ნანახია: 833
წლის ბოლო ის დროა, როცა ყველა ოჯახს განსაკუთრებით სჭირდება ფინანსები, რათა ახალ წელს ღირსეულად და წელგამართული, ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. გარდა ამისა, წელი მთავრდება და სხვადასხვა კომპანიები, დაწესებულებები თუ ოფისები, ცდილობენ ამ დროისთვის თანამშრომლები წაახალისონ და მათ საჩუქრების სახით ხელფასზე ერთგვარ წანამატებს, ბონუსებს აძლევენ ხოლმე, რომლებსაც მეცამეტე ხელფასსაც უწოდებენ. ეს ერთგვარად მთელი წლის მანძილზე მათი მუშაობის შეფასებაცაა. ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ ბანკებში, რამდენად შეძლეს მათ ეკონომიკურად საკმაოდ რთული წლის შემდეგ თანამშრომლების წახალისება. "საქართველოს ბანკში" განგვიმარტეს, რომ მათ ელექტრონული მისალოცი ბარათებით და ასევე საახალწლო საჩუქრებით ახალი წელი მიულოცეს, როგორც ბანკის მომხმარებელს, ასევე თანამშრომლებს. ხოლო გასცეს თუ არა ბონუსები, ეს უკვე შიდა კორპორატიული საკითხია და მისი გახმოვანება არ სურთ. "ბაზისბანკის" პრეს-სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა თამუნა ხადურმა გაგვიმხილა, რომ ხელფასებზე ერთგვარი წანამატებით ნამდვილად დაასაჩუქრეს თანამშრომლები, მაგრამ თუ რა სახის და რაოდენობის იყო ეს დანამატი, დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ მას არ ჰქონდა. ბანკ "რესპუბლიკაში" განგვიმარტეს, რომ ბონუსებს ისინი გაზაფხულზე არიგებენ. საახალწლოდ თანამშრომლებს კი ხელფასები და გარკვეული პრემიები დაურიგეს. საინტერესო პასუხი მოვისმინეთ "სახალხო ბანკში". როგორც აღმოჩნდა, პრეს-სამსახურის უფროსმა არ იცოდა, გაიცა თუ არა ბანკში ბონუსები. (?!) უკეთესი მდგომარეობა აღმოჩნდა "კონსტანტაში". იქ თანამშრომლებმა ბონუსები მუშაობის შედეგების შესაბამისად აიღეს. "ინვესტ ბანკსა" და "ზირაათ ბანკში" კი ამ ამბის საჯაროდ გახმოვანება არ ისურვეს და განგვიცხადეს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. როგორც აღმოჩნდა, ბანკები თავიანთ თანამშრომლებს არცთუ ისე ათამამებენ. მათ უმეტესობაში გვიპასუხეს, რომ ბონუსები არ გაუციათ. ეს კი ან იმის ბრალია, რომ ბანკს საამისო თანხები არ ჰქონდა, ან თანამშრომლები საჩუქარს არ იმსახურებდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბანკებში არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა, როგორც ამას თავად ხატავენ და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში მოქმედ ბანკებზეც საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა. თაკო მათეშვილი
|