ნანახია: 613
ანტიმონოპოლიურ სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციები ექნება
საკუთარ თავთან მრავალწლიანი ბრძოლის და ქართველი ხალხის ჯიბიდან ბოლო ლარების ამოღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის შესახებ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. თუმცა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, მთავრობა ქვეყანაში სხვადასხვა ბაზრებზე არსებული მონოპოლიური მდგომარეობით შეწუხდა და ამიტომ გადაწყვიტა სამსახურის შექმნაო. სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ზეწოლით იქნა მიღებული. თუმცა, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი სამსახური შესაძლოა სიმბოლური ორგანო იყოს. ამის თქმის საფუძველს პარლამენტში შესული კანონპროექტი იძლევა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ევროკავშირის "დაბოლებას" ცდილობს, რადგან სააგენტოს ფუნქციებში არ შედის ბაზარზე არსებული მდგომარეობის რეალური დარეგულირება და მონოპოლისტებისთვის სანქციების დაწესება. აი, ხომ შევასრულეთ თქვენი მოთხოვნა და ხომ შევქმენით ანტიმონოპოლიური სამსახურიო, ახლა გაგვიფორმეთ "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ხელშეკრულებაო. სავარაუდოდ, ასე მიმართავს ჩვენი რომელიმე ხელისუფალთაგანი ევროპელ კოლეგას ახალი სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ. საეჭვოა, ევროკავშირი "დაბოლდეს", მათ კარგად იციან ერთმანეთისგან რეალური ქმედითი ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციების მქონე ორგანოს გარჩევა. შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნაცვლად ჩამოყალიბდება. ეს უკანასკნელი კი რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში კახა ბენდუქიძის ინიციატივით, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ, შეიქმნა. თუმცა, ამ სამსახურმა ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციები ვერ შეასრულა, რეალურად კანონმდებლობით მას ეს არც ევალებოდა. პარლამენტში 15 თებერვლიდან კანონპროექტის განხილვა დაიწყო. თუმცა, მთავრობაში უკვე დაზუსტებით აცხადებენ, რომ ახალი სააგენტო მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციებით აღჭურვილი უწყება იქნება. უკვე დაზუსტებულია, რომ ახალ სამსახურს სადამსჯელო და საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება. კონკურენციის წესების დამრღვევს განაჩენს სასამართლო გამოუტანს და დასჯის ზომასაც და სანქციებს განსაზღვრავს. თუ გავითვალისწინებთ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ხარისხს, ნამდვილად ჩნდება ეჭვი, რომ ეს სამსახური შესაძლოა ხელისუფლების ხელში სხვადასხვა მისთვის მიუღებელი ბიზნესების დარეკეტების საშუალება გახდეს. ანტიმონოპოლიური სამსახურის ასეთი სახით აღდგენასთან დაკავშირებით ექსპერტები მთავრობას სიფრთხილეს და წინდახედულობის გამოჩენას ურჩევენ. მათი აზრით, ახალი სამსახურის ასეთი სახით შექმნა შესაძლოა ერთი უკიდურესობა, ბაზრის სრული დერეგულაცია და ქაოსი, მეორე უკიდურესობით, ანუ არაეფექტური და ფორმალური რეგულირებით არ უნდა ჩანაცვლდეს. ანტიმონოპოლიური რეგულაციის მექანიზმები, პროცედურები და მათ შორის საჯარიმო სანქციები კანონით უნდა რეგულირდებოდეს, კანონში უნდა იყოს ზედმიწევნით დეტალურად გაწერილი და მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული სახელმწიფო მოხელის, მათ შორის მოსამართლის მიერ, ჩარევა და სუბიექტივიზმი. ბუნებრივია, ანტიმინოპოლიური სამსახური სადამსჯელო ორგანო არ უნდა იყოს, მაგრამ იმ მოდელით, რასაც დღეს ჩვენ გვთავაზობენ, ანტიმონოპოლიური სამსახური მხოლოდ სიმბოლური ანალიტიკურ-შემეცნებითი დატვირთვის მქონე NGO იქნება, აცხადებენ ექსპერტები. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის რეფორმა 2 ეტაპად განხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპის მთავარი მიზანია ჩამოყალიბდეს ყველა სამინისტროსგან აბსოლიტურად დამოუკიდებელი სააგენტო. პირველ ეტაპზე სააგენტოს მთავარი საქმიანობა იმის გარკვევა იქნება, რამდენად კანონიერად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში და ხომ არა აქვთ ადგილი არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მხრიდან ბაზარზე მონოპოლიის წარმოქმნას. რეფორმის მეორე ეტაპი უკვე თავად ანტიმონოპოლური სამსახურის ფუნქციების განსაზღვრას შეეხება. ეს კი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს. ამასთან, საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის აუცილებლობაზე განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ გარდნერმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ჩაერევა ქვეყანაში მიმდინარე ცალკეულ ბაზრებზე არსებულ ვითარებაში და ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მიმდინარეობას. ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისია და სავალუტო ფონდიც დიდი ხანია ურჩევენ. ევროკომისიამ ხმაურიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ვერაფერს აკეთებს და არც ბიზნეს-სექტორში კონკურენციის ხელშეწყობისთვის გამოდგება. ევროპელი სპეციალისტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ სამსახური სწორად უნდა დაკომპლექტდეს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციის საფრთხე ახლაც დიდია. მაშინ, როცა წინა წლებში საპარლამენტო გამოსვლისას პრეზიდენტი ხშირად ეხებოდა საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის და სხვა მარეგულირებლების საჭიროების არ არსებობას, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საერთოდ არ უხსენებია ის, რომ ბენდუქიძის 6 წლიანმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ არ გაამართლა და ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა იგეგმება. გარდა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის არ აღნიშვნისა, სააკაშვილს არც სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივით გამოსულა, რაც წინა გამოსვლებისთვის იყო დამახასიათებელი. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, არის ის, რომ თავიდანვე უნდა იყოს გამიჯნული ამ სააგენტოს და მარეგულირებელი კომისიების ფუნქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მიმართულებების ძალიან სერიოზული აღრევა. ამან კი შესაძლოა მეწარმეები დააზარალოს, რადგან ისინი ერთდროულად რამდენიმე მარეგულირებლის წინაშე აღმოჩნდნენ.
გიორგი შუბლაძე
|