ნანახია: 1057
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2010 წლის აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება და იგი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგადასახადო სამსახური თვითდაფინანსებაზე გადავა და საგადასახადოს თანამშრომლები, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, მათ მიერ მეწარმეებზე დარიცხული და ამოღებული გადასახადებიდან დამატებით ხელფასს მიიღებენ. ამის გამო კი ბევრი შიშობს, რომ ამით ბიზნესის რეკეტი დაიწყება და საგადასახადოს თანამშრომლები იმაზე იქნებიან ორიენტირებულნი, რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადი დაარიცხონ ბიზნესს. ამის თაობაზე შეშფოთება ექსპერტმა ლევან კალანდაძემაც გამოთქვა და ფისკალური ორგანოების თვითდაფინანსების მოდელზე თუნდაც ნაწილობრივ გადაყვანა, ჯარის თვითდაფინანსებაზე გადაყვანის მცდელობას მიამსგავსა და შუა საუკუნეების დაქირავებული ჯარი გაიხსენა, როცა ჯარისკაცებს საკუთარი სარჩოს მოპოვების უფლებას თავადვე აძლევდნენ და ჯარიც, ბუნებრივია, ძარცვასა და ყაჩაღობაზე გადადიოდა: "საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შემოსავლების სამსახურის და, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოების გარდაქმნა, ვფიქრობ, არაეფექტური და არარაციონალური გადაწყვეტილებაა. ვერ ვხვდები, რას ვგეგმავთ და რის მიღწევას ვცდილობთ ამ ნაბიჯით. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, სისტემის "კომერციალიზაციას" და თვითდაფინანსებაზე გადაყვანას ნიშნავს. ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ხელისუფლება, როცა აცხადებს, რომ მაგალითად საგადასახადო ორგანოებს შესაძლებელია ბიუჯეტის დაფინანსების გარდა, დაფინანსების სხვა, ალტერნატიული წყაროებიც ჰქონდეთ. კანონპროექტში მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. კონკრეტულად რა წყაროებზეა საუბარი და ხომ არ გამოიწვევს ყოველივე ეს ხელისუფლებასა და ბიზნესსწრეებს შორის ახალ "გაუგებრობებსა" და სირთულეებს, ეს გაურკვეველია". ამ ყველაფრის გასარკვევად ჩვენ შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი ცხაკაიას დავუკავშირდით. მან პირველ რიგში კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახური თვითდაფინანსებაზე გადადის და განმარტა, რომ ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება: "შემოსავლების სამსახური ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. თვითდაფინანსებაზე ნამდვილად არ გადადის. ეს არის სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ რაც შეიძლება უკეთესი სერვისი შესთავაზოს გადამხდელს", - განმარტავს გიორგი ცხაკაია. რეფორმის შედეგად, შემოსავლების სამსახურს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და დანიშნულების ამოცანების შესრულების გარდა, "სხვა მომსახურების" გაწევის ფუნქციაც მიენიჭება. გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებითაც შეიქმნა, ვინაიდან ბევრისთვის გაუგებარი იყო, რა შედიოდა "სხვა მომსახურეობაში". ბატონმა გიორგიმ ესეც განგვიმარტა: "გადამხდელებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი სიახლის და სერვისის შევთავაზებას ვაპირებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელმწიფოსთან ურთიერთობა, გადასახადების გადახდა, რაც შეიძლება ტრანსფარანტული და ადვილი იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გადამხდელებს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ამ მუშაობის შეწყვეტას არც სამომავლოდ ვაპირებთ". შემოსავლების სამსახურის უფროსმა ისიც უარყო, რომ საგადასახადოს თანამშრომლები ბიზნესმენებისგან ამოღებული ფულით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ: "არსად წერია ის, რომ რომელიმე თანამშრომელი ამოღებული თანხიდან რაიმე დანამატს მიიღებს. ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენთან ძალიან ბევრი სისტემა არსებობს იმისთვის, რომ ვაკონტროლოდ და ვარეგულიროთ თითოეული ინსპექტორის საქმიანობა. გარდა მაგისა, შემოსავლების სამსახურშიც და სამინისტროშიც არსებობს დავების საბჭო, რომელიც იხილავს ყველა საჩივარს. დავას თავად ინსპექტორიც ესწრება. თუ აღმოჩნდა, რომ მან გადააჭარბა თავის უფლება-მოსილებას, ის ავტომატურად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, ასეთი შემთხვევა არაერთი ყოფილა. ამგვარი დავები იცავს მოდავეების, ანუ გადამხდელების უფლებებს". საგადასახადო კოდექსში იანვარში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, ბიზნესის 2 დღიან დალუქვას ადგილობრივი საგადასახადოს უფროსის ბრძანება, ხოლო 2 დღეზე მეტხანს დახურვას ფინანსთა მინისტრის განკარგულება სჭირდება. ფინანსთა მინისტრის დონეზე ამ საკითხის აყვანა საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი ეს მაინც ხდებოდა. გიორგი ცხაკაიამ ესეც უარყო და კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არასწორია: "ეს ასე არ ხდება. ყოველთვის, როცა ილუქება ობიექტი ნებისმიერი მიმდინარე კონტროლის დროს, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას, ობიექტი იყოს დალუქული თუ არა. მგონი ყველა დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ პრეზიდენტის ინიციატივები სრულდება და ეს ინიციატივაც, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით შესრულდა. ჩვენ მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, შემოქმედებას ადგილი არ აქვს". საპირისპიროს ამტკიცებს ერთ-ერთი მეწარმე, რომელიც ფორუმზე წერს, რომ მისი კომპანია 4 დღეა, დალუქულია. თუმცა, მისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ წარუდგენიათ. მეტიც: მეწარმის განცხადებით, როცა საგადასახადოსგან შესაბამისი ბრძანების წარმოდგენა მოითხოვა, დამატებითი პრობლემები შეექმნა: "მოვისმინეთ შემოსავლების სამსახურის უფროსის განმარტება ბიზნესის დალუქვის 2 დღიანი ვადის შესახებ, რასაც, მისი განმარტებით, ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის უფროსის ბრძანება სჭირდება, ხოლო 2 დღის შემდეგ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი განკარგულება. გაცნობებთ, რომ ჩემი კომპანია უკვე მე-4 დღეა დალუქულია, არანაირი ბრძანება არავის არ წარმოუდგენია, აღნიშნულის მოთხოვნაზე დაგვცინეს, და პირიქით, დამატებითი პრობლემები შეგვიქმნეს საგადასახადოს წარმომადგენლებმა. ვის დაუჯეროთ, რა ხდება?" გამოდის, რომ საგადასახადო სამსახური მხოლოდ გადამხდელების კომფორტზე ზრუნვით არის დაკავებული და ყველაფერს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, საინტერესოა, მაშ, რატომაა ამდენი უკმაყოფილო და აღშფოთებული ბიზნესმენი, რომლებიც ჩივიან, რომ საგადასახადოს ქმედებას მხოლოდ ბიზნესის რეკეტი და განუკითხაობა შეიძლება დაერქვას?! რატომ უწევთ მათ თავიანთი ობიექტების დახურვა იმის გამო, რომ საგადასახადოს ზეწოლას და შევიწროვებას ვეღარ უძლებენ? სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ კითხვებზე პასუხებს კიდევ კარგა ხანს ვერ მივიღებთ.
თაკო მათეშვილი
|