ნანახია: 1027
- 2009 წელი ქართული საბანკო - საფინანსო სისტემისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ომამდე და კრიზისამდე მზარდმა სექტორმა მკვეთრად დაამუხრუჭა. ამის მიზეზი მხოლოდ ომისა და კრიზისის ნეგატიურ გავლენაში უნდა ვეძებოთ, თუ არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებიც?
-მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია საქართველოს საბანკო სისტემაში დღეს გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე 2008 წლის შემოდგომაზე იყო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი სერიოზული დახმარების შედეგად, წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა შეძლეს თავიანთი ვადადამდგარი საგარეო ვალდებულებების გასტუმრება. ”საქართველოს ბანკმა”, ”თიბისი”-მ მიიღეს მნიშვნელოვანი დახმარებები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და სხვა ინსტიტუტებისგან მოზიდული იქნა ნახევარ მილიარდ დოლარამდე და გადახდილი იქნა საგარეო ვალდებულებები. შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სისტემაში არსებობს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდეა დაწყებული. ჯერ კიდევ ომამდე და ფინანსურ კრიზისამდე, პრაქტიკულად, რამდენიმე პრობლემის გამოკვეთა შეიძლებოდა. პირველ რიგში, ეს იყო მაღალი ინფლაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ქრონიკულ დაავადებად იქცა, განსაკუთრებით 2005 წლის შემდეგ პერიოდში. 2006 წლის ივლისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელმა 14.5% მიაღწია. არაოფიციალური მონაცემებით კი ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო. ამან, ბუნებრივია, კრედიტების გაძვირებაზეც მოახდინა გავლენა. 2006 წლიდან განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საპროცენტო განაკვეთების ზრდა. 2007 წლის ივლისიდან უკვე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე მთელი წლის განმავლობაში თითქმის 5 ერთეულით გაიზარდა. 2008 წლის ივლისისთვის ის დაახლოებით 22,2%-ს შეადგენდა, რაც 26%-იანი ზრდა იყო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო საქართველოს საბაკო სისტემისთვის. ბანკებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ სახსრების მოზიდვა, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე და კრედიტებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუ აგვისტოს თვის მოვლენებამდე პერიოდს ვნახავთ, მოზიდვის თვალსაზრისით ადგილობრივ ბაზრებზე 2008 წლის რამდენიმე თვეში შეინიშნებოდა დეპოზიტების შემცირება, მაგალითად, მთლიანი დეპოზიტები თებერვალში 2,5 % -ით შემცირდა, ხოლო მაისის თვეში ფიზიკურ პირთა დეპოზიტები 0,5 %-ით შემცირდა. ესეც მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ბანკები ლიკვიდობის სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. ასევე პრობლემა იყო სასესხო პორტფელის ხარისხის გაუარესება. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში რეზერვების შეფარდება მთლიან საკრედიტო პორტფელთან გაიზარდა 4,3%-მდე, ხოლო ვადაგადაცილებული წილი კი 1,7%-ით. მხოლოდ ამ პრობლემების ჩამოთვლითაც ნათლად ჩანს, რომ საბანკო სისტემაში პრობლემები 2008 წლის აგვისტომდე გვქონდა და ცხადია, რომ საბანკო სისტემა ამ პერიოდისათვის აშკარად ამუხრუჭებდა. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა, პრაქტიკულად, ეს პრობლემები დაამძიმა. საბანკო სისტემის აქტივები 2008 წლის აგვისტო-ოქრომბერში თითქმის 13%-ით შემცირდა - 1, 026 მლნ ლარით. ხოლო 2009 წლის 1 იანვრისათვის სისტემის ზარალმა 215 მლნ ლარი შეადგინა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია საბანკო სექტორში გაცილებით სტაბილურია, ვიდე 2008 წლის შემოდგომაზე იყო.
- წლის ბოლოს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კვლავ დაუბრუნდა ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია. იყო თუ არა ეს მართებული გადაწყვეტილება. თავის დროზე, რით ვერ ამართლებდა ეროვნული ბანკის სტრუქტურაში მოქცეული ზედამხედველობის ფუნქცია. თუ ამართლებდა, მაშინ რა საჭირო იყო, ეროვნული ბანკიდან ამ ფუნქციის გატანა. იქნებ, ეს ყველაფერი სულაც სუბიექტური ფაქტორების გამო მოხდა. კერძოდ, იმის გამო, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი ქადაგიძე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. თუ ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალურ გაძლიერებასთან გვაქვს საქმე?
-თავის დროზე, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორებას, პარლამენტში საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. მაშინ მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა კუთხით საფინანსო ინოვაციებს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანა. ცვლილება იყო ორი მიმართულებით - ერთი, ეროვნული ბანკის ფოკუსირება ინფლაციასთან ბრძოლაზე და მეორე, ზედამხედველობის სტრუქტურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა. რაც შეეხება პირველ ნაწილს, ის სტრუქტურა ისე იყო აგებული, რომ პირველ საკითხზე უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა ინფლაციასთან დაკავშირებით და ჩადებული იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ, პარლამენტარების ჯგუფს, მიგვაჩნდა, რომ არასწორი იყო. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ზღვრული ინფლაციის მაჩვენებლის ზედიზედ 3 კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებისას პირდაპირ დგებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ მაშინ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოვახერხეთ კანონპროექტში და პრაქტიკულად, შევძელით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაცვა საკმაოდ ორაზროვანი პოზიციისგან. კერძოდ, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა ჩაიდო არა 3, არამედ 6 კვარტლის შემთხვევაში. პროექტი ითვალისწინებდა იმასაც, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე არ უნდა წარმდგარიყო, ისე დატოვებდა პოსტს. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგება პარლამენტის წინაშე და ასევე, პარლამენტსაც აქვს უფლება დააყენოს მთავრობის ნდობის საკითხი. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ბალანსის დაცვის საჭიროებაა, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის მხრიდან. ეს რაც შეეხება პასუხისმგებლობის განაწილებას, ინფლაციასთან ბრძოლას და საერთოდ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. რაც შეხება მეორე საკითხს - ზედამხედველობის გამოტანა საბანკო სისტემიდან. უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოში დაახლოებით 190 ქვეყანაშია ცენტრალური ბანკი ან მსგავსი ინსტიტუტი. მეტ ნაწილში მუშაობს ის სისტემა, რაც ჩვენ გვქონდა, ანუ ზედამხედველობა არის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, მაგრამ ზოგან არის მოდელი, სადაც ზედამხედველობის სააგენტო არის ეროვნული ბანკის გარეთ. ამასთან, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წარმატებით მუშაობს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სადღაც მეტად ამართლებს და სადღაც ნაკლებად. მე, უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, ისეთ მცირე მოცულობის ფინანსური ბრუნვის პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით ეროვნული ბანკის ქვეშ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანას ფულად საკრედიტო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვნად გაუადვილდებოდა. მაშინ ამ პოზიციის დაცვა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ გვქონდა საკმაოდ მწვავე პროფესიული კამათი მთავრობასთან. გარკვეულ საკითხებში წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, ამ ნაწილში, როგორც იცით, გაყოფა მაინც მოხდა. ასეთი სტრუქტურა საქართველოში ერთი წელი მუშაობდა, უბრალოდ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ამ ფორმატმა წარმატებით იმუშავა თუ არა. თუ არა, რა იყო ამის მიზეზი. ამიტომ სასურველია, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მიმაჩნია, რომ პოზიცია, რომელიც ამჟამად არის შექმნილი სააგენტოსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, არის სწორი და ეს პოზიცია მე თავიდანვე მქონდა. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დღეს სტრუქტურა გამართულია.
- 2009 წელს ეროვნული ბანკის ფუნქციებში ასევე შევიდა სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობაც. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა? ახლა ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს სამშენებლო და დეველოპერული სექტორებიც. არის თუ არა ასეთი პრაქტიკა განვითარებული ან განვითარებადი ფინანსური ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში და თუ არის, რამდენად ამართლებს იქ?
- ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის კარგია, რომ ეროვნული ბანკი კონტროლს უწევს სადაზღვევო სფეროსაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სექტორი წარმატებით ვითარდება საქართველოში და ამ სფეროს ზედამხედველობა ნამდვილად სჭირდება. ვფიქრობ, ერთადერთი სტრუქტურაა ეროვნული ბანკი, რომელმაც შეიძლება ეს მოახერხოს. რაც შეეხება სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებს, ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ მათი დიდი ნაწილი არის ფინანსური პირამიდის სტრუქტურით და შინაარსით აღჭურვილი კომპანიები. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეული პერიოდი ამ კომპანიებმა მოსახლეობიდან დეპოზიტების მიღება დაიწყეს. მოსახლეობას მოუწოდებდნენ შეეტანათ თანხა და, პრაქტიკულად, 24%-იან და მეტ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდნენ. ერთადერთი სტრუქტურა, ვისაც შეუძლია დეპოზიტები მიიღოს საქართველოში, ესაა ბანკი და ის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა. ვფიქრობ, რომ ეს სექტორი უნდა გაკონტროლდეს. რამდენად წარმატებით მოახერხებს ამას ეროვნული ბანკი, ამის თქმა დარწმუნებით არ შემიძლია, მაგრამ მე ვიცი, რომ ეროვნულ ბანკს ამის რესურსი ნამდვილად აქვს.
- ხშირად ამბობენ, რომ ბანკებში ლიკვიდობის მაჩვენებელი არნახულად მაღალია, და რომ ეს ქართული საბანკო სისტემის სიჯანსაღის მკაფიო გამოხატულებაა. თუმცა, იმავდროულად, თვიდან თვემდე უარესდება სისტემის მასშტაბით სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვის, ანუ საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი და მან უკვე 13%-იან ზღვარს გადააჭარბა, ნაცვლად მისაღები 2-3%-ისა. რა ხდება, რამდენად ჯანსაღია დღეს ქართული საბანკო სისტემა და რამდენად სწორად ხდება მისი სიჯანსაღის შეფასება?
- ბოლო პერიოდში ეკონომიკის დაკრედიტება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მცირდება. 2008 წლის ბოლოს მთლიანად სისტემას ჰქონდა 5 992 000 000 ლარის საკრედიტო პორტფელი. ახლა კი, 2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 5 194 000 000 ლარია, ანუ შემცირებულია თითქმის 800 მლნ-ით. საკრედიტო დეპრესია ჯერ კიდევ დაძლეული არაა და გარკვეული პერიოდი, საშუალოდ, 2 წელი დასჭირდება, რომ ბანკებმა მოახერხონ დაკრედიტების ძველი მოცულობით აღდგენა. ეკონომიკური გარემო ქვეყანაში ჯერ კვლავ არასტაბილურია, ეკონომიკური სუბიექტები ერიდებიან კრედიტების აღებას, ბანკები კი პირიქით, ეძებენ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მსესხებელს, რომელთა რაოდენობაც დიდი არ არის. სწორედ ამიტომ შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები როგორც დეპოზიტებზე, ასევე კრედიტებზე, მაგრამ სანამ საქართველოში არ გამოიკვეთება ეკონომიკური, კრიზისიდან გამოსვლის მკვეთრი ნიშნები, ჭარბი ლიკვიდობის პრობლემის მოგვარება ბანკებისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. დღეს ყველაზე ნაკლებადრისკიანია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხარჯზე დაფინანსებული ინფრასტრუქტურული, საგზაო, ენერგეტიკული და მუნიციპალური პროექტები, რაშიც ბანკები თამამად მონაწილეობენ, რადგან იქ შედარებით ნაკლებია რისკი, თუმცა ასეთი პროექტების რიცხვი არც ისე დიდია. ბანკები ასევე აქტიურად იძენენ სახაზინო ვალდებულებებს და შეიძლება ითქვას, რომ ბანკები ყველა სახელმწიფო პროექტში წარმატებით და თამამად მონაწილეობენ. ვფიქრობ, რომ დღეს სახელმწიფო ინვესტიციები აცოცხლებს ბიზნესს.
- ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა (პრემიერი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) საზეიმოდ განაცხადა საქართველოში კრიზისის დასრულების თაობაზე. თქვენი აზრით, რა რეალურ არგუმენტებს შეიძლება ეყრდნობოდეს ასეთი თამამი განცხადება. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკებში ჭარბი ლიკვიდობა და სისტემის მასშტაბით 16 თვის მანძილზე 1 თვის (2009 - ის სექტემბერი) მოგებით დასრულება, ასეთ არგუმენტად არ გამოდგება. თქვენ როგორ მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, კრიზისის ყველაზე რთული პერიოდი გადაილახა, თუმცა კრიზისი დასრულებული არაა. ამას ისიც განაპირობებს, რომ ფინანსური კრიზისი არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ყველგან ეკონომიკურ კრიზისშია გადაზრდილი და ეს კრიზისული პერიოდი ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ჩვენ გვგონია. საქართველოს საბანკო სისტემას თუ დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2009 წლის შუა პერიოდიდან აქტივების ზრდა გვქონდა, ნოემბრის თვეში მაინც მოხდა საბანკო აქტივების შემცირება. ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით თითქმის 90 მლნ-ით შეგვიმცირდა საბანკო სისტემის აქტივები. 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საბანკო სისტემის აქტივები 8 მლრდ. 52 მლნ-ს, ხოლო 1-ელი დეკემბრის მონაცემებით საბანკო აქტივები 7 მლრდ 963 მლნ-ს შეადგენდა, მთელი წლის განმავლობაში კი საბანკო სისტემა 900 მლნ-ით არის შემცირებული. მართალია, გარკვეული პროგრესი სახეზე გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა ომისა და ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგები ქართულ საბანკო-საფინანსო სივრცეზე ნაკლები სიმწვავით ასახულიყო. თუ კი, რისი გაკეთება იყო საამისოდ საჭირო და რა ვერ ან არ მოხერხდა?
- ჩვენ უნდა მოვახდინოთ ქართული ეკონომიკური სუბიექტების ხელის შეწყობა იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკის ნაციონალური დარგები განვითარდეს. ეს არის სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ის დარგები, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციული იყო და მსუბუქი მრეწველობის ის დარგები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ასეთი მიმართულებების ხელშეწყობა უფრო მეტად არის შესაძლებელი ახლა და თუ ადრეც იქნებოდა, ვფიქრობ, რომ ქართულ ეკონომიკაზე და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობაზე, კრიზისის ეს გავლენა ნაკლები იქნებოდა. მსოფლიო კრიზისის შეფასებასთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან რამდენიმე ვარიანტი მუშავდება. პირველი ვარიანტის მიხედვით კრიზისის ფსკერი უკვე გამოჩნდა და აღმავლობის ეტაპი იწყება, მეორე ვარიანტი - კრიზისის ფსკერი უკვე მიღწეულია და შეინიშნება გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, თუმცა კრიზისის მეორე ტალღაც არის მოსალოდნელი. მესამე ვარიანტი - ფსკერი მიღწეულია, მაგრამ მოსალოდნელია ეკონომიკის აღდგენის გრძელი პერიოდი და შესაბამისად, წინაკრიზისული მაჩვენებლის მიღწევა 10 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება. და მეოთხე - მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ექსპერტთა უმრავლესობა პირველ ვერსიას ემხრობა. თუმცა, რთულია განსაზღვრო კრიზისის ფსკერი რამდენად ღრმაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ფსკერს მივაღწიეთ და აღმავლობის ეტაპები საქართველოშიც დაიწყება.
- საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი მცდელობა, როცა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, დონორების მიერ სპეციალურად, მიზნობრივად საამისოდ გამოყოფილი 4 მილიონი ევრო, ეტყობა, არანაკლებ საშური საქმისთვის, კერძოდ ბათუმის წყალკანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად მიმართა მთავრობამ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რაიმე ხომ არ ხდება სასიკეთო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად საბანკო სისტემისადმი ნდობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. ეს სისტემა რომ არსებულიყო, კრიზისის პირობებში მისი არსებობა მეანაბრეებს და ბანკებს როგორ წაადგებოდა?
- მოგეხსენებათ, იმ პერიოდისათვის, პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ჩვენ გვქონდა პროექტი მზად დეპოზიტების დაზღვევის შესახებ და ეროვნულ ბანკთან უნისონში ვმუშაობდით. იმ ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ხასიათდება მაღალი ფინანსური რისკებით, ასეთი სისტემა სასიცოცხლოდ აუცილებლად მიმაჩნია. პრაქტიკულად, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო ერთადერთია, რომელსაც ეს სისტემა არ გააჩნია. მაშინ სავალუტო ფონდთან ეს პოზიცია შეთანხმებული გვქონდა და ვფიქრობდით, რომ ამ სისტემის დანერგვა აუცილებელი იყო. გერმანულმა საკრედიტო ორგანიზაციამ KFW-მ ამისათვის 4 მლნ ევრო გამოყო, რომლიდანაც 3,5 მლნ. ევრო უნდა მიმართულიყო დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, ნახევარი მილიონით კი უნდა მომხდარიყო კომპიუტერული პროგრამების და სპეციალისტების მომზადება. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ, დღემდე გაუგებარი მიზეზების გამო, მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა და შემდეგ ეს თანხა მიმართული იქნა გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. ფულად-საკრედიტო პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ჰქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ასეთი სისტემა აუცილებელია.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური
|