მიყოლებით კოტრდებოდნენ, ქართული ბანკების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არცერთი მათგანი სერიოზული პრობლემის წინაშე არ დამდგარა. ამ ვითარების შეფასებისას ექსპერტები ხშირად ირონიანარევ ტონს იშველიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ზოგი ჭირი მარგებელია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში, მათ შორის მსოფლიო საფინანსო ინდუსტრიაში პრაქტიკულად ნულოვანი ინტეგრაციის გამო ქართული ბანკები, ასე თუ ისე, იოლად დაუძვრნენ კრიზისის ნეგატიურ შედეგებს. აქვე, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ბანკების უმეტესობა უსერიოზულესი პრობლემებისათვის თავის არიდებას უცხოურ დახმარებას უნდა უმადლოდნენ. ომგადახდილი საქართველოს დონორების მიერ 2008 წლის ოქტომბერში გამოყოფილი 4,5 მლრდ. დოლარიდან 500 მლნ. დოლარი საბანკო სექტორში მდგრადობის შენარჩუნებას მოხმარდა.

ყველაფერი იკლებს - დეპოზიტები, აქტივები, მოგება და ა.შ.

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 13 – ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა (მიმდინარე ფასებში) 1 დეკემბრისთვის 7 964.9 მლნ ლარი შეადგინა. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ, ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 87.1 მლნ. ლარით ნაკლებია.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.4 პროცენტია.
2009 წელს გაიზარდა პრობლემური სესხების მოცულობა და ამ მაჩვენებელმა 227,204 მლნ. ლარი შეადგინა. შემცირება დაფიქსირდა სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელებშიც. ნოემბერში დეპოზიტები 3 მლრდ. 665 მლნ ლარამდე, სესხები კი, 5 მლრდ 193 მლნ ლარამდე შემცირდა. მთლიანობაში კი, ბანკებმა დაკრედიტების მოცულობა 2008 წელთან შედარებით, 2009 ში 13%-ით შეამცირეს.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2009 წლის 1 დეკემბრისათვის 71.4 პროცენტი იყო. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.1%-ს, ხოლო ევროს წილი 21.9%-ს შეადგენდა.
როგორც სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ჩანს გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო ქართული საბანკო სექტორისათვის, განსაკუთრებით მძიმე კი წლის დასაწყისი გამოდგა. მართალია, საკრედიტო ბაზარზე სექტემბრიდან გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად უმნიშვნელო, რომ ეკონომიკაში რეალური ძვრები არ გამოუწვევია.

დასრულებულ - ვერდსრულებული კრიზისის საგა

2009 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საზოგადოების წინაშე წარსდგა და ქვეყანას კრიზისის დასრულება ახარა. სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოში კრიზისის დასრულების დამადასტურებლად გასული წლის სექტემბერში, 16 თვის შემდეგ პირველად, საბანკო სექტორის მიერ თვის 7,7 მლნ. ლარით მოგებით დასრულება მოიყვანა. ქადაგიძეს ერთი მეორეს მიყოლებით ფინანსთა, ეკონომიკის და პრემიერ-მინისტრი მიყვნენ, რომლებმაც იგივე გაიმეორეს. ერთი რამ მართლაც იყო საინტერესო ამ განცხადებებში – არავის მთავრობის წარმომადგენლებიდან მთელი 2009 წლის მანძილზე ერთხელაც არ უღიარებია ქვეყანაში კრიზისის არსებობა (მხოლოდ ერთხელ გიორგიმ ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეცესია იყო) და შესაბამისად გაუგებარი რჩება, თუ საქართველოში კრიზისი არ ყოფილა მაშინ რის დასრულებაზე ლაპარაკობდნენ ხმამაღლა ჩინოვნიკები?! ამაზე სულმნათი ნოდარ დუმბაძე ასე შესძახებდა – "ხეს გამოუსხამს კვირტები, მოდი და ნუ გაკვირდები"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებიც მალევე გამოეხმაურნენ და როგორც საბანკო სექტორში ასევე მთელ ეკონომიკაში კრიზისის დასრულება გამოაცხადეს. შესაბამისად ბანკებმა კრედიტებზე პროცენტების შემცირების ტენდენცია დაიწყეს, რითაც ალბათ გულით უნდოდათ მოსახლეობისათვის დაემტკიცებინათ, რომ ქვეყანაში საკრედიტო "შიმშილი" დასრულდა. თუმცა ბოლომდე, და კაცმა რომ თქვას, ვერც შუამდე, გარისკვა ვერ გაბედეს, რადგან იმედმიცემულ ბიზნესს და ჯერ კიდევ შემორჩენილ გადახდისუნარიან ფიზიკურ პირებს, რომლებიც ბანკებს მიაწყდა, იქ საკრედიტო პროდუქტებზე ძველებურად ძალიან გამკაცრებული პირობები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები დახვდათ.
საბანკო სექტორი 2009 წელს საკრედიტო ბაზარზე, რომ არ აქტიურობდა და არც სექტემბრის მერე მომხდარა დიდი გამოცოცხლება, ამაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული პოლიტიკაც მოწმობს. წლის დასაწყისიდან ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-დან ნელ-ნელა 5%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ფულის რაოდენობა კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა რის საპასუხოდაც სებ-ი განაკვეთს ამცირებდა და ამით ცდილობდა საფინანსო სექტორის ხელშეწყობას.
ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებულ წლის მეოთხე კვარტალში საკრედიტო გააქტიურებას კიდევ ერთი სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყოფს. ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის მოცულობა ნოემბერში 10,3 მლნ. ლარით შემცირდა და პირველი დეკემბრისთვის 1 100 696 000 ლარით განისაზღვრა. რაც, სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის კიდევ ერთი დამამტკიცებელი ფაქტია.

წლის მთავარი საბანკო მოვლენა

2009 წელს საქართველოს საბანკო სექტორში წლის მთავარ მოვლენად თავისუფლად შეგვიძლია "სახალხო ბანკში" ლადო გურგენიძის მოსვლა მივიჩნიოთ. სს "სახალხო ბანკი", რომელიც ბაზარზე სხვადასხვა სახელით 1993 წლიდან ოპერირებს, 2009 წლის 19 სექტემბერს გაიყიდა. ბანკის აქციების 91,2% ლადო გურგენიძის და რუმინელი მილიარდერი ბიზნესმენის დინუ პატრიჩიუს მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Lიბერტყ ჩაპიტალ-მა 15 მლნ. აშშ დოლარად (აქციის ფასი 0,018 ლარი) იყიდა.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ აგვისტოში იუწყებოდა გურგენიძის მიერ "სახალხო ბანკის" შესყიდვაზე, თუმცა მაშინ ლადო გურგენიძემ აღნიშნულ ინფორმაციას ყურით მოთრეული ჭორი უწოდა და მასზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხოლო, ერთ თვეში ბანკის მფლობელისა და გენერალური დირექტორის როლში წარუდგა საზოგადოებას.
ბანკში გურგენიძის მოსვლის შემდეგ გამოსწორდა ფინანსური მდგომარეობა, თუმცა "სახალხო ბანკს" ჯერ კიდევ ბევრი უკლია სისტემაშემქმნელი ქართული კომერციული ბანკების რიგში ჩადგომამდე. დღეისათვის "სახალხო ბანკში" რებრენდიგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ბანკის სახელწოდება Liberty Bank-ით შეიცვლება.
მოლოდინი დიდია. გურგენიძემ, თავის დროზე, "საქართველოს ბანკში" მუშაობისას, მართალია, პროვოკაციულად, მაგრამ ერთხელ უკვე გამოაცოცხლა "ფშვინვას მიცემული" ქართული საბანკო სექტორი და თავის ბანკს ლიდერის სტატუსი შესძინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სხვა დრო იყო, მაშინ გურგენიძეს უპირობოდ უმაგრებდნენ ზურგს სახელისუფლო ელიტის ყველაზე გავლენიანი ჯგუფი და ამ ამოცანის გადაჭრა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში, საშუალო დონის მენეჯერსაც კი არ გაუჭირდებოდა. დღეს ძნელი სათქმელია, ვინ მოიცლის, ან რამდენად ქმედითად შეძლებენ გურგენიძის მხარდაჭერას, ან რამდენად დაუშვებენ "სახალხო ბანკის" გაძლიერებას ბაზრის წამყვანი ფიგურანტები. მოკლედ, გურგენიძის ფაქტორი ქართულ საბანკო სივრცეში კვლავ მაპროვოცირებელ ფაქტორად რჩება და 2010 ლადო გურგენიძისთვის ერთგვარი გამოცდის წელიც იქნება, რამდენადაც მედია და საბანკო საზოგადოება მის რეალურ შესაძლებლობებს გულმოდგინედ დააკვირდება. თუმცა იგივე ჯგუფი ისევ ფავორშია დამ ას ისევ კარდ-ბლანში აქვს ხელთ.

ქართული საბანკო სექტორი, არაქართული კაპიტალით

2009 წელს კრიზისულ სიტუაციაში ქართულმა ბანკებმა თავის გადასარჩენად აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი დათმეს.
"საქართველოს ბანკში" წილი IFC-იმ და EBRD-მა მიიღო, რომლებიც JP Morgan-ს, DEG-სა და Ashmor-თან ერთად, უკვე "თიბისი ბანკის" აქციონერთა შორისაც ფიგურირებენ. "თიბისი"- ში ამ ტრანზაქციების შედეგად საკუთარი წილი მამუკა ხაზარაძესაც შეუმცირდა.
უცხოელი აქციონერების წილები გაიზარდა სხვა ბანკებში: 60-დან 80%-მდე გაზარდა წილი ბანკ "რესპუბლიკაში" ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალემ" (ბანკის აქციათა 10 პროცენტს "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" ფლობს). ეს მას შემდეგ რაც ქართველმა ბანკირმა ლაშა პაპაშვილმა საკუთარი წილი გაყიდა. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია "სოსისეტე ჟენერალეს" შესახებ. რუსული ჰოლდინგური კომპანია "ინტერროსი" ფრანგული საბანკო ჯგუფის აქციონერთა შემადგენლობაში შესვლას გეგმავს. ასე რომ, მთლიანობაში, 2010 წელს ქართულ საბანკო სექტორში რუსული კაპიტალის ზრდას უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით ერთადერთ ღიად გაცხადებულ რუსულ ბანკს საქართველოში VთB-ის, 2009 წელს რუსული "ვითიბის" წილი "ვითიბი ბანკი ჯორჯიაში" 87%-მდე გაიზარდა.
თითქმის 100%-მდე შეივსო წილი "ტაოპრივატ ბანკში" უკრაინულმა "პრივატ ბანკმა", "ინვესტბანკში" შემოვიდა ბრიტანული კომპანია TRENDFOR HOLDING, რომელიც ლიხტენშტეინურ ფონდ KSN Foundation-თან ერთად ფლობს ბანკის საკონტროლო პაკეტს. EBRD-თვის 25%-იანი წილის დათმობას გეგმავს ბანკი "ქართუს" 100% მფლობელი ბიძინა ივანიშვილიც.
2009 წლის დასაწყისში საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი, საიდანაც ორი უცხოური ბანკის ფილიალია. წლის მანძილზე "პირველმა ბრიტანულმა ბანკი" საინვესტიციო კომპანიად გადაკეთდა. დარჩენილი 19-დან 15 ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური ფინანსები ჭარბობს და მისი მოცულობა საერთო საწესდებო კაპიტალში დაახლოებით 86%-ია.
ქართულ საბანკო სექტორში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, რომელიც საკუთარი წილის გაზრდას 2010 წელსაც გეგმავს, რის თქმის საფუძველსაც "ქართუ ბანკთან" 25%-იანი წილის შეძენაზე პრაქტიკულად დასრულებული მოლაპარაკებები იძლევა.

წარუმატებული სექტორის წარმატებული ბანკები

2009 წლის პირველი დეკემბრისთვის ბაზარზე მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან მოგება მხოლოდ ექვსმა აჩვენა. ნოემბერში ამ ბანკების ჯამური მოგება 5,8 მლნ. ლარით გაიზარდა და 25 410 000 ლარი შეადგინა.
ბანკების მოგების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბანკი "ქართუ" 10 918 505 ლარი; "პროკრედიტ ბანკი საქართველო" 9 020 627 ლარი; "თიბისი ბანკი" 3 655 582 ლ; ბანკი "კონსტანტა" 799 246 ლ; "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალი 774 877 ლ; "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალი 241 634 ლ.
2009 წლის პირველი დეკემბრისთვის დანარჩენი 13 კომერციული ბანკის ჯამური ზარალი 108,5 მლნ. ლარი იყო. მთელი წლის მანძილზე საბანკო სისტემის ზარალის მაჩვენებელმა კი - 83,132 მლნ. ლარი შეადგინა.
2008 წლის ივლისიდან, გასული წლის სექტემბერი პირველი მომგებიანი თვე იყო - მოგების მაჩვენებელი 7,7 მლნ. ლარით განისაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით სექტორის ზარალი სექტემბერში 89,7 მლნ. ლარიდან 82,009 მლნ. ლარამდე შემცირდა, თუმცა ოქტომბერსა და ნოემბერში ზარალი მაინც გაიზარდა.

კრიზისის დასაძლევად კორუფციის იმედზეღა ვრჩებით

გასული წელი საბანკო სექტორმა, ცოტა გაჭირვებით, მაგრამ მაინც სერიოზული დანაკარგების გარეშე გადალახა. 2010 წელს, როგორც ბანკირები, ისე მოსახლეობა დიდი იმედებით ხვდება. ქვეყანაში საკრედიტო რესურსის შემცირებამ პირდაპირი გავლენა იქონია, როგორც მთელი ეკონომიკის, ასევე უმუშევრობის ზრდაზე. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი დღეისათვის არცთუ სახარბიელო ვითარებაშია, რაც შესაბამის გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ხელისუფლება ხვდება, რომ საბანკო სექტორს როგორმე უნდა აიძულოს გააქტიურება, თორემ კრიზისიდან გამოსვლაზე არც უნდა იოცნებოს. შესაბამისად, ბოლო დროს, პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდი ბანკებს დაკრედიტების გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ, მაგრამ ბანკირები არსებული მაღალი რისკების პირობებში ჯერ-ჯერობით ამისაგან თავს იკავებენ.
ახლა ერთი სახალისო ცნობა, რომელსაც თუ ვენდობით, მაშინ ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალის, საბანკო სექტორის იმედზე ყოფნა არ ღირს. - Deutsche Bank-ის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყნები, სადაც ფართოდაა გავრცელებული არალეგალური ეკონომიკური აქტივობა, რეცესიას უკეთ უმკლავდებიან.
ამ მოსაზრების გასამყარებლად საბერძნეთის მაგალითი მოიყვანეს, როგორც სახელმწიფოსი მასშტაბური ჩრდილოვანი ეკონომიკით. გერმანული ბანკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო საბიუჯეტო და ვალებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საბერძნეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს მხოლოდ 1%-ით შემცირდება, მაშინ როცა ევროპაში ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 4%-ია.
ავსტრიელ პროფესორს, ფრიდრიხ შტაინერს კი მიაჩნია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა რეცესიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. "ვინაიდან არალეგალურად გამომუშავებული ფული ბანკებში კი არ იდება, პირდაპირ იხარჯება და შესაბამისად სამომხმარებლო მოთხოვნას ქმნის. ერთადერთი წაგებული ამ შემთხვევაში სახელმწიფოა", - მიაჩნია ავსტრიელ პროფესორს.
გერმანელ და ავსტრიელ ექსპერტებს თუ ვენდობით კორუფციული ფული ბანკებს გარეთ მოძრაობს, რაც შესაბამისად ქვეყანაში ფულის მიმოქცევის სისწრაფის ზრდას ხელს უწყობს. თუ საბერძნეთში არსებულმა კორუფციამ ქვეყანა კრიზისიდან მალე გამოიყვანა, არც საქართველოს უნდა გაუჭირდეს ამ რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლა. 2009 წელს Transparenchy Internatiohnal-ის მიერ ჩატარებული კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევის თანახმად საბერძნეთი 180 ქვეყანაში 71, ხოლო საქართველო 68 ადგილს იკავებს.
ასე რომ, იმედი დავიტოვოთ, თუ საბანკო სექტორი ვერ შეძლებს ეკონომიკის დაკრედიტებას და შესაბამისად კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას, მაშინ ჩვენი სახელმწიფო ჩინოვნიკები იყოჩაღებენ და კორუფციული ფულის მეშვეობით გამოიყვანენ საქართველოს კრიზისიდან.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48